რედაქციაში წერილი მოვიდა. “ქართული სიტყვის” მთავარი რედაქტორის, ჯანსუღ ჩარკვიანის სახელზე დაწერილ განცხადებას ხელს მარო მაცაბერიძის წარმომადგენლები - ადვოკატები ალექსანდრე გიოშვილი და სალომე აბულაძე აწერენ. საქმე ქონებრივ დავას ეხება და, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ ადვოკატებს დასახმარებლად ჟურნალისტებისთვის კი არა, სამართალდამცავებისთვის უნდა მიემართათ, მით უმეტეს, ახლა, როცა მთავარ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, წართმეული ქონების დაბრუნება-არდაბრუნებას შეისწავლის, მაგრამ როგორც ირკვევა, გამოძიება წელიწადია, უშედეგოდ მიმდინარეობს. “მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, იქნებ, ჩვენთან ერთად, ჩვენი მაქსიმალური დახმარებით, შექმნათ ჟურნალისტთა ჯგუფი და ჩაატაროთ ჟურნალისტური გამოძიება. იქნებ, ასე მაინც ვიპოვოთ სამართალი და ქვეყანაში სამართლიანობა, ერთხელ და სამუდამოდ, აღდგეს, რომლის გარეშეც ახალი საქართველოს აშენება, უბრალოდ, შეუძლებელია!” - ნათქვამია ადვოკატების წერილში... მოკლედ, საქმეზე, რომელსაც შეიძლება, საუკუნის ბიზნესყაჩაღობის კვალიფიკაცია მიეცეს, “ქართული სიტყვა” ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს და პირველ წერილს გთავაზობთ.
ადვოკატების თქმით, დანაშაულში, რომელმაც მარო მაცაბერიძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა, ერთი და ორი კი არა, უამრავი ადამიანი მონაწილეობდა და მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური სარგებელი ნახეს. აღსანიშნავია, რომ საქმის ერთ-ერთ ფიგურანტად ბანკ “რესპუბლიკის”, ასე ვთქვათ, სახე, ლაშა პაპაშვილი იკვეთება, რომელსაც თავის დროზე ბანკის პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ერთ-ერთი აქციონერიც იყო.
ვინაა მარო მაცაბერიძე? - ქალბატონი მარო, როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის, ომგერ მაცაბერიძის ქვრივია. სხვათა შორის, ჟურნალისტური მოკვლევისას ამოტივტივდა მოსაზრება, რომ ბიზნესმენი შესაძლოა, საკუთარი სიკვდილით არ მომკვდარა(!). ამ ეჭვს არსებობის უფლება აქვს, მით უმეტეს, რომ საქმეში მილიონობით დოლარი ფიგურირებს, რომელიც მაცაბერიძის გარდაცვალების შემდეგ, წესით, ოჯახს უნდა დარჩენოდა, მაგრამ უკვალოდ გაქრა!..
ყველაფერი 1995 წლის 15 ივლისს დაიწყო - სწორედ ამ დღეს, აწ გარდაცვლილმა ბიზნესმენმა, რამდენიმე პიროვნებასთან ერთად, ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მოსამართლის, თადიაშვილის დადგენილების საფუძველზე, სააქციო საზოგადოება ბანკი “რესპუბლიკა” დააფუძნა, სადაც 12-პროცენტიან წილს ფლობდა.
1999 წლის 16 ივლისს, ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მოსამართლის, მამუკა ნოზაძის დადგენილებით, ცვლილება განხორციელდა და ამ დროისთვის სამეწარმეო რეესტრში ბანკის ერთ-ერთ დამფუძნებლად კვლავ ომგერ მაცაბერიძე ფიქსირდება, რომელიც ბანკის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს - სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
ადვოკატებმა “ქართულ სიტყვას” 2004 წლის დოკუმენტაციაც წარმოუდგინეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ამ დროისთვის ომგერ მაცაბერიძე კვლავ ბანკის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია...
ბანკის დაფუძნებიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, ანუ 2005 წლის 29 თებერვალს, ბიზნესმენი ომგერ მაცაბერიძე მოულოდნელად, გულის შეტევით (!) იღუპება...
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მარო მაცაბერიძე ზემოხსენებული 12,29%-იანი წილით ინტერესდება, მაგრამ მეუღლის მოგვარე და ნდობით აღჭურვილი პირი გოჩა მაცაბერიძე, რომელიც ბანკ “რესპუბლიკის”, ასევე, ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ბიზნესმენის ქვრივს ეუბნება, რომ ომგერ მაცაბერიძეს წილი აღარ აქვს. ადვოკატების თქმით, ომგერ მაცაბერიძის გარდაცვალების შემდეგ, ბანკ “რესპუბლიკაში” გოჩა მაცაბერიძის წილი 5 პროცენტით საეჭვოდ გაიზარდა.
ამავე პერიოდში, ბანკის აქციონერთა შორის ჩნდება ვინმე პაატა გაზაკაშვილი, რომელიც აქციათა 7 პროცენტს ეპატრონება. არსებობს ცნობა, რომ გაზაკაშვილი პაპაშვილის ახლობელი, ანუ “პადსტავკაა”.
მოგვიანებით, გოჩა მაცაბერიძისა და პაატა გაზაკაშვილის 5 და 7 პროცენტი ლაშა პაპაშვილის ხელში ხვდება. ესე იგი, ჩნდება ეჭვი, რომ მთელი ამ ბიზნესყაჩაღობის ავტორები ლაშა პაპაშვილი და გოჩა მაცაბერიძე არიან. მით უმეტეს, რომ პაპაშვილი ბანკის პრეზიდენტი იყო, გოჩა მაცაბერიძე კი, - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ანუ ჩნდება ვერსია, რომ ეს ბიზნეს-წუმპე სწორედ მათ შექმნეს!
ადვოკატების თქმითვე, გოჩა მაცაბერიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ აღარ ფლობდა გარდაცვლილი ბიზნესმენი წილს.
“რადგან ოჯახს დღემდე არ გააჩნია არანაირი საბუთი, შეიძლება, ითქვას, რომ 12,29%-ანი წილი ომგერ მაცაბერიძეს სიცოცხლეში არ გაუსხვისებია და მათ მიერ წარმოდგენილი საბუთები სასაცილოა. გარდაცვალების შემდეგ კი, მისი წილის გასხვისება მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეს, ამ შემთხვევაში, მეუღლეს, ქალბატონ მარო მაცაბერიძეს შეეძლო, თუმცა ქალბატონ მაროს წილი, ჯერ ერთი, არ გაუსხვისებია და მეორეც, რომც სდომებოდა, ვერ გაასხვისებდა, რადგან ქონება მემკვიდრეობით არ ჰქონდა მიღებული და შესაბამისად, მისი განკარგვა არ შეეძლო”, - განუმარტეს “ქართულ სიტყვას” ადვოკატებმა.
ამ საქმეში, რომელსაც საუკუნის ბიზნესყაჩაღობის სუნი ასდის, სწორედ ესაა საკვანძო მომენტი, რომელმაც მხოლოდ ბანკ “რესპუბლიკას” ქართველი მეწილეები, მათ შორის, ლაშა პაპაშვილი კი არა, ფრანგული “სოსიეტე ჟენერალის” მესვეურებიც შესაძლოა, საბრალდებო სკამამდე მიიყვანოს.
რაც შეეხება ლაშა პაპაშვილს, როგორც ირკვევა, ის გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს ბოლო წუთამდე არწმუნებდა, რომ ომგერ მაცაბერიძე ბანკში 12,29%-იან წილს ყოველთვის ფლობდა, ანუ გამოდის, რომ ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი წილი, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ისე გაასხვისა, რომ ბანკის ხელმძღვანელმა, ლაშა პაპაშვილმა არაფერი იცოდა, რაც დაუჯერებელი კი არა, მარტივად რომ ვთქვათ, სისულელეა! ამ სისულელის უკან კი, როგორც ადვოკატები ამბობენ, ბინძური კლანი დგას!
ცნობისთვის: ჯგუფმა “სოსიეტე ჟენერალმა”, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ წარმატებულ საფინანსო ჯგუფად ითვლება, ბანკ “რესპუბლიკის” აქციათა 60 პროცენტი 2006 წელს, ანუ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და 12,29%-იანი წილის მფლობელის, ომგერ მაცაბერიძის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ისე შეიძინა, რომ ყასიდადაც არ დაინტერესებულა, რამე პრობლემა ხომ არ არსებობდა, თუნდაც გარდაცვლილ მეწილესთან დაკავშირებით. არადა, წესით, მყიდველს საფუძვლიანად უნდა შეესწავლა და გამოეძიებინა, ბანკის მეწილეებმა თავიანთი წილები როდის, როგორ და რა ფორმით მიიღეს. ბუნებრივია, ფრანგული “სოსიეტე ჟენერალის” ხელმძღვანელობა “რესპუბლიკის” აქციების შესყიდვას ადგილობრივი, ესე იგი, ქართველი იურისტებისა და წარმომადგენლების დახმარებით აწარმოებდნენ, რომელთაც, წესით, უნდა სცოდნოდათ, რომ ომგერ მაცაბერიძის ქვრივი მეუღლის წილს, რბილად რომ ვთქვათ, ეძებდა. შესაბამისად, ამის შესახებ ფრანგები საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ, მაგრამ ან არ ჩააყენეს, ან ჩააყენეს და “რესპუბლიკის” ფრანგი მეპატრონეები, რომლებიც ამჟამად ბანკში, როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, უკვე 93.64%-იან წილს ფლობენ, მინიმუმ, თვალთმაქცობენ, როცა ამბობენ, რომ გამქრალ 12,29%-იან წილზე არაფერი იცოდნენ. ასეა თუ ისე, ორივე ვარიანტში, როგორც იურისტები განმარტავენ, სახეზე კლასიკური ბიზნესაფიორა, გნებავთ, ბიზნესყაჩაღობაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტიც სწორედ ფრანგული “სოსიეტე ჟენერალია”, რომელსაც, როგორც “რესპუბლიკის” მფლობელს, ადვოკატებმა არაერთხელ მიმართეს, რომ ის საბუთები წარმოედგინა, რომლითაც თავის დროზე ომგერ მაცაბერიძის მიერ წილის გასხვისება დადასტურდებოდა, თუმცა “სოსიეტე ჟენერალმა” ამ პროცედურას თავი აარიდა და პასუხი ხელოვნურად გაჭიმა. შესაბამისად, ეშმაკმა უწყის, ეს პერიოდი რა ბინძურ მაქინაციებს მოხმარდა.
“ჩვენს მიერ მოთხოვნილი საბუთები ჯერ დამალა და გვითხრა, მსგავსი საბუთები ბანკში არ ინახებაო, შემდეგ კი ისეთი ტყუილების კორიანტელი დააყენა, რომ თვით მოლა ნასრედინსაც შეშურდებოდა”, - აღნიშნავენ “ქართულ სიტყვასთან საუბრისას მარო მაცაბერიძის ინტერესების დამცველები.
ბანკ “რესპუბლიკის” მფლობელის, ფრანგული “სოსიეტე ჟენერალის” ტყუილის ანატომია კი ასეთია:
ალბათ, იმ მიზნით, რომ მარო მაცაბერიძე დაღლილიყო და გარდაცვლილი მეუღლის გამქრალი ქონების ძებნაზე ხელი აეღო, ბანკმა თავდაპირველად განაცხადა, ჩვენს აქციათა რეესტრს დამოუკიდებელი რეგისტრატორის, ს.ს. “კავკასრეესტრი”-ს მეშვეობით ვაწარმოებთ და მეწილეთა შესახებ ინფორმაციაც სწორედ “კავკასრეესტრში” ინახებაო, თუმცა “კავკასრეესტრში” ადვოკატებს განუცხადეს, კი ბატონო, ერთხანობას ბანკ “რესპუბლიკის” დოკუმენტაციას, მართლაც, ვაწარმოებდით, მაგრამ ის საბუთები, რომლებსაც ეძებთ, ჩვენ არ გვაქვსო.
“მივხვდით, რომ “სოსიეტე ჟენერალი” და, შესაძლოა, თავად ლაშა პაპაშვილიც ჩვენს შეცდომაში შეყვანას ცდილობდა, ანუ უნდოდა, რომ ომგერ მაცაბერიძის გამქრალი წილის ძებნაში არასწორ კვალს დავდგომოდით. დრო ხელოვნურად გაჭიმა და ამით, შესაძლოა, უამრავი სიყალბე ჩაიდინეს. ამიტომ, დასახმარებლად სამართალდამცავ ორგანოებს მივმართეთ - მთავარ პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ, მაგრამ წინასწარი გამოძიება ერთი წელია, გრძელდება და შედეგი ისაა, რომ ორჯერ მხოლოდ ქალბატონი მარო დაკითხეს. გამოძიებამ ვერც ის მოახერხა, რომ ბანკიდან, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის ბრძანებაც არსებობდა, ჩვენს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ამოეღო”, - აცხადებენ მარო მაცაბერიძის ინტერესების დამცველები.
ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, გამოძიების გაწელვა-გაჭიანურებაში უცხო და მოულოდნელი არაფერია, რადგან ჯერ ერთი, ქართული ანდაზაა, ფული ჯოჯოხეთსაც ანათებსო. მეორეც, ხალხური სიბრძნეა, იმას, რასაც ფულით ვერ გააკეთებ, შეიძლება, დიდი ფულით გააკეთოო. აქ კი, უბრალოდ, ფულზე კი არა, ძალიან დიდ ფულზეა ლაპარაკი. თავად განსაჯეთ, “სოსიეტე ჟენერალმა”, როგორც ადვოკატები ეჭვობენ, ბანკ “რესპუბლიკის” თითო პროცენტში 2 მილიონი ევრო გადაიხადა. სხვა მეწილეებს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის, ომგერ მაცაბერიძის კუთვნილი 12,29%-იანი წილის მითვისებით, ლაშა პაპაშვილმა 24 მილიონი ევროს მოგება ნახა. რატომ პაპაშვილმა? - იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნეთ, ომგერ მაცაბერიძის 12,29-პროცენტიანი წილი, რომლიდანაც თავიდან 5 და 7 პროცენტი გოჩა მაცაბერიძემ და გაზაკაშვილმა გაინაწილეს, საბოლოო ჯამში, სწორედ პაპაშვილთან მოხვდა. მაშასადამე, არსებობს ვარაუდი, რომ ის ომგერ მაცაბერიძის 12 პროცენტის მითვისებას თავიდანვე აპირებდა, თორემ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ვინ დაიჯერებს, რომ ერთ-ერთმა მეწილემ საკუთარი წილი ისე გაასხვისა, რომ პაპაშვილი, ანუ ბანკის პრეზიდენტი საქმის კურსში არ ჩააყენა? პაპაშვილმა რამდენიც უნდა ამტკიცოს, ანგელოზი ვარ და მომხდარის შესახებ არაფერი ვიცოდიო, კვალი შესაძლოა, მასთანაც მივიდეს, რადგან ადვოკატები ამბობენ, რომ როცა რომელიმე მეწილე წილს ასხვისებს, ამაზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კრების ოქმი დგება, თუმცა ომგერ მაცაბერიძის საქმეში მსგავსი ოქმი დღემდე არ მოიპოვება.
მაშასადამე, ეს კიდევ ერთი დამატებითი ნიუანსია, რომელიც საუკუნის ბიზნესყაჩაღობის ეჭვს აძლიერებს!
“თუკი 2014 წლის მარტ-აპრილში ბანკ “რესპუბლიკას” დოკუმენტაცია არ ჰქონდა, დეკემბერში საიდან გაჩნდა? ამასაც თავი რომ დავანებოთ, ბანკის იმჟამინდელი თანამშრომელი, ვინმე ლაშა ნოდია ამტკიცებს, რომ აქციათა რეესტრს დაქირავებული კომპანია კი არა, თავად “რესპუბლიკა” აწარმოებდა, ბანკი კი, პირდაპირ ლაშა ნოდიაზე მიუთითებს, ანუ ერთმანეთს აბრალებენ... სხვათა შორის, ეს ლაშა ნოდია ბანკში 2005 წლიდან აღარ მუშაობს, თუმცა ამტკიცებს, რომ აქციათა რეგისტრაციის ჟურნალი დღემდე მასთან ინახება. წარმოგიდგენიათ? - ბანკი, რომლის მფლობელიც ევროპაში ცნობილი საფინანსო ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალია” აქციათა რეგისტრაციის ჟურნალს ყოფილ თანამშრომელს უტოვებს. ასე ბანკში კი არა, საბავშვო ბაღშიც არ იქცევიან და “სოსიეტე ჟენერალს” უნდა, რომ ფონს ასეთი მარტივი ტყუილებით გავიდეს.
ისიც საინტერესოა, თუ რატომ შეიძინა აქციები მაინც და მაინც ომგერ მაცაბერიძესთან დაახლოებულმა პირმა, გოჩა მაცაბერიძემ და თუკი შეიძინა, გარდაცვლილის ოჯახს რატომ უმალავდა?” - კითხულობენ ადვოკატები. მარო მაცაბერიძის ინტერესების დამცველთა განმარტებითვე, ყოველივე ზემოთქმული სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას გულისხმობს და თავისუფლების 3-და 6 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.
ამასთან, ადვოკატები აქცენტს თაღლითობაზე, ესე იგი, სხვისი ქონების ან ნივთის მოტყუებით მითვისებაზეც აკეთებენ.
“წილის ვითომ შემძენების (პაატა გაზაკაშვილი, გოჩა მაცაბერიძე) მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, თაღლითობა, ანუ სხვისი ნივთის ან ქონების დაუფლება მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რაც 7-დან 10 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს ბინძური კლანის მიერ გარდაცვლილის მეუღლისა და შვილმკვდარი დედის გაბითურებას, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია და განიცდის ფინანსურ სიდუხჭირეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მორალურ და ადამიანურ დეფიციტზე”, - აღნიშნავენ “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას მარო მაცაბერიძის ინტერესების დამცველები.
“ქართული სიტყვა” გარდაცვლილი ბიზნესმენის, ომგერ მაცაბერიძის ბანკ “რესპუბლიკიდან” 12,29%-იანი წილის გაქრობაზე არაერთ ადამიანს ესაუბრა, თუმცა დღეს ჟურნალისტური გამოძიების მხოლოდ პირველი ნაწილი შემოგთავაზეთ. შემდეგ ნომერში იმ დოკუმენტაციას გაგაცნობთ, რომლითაც ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ბიზნესმენი ომგერ მაცაბერიძე შესაძლოა, ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა. ყოველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ, არათუ მისი კუთვნილი წილი, არამედ, სეიფიდან რამდენიმე მილიონიც გაქრა. ოჯახის თქმით, სეიფს გოჩა მაცაბერიძე აკონტროლებდა. მაშასადამე, ვიღაცამ ყველაფერი კარგად დაგეგმა და განახორციელა? - შესაძლოა, არც უამისობაა, თუმცა მივყვეთ ჟურნალისტურ გამოძიებას და ვნახოთ, კვალი სად და ვისთან მივა.
ისე, ყველა პირობა არსებობს, რომ ომგერ მაცაბერიძის საქმე მსოფლიო სკანდალის საფუძველი გახდეს და ბანკ “რესპუბლიკასა” და მის მფლობელ ფრანგულ ფინანსურ ჯგუფ “სოსიეტე ჟენერალს” პასუხი საერთაშორისო ტრიბუნალმა მოსთხოვოს, რადგან საუბარი, მინიმუმ, 24 მილიონის თაღლითური გზით მითვისებაზეა. ვნახოთ, ბანკი რა არგუმენტებს წარმოადგენს.
ასე რომ, გაგრძელება იქნება...
სხვათა შორის, ოჯახთან ერთად, საქმის ობეიქტური გამოძიებით ომგერ მაცაბერიძის მეგობრებიც არიან დაინტერესებულნი...