"ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს, რასაც საზოგადოებაში უკვე მოჰყვა გამოხმაურება და ვარაუდი, რომ შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს და პროცესების ესკალაცია მოხდეს. აქვს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი ლოზუნგის სისრულეში მოყვანის შანსი, ამის თაობაზე "რეზონანსი" გია ხუხაშვილს ესაუბრა.
გია ხუხაშვილი: ამ აქციაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. ესკალაციის, აჟიოტაჟის ინიციატორი რა თქმა უნდა იქნება "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული ოცნება" კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ამ აქციის მნიშვნელობას. აქცია ძირითადად უზრუნველყოფილი იქნება "ნაცმოძრაობის" ორგანიზაციული რესურსით, ისინი შეეცდებიან მაქსიმალურად იხმაურონ, მოახდინონ ლოკალური შეტაკებების და აგრესიული ქმედებების ინიცირება. ეს ცხადია, ცუდია, მაგრამ კიდევ უფრო უცნაური ის იქნება, ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ქმედება ისევდა ისევ "ნაცმოძრაობის" წისქვილზე დაასხამს წყალს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მშვიდად იქნა, ჩაივლიან და ყველაფერი ამით მორჩება.
მნიშვნელოვანი ეფექტის მოსახდენად "ნაცმოძრაობას" ორგანიზაციული რესურსი არ ეყოფა, მათ ნატურალური მხარდამჭერები არ ჰყავთ და ეს ხალხი აქციაზე არ მივა, არა იმიტომ, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობა არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ფიქრობენ, ისინი უარესები არიანო.
"რ": რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური ძალა თუ შეურეთდება ამ აქციას. ალასანიას გუნდიდან ვინმეს ხომ არ შეიძლება გაუჩნდეს ამის სურვილი?
გ.ხ: ალასანიას გუნდი არ შეურთდება. არა იმიტომ, რომ ასეთ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებენ, არამედ იმიტომ, რომ კარგად ესმით, "ნაციონალებთან" ერთ ნავში არ უნდა ჩასხდნენ და ისიც კარგად იციან, რომ "ნაციონალებს" ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ.
"რ": მაშინ რა არის ამ აქციის მთავარი მიზანი? რა დივიდენდებს მოუტანს "ნაციონალებს" ეს აქცია?
გ.ხ: მიზანი არის მოვლენების ესკალაცია და პოზიციების გამაგრება, რომ მათ ჰქონდეთ ექსკლუზიური უფლება ოპოზიციობაზე და პოლიტიკურ სივრცეში სხვა არ შემოუშვან. სოციალური თემა აქციონ თავიანთ ექსკლუზივად და თავადნ გახდნენ მედროშე ამ პროტესტისა. სხვა პოლიტიკური ძალები კი იმდენად უსუსურები არიან, რომ ამ ძალიან მარტივ თამაშს ვერ ხვდებიან და არ ცდილობენ, რომ ამ სეგმენტზე თვითონ იყვნენ უფრო აქტიურები და ჩააჩოჩონ "ნაცმოძრაობა".
"რ": ამბობთ, რომ ეს არის თამაში და თუ ასეა - ვისთან?
გ.ხ: თამაში, რომელიც ორმხრივ ინტერესებშია - "ნაცმოძრაობა" და "ოცნება" ერთ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ერთმანეთს კვებავენ. ის კონიუნქტურა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს ორივე ძალას აწყობს, თუნდაც იგივე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ამ აქციაზე აყენებს.
საზოგადოებაში მთავრობის მიმართ უკმაყოფილება არის ძალიან მსუყედ წარმოდგენილი. ამ ლოზუნგით გამოსვლა კი მთავრობის ინტერესშია. მე არ ვამბობ, რომ ისინი ალიანსში არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ერთმანეთს კვებავენ.
საზოგადოების განწყობა დღეს არ შეიცვლება. ამ ხელისუფლებამ ძალიან დიდი უბედურება უნდა მოახდინოს, რომ "ნაცმოძრაობის" ქვევით ჩავიდეს. ეს რომ მოხდეს, ამას სჭირდება სამოქალაქო ომი. ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში უკვე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხალხში შევრადნაძის მიმართ იყო ზიზღი, ისეთი უბედურება მოხდა, რომ შევარდნაძეც კი მიიღო. ამიტომ ვამბობ, რაღაც საოცრება უნდა ჩაატაროს ამ ხელისუფლებამ, რომ ხალხმა "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას მხარი დაუჭიროს.
"რ": ალბათ "ოცნების" მთავრი საზრუნავი დღეს მომავალი არჩევნებისთვის მზადებაა.
გ.ხ: მე არ მგონია რომ "ოცნებაში" ვინმე რამეზე ფიქრობდეს, გრძელვადიანი ან საშუალოვადიანი ხედვა, გეგმა ან პლატფორმა ჰქონდეს. აიღეთ თუნდაც ისეთი მარტივი საკითხი, როგორიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაა. აქაც კი ერთიანი აზრი, ერთიანი მიდგომა ჩამოყალიბებული არ არის. "ნაცმოძრაობას" დიდი ფული მაინც უნდოდა, ამათ რა უნდათ, ვერ გაიგებ...
"რ": ფიქრობთ, რომ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდებათ?
გ.ხ: დღეს ამომრჩევლის 70% აპათიურად არის განწყობილი, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მოსწონს და ვერც ახალს ხედავს. ამ ვითარებაში იგებს ადმინისტრაციული რესურსი. ხელისუფლება ამ რესურსს ბოლო მომენტში რომ ჩართავს, მაშინ აქვს გამარჯვება გარანტირებული. არჩევნებზე არ მიდის და სახლში რჩება ის, ვისაც არც ხელისუფლება მოსწონს და არც ოპოზცია, მიდის, ვისთვისაც სულერთია, ამ დროს აქტიურობა დაბალია და აქ ხიდად გამოდგება პატარა ადმინისტრაციული რესურსი და პატარა ხარჯიც. არ მგონია, რომ "ოცნება" ასე ითვლიდეს, მაგრამ შეიძლება ასეც მოხდეს. დღეს ხელისუფლების ოპონენტი "ნაცმოძრაობა" კი არა, ქართული საზოგადოებაა - აი, თუ ქართული საზოგადოება გამოვიდა, "ოცნებას" პრობლემა მაშინ ექნება.