,,ქების მგოსნები' ანუ რამდენიმე რჩევა მათ, ვისაც ხელისუფლებების ქება არ ეთაკილება

,,ქების მგოსნები' ანუ რამდენიმე რჩევა მათ, ვისაც ხელისუფლებების ქება არ ეთაკილება

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ქართული მედია მათ საქმიანობას არასწორად აშუქებს და ჟურნალისტები მხოლოდ სკანდალების დევნით არიან გართულნი, ხელისუფლების წარმატებების დროს კი მთავრობის შექება ჟურნალისტებს რატომღაც ეთაკილებათ. ეს ,,პრობლემა' ,,იმ ბრძენმა კაცმაც' ადრე რამდენჯერმე ახსენა. შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, რომ ხელისუფლების ქება- დიდება სულაც არაა მედიის საქმე და მაქებარი ჟურნალისტი ყველაფერია, ჟურნალისტის გარდა. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჟურნალისტების ამ კუთხით სუბიექტურობაში დადანაშაულება ლამის წესად ჩამოყალიბდა, რაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უსამართლობაა.

ისე ნუ გამიგებთ, თავს ვიტყუებ და არ ვიცი, ზოგიერთი რა ხალხიც ბრძანდება. საქართველოში ყოველთვის იყვნენ ,,ქების მგოსნები', რომლებიც აქებდნენ ყველას და ყველგან, აქებდნენ დიდი მონდომებით, შემართებით, დაუფარავად და სახალხოდ. აქებდნენ პრეზიდენტებსა და ეპისკოპოსებს, მინისტრებსა და პარლამენტარებს, პოლიციის უფროსებსა და სკოლის დირექტორებს და ყველაფერი ეს იფუთებოდა სულ რამდენიმე სიტყვით: ,,ეს კაცი ქართულ საქმეს აკეთებს!' და ნაციონალური (ქართული საქმის კეთების) ნიშანი ეძლეოდა ყველაფერს _ დაწყებული ბიუჯეტის ფულის ათასგვარ სისულელეებში ფლანგვითა და დამთავრებული სხვათა (პირველ ყოვლისა, ისევ და ისევ, ჟუნალისტების) დასანახად ეკლესიებში დიდ-დიდი სანთლების დანთებით. და მაინც, რა შეგვიძლია ჩვენ ვუთხრათ მათ, ვისაც ხელისუფლების ქება არ ეთაკილება? პირველ რიგში, უნდა ვუთხრათ, რომ მათი ქმედებები შორიდანაც და ახლოდანაც გულისამრევია და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც პირში ეტყვიან, ეს ,,ქების მგოსნები' რა ვაჟბატონებიც ბრძანდებიან. ამას გარდა, შეგვიძლია, ვუთხრათ ისიც, რომ ამ ქვეყანაში მარადიული მხოლოდ უშბა, შხარა და თეთნულდია, მათი ნაქებ- ნაკოცნი ხელისუფლებები კი, როცა იქნება, აუცილებლად დაადგებიან დასასრულისკენ მიმავალ გზას და არ იქნებოდა ცუდი, ამაზეც თუ დაფიქრდებოდნენ. ისიც სათქმელია, რომ შეიძლება, ჩვენი ხალხი დღეს ვერაა მოწოდების სიმაღლეზე და, ეკონომიკურთან ერთად, განათლების პრობლემაც, სამწუხაროდ, ძალიან მწვავედ გვიდგას, მაგრამ ხალხი ყველა ქვეყანაში და, მათ შორის, ჩვენთანაც მაინც ადვილად ხვდება აფერისტულ ტრიუკებს და ნურავის ექნება ილუზია, რომ ,,ქართულ საქმედ' შემოტენილი ათასი ჯურის ნაძირლობა არ გამომჟღავნდება. თუ ასე არაა, აგერ ვართ ჩვენ და აგერაა ქართული მედიაც, რომელიც ერთ-ერთი ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის კვლევით, რეგიონში, თურმე, იმით გამოირჩევა, რომ ყველა ტიპის სიახლეებს თანაბრად აშუქებს და, როგორც ირკვევა, ქართველ მკითხველსა თუ ტელემაყურებელს ცნობილი მომღერლის ნიფხვის ფერზე არანაკლებად სოციალური და პოლიტიკური თემები აინტერესებს. ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობა არც დანაშაულია და არც უბედურება. ეს კონკრეტული ჟურნალისტისა და მედიასაშუალების არჩევანია და ამაში, უბრალოდ, ვერ ჩავერევით, მაგრამ ლოიალობა გულისამრევ ქლესობას და ყველა შეცდომისა თუ დანაშაულის გამართლებას არ უნდა ნიშნავდეს. ამ ქართულ მოკლე მეხსიერებას რა ვუთხარით, თორემ ხელისუფლებების ავ საქმეებზე ხელის დაფარების ისეთი ფაქტების ამოქექვა შეიძლება, გულ-ჯიგარს მოუწამლავს ადამიანს. არადა, ეს მორალისტური საუბრებიც არ ვარგა. კარგად ვიცით, რომ მორალისტები, როგორც პიროვნებები, მწეველებზე ადრე კვდებიან...