ხათუნა კალმახელიძეს ადვოკატები აუჯანყდნენ

ხათუნა კალმახელიძეს ადვოკატები აუჯანყდნენ

[ნინო მიქიაშვილი}
ადვოკატები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს კონსტიტუციასთან შეუთავსებელი ბრძანების გამოცემაში ბრალს სდებენ, რითაც მათივე განმარტებით, ადვოკატს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელი ეშლება და რითაც მათი უფლებები ილახება. ადვოკატები სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

საქმე ეხება 10 ივნისს, ხათუნა კალმახელიძის მიერ გამოცემულ N89 ბრძანებას, რომლის თანახმად, “დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ მსჯავრდებულს/პატიმარს, ხოლო სხვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთან/პატიმართან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში, დაიცვას მსჯავრდებულთან/პატიმართან შეხვედრის რიგში მდგომ დამცველთა/ადვოკატთა რიგითობა“.

ზემოხსენებული ბრძანების ირგვლივ პრესა.გე–მ დღეს სააპელაციო სასამართლოში ყოფნისას, ადვოკატ დავით დეკანოიძისგან შეიტყო. ჩვენი თხოვნით მან ბრძანების ასლი ინტერნეტით გადმოგიგზავნა. ამ მასალაზე მზადებისას გაირკვა, რომ ადვოკატებმა, რომლებსაც ჩვენ ტელეფონით შევეხმიანეთ, ხათუნა კალმახელიძის მიერ გამოცემული N89 ბრძანების ირგვლივ არაფერი იცოდნენ. ამიტომ, ადვოკატების ნაწილს ბრძანება ტელეფონით წავუკითხეთ, რის შემდეგაც მათთან სატელეფონო კომენტარები ჩავწერეთ.

როგორც 10 ივნისს გამოცემულ ბრძანებაშია მითითებული, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ამგვარი შინაარსის დოკუმენტის გამოცემის მიზანია: მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების შეუფერხებელი განხორციელება; დამცველთან შეხვედრის ორგანიზება და გაუმჯობესება; აგრეთვე, მსჯავრდებულთა/პატიმართა და დამცველთა თანასწორუფლებიანობის დაცვა.

ადვოკატ დავით დეკანოიძის აზრით, N89 ბრძანებით არა მარტო ადვოკატების, არამედ პატიმრების უფლებებიც ილახება, ვინაიდან ადვოკატს ერთ დღეში ერთ პატიმარზე მეტის ნახვის შესაძლებლობა ერთმევა.

დავით დეკანოიძე: “ციხეში მისვლისას, ერთი პატიმრის ნახვის დროსაც კი, მინიმუმ ნახევარი დღე მაინც იკარგება, რადგან ისეთი პროცედურებია გასავლელი, რომელზეც დიდი დრო იხარჯება; ამასთან, პატიმრის მოყვანას დიდხანს უნდა ელოდო. ეს ბრძანება, სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი ხელისშემშლელი პირობა, რომ ადვოკატს პატიმართან ურთიერთობა არ ჰქონდეს, ან რაც შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს. ქალბატონი კალმახელიძის ბრძანებიდან ჩანს, რომ საპატიმროში ადვოკატს ერთზე მეტი დაცვის ქვეშ მყოფი არ უნდა ჰყავდეს, ვინაიდან, აი ამ ბრძანებიდან გამომდინარე, 10 დაცვის ქვეშ მყოფის ნახვა წარმოუდგენელია, ვერაფრით შეძლებ; ან პროცესებზე არ უნდა იარო და მხოლოდ პატიმარი ნახო, ან პატიმარი არ უნდა ნახო...“

დავით დეკანოიძის თქმით, ამ ბრძანების გამოცემამდე, ციხის ადმინისტრაციის ამა თუ იმ წარმომადგენელს ზუსტად იგივე მოთხოვნა ჰქონდათ – “რომ შესვლისას ერთი პატიმრის მეტი არ გვენახა და ერთი პატიმრის ნახვის შემდეგ გარეთ გამოვსულიყავით (გარეთ გამოსასვლელი საკმაოდ შორსაა) და თავიდან გაგვევლო ის პროცედურები, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია. ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ამ მოთხოვნის გამო ვედავებოდით; ვამბობდით რომ ეს არსად ეწერა და ამას ვიშველიებდით. ახლა ეს მოთხოვნა დააკანონეს, რაც ფაქტიურად მხოლოდ ხელის შემშლელია და არაფერი სარგებლობა არ მოაქვს, თვით ციხის ადმინისტრაციისთვისაც კი.

ადვოკატთა რიგის მოწესრიგება, ნამდვილად არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულების, ან თუნდაც, მათი მინისტრის საქმე; ადვოკატები როგორმე თვითონ მოუვლიან თავიანთ რიგს, თუ ვინ როდის უნდა ჩადგეს რიგში და როდის შევიდეს პატიმართან შესახვედრად. როგორც ჩანს, პატიმრის მოყვანა ეზარებათ; ალბათ ბრძანების პროექტი ხელმოსაწერად დაუდეს მინისტრს, რომელმაც არ იცის პატიმრის ნახვის ტექნოლოგია რას წარმოადგენს და მან ხელი მოაწერა“.

ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ N89 ბრძანება ადვოკატის უფლებების მორიგი შელახვაა, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით.

ირმა ჭკადუა: - “გვიწესებენ რაღაც დათქმას, რომ ერთ პატიმართან გვაქვს შეხვედრის უფლება, შემდეგ ადვოკატი გარეთ უნდა გამოვიდეს, რიგში დადგეს და ისევ შევიდეს. აი, ამ ყველაფრისთვის სახელის დარქმევა ძალიან მიჭირს, რადგან ამ გაუსაძლის პირობებში, ისედაც მიჭირს გადმოგცეთ რა რთულ მდგომარეობაში გვიწევს ყოფნა, სანამ პატიმართან შევალთ; ეს არის დაახლოებით 3–4 საათიანი რიგი.

წარმოიდგინეთ როგორია ახლა, 3–4 საათი რიგში რომ დგახარ, შეხვალ, პატიმარს შეხვდები, იქიდან გამოხვალ და კიდევ რიგში დადგები?! როგორ ჰგონიათ, ადვოკატს რიგში დგომის გარდა ამ ქვეყანაზე არაფერი საქმე არ აქვს?! არც პროცესი, არც ოჯახი, არც სასამართლო, არც პროკურატურა?! ეს არის ადვოკატთა უფლებების მორიგი შელახვა, რასაც დღეის მდგომარეობით, პრაქტიკულად, ყველა ნაბიჯზე ვხვდებით“.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, ისევე როგორც ხელისუფლების თითქმის ყველა მოქმედება, თუ მის მიერ მიღებული ყველა კანონი, ეს ბრძანებაც გარეგნულად თითქოს ადვოკატთა უფლებების დაცვისკენაა მიმართული, მაგრამ რეალურად, ამ ბრძანების ქვეტექსტი და შინაარსი, ადვოკატებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლას ითვალისწინებს.

გელა ნიკოლაიშვილი: “არავინ არ ეკითხება ხათუნა კალმახელიძეს, ვინ როგორ დაიცავს რიგს; ამას ადვოკატები ერთმანეთში მოაგვარებენ, ისე როგორც აქამდე აკეთებდნენ ამას. თუ მაინცდამაინც ამ სამინისტროს უნდა ადვოკატების მუშაობისთვის ხელშეწყობა, უნდა დააყენოს საკითხი, რომ იქ თავისი კომფორტისთვის და კეთილმოწყობისთვის კი არ იზრუნონ, თითო დაწესებულებაში 3 და 4 ოთახი კი არ უნდა იყოს ადვოკატებისთვის?! არამედ, ეს ოთახები უნდა იყოს იმის პროპორციული, რამდენი რამდენი მსჯავრდებული და ბრალდებულიც არის“.

გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ადვოკატები ამ ბრძანების შესახებ შეიტყობენ, მათში ეს უაღრესად დიდ პროტესტს გამოიწვევს – “თქვენ ეს ბრძანება ტელეფონით წამიკითხეთ და მე სამართლებრივი კუთხით ბოლომდე გააზრება ვერ მოვასწარი, მაგრამ სრული საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ ესაა ანტიკონსტიტუციური, ხელისშემშლელი ბრძანება, რასაც ჩვენ ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრებთ და მის გაუქმებას აუცილებლად მივაღწევთ“.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მაგალითად გლდანის მერვე საპყრობილეში ადვოკატებისთვის 44 ადგილია; ანუ 22 ოთახი, რომელშიც ორ–ორ ადვოკატს შეუძლია თავის დაცვის ქვეს მყოფთან შეხვედრა, განსხვავებით რუსთავის პირველი დაწესებულებისგან, სადაც 3 000–მდე ადამიანია გადაყვანილი, ხოლო ადვოკატებისთვის სულ 4 ოთახია გამოყოფილი;

“რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში 6 ოთახია, მაგრამ როგორც წესი, ექვსიდან ერთს ან ორს, ყოველთვის ინახავენ, რომ ვაითუ პროკურორი მოულოდნელად მოვიდეს და პატიმრის დაკითხვა დასჭირდეს. ანუ ამ დაწესებულებაშიც ფაქტიურად მუდმივი რიგებია. თუ ეს აწუხებთ და მართლა უნდათ რომ ხელი შეუწყონ ადვოკატებს და არა შეუშალონ, ამის მარტივად გადაწყვეტა შეუძლიათ – ბრძანებების გამოცემას სჯობს ოთახები გააორმაგონ, გაასამმაგონ და გააოთხმაგონ. ეს არანაირ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, არანაირი რიგი აღარ იქნება“.

გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ ბრძანებასთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციაში საგანგებო შეკრება და განცხადება უნდა გაკეთდეს – “ხათუნა კალმახელიძე საერთოდ გაგებაში, რომ არ არის რა ხდება დაწესებულებებში და რასაც ეტყვიან ზემოდან თუ ქვემოდან, მხოლოდ იმაზე რომ არის დამოკიდებული და იმაზე აწერს ხელს, ეს ერთი მომენტია, მაგრამ მეორე ისაა, რომ ამ ბრძანებით ადმინისტრაცია მუშაობის პირობების გაიოლებას ცდილობს; არ უნდათ ზედმეტად შეწუხდნენ პატიმრების ამოყვანა–წაყვანით; ამ ბრძანებას სხვა ახსნა არა აქვს.

რაც შეეხება რიგს, იქ ორ პატიმარს ნახავს ადვოკატი თუ ხუთს, ამას თვითონ ადვოკატები არეგულირებენ ერთმანეთში და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ ფაქტს ადმინისტრაცია შეეწუხებინოს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ადვოკატებს ზედმეტი “მზრუნველობა“ არ სჭირდებათ“.