ნემცოვის მკვლელობის თვითმხილველის ჩვენება. ანა დურიცკაიამ დეტალები გაამხილა

ნემცოვის მკვლელობის თვითმხილველის ჩვენება. ანა დურიცკაიამ დეტალები გაამხილა

უკრაინელი ფოტომოდელი ანა დურიცკაია, რომელიც მკვლელობის მომენტში პოლიტიკოს ბორის ნემცოვთან ერთად მოსკვორეცკის დიდ ხიდზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს მკვლელობის შესახებ ესაუბრა და აღიარა, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი არ ახსოვს.   

თვითმხილველმა გამორიცხა ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობის ვერსია, თუმცა უარი თქვა სხვა ვერსიის გამხელაზე. ,,არ ვიცი, ეს ვინ ჩაიდინა', - თქვა დურიცკაიამ ტელეკომპანია ,,დოჟდთან' ინტერვიუში და დასძინა, რომ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. დურიცკაიას თქმით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წევრები აკონტორლებენ მის ყველა ქმედებას და უკრაინაში გამგზავრებაშიც უშლიან ხელს, სადაც გოგონას თქმით, ავადმყოფი დედა ელოდება. ის ასევე უკმაყოფილოა, მასთან ორი დღის განმავლობაში არ უშვებდნენ უკრაინის კონსულს. ,,კანონის მიხედვით უნდა გამიშვან, რადგან, ეჭვმიტანილი კი არა, თვითმხილველი ვარ. ამასთან, ისინი ვერ მიხსნიან, რატომ დამყვება დაცვა და რატომ არ მაძლევს უფლებას გადავიდე უკრაინის ტერიტორიაზე', - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ გაუსვლელობის ხელწერილზე ხელი არ მოუწერია. თან დაამატა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა ნემცოვის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას.   

,,არ მახსოვს' 
დურიცკაიამ მოყვა, რომ მკვლელობის დღეს ნემცოვს, რომელიც სამი წლის წინ გაიცნო, კაფე ,,ბოსკოში' შეხვდა, დაახლოებით თორმეტის თხუთმეტ წუთზე კი, პატარა ორდინკის გავლით, ისინი ნემცოვის სახლისკენ გაემართნენ. მკვლელობისას დამნაშავე ვერ დაინახა, რადგან მათ ზურგსუკან იმყოფებოდა. ,,მანქანა დავინახე, რომელიც უკვე დანაშაულის ადგილიდან მიდიოდა, თუმცა ნომრის, მარკისა და ფერის გარჩევა ვერ მოვახერხე', - თქვა გოგონამ ,,ეხო მოსკვის' რადიოეთერში. დურიცკაიას თქმით, იგი გაეკიდა გზაზე მიმავალ საგზაო სამსახურის მანქანის მძღოლს, რომლისთვისაც უნდოდა, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ნომერი ეთხოვა. რა თქმა უნდა, მძღოლი დაეხმარა, თუმცა შოკური მდგომარეობის გამო ისიც არ ახსოვს; ასევე მას არ ახსოვს სხვა ადამიანები, რომლებიც გამოჩნდნენ ვიდეოჩანაწერზე. მისი თქმით, პოლიცია მალე მოვიდა, ხოლო სასწრაფო დახმარების გამოჩენა არ ახსოვს, რადგან უკვე პოლიციის მანქანაში იმყოფებოდა.   

,,უკვე ყველაფერი ვთქვი, რაც ვიცოდი'
უკრაინელი მოდელის თქმით, მკვლელობის შემდეგ შვიდი საათის განმავლობაში კითხავდნენ. ამის შემდეგ საგამოძიებო ქმედებებს ყოველდღე ატარებენ, თუმცა განაცხადა, რომ, რაც იცოდა, ყველაფერი თქვა. ახლა ის ნემცოვის თანამებრ- ძოლებთან ერთად იმყოფება, თუმცა კართან პოლიცია დარაჯობს და ქალაქში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. გოგონას თქმით, უკვე არ სჯერა გამომძიებლების სიტყვების, რომლებიც გათავისუფლებას ყოველდღე ჰპირდებიან: ,,არ მესმის, აქამდე რატომ მიკრძალავენ დედასთან წასვლას. ამბობენ, კანონის მიხედვით შემიძლია დავტოვო ქვეყანა, მაგრამ ვერ მიხსნიან, აქ რატომ მაჩერებენ. დედა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ვერ ხვდება, რატომ არ მიშვებენ, რადგან იცის, უკვე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო'. ,,ეხო მოსკვისთან' ინტერვიუში ანა დურიცკაიამ განაცხადა, რომ შეიძლება სიცრუის დეტექტორის გავლა მოსთხოვონ, თუმცა მისი ადვოკატი ვადიმ პროხოროვი აცხადებს, რომ ასეთ პროცედურაზე უარს იტყვიან. ,,იმის გათვალისწინებით, რომ ახალ ჩვენებებზე არ იქნება ლაპარაკი და ძველი ჩვენებების გადამოწმება მოხდება, მისი ჩვენებების სისწორეში კი არავის ეპარება ეჭვი, სიცრუის დეტექტორზე უარს ვაცხადებთ. მას ახლა ძალიან რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს. ასეთი დაკითხვა კი დამატებითი სტრესი იქნება', - ციტირებს პროხოროვს ,,ინტერფაქსი'.