რა შემთხვევაში დატოვებს კოალიციას გოგი თოფაძე
გადეპუტატებული ბიზნესმენი გოგი თოფაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამ რამდენიმე დღის წინ მოექცა, როცა ,,ოცნების' კოალიციიდან პირველმა განაცხადა, პრეზიდენტს არ შევხვდებით, რადგან რიგგარეშე სხდომა შეუთანხმებლად დანიშნაო. ყურადღების ცენტრში მყოფმა კი, იმავე დღეს კიდევ უფრო საყურადღებო განცხადება გააკეთა, ნატო- ში შესვლა არ მინდა, მისგან ნახეირები ქვეყანა არ მინახავსო. მართალია, დეპუტატი ამას წლებია იმეორებს, მაგრამ დღეს მისი სტატუსი მხოლოდ ბიზნესმენი აღარ არის - როგორ ხსნის ხელისუფლების წარმომადგენელი ამ განცხადებას, რა შემთხვევაში დატოვებს მმართველ კოალიციას და რას ფიქრობს საკუთარი გუნდის საგარეო კურსზე - ,,ვერსიისთვის' სკანდალურ განმარტებებს გოგი თოფაძე აკეთებს.
ნატო- სკენ სწრაფვაზე უარისთქმა დასავლური კურსის უარყოფას არ ნიშნავს. ევროკავშირში რომ შევდივართ, ეს დასავლური კურსი არ არის? იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ევროკავშირმა, გარკვეულწილად, სადავო რეგულაციები შემოიტანა. მაგალითად, შევიმუშავეთ კანონი, რომ ისედაც მცირემიწიან საქართველოში მიწები არ უნდა იყიდებოდეს. ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიწუნა და მოვიდა ახალი რეგულაცია, სადაც არის ,,ხვრელები', მაინც როგორაა შესაძლებელი ჩვენი მიწების გასხვისება. თანაც, ჩინეთს, ინდოეთს მიწის დეფიციტი აქვს. ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპიდან ბევრი ქვეყანა შევიდა, მაგრამ ყველა საკმაოდ პრინციპულად იდგა და ევროკავშირს რაღაც რეგულაციებიც შეაცვლევინა.
- მთავრობა არ იყო, კანონპროექტი რომ შეიმუშავა, მიწები უცხოელებს არ მიყიდოთ, მაგრამ ფულს გადაგახდევინეთ და მიწებს ჩამოგართმევთ, თუ ვერ დაამუშავებთო?
- მიწის მეპატრონე თუ გახდები, უნდა დაამუშაო კიდეც და პროდუქცია შექმნა. თუმცა იმ მცირე პერიოდშიც კი, როცა ამ თემის დამუშავება დავიწყეთ, ძალიან ბევრი მიწა გაიყიდა. ეს ნიშნავს, რომ რაღაც დროის შემდეგ ჩვენი შვილებისთვის დასატოვებელი მიწები არ გვექნება. ამიტომ ჩვენთვის პრინციპული საკითხები უნდა დავაყენოთ.
- დააყენეთ, მერე?!
- მეც ამას ვამბობ და დასავლეთის ხელისკვრაზე სულაც არ ვლაპარაკობ. სწორედ ესაა დასავლური ორიენტაცია და არა სამხედრო ბლოკში შესვლა.
- რა საფრთხეებს ხედავთ ნატო- ში, რას ნიშნავს თქვენი ფრაზა, რომ ნატო- სგან ნახეირები ქვეყანა არ არსებობს?
- ნატო- ს ბიოგრაფიას რომ გადავხედოთ, მას დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. მშვენიერი სახელმწიფო, იუგოსლავია შუა ევროპაში გახლიჩეს, გააუბედურეს ერაყი, აღარაფერს ვამბობ ლიბიაზე, ეგვიპტეზე, სადაც ნატოს შევარდნის შემდეგ ვითარება ვერ დალაგდა. ესაა ნატოს პოლიტიკა. რაც უკრაინაში მოხდა, იმაზე უარესი საქართველოში მოხდება, თუ ამ გზას დავადგებით.
- აბა, ლიბიაში კადაფის ხელისუფლება მემკვიდრეობით უნდა გადასულიყო? ჩამოთვლილ ქვეყნებში, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ნატო- ს ჩარევა სურდა, ერაყში, სწორედ ახლა ამთავრებს წვრთნებს ნატო ადგილობრივ მეომრებთან ერთად, ისლამურ სამყაროზე გასალაშქრებლად.
- ლიბიაში ცხოვრების დონე ძალიან მაღალი იყო - პენსია 2 500 დოლარს აღწევდა. შეიძლება კადაფი, როგორც ყველა არაბულ ქვეყანაში, ერთპიროვნული მმართველი იყო, მაგრამ საფრანგეთის არჩევნებში სარკოზისაც დაეხმარა, ლიბია კი ერთერთი მდიდარი, თვითმყოფადი ქვეყანა იყო. კადაფს რაც უქნეს, რომ გააუპატიურეს და დაანაწილეს, ეს ხალხმა გააკეთა თუ იმან, ვინც იმ დალაგებულ, მდიდარ ქვეყანაში ალიაქოთი ატეხა?
- მგონი, ამ ვითარებას ისე უყურებთ, როგორც ბიზნესმენი და არა პოლიტიკოსი.
- არა, ყველაფერს ისე ვუყურებ, როგორც ჯანსაღი პოლიტიკოსი. 17 წელია, ნატო- ს გავიძახით. აქედან, 10 წელი, ნაციონალების დროს, ნატოში შესვლა ქვეყნის მთავარი ლაიტმოტივი იყო. ვერ შევედით. ავღანეთში დაიხოცნენ ქართველები, ჩვენ კი მაინც არ მიგვიღეს. ეტყობა ყველა სტანდარტს ვერ ვაკმაყოფილებთ. ხან მაპი მოიგონეს, ხან რა და ახლა, რამდენიმე დღის წინ, განაცხადეს, 10 წელი ნატო- ზე ნურც იოცნებებთო. არ ვდგავართ ამ ნატო- ს გზაზე და რატომ ვატყუებთ ხალხს, არიქა, გვიღებენო?
- ადრე სააკაშვილი ატყუებდა ხალხს და ახლა ,,ოცნება'?
- ვინც ამაზე საუბრობს, რომ ნატო- ში გველოდებიან, ის ატყუებს. არ მიგვიღებენ ნატო- ში და ამ საუბრებით, ტყუილად, ჩვენს ჩრდილოელ აგრესიულ მეზობელს ვაღიზიანებთ. ,,ოცნება' არ გვატყუებს - ,,ოცნების' პრიორიტეტი ნატო არ არის, არც ლაიტმოტივი.
- გამოდის, ირაკლი ალასანია მართალი იყო, როცა ამბობდა, ქვეყნის კურსს საფრთხე ემუქრებაო?!
- დასავლური კურსი ევროკავშირში ასოცირებაა, ნატო კი სამხედრო ორგანიზაციაა.
- ნატო- ში დაცვის გარანტიებს ვერ ხედავთ ჩვენი ქვეყნისთვის?
- ნატო გარანტიაა? შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ საქართველოს შეუძლია ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს, იყოს დამოუკიდებელი და ნეიტრალური. მდებარეობის გამო ყველას ვჭირდებით. ნეიტრალიტეტს უნდა მივაღწიოთ და არც ნატო- ზე ვიყოთ მიბმული, არც რუსეთზე. წარმოვიდგინოთ ცუდი ვარიანტი: ნატო შემოვიდა საქართველოში, კავკასიის ქედზე დადგა ბალისტიკური რაკეტები და პირდაპირ კრემლს დაუმიზნა. მერე?
- ანუ, ნატო- ს ვჭირდებით რუსეთთან საომრად და თან არ გვიღებს სამხედრო ალიანსში?
- აბა, რა გამოდის! რატომ უნდოდა აქ ნატო- ს საწვრთნელი ცენტრის გაკეთება? ან საერთოდ, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ გაკეთდება? ალბათ, არავითარი ცენტრი აქ არ აშენდება - უნდა ვიფიქროთ, რას იზამს აგრესიული რუსეთი, თუ საქართველო ვიღაცის მხარეს დადგება. ჩვენ ჯერ დონეზე არ ვართ, ვიღაცის მხარეს დავდგეთ და რაღაც სამხედრო ბლოკებში შევიდეთ.
- იმ დონეზე ვართ, რომ ნეიტრალიტეტი შევინარჩუნოთ რუსეთთან, ისლამურ სამყაროსთან?
- არა, ჯერ არ ვართ, მაგრამ აქეთ უნდა წავიდეთ. იმასაც არავინ ამბობს, ნატო- ში 10 წლის მერე მიგიღებთო, ამიტომ ნუ ატყუებენ საზოგადოებას! ჩვენ არ ვართ ამის მომხრე, მე და ჩემი თანაგუნდელები.
- ახლა ვისი სახელით საუბრობთ?
კოალიციაშიც აზრის სხვადასხვაობაა ამ თემაზე, მაგრამ გუნდური თამაშის წესები არ უნდა დაირღვეს. რასაც კოალიცია გადაწყვეტს, ხელს არ შევუშლით. თუმცა მეეჭვება, ,,ოცნებამ' გადაწყვიტოს, რომ ნატო ჩვენი გზაა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ან იძულებულნი ვიქნებით, ავყვეთ კოალიციას ან დავტოვოთ. ამაზე საუბარი გუშინ კი არა, 1998 წლიდან დავიწყეთ. ნატოში არც გვიღებენ და არც ჩვენ ვართ მზად ამისთვის.
- ევრაზიულ კავშირში შესასვლელად თუ ვართ მზად?
- მზად არც ამისთვის ვართ. თუმცა თუ იქ უფრო კარგი პირობები იქნება, თუ მძლავრი ქვეყანა ვიქნებით და საკუთარ ინტერესებს დავიცავთ, შეიძლება, ევრაზიულ კავშირში სჯობდეს შესვლა, რადგან ექსპორტის მეტი საშუალება გვექნება.
- მორალურად რამდენად გამართლებულია, ოკუპანტი ქვეყნის კავშირში შეხვიდე და მწვანილზე ევაჭრო?
- როგორ გგონიათ, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში ნატო უფრო დაგვეხმარება თუ რუსეთი? ჩვენი წინაპრები რუსებს კი არ ეომებოდნენ, ეფერებოდნენ და ამიტომ გადავრჩით.
- მგონი, უფრო მაგიტომ დავიღუპეთ.
- 2008 წელს რაც მოხდა, ამან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ძალიან გაართულა. აქ სწორი ინფორმაცია არ ვრცელდება. აბაშიძე- კარასინის მოლაპარაკებებსა და რუსეთის პოლიტიკური ლიდერების განცხადებებში ვხედავ, რომ დიალოგისთვის მზად არიან. რუსს მიტაცება გენში აქვს, არაფერს თმობს, ყველა ქვეყანასთან პრობლემები აქვს, მაგრამ ჩხუბითა და ომით არაფერი გამოვა.
- აკი, კარასინი- აბაშიძე პოლიტიკურ და ტერიტორიების დაბრუნების საკითხებზე არ საუბრობენო?
- ჰოდა, არასწორია ეს ინფორმაცია... რა თქმა უნდა, ამაზე საუბარს დაიწყებენ. მთავარია, დაიწყოს ურთიერთობა. 15 წელი რომ ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით, ამით რა მივიღეთ? რუსი აგრესორია, თუმცა ეკონომიკურად, მასთან ურთიერთობა ჩვენთვის მომგებიანია, მაგრამ არ მინდა, ყველაფერი ეკონომიკაზე ავაგო. გაგახსენებთ პუტინის წინასაახალწო განცხადებას - მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ აფხაზეთთან დიალოგშიო. ჰოდა, უნდა დავიწყოთ ეს დიალოგი. ეს ხომ მინიშნება იყო, თუ რამე გინდათ, ვილაპარაკოთ, ნუ გვლანძღავთ, ნუ გვემუქრებითო. ნატო კი მუქარაა! ძალიან გინდათ, ნატო- ს დადებით მხარეებზე ვისაუბროთ, მაგრამ ჩემი პოზიცია მაქვს. ბოლო წლებში რაც ჩვენს პლანეტაზე ხდება, ნატო- ს როლი ძალიან მიუღებელია.
- ჩვენ ვერც ნატო გვიშველის და ვერც რუსეთი, ვიდრე ასეთი მიზეზებით გადაიდება საპარლამენტო უმრავლესობისა და პრეზიდენტის შეხვედრები - რა მოხდა?
- აშკარად არაობიექტური და ოპოზიციურად განწყობილი ხართ. ძალიან მარტივი სიტუაცია იყო: ექვსივე ფრაქცია შევთანხმდით, რომ პრეზიდენტთან უნდა წავსულიყავით. პირიქით, გვინდოდა, სახელისფულო შტოებს შორის არსებული დაძაბულობა მოხსნილიყო. შეხვედრაზე შევთანხმდით და მეორე დღეს, 11 საათზე შევიკრიბეთ, რათა პირველზე პრეზიდენტთან წავსულიყავით. წინა საღამოს კი, პარლამენტის ხელმძღვანელობამ პრეზიდენტს სთხოვა, იქნებ, არ გამოაცხადოთ რიგგარეშე სხდომის თარიღი ჩვენთან შეხვედრამდეო, რადგან ახლა პარლამენტს ისედაც ძალიან დაძაბული თარიღი აქვს. თითქმის შეთანხმდნენ კიდეც, მაგრამ ამ საუბრიდან ერთ საათში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომა 13 მარტს იქნება. ჩვენი აზრით, ეს ზოგიერთი ფრაქციის ზეწოლით მოხდა.
- ალასანიას ,,თავისუფალი დემოკრატების'? ისინი სწორედ ამ დროს ხვდებოდნენ პრეზიდენტს.
- არ ვიცი, არ ვაბრალებ. დილას შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და რადგან პრეზიდენტმა ჩვენი აზრი არ გაითვალისწინა, ჩვენც უარი განვაცხადეთ მასთან შეხვედრაზე, მაგრამ იქვე ითქვა, რომ ერთ-ორ კვირაში შევხვდებით და კონსტრუქციული საუბარი გვექნება, რადგან ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს.
- ამ შეხვედრის თემა სწორედ აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა იყო. ასე არაა?
- ასე იყო, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, ძალიან სერიოზული კამათი იქნებოდა ეკონომიკურ საკითხებზე. ეს კი შეიძლება ერთ კვირაშიც განვიხილოთ, აქ მთავარი ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა იყო. ასეთი სიჯიუტე კი მიუღებელია.
- რიგგარეშე სხდომის ჩაშლას აღარ აპირებს უმრავლესობა?
- არ ვიცი. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ძალიან არ ღირს ეკონომიკური ბლოკის მინისტრებზე პედალირება. ეს აჟიტირება, ლარს რა დაემართაო, არ გვინდა. ამ საქმეს რიგგარეშე სხდომა უშველის, რადგან ეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესია.