2014 წლის 28 დეკემბერს, ომი, რომელიც ავღანეთში 13 წელი გრძელდებოდა, ფორმალურად დასრულდა. ქაბულში, ,,აი-სა-ფი”-ს მისიის სათაო ოფისში გამართულ ცერემონიალზე, ,,აი-სა-ფი”-ს მწვანე და თეთრი დროშა დაუშვეს და ნატო-ს ახალი პროგრამის - “მტკიცე თანამშრომლობის მისიის” დროშა აღმართეს. ამერიკელმა გენერალმა, ჯონ კემპბელმა, რომელიც ,,აი-სა-ფი”-ს მისიას ხელმძღვანელობდა, პატივი მიაგო მისიაში მონაწილე 3500-მდე ჯარისკაცს, რომელიც ავღანეთში ბრძოლის ველზე დაიღუპა. ასევე, მიესალმა ავღანელ სამხედროებს, რომლებმაც, მისი თქმით, დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ, ბრძოლა საკუთარ თავზე აიღონ... იმ დღეს დაადგინეს, რომ სამხედრო ოპერაციების ჩატარებას ავღანური თავდაცვითი ძალები ,,აი-სა-ფი”-ს მისიას საბრძოლო შეიარაღებული ძალების დახმარების გარეშე გააგრძელებენ. ნატო-ს ახალი პროგრამა - “მტკიცე თანამშრომლობის მისია”, რომელიც ავღანეთში 2015 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, სასწავლო-საკონსულტაციო ხასიათისაა და მიზნად ავღანელი სამხედროების დახმარებას ისახავს. მისიაში საქართველოს ჩართვის შესახებ დოკუმენტს ხელი გასული წლის 15 დეკემბერს მოეწერა, დოკუმენტის რატიფიკაციას კი, პარლამენტმა მხარი 24 დეკემბერს დაუჭირა და საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ ახალ მისიაში მონაწილეობას ორი დანაყოფით, ბატალიონითა და ასეულით მიიღებს... ,,ქართული სიტყვა” სამხედრო ისტორიკოსს, მამუკა გოგიტიძეს ესაუბრა.
- ბატონო მამუკა, საქართველოს საზღვრებიდან ასე შორს, ავღანეთში ქართველები პირველად როდის მოხვდნენ?
- ავღანეთის მიწაზე პირველად ქართველების ფეხის დადგმა ქართლის მეფის, გიორგი მე-11-ის ტრაგიკულ ცხოვრებას უკავშირდება. ვახტანგ მეხუთის ვაჟი, გიორგი მე-11 1651 წელს დაიბადა, შესანიშნავი განათლება მიიღო... მისი მეფობის წლები ორ ეტაპად იყოფა: 1676-1688 და 1703-1709 წლები.Mამ პერიოდში სპარსეთთან ურთიერთობა განსაკუთრებულად გამწვავებული გახლდათ. გიორგი მეფე, ამავდროულად, დიპლომატიც იყო და ოსმალეთის იმპერიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თავს კი, კათოლიკე მეფედ თვლიდა. ძლიერი მფარველის პოვნის მიზნით, რომის პაპსაც დაუკავშირდა, თუმცა პაპი ინოკენტი მე-11 მუსულმანური სახელმწიფოებისგან შევიწროვებული სახელმწიფოს მეფეს ლოცვებში მოიხსენიებდა და მისი დახმარება მხოლოდ ამით შემოიფარგლა. 1688 წელს, გიორგი მეფე სპარსეთის მაშინდელ შაჰ ჰუსეინს აუჯანყდა, მაგრამ დამარცხდა. ასევე, მარცხით დამთავრდა მეფის დიპლომატიური მოლაპარაკებები ოსმალეთის ხელისუფლებასთან. საბოლოოდ, შაჰ ჰუსეინმა გიორგი გადააყენა და ტახტზე რუსეთის სამეფო კარზე განსწავლული ერეკლე პირველი დასვა, თუმცა შაჰი მალევე მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა - გიორგი მე-11 დიდი მიზნის აღსრულებაში სჭირდებოდა, ეს მიზანი კი, იმ დროისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ავღანეთის დაპატრონება იყო, რაც ადვილი არ გახლდათ, რადგან ავღანელები მაშინაც დაუმორჩილებელნი იყვნენ. მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში, ინგლისელები ამაოდ ცდილობდნენ მათ დამორჩილებას. ვერავინ და ვერაფერი უძლებს ავღანელთა მებრძოლ ხასიათს და კლიმატს. ძველი ავღანური გამოთქმა დღესაც აქტუალურია: ,,ჩვენს ქვეყანაში უცხოელები ფლობენ საათებს, მაგრამ დროს ჩვენ ვფლობთ!” მოკლედ, შაჰმა გიორგი მე-11-ს, ტახტზე დაბრუნების სანაცვლოდ, ავღანელების დამორჩილება შესთავაზა. ამ სიტუაციაში, ისტორიკოსების შეხედულებით, გიორგი მეფე საბედისწერო შეცდომას უშვებს და თავისი ლაშქრით ავღანეთში მიდის. მალევე დაიმორჩილა ავღანელები. შაჰმაც პირობა შეასრულა და ტახტი დაუბრუნა, მაღალი სამხედრო თანამდებობა - ირანის სპასალარობა და ყანდაღარის ბეგლარბეგობაც უბოძა. ეს მაღალი ჯილდო ქართველმა მეფემ ავღანელთა წინამძღოლის შეპყრობისთვის მიიღო, თუმცა მალე შაჰმა მეფე გიორგის მიერ დატყვევებული მირ-ვეისი, გაურკვეველი მიზეზების გამო, გაათავისუფლა. ავღანელებმა ქართველთა მეფე, რაზმთან ერთად, შეიპყრეს და შუბებით განგმირეს. ეს პირველი დიდი მსხვერპლია, რომელიც ქართველებმა შორეულ ავღანეთში გაიღეს.
მეორედ, ქართველთა ავღანეთში ყოფნა 1739 წელს დაფიქსირდა, როცა სპარსეთის მეფე ნადირ შაჰის ჯარში უფლისწული, საქართველოს მომავალი მეფე, 19 წლის პატარა კახი იმყოფებოდაDდა შაჰს ავღანეთისა და ინდოეთის დალაშქვრაში ეხმარებოდა. ახლაც არა გვაქვს ინფორმაცია, ამ ბრძოლებში პატარა კახს რამდენი მეომარი ჰყავდა.
- 1980 წელს, საბჭოთა კავშირმა, სამშვიდობო მისიით, ,,ინტერნაციონალური ვალის” მოსახდელად, ავღანეთში ჯარი შეიყვანა...
- დიახ, ამ ამბებიდან 240 წლის შემდეგ, საბჭოთა სინამდვილეში, 1979 წლიდან, ათი წლის განმავლობაში, საბჭოთა ჯარის შეზღუდული კონტიგენტი, ,,სამშვიდობო მისიით”, ავღანეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა... ქართველებმა აქაც დიდი მსხვერპლი გავიღეთ. სტატისტიკური მონაცემებით, ავღანეთში 26 000 ჯარისკაცი და 30 000-მდე ოფიცერი იბრძოდა. არსებული მონაცემებით, ,,სამშვიდობო მისიაში” 5 000-მდე ქართველი მონაწილეობდა. აქედან 128 დაიღუპა, რვა უგზოუკვლოდ დაიკარგა. გარდა ამისა, 56 000 ჯარისკაცი დაიჭრა, ტრავმა მიიღო, ან ,,ავღანური სინდრომით” დაავადდა, თუმცა ეს არასწორი ციფრებია. სინამდვილეში, ავღანეთში გაცილებით მეტი ქართველი დაზარალდა, საბჭოთა ხელისუფლება არასწორ მონაცემებს აქვეყნებდა და რეალობის დაფარვას გულმოდგინედ ცდილობდა.
- ამ ამბებიდან გავიდა რამდენიმე ათეული წელი და ავღანეთი ისევ ცხელი წერტილია... ,,აი-სა-ფი”-ს მისიაზე რას იტყვით?
- ,,აი-სა-ფი” (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) 2001 წლის 20 დეკემბერს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს №1386 რეზოლუციის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ეს ავღანეთის ტერიტორიაზე ნატო-ს ეგიდითა და მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო კონტიგენტია, რომლის მისიაც ავღანეთში სტაბილურობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დამყარებაა. ძალების საწყისი მისია ქაბულსა და მის გარშემო ტერიტორიაზე სტაბილურობის დამყარება გახლდათ, რათა ჰამიდ კარზაის დროებით მთავრობას ძალაუფლების ხელში აღება შეძლებოდა. დღესდღეობით, ,,აი-სა-ფი” საერთაშორისო სამხედრო კოალიციაა, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა და 110 000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობს. კოალიცია ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე აწარმოებს ბრძოლას თალიბანის, ალ-ქაიდასა და სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
- ,,აი-სა-ფი”-ს მისიაში საქართველო რა დოზით მონაწილეობს?
- საქართველოს შეიარაღებული ძალები სამშვიდობო მისიებში ბალკანეთში, სპარსეთის ყურესა და ავღანეთში აქტიურ მონაწილეობას 1999 წლიდან იღებს. ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად ქართული კონტიგენტი პირველად 2004 წელს გაიგზავნა. ოცეული მისიას გერმანული კონტიგენტის შემადგენლობაში ასრულებდა და მისი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
გჰორის პროვინციის ქალაქ ჩაგჩარანში, ლიტვის რესპუბლიკის პროვინციული რეკონსტრუქციის ჯგუფის შემადგენლობაში ქართველი ექიმი მისიას 2007 წლის ნოემბრიდან ასრულებდა, რომელიც როტაციის წესით, 6 თვეში ერთხელ იცვლება. 2009 წლის ნოემბრიდან 2012 წლის იანვრამდე, ქაბულში, რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე “ვორჰაუზ”-ის ბაზაზე ქართული სამშვიდობო ასეული მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში ასრულებდა. 2012 წლის იანვრიდან კი, ქვეითთა ასეული გაძლიერებულმა ქვეითთა ოცეულმა ჩაანაცვლა, რომელიც 2013 წლის მაისიდან ამერიკული კონტიგენტის დაქვემდებარებაში გადავიდა.
2010 წლის იანვარში, ქაბულში მდებარე რეგიონალური სარდლობის ცენტრში, თურქული კონტიგენტის შტაბბინაში, მისიის შესასრულებლად 2 სამეკავშირეო ოფიცერი გაიგზავნა. ყანდაღარის პროვინციაში კი, ქართველი სამხედრო ინსტრუქტორები სამშვიდობო მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის აპრილამდე ასრულებდნენ. 2010 წლის აპრილიდან, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაიგზავნა, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. 2010 წლის ნოემბერში, 31-ე ბატალიონი მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა როტაციის წესით ჩაანაცვლა. 2011 წლის აპრილიდან კი, ჰელმანდის პროვინციაში სამშვიდობო მისიას 33-ე ბატალიონი ასრულებდა. 6 თვის შემდეგ, 2011 წლის ნოემბერში, მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ბატალიონის 749 სამხედრო მოსამსახურემ 33-ე ბატალიონი ეტაპობრივად ჩაანაცვლა.
2012 წლის აპრილში, როტაციის წესით, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა, რომელიც სამშვიდობო მისიის შესრულებას ჰელმანდის პროვინციაში კვლავ ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში აგრძელებდა. 2012 წლის ოქტომბერში, ავღანეთში დამატებით კიდევ ერთი ბატალიონი გაიგზავნა. შესაბამისად, ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ 1 600-ს მიაღწია. მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა ჩაანაცვლა. მე-12 ბატალიონთან ერთად, ავღანეთში მისიის შესასრულებლად უკვე მეორედ III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონიც გაემგზავრა. 6 თვის შემდეგ, მათი ჩანაცვლება III ქვეითი ბრიგადის 33-ე და IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონების მიერ მოხდა. 33-ე და 42-ე ბატალიონები სრულად დაბრუნდნენ საქართველოში. ავღანეთში მისიის შესრულებას III ქვეითი ბრიგადის 31-ე და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონები აგრძელებენ. 31-ე ბატალიონი ავღანეთში საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას მესამედ იღებს.
თითოეულმა ოცეულმა სამშვიდობო ოპერაციის მოსამზადებელი წვრთნები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ნატო-ს სტანდარტების სრული დაცვით გაიარა. სამშვიდობო მისიისთვის ქართველი სამხედროების ინტენსიურ მომზადებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობს. ქართული კონტიგენტი ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებას გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, ერთი თვის განმავლობაში გადის, სადაც ბატალიონის მომზადების დონის შეფასება ხდება. ქართველი სამხედროების ამოცანას ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენს.
- მაინც, როგორია ავღანური ყოველდღიურობა, რა ხალხი ცხოვრობს ავღანეთში, როგორია მისი ცხოვრების წესი?
- ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაია. მათი რელიგია ისლამია, არიან სუნიტები, შიიტები, ბუდისტები. მოსახლეობის ენა არის პუშტუ და დარი, პუშტუ ავღანური ენაა, დარი - სპარსული ენის ავღანური დიალექტი. უზბეკურ და ტაჯიკურ ენებზეც ლაპარაკობენ. ქვეყნის კლიმატი ცხოვრების წესს და პირობებს განაპირობებს. შხამიანი ცხოველები: ობობა, რწყილი, კობრები, ხვლიკები განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდებიან. ოქტომბერი ქვიშის ქარიშხლითაა განთქმული - ამ დროს თავი სადმე უნდა შეაფაროთ, თორემ ვერ გადარჩებით. ნოემბერი ღრუბლიანია, ზამთარში, დღისით, სიცხე, ღამით სიცივე შეგაწუხებთ. ავღანეთში 30-40 მილიონამდე ადგილობრივი მოსახლეა, მათ შორის - პაკისტანელი ლტოლვილები. სიცოცხლის ხანრძლივობა 40-45 წელია, იშვიათად შეხვდებით მოხუცებს, რომელთა ათვლის წერტილი ასეთია: ,,როცა რუსები შემოვიდნენ, მაშინ დავიბადე”. მოსახლეობა ერაყული, არაბული ტომებისა და ავღანური პაშტუნებისგან შედგება. ტომების ცხოვრებას უხუცესები მართავენ, მართვის საფეხურები ასეთია: შურა, ტომი, ქვეტომი, კლანი, ოჯახი.
შურა კრებაა, რომელსაც სოფლის უხუცესი, მაცხოვრებლები და სამშვიდობო მისიის წევრებიც ესწრებიან. მასზე სოფლის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავენ, ჯარისკაცები ადგილობრივებს დახმარებას სთავაზობენ. შურა ადგილობრივებისა და მისიის წევრების ურთიერთობის განმსაზღვრელია.
ადგილობრივები აზრებს, უმეტესად, პირდაპირ არ გამოხატავენ. მათთვის ყველა, ვინც ავღანეთის მიწაზე ფეხს ადგამს, მტერია. თალიბების მოქმედებების შესახებ უხუცესებმა ყველაფერი იციან, მაგრამ ინფორმაციას მხოლოდ უკიდურეს მდგომარეობაში ამჟღავნებენ.
- ავღანელების შემოსავლის წყარო რა არის?
- ავღანეთის ეკონომიკა მოშლილია, წაიღისეულს არ მოიპოვებენ, მეცხოველეობას მისდევენ, ძირთადად, ცხვრის მოშენებით არიან დაკავებულნი. ავღანეთი მსოფლიოში უდიდესი ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანაა. მდინარეების პირას, სადაც მორწყვის საშუალებაა, ავღანელები ოპიუმის ყანებს აშენებენ, აღებული მოსავალი თალიბებს მიზერულ ფასად მიაქვთ. ფულის ერთეულს “ავღანი” ჰქვია. ავღანელები კუსტარულ მრეწველობასაც ეწევიან - სამკაულებს ამზადებენ. ქვეყანაში სულ ორი აეროპორტია, სამაგიეროდ, ბევრია აეროდრომი. ავღანეთის კავშირგაბმულობას ორი მობილური ოპერატორი უზრუნველყოფს: ,,როშანი” და ,,ავეცეცე”. შვიდი ტელევიზიიდან ერთი სამთავრობოა, ექვსი - რეგიონალური. ელექტროენერგია ცოტა აქვთ და ძირითადად წყლის გენერატორებს იყენებენ. მოსახლეობის 28,7% წერა-კითხვის უცოდინარია. ახალგაზრდებს წერა-კითხვას მხოლოდ პაკისტანის მედრესეებში ასწავლიან და კამიკაძეებად ზრდიან. ავღანელთა დევიზია: ,,დაიცავი პაშტუნვალი!” ეს სიტყვა ,,ღირსების ერს” ნიშნავს, ერს, რომელსაც თავისი ცხოვრების წესი აქვს. ავღანეთში ქალი და კაცი განსხვავებული უფლებებით სარგებლობს: ქალი მეორეხარისხოვანი მოქალაქეა, ბურკათი (იგივე პარანჯა) დადის და სახეს არავის აჩვენებს. ავღანელებს ჰყავთ ფეხბურთელები, ნარდის მოთამაშეები, მოსწონთ საჰაერო გველები. 6 წლის ასაკიდან, ავღანელი ბიჭუნა უკვე მებრძოლია. სოფლებში ყოველი ფეხის ნაბიჯზე, გზაზე დაყრილ ნაგავში, ხის ნაჭრებში, ცელოფანის პარკებში, ცარიელ ბოთლებში შეიძლება, თვითნაკეთი ბომბი, ,,აიდის” მრავალსახეობა, მგრძნობიარე, დისტანციურად მოქმედი მოწყობილობა იყოს ჩადებული, ზოგი მათგანი მიწაში ღრმადაა ჩაფლული და ფეხის დაბიჯებისთანავე ფეთქდება. ქაბულში, 6 საათის მერე, ყველა ჭიშკარი იკეტება და ქუჩაში გასვლა განსაკუთრებით საშიში უცხოელისთვისაა, თუმცა ადგილობრივები სტუმართმოყვარეობასაც იჩენენ.
- ქართველი სამხედროების ავღანეთში მისიის შესრულების შეფასება დადებითია?
- ქართველი სამხედროების მომზადების დონე და კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად მზადყოფნა საერთაშორისო ძალების წარმომადგენლებისგან ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. თითქმის ყველა მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიცერმა იცის ქართველთა საქმიანობაზე. ამერიკულ სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულები და სტუდენტები ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს საახალწლო მილოცვაში ასე მიმართავდნენ: ,,თქვენ ხართ ხალხი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ქმნის! დიდი მადლობა, რომ ემსახურებით საქართველოს!” ქართველი დაჭრილი ჯარისკაცი აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც მოინახულა.
- ბატონო მამუკა, ქართული საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი თვლის, რომ ქართველების სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა არაა გამართლებული. ავღანეთის ომი სხვისია თუ ეს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გარანტიაა?
- 4-მილიონიან საქართველოს ავღანეთში 1 600 სამხედრო ჰყავს, ჩვენი კონტიგენტის უდიდესი ნაწილი ჰელმანდის პროვინციაში იბრძვის. ეს პროვინცია მხოლოდ ავღანეთის კი არა, მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია, შესაბამისად, იქაა საბრძოლო დანაკარგის ყველაზე დიდი საფრთხე. სამწუხაროდ, საქართველო ჯერ არავის გადაურჩენია რუსეთისგან, მაგრამ ჩვენი ვალია, დასავლელ მოკავშირეებს საერთაშორისო მშვიდობის დამყარებაში დახმარება გავუწიოთ და, ამავდროულად, წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისადმი გაწეული დახმარებისთვის მადლიერება გამოვხატოთ. დახმარება გამოიხატებოდა და გამოიხატება ყველა სფეროში: თავდაცვა, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, განათლება და ა.შ. დიდი ფასი, მსხვერპლი გაიღო საქართველომ საერთაშორისო მისიებში, მაგრამ ჩვენი მონაწილეობა აუცილებელია. საქართველო ნატო-ს წევრი, ადრე თუ გვიან, გახდება, მისიებში მიღებული გამოცდილება კი, ჩვენს ჯარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენ ბრძოლებში გამოადგება!