რატომ ვერ მოუწყობენ გიორგი ქადაგიძეს იმპიჩმენტს

რატომ ვერ მოუწყობენ გიორგი ქადაგიძეს იმპიჩმენტს

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტების სკანდალური ისტორიები და მსოფლიოში ყველაზე მკაცრი კანონი ეროვნული ბანკის შესახებ

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს ვადა 2016 წელს ეწურება. ქართული ოცნების წარმომადგენლები ვერ ითმენენ და ერთი წლით ადრე, ლარის კურსის გაუფასურების გამო, ქადაგიძის წინააღმდეგ ღია შეტევებს არ ერიდებიან. ეს პროცესი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო, მხარი კი პარლამენტის წევრებმა აუბეს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ლორთქიფანიძე ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში პირდაპირ აცხადებს, რომ პარლამენტი გიორგი ქადაგიძის ანგარიშს ჩააგდებს და იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს.

საქართველოს ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. კონსტიტუციის 95-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკის უფლება- მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით, რომელიც 1995 წლის 23 ივნისს მიიღეს. 2006 წლიდან, ,,საქართველოს ორგანულ კანონში ეროვნული ბანკის შესახებ’‘ დაიწყო რეფორმა, რომელიც 2009 წელს დასრულდა. ორგანული კანონი ანიჭებს დამოუკიდებლობას ცენტრალურ ბანკს ფულად- საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისას: ,,ეროვნული ბანკი თავისუფალია აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი ჩარევისაგან მის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია საკანონმდებლო ხელისუფლების წინაშე, რომელიც ყოველწლიურად ამტკიცებს ფულად- საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს’‘. ,,საქართველოს ორგანულ კანონში ეროვნული ბანკის შესახებ’‘, 2009 წლის 12 იანვარს განხორციელებული ცვლილებებით, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი: ,,ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. ეროვნულ ბანკს აფუძნებს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. მისი ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. მან უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. ეროვნული ბანკის ფუნქციებია: შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად- საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად; განახორციელოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობა; უზრუნველყოს ფულად- საკრედიტო სისტემის ფუნქციონირება; ფლობდეს, შეინახოს და განკარგოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები; იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სხვა ორგანოებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მის საქმიანობაში ან განახორციელონ მონიტორინგი, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა’‘. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა საბჭო, რომელიც შედგება შვიდი წევრისგან. საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში, რომლებიც პატიოსნებით გამოირჩევიან. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე ეროვნული ბანკის პრეზიდენტია: ,,ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს - ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო ვიცე- პრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ: იგი აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი; მან დაკარგა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება ამ ორგანული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად (მე-13 მუხლით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე- პრეზიდენტებისა, იმავდროულად არ შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი); თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის გამო; თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გარდაიცვალა’‘. 

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტები

თანამედროვე საქართველოს ეროვნული ბანკი შეიქმნა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის (სსრკ) დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა მის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა საკრედიტო სისტემის შემადგენელი ყველა სტრუქტურა, მათ შორის სახელმწიფო ბანკი, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი. თუმცა პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919-1921 წლებში ფუნქციონირებდა და მისი პირველი პრეზიდენტი 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე, იასონ ლორთქიფანიძე იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წლის ოქტომბრიდან 1992 წლის იანვრამდე, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეროვნულ ბანკს გია თოფურია ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაემხო და ქვეყნის სათავეში დროებითი მთავრობა მოვიდა, ეს პროცესი ეროვნულ ბანკზეც თავისებურად (უარყოფითად) აისახა, რადგან 1992 წლის იანვრიდან იმავე წლის მარტამდე, ქვეყნის მთავარ ბანკს ვაჟა ჯინჯიხაძე ჩაუდგა სათავეში. ამის შემდეგ, 7 თვე, 1992 წლის აპრილიდან 1992 ნოემბრამდე - ეროვნულ ბანკს ნოდარ კაკულია ხელმძღვანელობდა; 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ოქტომბრამდე - დემურ დვალიშვილი; 1993 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე - ნოდარ ჯავახიშვილი; 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე - ირაკლი მანაგაძე; 2005 წლის მარტიდან 2007 წლის ოქტომბრამდე - რომან გოცირიძე; 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლამდე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე- პრეზიდენტი, დავით ამაღლობელი ასრულებდა, ხოლო 2009 წლის თებერვლიდან დღემდე - ქვეყნის მთავარ ბანკს გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობს. ამ ხნის მანძილზე, სამივე ხელისუფლების - ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილისა და მარგველაშვილ- ღარიბაშვილის მმართველობის პირობებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტები მუდმივად იგერიებდნენ მთავრობის ცალკეული წევრების შემოტევებს. თუმცა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტი არ ყოფილა. კონფიდენციალური და კარგად ინფორმირებული წყაროს საშუალებით, ,,ვერსია’‘ ეროვნული ბანკის პრეზიდენტებთან დაკავშირებულ სკანდალურ ფაქტებს გთავაზობთ. წყაროს ინფორმაციით, მთავარი ინტრიგა მაშინ დაიწყო, როდესაც დროებითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობამ პრეზიდენტად ედუარდ შევარდნაძე აირჩია, რომელმაც 1992 წლის ნოემბერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დემურ დვალიშვილი წარადგინა. წყარო გვიამბობს, რომ შევარდნაძის დავალებითა და ხელშეწყობით, მაშინდელმა ქართულმა ელიტამ (დეპუტატები, მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, პარტიული თუ სხვა მეგობრები და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები) ეროვნული ბანკის კრედიტების მითვისება დაიწყო. ამ პროცესს რატომღაც, ,,ლიბერალურ ფულად- საკრედიტო პოლიტიკას’‘ უწოდებდნენ. ასეთმა განუკითხაობამ არსებითად განაპირობა პირველი ეროვნული ვალუტის - კუპონის გაუფასურება და რამდენიმეათასპროცენტიანი ინფლაცია. წყაროს ინფორმაციით, ეს ამბავი იმდენად რეზონანსული იყო, რომ მიუხედავად შევარდნაძის მფარველობისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დემურ დვალიშვილი გაათავისუფლეს. მეტიც, დვალიშვილი შს სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს და, როდესაც გამომძიებელმა ჰკითხა, ვინ ლობირებდა ეროვნული ბანკიდან სესხების გატანას, უპასუხა, რომ ზეპირად არ ახსოვს. თუმცა ყველა მომსვლელის, კრედიტისა და სესხის ოდენობას, ასევე მათი რეკომენდატორების ვინაობას მისი მდივანი ჟურნალში იწერდა. წყარო გვიამბობს, დემურ დვალიშვილმა დაკითხვის პროცესში დაურეკა მდივანს, რომელსაც ეს ჟურნალი მიატანინა. გამომძიებელმა გადაათვალიერა და დვალიშვილს განუცხადა, დაკითხვა დამთავრდა და თავისუფალი ხართო. ჟურნალი ნივთმტკიცებად დაიტოვეს. დაკითხვიდან გამოსულმა დემურ დვალიშვილმა შსს-ს შენობაში, დერეფანში მოიკლა თავი... წყაროს ინფორმაციით, ჩანს, დვალიშვილმა გააცნობიერა, რომ შევარდნაძის ელიტა გასცა, ხოლო სკანდალური ჟურნალი გამომძიებლებს ჩაუგდო ხელთ და სავარაუდოდ, თავიც ამიტომ მოიკლა. სამწუხაროდ, დვალიშვილის სკანდალური ჟურნალი და ჩანაწერები გაქრა, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თვითმკვლელობისა თუ მკვლელობის (ვრცელდებოდა ვერსია, რომ დვალიშვილი პოლიციელებმა მოკლეს) საქმე არც ერთმა ხელისუფლებამ არ გამოიძია. 1993 წლის ოქტომბრიდან, ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებით, პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნოდარ ჯავახიშვილი დაამტკიცა, რომელიც იმ პერიოდში ბინსოცბანკის პატარა ფილიალის მმართველი იყო. ჯავახიშვილს რეკომენდაცია გაუწია მისმა მეგობარმა და კავკასიის ბირჟის მაშინდელმა დამფუძნებელმა, ამირან ქადაგიშვილმა. უფრო ადრე, ვიდრე კავკასიის ბირჟას დააფუძნებდა, ქადაგიშვილი ვიცე- პრემიერი იყო, რომელმაც ამ პოსტზე რომან გოცირიძე შეცვალა. ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნულ ბანკს სათავეში იმ დროს ჩაუდგა, როდესაც ქვეყანაში მრავალათასპროცენტიანი ინფლაცია მძვინვარებდა, თბილისის ქუჩებში კი კუპონები ეყარა. სწორედ ამ დროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) გაკოტრებულ საქართველოს პირველი ტრანში - 27 000 000 აშშ დოლარი გამოუყო. რეალურად, ეს იყო ეროვნული ბანკის პირველი რეზერვი უცხოურ ვალუტაში, რამაც საფუძველი ჩაუყარა პირველი ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებას. ამავე პერიოდში, სსფ-ს რეკომენდაციით, თითქმის ახლიდან დაიწერა 1995 წელს მიღებული ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ. ამ კანონის მიხედვით, რომელიც ნოდარ ჯავახიშვილმა სსფ-ს რეკომენდაციით შეიმუშავა, ეროვნულმა ბანკმა განიმტკიცა უზარმაზარი ძალაუფლება, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიენიჭა დიდი ძალაუფლება. სსფ-მ ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ის საშინელება, რაც დემურ დვალიშვილის პერიოდში დატრიალდა, ეროვნულ ბანკში აღარ განმეორებულიყო. წყარო გვიამბობს, რომ ქართული ელიტის მაშინდელი ,,ვარსკვლავები’‘ და თუნდაც ,,კრიმინალური ავტორიტეტები’‘, რომლებიც იმ ავადსახსენებელ სიაში იყვნენ დასახელებულები, უბოდიშოდ აღებდნენ დვალიშვილის კარს და გაჰქონდათ სესხები. სხვათა შორის, პირველი მილიონერებიც სწორედ ასე გაჩნდნენ... ამის მიუხედავად, სკანდალური თავდასხმები არც ნოდარ ჯავახიშვილს აკლდა, რომელსაც სახალხო პარტია და მისი თავმჯდომარე, მამუკა გიორგაძე დაუპირისპირდა. წყარო გვიამბობს, რომ 1997 წელს, სახალხო პარტიის ინციატივით, 380-გვერდიანი წიგნი დაბეჭდეს, სადაც ნოდარ ჯავახიშვილი კორუფციულ საქმიანობაში ამხილეს. ამას დაემატა კონტროლის პალატის (ახლანდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახური) ბრალდებებიც, რომელსაც იმ პერიოდში რევაზ შავიშვილი ხელმძღვანელობდა. 1998 წელს, ვითარება დაიძაბა და იმდენად გართულდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ჯავახიშვილის კანდიდატურა შევარდნაძემ მეორედ წარადგინა, მაგრამ პარლამენტმა მხარი აღარ დაუჭირა. 1998 წლიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტად შევარდნაძემ ირაკლი მანაგაძე წარუდგინა პარლამენტს. ის მაშინდელი ვიცე- პრემიერის, თემურ ბასილიას პროტეჟედ ითვლებოდა, რადგან შევარდნაძესთან რეკომენდაცია სწორედ ბასილიამ გაუწია. ,,ვარდების რევოლუციის’‘ შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ყოფილი ვიცე- პრემიერის თემურ ბასილიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ბასილიამ მოასწრო და აშშ-ს შეაფარა თავი. სხვათა შორის, იგი დღემდე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. მიუხედავად იმისა, რომ მანაგაძე ბასილიას ,,კაცად’‘ ითვლებოდა, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლება განსაკუთრებული შეუწყნარებლობით გამოირჩეოდა შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკების მიმართ, მანაგაძის იმპიჩმენტს ყველა მოერიდა. მეტიც, ,,ვარდოსნებმა’‘ მას, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ვადის ამოწურვა აცალეს და ერთი წელი თანამდებობაზე ,,დატოვეს’‘ (სხვათა შორის, გიორგი ქადაგიძესაც ზუსტად ერთი წელი რჩება ვადის ამოწურვამდე). წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილი და მისი ხელისუფლება სსფ-სა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ,,რისხვას’‘ მოერიდა. 2005 წლის მარტში, სააკაშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად რომან გოცირიძის კანდიდატურა წარუდგინა. სკანდალებს ვერც გოცირიძე გადაურჩა. წყაროს ინფორმაციით, ის ეროვნული ბანკის ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით, განცხადების საფუძველზე დატოვა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გოცირიძეს მაშინდელი პრემიერ- მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი დაუპირისპირდა. იმ პერიოდში, ზურაბ ნოღაიდელის ,,ხელში’‘ იყო ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური პოლიცია, საბაჟო, საგადასახადო, ხაზინა, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები, მოკლედ, მთელი ეკონომიკა. წყაროს ინფორმაციით, ნოღაიდელმა კომერციული ბანკების გაკონტროლება და ეროვნულ ბანკში უხეშად ჩარევაც გადაწყვიტა, რის გამოც გოცირიძემ კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია. ნოღაიდელის ინტრიგას თავიდან პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც აუბა მხარი, მაგრამ, როდესაც ნოღაიდელის რეკომენდაციით, სააკაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ლექსო ალექსიშვილის (ჯერ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრი) კანდიდატურა წარადგინა, ბურჯანაძე სააკაშვილს კაბინეტში შეუვარდა ყვირილით: - ვინ არის ზურა, ამდენ უფლებას როგორ აძლევო? იმ დროს, სააკაშვილი ბურჯანაძეს ენდობოდა, ,,თამარ მეფეს’‘ და ,,მარგარეტ ტეტჩერს’‘ ადარებდა და ამიტომ ანგარიში გაუწია. მოკლედ, ნინო ბურჯანაძემ თავისი გაიტანა და პარლამენტმა ალექსიშვილის კანდიდატურა ჩააგდო. 2006 წელს, სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების საკითხებში, კახა ბენდუქიძემ ეროვნული ბანკის რეფორმა გადაწყვიტა. წყაროს ინფორმაციით, ვინაიდან ნოღაიდელმა გოცირიძეზე ზემოქმედება ვერ შეძლო, შემოვლითი გზა აირჩია, რათა ეროვნული ბანკი დაენგრია. ასეთი მიზანი კი მაშინ მხოლოდ კახა ბენდუქიძეს ჰქონდა, რომელმაც ეროვნული ბანკის ნგრევა გადაწყვიტა, რადგან რეფორმის მიხედვით, ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობა უნდა გამოჰყოფოდა და ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებულიყო.მეტიც, კახა ბენდუქიძეს ეროვნული ბანკის გაუქმება და მის ნაცვლად, სავალუტო საბჭოს შექმნა უნდოდა, რომელიც მხოლოდ ჰონგ-კონგსა და მსოფლიოს ორ ქვეყანაში არსებობს. მეტიც, კახა ბენდუქიძეს ეროვნული ვალუტის - ლარის გაუქმებაც სურდა და ოფიციალურად აცხადებდა კიდეც, რომ ქვეყანაში ან მულტივალუტური სისტემა უნდა იყოს, როდესაც მიმოქცევაში ერთდროულადაა ლარი, დოლარი და ევრო, თუ არადა, ლარი უნდა გაუქმდეს და მიმოქცევაში მხოლოდ დოლარი და ევრო დარჩესო. ასე იყო თუ ისე, ნოღაიდელის ,,პრაგმატული’‘ და ბენდუქიძის ,,რეფორმატორული’‘ ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, რასაც ძალოვანებმაც აუბეს მხარი. წყაროს ინფორმაციით, მაშინდელ მთავარ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს მხოლოდ რომან გოცირიძემ და სალომე ზურაბიშვილმა გაუწიეს წინააღმდეგობა, შესაბამისად, არც საგარეო საქმეთა სამინისტროში და არც ეროვნულ ბანკში ადეიშვილის ,,ოდეერები’‘ არ შეუშვეს. ვინაიდან ეროვნული ბანკისა და მთავრობის დაპირისპირება ფულად- საკრედიტო პოლიტიკას გასცდა და ქვეყანას საფრთხე ექმნებოდა, რომან გოცირიძემ საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან გადადგა. შეთანხმების საფუძველზე, ის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა ეკონომიკის საკითხებში და პარალელურად, ეკონომიკურ საბჭოსაც ხელმძღვანელობდა. მართალია, ერთი შეხედვით, სააკაშვილმა თავისი სიის მეხუთე ნომერი, რომან გოცირიძე არ დაიცვა და ნოღაიდელს გაუწია ანგარიში, რითაც ბენდუქიძემ ისარგებლა და რეფორმა განახორციელა, მაგრამ გოცირიძის გადადგომიდან სამ თვეში, სააკაშვილი ნოღაიდელის კადრებს დაერია. ჯერ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნოდარ ხადური გააგდო, მერე საბაჟოს მაშინდელი ხელმძღვანელი ზურაბ ანთელავა პირდაპირ კამერების წინ (პრეზიდენტისთვის შეუფერებელი და სამარცხვინო ტექსტით), სარფის საბაჟოზევე მოხსნა. რომან გოცირიძის გადადგომიდან ორი წლის მანძილზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე- პრეზიდენტი დავით ამაღლობელი ასრულებდა. 2009 წლიდან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტია გიორგი ქადაგიძე, რომელიც ზურაბ ადეიშვილის კადრად ითვლება, რადგან მთავარ პროკურატურაში ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.    
           
ადეიშვილის კადრები ეროვნულ ბანკში 

ზურაბ ნოღაიდელის გავლენები სააკაშვილის კარზე, ზურაბ ადეიშვილმა დაასუსტა. მოგვიანებით, როდესაც ,,ვარდოსნების’‘ მთავრობას პრემიერ- მინისტრი ნოღაიდელი ჩამოშორდა, ეკონომიკური გავლენებით უკვე მთავარი პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი მოძლიერდა. ყველა სამინისტროში ადეიშვილის კადრებმა მოიყარეს თავი, განსაკუთრებით ფინანსთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის სამინისტროებში. მეტიც, ზურაბ ადეიშვილის კადრები ნელ-ნელა ეროვნულ ბანკშიც იყრიდნენ თავს. ვადის ამოწურვის შემდეგ, სხვადასხვა დროს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად სააკაშვილი ძირითადად ადეიშვილის კადრებს წარუდგენდა ხოლმე პარლამენტს. სხვათა შორის, მთავარი პროკურორის კადრები ეროვნულ ბანკში დღემდე შემორჩნენ. ამჟამად, ეროვნული ბანკის საბჭო შვიდი წევრისგან შედგება, საბჭოს ამავე ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თავმჯდომარეობს. საბჭოს წევრები არიან არჩილ მესტვირიშვილი, ოთარ ნადარაია, ლაშა ჯუღელი, ვაჟა ჯანყარაშვილი, ნიკოლოზ გონგლიაშვილი და ნიკოლოზ ყაველაშვილი. ქადაგიძის გარდა, ეროვნული ბანკის საბჭოს რამდენიმე წევრი ზურაბ ადეიშვილის კადრებად ითვლება. მაგალითად, ლაშა ჯუღელი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი 2009 წლის დეკემბრიდანაა, მანამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, მოგვიანებით კი 2007-2008 წლებში, როდესაც ნოღაიდელის გავლენა მთლიანად ადეიშვილმა ჩაანაცვლა, ჯუღელი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ვაჟა ჯანყარაშვილი ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსაც მაღალ თანამდებობებს იკავებდა მაშინდელ გენერალურ პროკურატურაში. 2000-2003 წლებში კი პროკურორების პროკურორი იყო, რადგან ამ პერიოდში გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა ეკავა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2012 წელს სააკაშვილმა წარადგინა. ნიკოლოზ გონგლიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, 2012 წლიდან კი სააკაშვილის წარდგინებით, ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა.  
      
რას ნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი?

ეს სკანდალური ისტორიები იმას ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი, როგორც ცენტრალური საფინანსო ინსტიტუტი, სხვადასხვა მთავრობის პირობებში, ყოველთვის თავდასხმის ობიექტი იყო. თუმცა ყველა მთავრობა ერიდებოდა სსფ-სა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სავარაუდო რისხვას, რის გამოც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ღიად არასდროს სვამდნენ. საქართველოს ორგანული კანონით ეროვნული ბანკის შესახებ, ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის იურიდიული პროცედურა გართულებული და თითქმის, შეუძლებელია. თვითონ თუ არ მოინდომა და გადადგომის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით არ დაწერა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ვერავინ მოხსნის. დავუშვათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სასამართლომ ქმედუუნაროდ, ანუ დამნაშავედ სცნო, იმპიჩმენტის პროცედურა მაინც ვერ დაიწყება, რადგან ამავდროულად, ის საბჭოს წევრად რჩება. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაყენება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით: ,,კონსტიტუციის დარღვევისას ან/და დანაშაულის ჩადენისათვის იმპიჩმენტის წესით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს’‘. მეტიც, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ბანკი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია მთელ მსოფლიოში, რადგან სსფ-ს რეკომენდაციით, მხოლოდ საქართველოში მოქმედებს ისეთი ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ, რომლითაც, ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრები არ შეიძლება, პარალელურად, მინისტრები ან მათი მოადგილეები იყვნენ. რაც მთავარია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტს სსფ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ დაუშვებენ, რასაც ერთმნიშვნელოვნად მოჰყვება ტრანშების, კრედიტების, სესხების, ინვესტიციების შეწყვეტა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფითსის განცხადებით, მცოცავი კურსის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციები მიზანშეწონილი არ არის. მისი თქმით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პატივისცემა აუცილებელია. კითხვაზე, როგორ აფასებს ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრალდებას გიორგი ქადაგიძის მიმართ, მარკ გრიფითსი პასუხობს: ,,მსგავსი დებატები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც ხდება, ოღონდ ეს არის პრივატულ რეჟიმში და არ გამოდის საჯაროდ. საჯარო დისკუსიები ვნებს ქვეყნის იმიჯს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, ერთად იმუშაონ, დებატები გამართონ და ეს საკითხები ერთობლივი ძალისხმევით დაძლიონ’‘.