"ფორუმი" "ოცნების" წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობაში კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურები უკვე შეთანხმებულია, ამის შესახებ "რეზონანსს" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გია ვოლსკიმ განუცხადა. თუმცა, მის პოზიციას უმრავლესობაში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. "ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ვოლსკის მიერ დასახელებული კანდიდატურები "ოცნების" კანდიდატურებია და არა უმრავლესობის. მიროტაძის ცნობით, კონსულტაციები ამ საკითხზე გრძელდება.

"ფორუმი" დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საკუთარ თანაფრაქციელ შალვა კიკნაველიძეს ლობირებს. ვოლსკის თქმით კი, უმრავლესობაში შეთანხმებულია პოზიცია, რომ ამ თანამდებობაზე თემურ ჭკუასელს წარადგენენ.

ამ თემაზე "რეზონანსი" თავად ჭკუასელსაც დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, შალვა კიკნაველიძემ კანდიდატურა კოალიციასთან შეთანხმებით მოხსნა.

"მე ეს ინფორმაცია მაქვს. რამდენად სწორია - არ ვიცი. ამის გადასამოწმებლად კოალიციის ლიდერებს დაუკავშირდით", - აღნიშნა თემურ ჭკუასელმა.

ჩვენ "ფორუმის" წარმომადგენელ შალვა კიკნაველიძესაც ვესაუბრეთ, რომელიც ამ ცნობას არ ადასტურებს. იგი მცირე კომენტარით შემოიფარგლა: "ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები, დამატებითი კომენტარისგან თავს შევიკავებ".გია ვოლსკის განცხადებით, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ გია ჟორჟოლიანს წარადგენენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანამდებობაზე თამაზ მეჭიაურს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი თემურ ჭკუასელს. ვოლსკისვე ცნობით, დიდი ალბათობით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ხიდაშელს წარადგენენ.

ამ თემაზე განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამაც გააკეთა. დეპუტატის ცნობით, კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით პოზიციები, პრაქტიკულად, შეჯერებულია.

ბესელიას ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები უმრავლესობის ფორმატში გაიმართება. ამ თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის და თინა ხიდაშელის კანდიდატურები განიხილებოდა.

"პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარდაჭერილი იქნება თემურ ჭკუასელის კანდიდატურა. ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნულ ფორუმთან" შედგა შეთანხმება, რომ ისინი აღნიშნულ პოსტზე წარდგენილ შალვა კიკნაველიძის კანდიდატურას გაიწვევენ", - აღნიშნა ბესელიამ, თუმცა "ფორუმი" თავისი კანდიდატურის გაწვევას ჯერჯერობით არ აპირებს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გადაწყვეტილება სესიამ უნდა მიიღოს.

"ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატები, თუმცა, გადაწყვეტილება სესიამ უნდა მიიღოს და არა ცალკეულმა ფრაქციებმა. იმედი გვაქვს, რომ ეს კანდიდატურები სესიაზე მხარდაჭერილი იქნება. საბოლოოდ ორშაბათს ბიუროს სხდომაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როდის ვიმსჯელებთ ამ საკითხზე.

"კავკასიის და დიასპორის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარედ თემურ ჭკუასელს წარვადგენთ, საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტში - თამაზ მეჭიაურს, ხოლო გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატად გია ჟორჟოლიანს წარვადგენთ.

"საბოლოოდ არ ვართ ჩამოყალიბებულები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ფრაქციაში არის მოსაზრება, რომ თინა ხიდაშელს დავუჭიროთ მხარი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკვე დასახელებული კანდიდატები ადასტურებენ, რომ ისინი იქნებიან წარდგენილნი ამა თუ იმ კომიტეტის თავმჯდომარედ.

კავკასიის და დიასპორის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი ამბობს, რომ არ იცის, გააგრძელებს თუ არა მისი წინამორბედის გზას.

"ახლა მინისტრის მოადგილეს ვესაუბრები იმ გეგმებზე, რა კითხვასაც თქვენ მისვამთ. ჩვენ დაახლოებით 40 წუთია ამ გეგმებზე ვსაუბრობთ და თქვენ გინდათ, რომ ტელეფონში რამდენიმე წუთში გითხრათ?! ძირითადი მესიჯი არის ის, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ მეტი ყურადღება და ჩვენს ქვეყანაში ინტეგრაცია.

"მე არ ვიცი, რა კურსი ჰქონდა წინა თავმჯდომარეს. ჯერ კომიტეტში უნდა მივიდე, გავერკვე დეტალებში და მერე გეტყვით, გავაგრძელებ თუ არა აღებულ კურსს", - დასძენს ჭკუასელი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, დეპუტეტების ხედვას განვითარების მაქსიმალური საშუალება მისცეს.

"ვეცდები, რომ ყველა რაციონალური იდეა მხარდაჭერილი იყოს. ჩემი თავმჯდომარედ წარდგენა ფრაქციამ ერთი თვის წინ გადაწყვიტა, მაშინ მივლინებაში ვიყავი. მე ამ კომიტეტში ვიყავი და ბუნებრივია თანამდებობისთვის მზად ვიყავი, ამიტომ შემოთავაზებულ წინადადებას მარტივად დავთანხმდი", - გვითხრა დეპუტატმა.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატიც ამბობს, რომ შემოთავაზება ფრაქციისგან მიიღო.

"ჩემი კანდიდატურა ფრაქცია "ოცნებამ" წარადგინა, თუმცა, შემოთავაზებას მაშინვე არ დავთანხმებულვარ, ცოტა ხანს ვიფიქრე და მერე დავთანხმდი.

"მე კარგა ხანს ვიყავი დაკავებული რეგიონული პოლიტიკის საქმიანობით და ზოგადად რეგიონული განვითარების პრობლემატიკაზე მუშაობით. ამ სფეროში წამყვანია გარემოს დაცვის საკითხები. ჩემი გეგმაა, რომ მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა ერთმანეთს დავაკავშირო, მივიღო მონაწილეობა როგორც საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებაში, ასევე შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაში.

"გეთანხმებით, რომ ჭიათურისა და ტყიბულის წინაშე გარემოს დაცვის საკითხები უმწვავესად დგას. რასაკვირველია, ამ თემით კიდევ უფრო მეტად დავინტერესდები და ვეცდები, რომ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემა მოგვარდეს", - უთხრა ჟორჟოლიანმა "რეზონანსს".

როგორც ვოლსკიმ განაცხადა, დიდი ალბათობით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატად "რესპუბლიკელ" თინა ხიდაშელს წარადგენენ. ჩვენ შევეცადეთ მასთან დაკავშირებას, თუმცა, დეპუტატმა მობილურ ტელეფონს არ უპასუხა. მისი თანაფრაქციელი გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობასთან მის ფრაქციას სრული თანხმობა აქვს.

"უმრავლესობაში კანდიდატურებთან დაკავშირებით იყო განხილვა. შესაძლოა, ამ კანდიდატურებს უმრავლესობის 100% არ უჭერს მხარს, მაგრამ კონსულტაციების შედეგად ამ პოზიციამდე მივედით. პირადად მე განსხვავებული პოზიცია არ მქონია და არც ჩემს ფრაქციაში ყოფილა განსხვავებული პოზიციები.

"უმრავლესობაში განსხვავებული პოზიციების შესახებ მე არ მსმენია. ვიცი, რომ "ფორუმი" ლობირებდა თავის კანდიდატურას კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე.

"რაც შეეხება იმას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ხიდაშელის გარდა ზვიად კვაჭანტირაძეც განიხილება, ამა თუ იმ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. მაგრამ რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, ვოლსკის მიერ დასასხელებული კანდიდატურები შეჯერებული ვერსიაა", - ამბობს "რესპუბლიკელების" წევრი.

"რესპუბლიკელებისგან" განსხვავებული პოზიცია აქვს ფრაქცია "ეროვნულ ფორუმს". ფრაქციის წევრი ანი მიროტაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ვოლსკის მიერ დასახელებული კანდიდატები საბოლოო არ არის. დეპუტატის ცნობით, ეს არის ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ შეჯერებული კანდიდატურები და არა უმრავლესობის შიგნით შეჯერებული.

"დრო კიდევ გვაქვს და კონსულტაციები გრძელდება. მოლაპარაკება კვირის ჩათვლით გაიმართება. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატურა კავკასიისა და დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ შალვა კიკნაველიძეს, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

"ვოლსკი, ცხადია, მხარს უჭერს თავისი ფრაქციის კანდიდატურას. სხვა კომიტეტებში ჩვენ არ გვყავდა ჩვენი კანდიდატები, ამიტომ სხვა კომიტეტებთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ გვაქვს", - გვითხრა ანი მიროტაძემ.

განსხვავებული პოზიცია არ აქვთ კოალიციის დანარჩენ ორ ფრაქციას - "კონსერვატორებსა" და "მრეწველებს". გიგა ბუკია "კონსერვატორებიდან" ამბობს, რომ დასახელებულ კანდიდატურებს მხარს უჭერენ.

"შიგნით რა ხდებოდა, რომელ კანდიდატზე იყო აზრთა სხვადასხვაობა, ამას შიგნით დავტოვებ. გადაწყვეტილება კოალიციურად მივიღეთ. კანდიდატებთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება და ამიტომ თქვა ეს ინფორმაცია გია ვოლსკიმ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობა განცხადებას გააკეთებს", - განაცხადა გიგა ბუკიამ.

"მრეწველების" წარმომადგენელი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ მის ფრაქციასაც სრული თანხმობა აქვს დასახელებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით.

"ჩვენ არ გვყოლია ჩვენი კანდიდატურა დასახელებული და შესაბამისად დასახელებულ კანდიდატებს მხარს ვუჭერთ. სავარაუდოდ, დასახელებული სამივე კანდიდატურა უმრავლესობიდან მხარდაჭერას მიიღებს. ჩემი ცნობით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პოზიცია ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ შეჯერებული. საბოლოო გადაწყვეტილება ამ ორ დღეში კოალიციურ რეჟიმში ურთიერთინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული", - გვითხრა გიორგი კახიანმა.