რატომ გაათავისუფლა ,,უგონშჩიკმა' გატაცებული ბიზნესმენი და როგორ გამოიგლოვეს ზონაზე 38 წლის ავთო
იყო დრო, როცა ქუთაისში, ერთ კორპუსში იმაზე მეტი ,,კანონიერი ქურდი' ცხოვრობდა, ვიდრე რომელიმე დიდ ქალაქში. მეტიც, ქუთაისელი ქურდების რაოდენობა ჯამში იმაზე მეტი იყო, ვიდრე სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ქურდებისა ერთად აღებული. ამას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე ჰქონდა. დადებითი ის, რომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით ,,პარადი' ქართველ ქურდებს მიჰყავდათ (სადმე ხომ უნდა ვყოფილიყავით პირველები). უარყოფითი კი ის, რომ ქურდებს ქუთაისში საუკეთესო სახლები და გამორჩეული პატივისცემა ჰქონდათ, რაც იმის მასტიმულირებელი იყო, რომ ახალგაზრდებს იურისტობაზე, ეკონომისტობასა და კოსმონავტობაზე კი არა, სწორედ ქურდობაზე ეოცნებათ. მართალია, ასი მსურველიდან ბოლოში 2-3 გადიოდა, მაგრამ ეს სავსებით საკმარისი იყო. დანარჩენები კი...
,,დედაჩემმა მთხოვა, შეეშვიო ქურდულ ცხოვრებას. ხომ იცით, კიბო აქვს და ცოტა ხანს მშვიდად ვიქნები ძმებო', - ასეთი ახსნა-განმარტებით ბევრი კაიბიჭი გასულა ჩრდილში. მერე აღმოჩენილა, რომ დედას არც კიბო ჰქონდა, არც სხვა დაავადება. უბრალოდ, ქურდობის პერსპექტივის არმქონე კაცი ისვენებდა, სხვა საქმეს პოულობდა.
რუსთავის #17 ზონაზე ერთი ქუთაისელი იჯდა (არა, ქუთაისელი კი ბევრი იჯდა, მაგრამ ჩვენ იმ ერთზე მოგითხრობთ). ავთო 38 წლის იყო. ტანით ზორბა, ორმეტრიანი ვაჟკაცი, სულ იღიმოდა და საინტერესო ისტორიებსაც ჰყვებოდა.
,,ახლა რომ აქ კაი ბიჭები არიან, ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ მასეთები რიონში რომ რიყის ქვები ყრია თეთრ ხიდთან, ისე ეყარნენ ქუჩაში და ყურადღებას არავინ აქცევდა. მერე, რომ მიხვდებოდნენ, ჩვენგან ქურდი კი არა, ქურდის შნირიც არ გამოვაო, კი მიდიოდნენ სახლში. ზოგს დედა სთხოვდა, ქუჩურ ცხოვრებას შეეშვიო და ზოგს კიდევ ბებია სიკვდილის წინ უბარებდა, ქურდობას დისტრიბუტორობა ჯობიაო. ჰო, დისტრიბუტორები და კონტროლიორები იყვნენ კაიბიჭები და ვიღაც რამეს რომ ეტყოდა, ტაქსისტებივით ამბობდნენ, სულ კონტროლიორი კი არ ვიყავი, ქუჩის აკადემიაც დამთავრებული მაქვსო. ნეტა მაგ აკადემიის რექტორი მანახა და თვალებში ჩამახედა, მეტი არ მინდა', - სიცილით ამბობდა ხოლმე ავთო.
ქუთაისელი პატიმარ #0578-თან მეგობრობდა და თითქმის სულ ერთად იყვნენ. #0578 სახალისო ისტორიებს ხშირად აყოლებდა, ერთხელ კი მოულოდნელად ჰკითხა: ,,შენზე ამბობენ, ქურდობა უნდოდა, მერე გადაიფიქრა და სწორედ მაშინ გადაიფიქრა, როცა ამ ამბავს აგვარებდა და წინ ვერაფერი დაუდგებოდაო. შენ რაღა დაგემართა, ბებიამ გთხოვა შენც?!'
,,არა, ბებია არც მახსოვს. ცოლი მოვიყვანე და შვილი რომ მეყოლა, ხელში რომ დავიჭირე ჩემი ნინო, სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ მისი მომავლისთვის აჯობებდა ქურდი კი არა, მუშა მრქმეოდა. სულ პოლიციის მოლოდინი, სულ საქმე და დევნა არც იმას წაადგებოდა და არც ჩემს ცოლს. ქურდებთან ავედი და ვუთხარი, თქვენი ძმა ვიქნები ბოლომდე, მაგრამ ოჯახს უნდა მივხედო-მეთქი. ბედის ირონიით, იმ საღამოს დამიჭირეს, რაღაც საქმეები ამიკინძეს და ჯამში, 18 წელი მომარჭვეს. მერე გავასაჩივრე, ვიბრძოლე და 14 წელი დამიტოვეს. კი ვზივარ აგერ მეათე წელია. მეათე წელია გისოსებიდან ვხედავ ჩემს ნინოს, მაგრამ რომ გავალ, დამიჯერე, ფიზიკურად ვიმუშავებ და არაფერს მოვაკლებ. ხომ ხედავ, რა ჯანზე ვარ და მშენებლობაზე ბლოკის ზიდვას და რასტვორის მოზელას დიპლომი არ სჭირდება', - გაიღიმა ავთომ.
,,უდო-ზე არ ჩალიჩობ?! 4 წელი მაინც ბევრია და ეგებ რამე გამოვიდეს', - ურჩია #0578-მა.
,,რა ვიცი, ვიღაცებს ვაწუხებ, მაგრამ ათი წელი ჩაკეტილში რომ ხარ, ცოტა ძნელია თავი გაახსენო. ერთი პატარა ბიჭი იყო, სიგარეტზე რომ ვაგზავნიდი, ერთი საათი აგვიანდებოდა, უბანში დადიოდა და ყველას უყვებოდა, ავთომ სიგარეტზე გამაგზავნაო. ეგ ბიჭი ახლა პოლიციაშია და რომ დავურეკე, იცი, რა მითხრა? კრიმინალებთან არ ვმეგობრობ და აღარ შემაწუხოო. გესმის შენ? კრიმინალებთანო და პირველად საქურდად რომ წავიყვანე, წილი რომ მივეცი, ლამის მუხლებზე დაეცა და სანთელი დამინთო, თავი უკვე კანონიერი ქურდი ეგონა. ასეა ძამია, იცვლება დრო და ხალხი', - ისევ გაიღიმა ავთომ.
,,მოდი, შენი ყველაზე უცნაური საქმე მომიყევი. სასაცილო კი არა, უცნაური', - სთხოვა #0578-მა.
,,უცნაურობის მეტი რა მქონია. რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი, რა მაქვს გაფუჭებული და იცი, სამასზე მეტი საქმე გამოვიდა. ქურდობა, ბავშვობაში მანქანიდან მაგნიტოფონის და აკუმულატორის მოპარვა, ჯიბგირობა, მანქანის გატაცება... ერთხელ, ახალი წლის წინა დღეს, გარეთ გამოვედი. კაპიკი არ მიდევს ჯიბეში. რაღაც უნდა მოვიპარო, თორემ ახალ წელს მეზობლის სამზარეულოდან გამოსული სუნით მომიწევს გაძღომა. ვიარე, ვიწანწალე, მაგრამ არაფერი. ვერც ვიჯიბგირე, ვერც რამეს წავაწყდი. ქურდობა გამორიცხე მაგ დროს. ახალი წელია, ყველა სახლშია, ვინც სახლში არ არის, ძვირფასი ნივთები მეზობელთან გადამალული ან წაღებული აქვს, ჭიქებს და დანა-ჩანგალს კიდევ ცხოვრებაში არ გავკარებივარ. დავდივარ ასე, მშიერი და რას ვხედავ, ბაზრის წინ ,,მერსედესი' გაჩერდა, გადმოვიდა ოთხი მუტრუკი, შევიდა ბაზარში და გასაღები მანქანაში ჩატოვა.
ეტყობათ, შავები არიან, მაგრამ ქუთაისელები აშკარად არ ჩანან. დავიკიდე ყველაფერი, დავჯექი მანქანაში, დავქოქე და გავუტიე საფიჩხიისკენ. იმას ვფიქრობდი, მანქანას საბურავებს დავხსნი, აკუმულატორს, მაგნიტოფონს და მივაგდებ სადმე-თქო, თორემ ვაზვრატზე ჩალიჩი რომ დამეწყო, ჩაერეოდნენ ქურდები, უფულოდ დაავაზვრატებდნენ და დავრჩებოდი ისე. არადა, ახალი წელია რა, 31 დეკემბერი ღამდება. გავაჩერე მოფარებულ ადგილას, გადმოვედი, გავხსენი ბაგაჟნიკი, კლუჩები რომ ამოვიღო და საბურავების მოხსნა დავიწყო და გული კინაღამ გამისკდა - ბაგაჟნიკში კაცია გაკოჭილი და პირაკრული. ვინ ხარ-მეთქი ვკითხე, ის კიდევ გაფითრებული მიყურებს. წყალი იდო მანქანაში, გადმოვიტანე, სახეზე მივასხი. ვინ ხარ-მეთქი, ვუყვირე და ღმუის. მერე მივხვდი, პირი რომ ჰქონდა აკრული. მოვხსენი სახვევი და მეუბნება, ოღონდ არ მომკლა და ჩემს წონა ფულს მოგცემო. რატომ უნდა მოგკლა-მეთქი და აქამდე სულ ნიღბებით იყავით, ახლა უნიღბოდ ხარო. ვაი, შენს ავთოს, შარში ვარ. ვინ ხარ-თქო და რუსთაველი ბიზნესმენი გამოდგა. ფული კი მაინტერესებს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა, ამ მანქანით რუსთავში წასვლა სმერტია, ამის აქ დატოვება - კიდევ უარესი. არაფერი აღარ მინდა, ლამისაა წავიყვანო მანქანა და საიდანაც გავწიე, ისევ იქ დავაყენო. ეს ჩემი ცოდვით სავსე დაფეთებული მიყურებს. უცებ, არ ვიცი საიდან და რატომ, დღემდე ვერ ვხსნი ამას, ვეკითხები, თოვლის ბაბუის არსებობის თუ გჯერა-მეთქი. არაო, თავი გააქნია. ჰოდა, დაიჯერე, მე ვარ შენი თოვლის ბაბუა-თქო. გავუხსენი ხელები, მივეცი მანქანის გასაღები ხელში და ვეუბნები, წადი ახლა რუსთავში და მალე თუ ივლი, ახალ წელს სახლში შეხვდები-თქო. ჯერ გაოცდა. მერე თქვა, ხომ არ მესვრიო. როცა დაიჯერა, მანქანაზე დაჯდა და ვუთხარი, ზაპასკას მაინც ავიღებ, ახალ წელს პურის ფული არ მაქვს-თქო. სახელი და გვარი მითხარიო და მაგას როგორ ვეტყოდი.
წავიდა ის კაცი, ჩავაბარე მე ის ზაპასკა და უკანა გზაზე ჯიბიდან ვიღაც გოიმს ცოტა ფული ამოვაცალე. მოკლედ, ქათმის ხორცი და საქონლის ხაშლამა მქონდა საახალწლოდ. მეორე დღეს ქუთაისი ფუტკრის სკას ჰგავდა, ,,მერსედესს' ეძებდნენ რუსთაველი შავები და ქუთაისელი ქურდები. მეც დამიბარეს და მითხრეს, შენც მოჩხრიკე, ეგებ გაარკვიო რამეო. ვერავინ ვერაფერი გაარკვია და მეც დავივიწყე ეს ამბავი...
ორი წელი გავიდა მას შემდეგ. რუსთავში ვარ და ის კაცი გამახსენდა. ჯერ მაღაზია ვიკითხე, მერე მაღაზიაში მისამართი, მაგრამ დამიმალეს. საღამოს მოვა და ნახეო. დაველოდე საღამოს, მოვიდა ის ჩემი ცოდვით სავსე და გვერდით პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ბიჭი მოჰყვება. როგორი მისასვლელია? შევიდა მაღაზიაში, გარედან ვუყურებ, გამყიდველებმა რაღაც უთხრეს, მერე ერთ-ერთმა დამინახა და ანიშნა ჩემზე. იმ კაცმა პოლიციელს რაღაც უთხრა და ის გარეთ გამოვიდა. ნელი ნაბიჯით დავიწყე უკანსვლა. იმან ნაბიჯს აუჩქარა და გამომეკიდა. გავიქეცი და მივრბივართ ასე შუა რუსთავში. არადა, ქალაქი არ ვიცი, იქეთ ვეცი, აქეთ ვეცი და პოლიციის ეზოში შევვარდი. გარეთ რამდენიმე პოლიციელი იდგა და რომ დამინახეს, ჯერ გაუკვირდათ, მერე ისიც რომ შემოვარდა და დაიყვირა, დაიჭირეთო, ყველა ერთად დამედევნა. სადღა წავიდოდი, დამაგდეს დაბლა და ცემა დამიწყეს, თუმცა იმ ჩემმა პოლიციელმა ბოლო ხმაზე იღრიალა, არავინ შეეხოს, ჩემიაო. წამომაყენა ფეხზე და ღიმილით მითხრა, სამტროდ არ მოგდევ, ახლა ბორკილებს მოგხსნი და თუ კაცი ხარ, არ გაიქცეო. ისე ალალად გამიცინა, მართლა არ გავქცეულვარ. მომხსნა ბორკილი, იმ კაცის შვილი ვარო, მითხრა. ყველაფერი ვიცი და მადლობის სათქმელად მოგდევდი ამხელა გზაზე, აქ პოლიციის უფროსის მოადგილე ვარ, თუ რამე გაგიჭირდება, არ მოგერიდოსო. მერე სახლში წამიყვანა, იმ კაცმა თავი ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო. ერთი კვირა არ გამომიშვეს სახლიდან, მამა არ გაუკეთებს შვილს, რაც იმან გამიკეთა. სასწავლებელში მოგაწყობო, მითხრა და უარი ვუთხარი. მერე სამსახური შემომთავაზა, იმაზეც უარი ვუთხარი. ბოლოს, როცა ქუთაისში მოვდიოდი, ეზოში ჩამიყვანა და ზუსტად ისეთი ,,მერსედესი' დამახვედრა, რომლითაც მოიპარეს. იმ პოლიციელმა ნახევარ საათში გადმომიფორმა და წამოვედი ,,მერსედესით' ქუთაისში. ეს იყო ყველაზე უცნაურიც და ყველაზე შედეგიანი საქმე', - დაასრულა მოყოლა ავთომ.
* * *
ამ ამბიდან რვა თვის შემდეგ, ავთოს საკუთარ საკანში დენმა დაარტყა. როგორც ამბობენ, რადიოს რთავდა, შემთხვევით ხელი გაცვეთილ კაბელზე მოუხვდა და რადგან ზაფხული იყო და ფეხშიშველი იდგა, დენმა მომენტალურად მოკლა. პატიმარი #0578 მის თანასაკნელებს დაელაპარაკა, თუმცა ყველამ ერთი და იგივე თქვა და რაც მთავარია, იგივე გაიმეორა იმავე საკანში მყოფმა ავთოს ბავშვობის მეგობარმა, კლასელმა და ბავშვის ნათლიამ. ქუთაისელი ვაჟკაცი მთელმა ზონამ გამოიგლოვა...
პატიმარი #0578