როგორ აღნიშნავენ 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერები და პოლიტიკოსები

როგორ აღნიშნავენ 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერები და პოლიტიკოსები

1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, თავისუფლებასმონატრებულ ქართველებს, ტანკები და საგანგებოდ გაწვრთნილი ქვედანაყოფები დაუპირისპირდნენ. მშვიდობიანი მიტინგის დარბევის ოპერაცია, რომელსაც მაშინ გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა, ღამის 4 საათზე დაიწყო და 20 ადამიანის გარდაცვალებითა და ასობით მომიტინგის მოწამვლით დასრულდა. რუსთაველზე შეკრებილ ქართველთა სიმღერა რუსი “სალდათების” მიერ ნიჩბებით უმოწყალოდ აჩეხილთა კივილმა შეცვალა. ამ ტრაგიკული ღამიდან უკვე 22 წელი გავიდა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და ამ დღეს “ცრემლნარევი სიხარულის დღე” უწოდა. 

“ვერსია” დაინტერესდა, როგორ აღნიშნავენ ამ თარიღს ქართველი პოლიტიკოსები. 

 

ირაკლი წერეთელი: “9 აპრილს, პარლამენტის შენობის წინ, ჩვენ ოფიციალურად დავნიშნეთ მიტინგი საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის ოცდამეორე წლისთავის აღსანიშნავად. 1989 წლის 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ქართველები მშვიდობიანად, მაგრამ მაინც შემართულნი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. იცით, რომ ასევე 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მინდა, მივმართო დღევანდელ ხელისუფლებას, დააკანონოს 9 აპრილის აღნიშვნა სპეციალური სახელმწიფო ღონისძიებით”.

 

ნოდარ ნათაძე: “რა თქმა უნდა, 9 აპრილს, ტრადიციულად, ვაპირებ პარლამენტის წინ მისვლას იმ ტრაგიკული დღის გასახსენებლად, რომელმაც შემდეგში საქართველოს დამოუკიდებლობას დაუდო საფუძველი. ეს იყო ყველაზე სისხლიანი დარბევა, რომელიც რუსეთმა განახორციელა საქართველოში. სხვათა შორის, ამ მიტინგზე ბევრად მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული. კარგად მახსოვს, მაშინ როგორ ცდილობდნენ, დაემალათ დაღუპულთა რიცხვი”.

 

მამუკა გიორგაძე: “წინა წლების მსგავსად, 9 აპრილს, გამთენიისას შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. ასევე ვისაუბრებთ იმ ადამიანებთან, რომლებიც აქციაში მონაწილეობდნენ. 9 აპრილი ჩემთვის ბრძოლის ერთ-ერთი გამორჩეული დღეა, საქართველოს ისტორიაში. ხალხი მაშინ შიშველი ხელებით გამოვიდა ერთადერთი მოთხოვნით _ ჰქონოდათ საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლება. სამწუხაროდ, ამ ბრძოლას, მსხვერპლი მოჰყვა. მაგრამ როგორც ჩვენ ვიხსენებთ დიდებით მარაბდის ომს და ამ ომში დაღუპულ ადამიანებს, ასევე გაიხსენებენ ჩვენი თაობები 9 აპრილს დაღუპულ ადამიანებს, რადგან სწორედ ამ ღამეს გადაწყდა, საქართველოს დამოუკიდებლობა. ასე რომ, თითოეული ჩვენგანის ვალია, პარლამენტის წინ შევიკრიბოთ, პატივი მივაგოთ გარდაცვლილებს და გავიხსენოთ ის ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე”.

 

ირაკლი ბათიაშვილი: “9 აპრილს აუცილებლად მივალთ პარლამენტთან მეც და სრულიად სახალხო კრებისა და დარბაზის წარმომადგენლები, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად. კონკრეტულად, 9 აპრილის ღამე ჩემს მეხსიერებაში განსაკუთრებით ჩაბეჭდილია, რადგან ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ამავდროულად, მსხვერპლიც ვიყავი. მაშინ მოვლენათა შუაგულში აღმოვჩნდი, რადგან აქციაზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩამქოლეს. მეორე დღეს, როცა პარლამენტის წინ ტერიტორიის დასუფთავების პროცესი მიმდინარეობდა, გვამებს შორის შემთხვევით მიპოვეს და სასწრაფო დახმარება აღმომიჩინეს _ ასე გადავრჩი. თავისი მნიშვნელობით, 9 აპრილი არის უზარმაზარი დღე საქართველოს ისტორიაში, რადგან ჩვენ მაშინ მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება მოვიპოვეთ”. 

 

ბაჩუკი ქარდავა: “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ყოველ წელს იხსენებს ამ უდიდეს დღეს, თუმცა წელს გვინდა, რომ ოდნავ განსხვავებულად გამოვეხმაუროთ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს. ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ფრთა გეგმავს, ამ დღის აღსანიშნავად, ვეფხისა და მოყმის მოედანზე სკვერის გახსნას, რის შემდეგაც, ბუნებრივია, შევიკრიბებით პარლამენტის წინ”.

 

დავით ბერძენიშვილი: “9 აპრილს, გამთენიისას, ტრადიციულად, “რესპუბლიკელთა” ჯგუფი პარლამენტის წინ იკრიბება. მე პირადად, ზოგჯერ ვერ ვახერხებ იქ მისვლას, რადგან უმეტესად ბათუმში მიწევს ყოფნა. ჩვენი პარტიის წევრები, რომლებიც უშუალო მონაწილენი იყვნენ ამ მოვლენისა, მიდიან პარლამენტის წინ და იხსენებენ არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარ ტრაგედიას. დღეს ერთგვარად მიჩქმალულია 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სამწუხაროდ, ამ ოცი წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა და საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ვერ დაადასტურა ის ერთგულება, რაც 1991 წლის 9 აპრილს შეჰფიცა”. 

 

პარლამენტის წინ 9 აპრილის გასახსენებლად მისვლას არ გეგმავს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე, რომელიც 22 წლის წინ, რუსთაველზე მიმდინარე მიტინგის აქტიური მონაწილე იყო. მისი განცხადებით, 9 აპრილის ტრაგედია ქართველი ხალხის შეცდომაა, რადგან მაშინ მსხვერპლის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

 

თამარ ჩხეიძე: “რატომ უნდა მივიდე 9 აპრილს პარლამენტის წინ? არა მგონია, იქ რამე აზრიანი და მნიშვნელოვანი მოხდეს, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც დღეს საქართველოშია შექმნილი. რაც შეეხება 1989 წლის 9 აპრილს, მას უფრო უარყოფითად ვაფასებ, ვიდრე დადებითად. მართალია, ამ ღამემ დააჩქარა  კომუნისტური წყობის დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, მაგრამ ეს ძალიან უმნიშვნელო ბიძგი იყო. ჩვენ ზიანი უფრო მეტი მივიღეთ იმ ღამეს. ჩვენ შეგვეძლო სისხლისღვრა აგვეცილებინა თავიდან. მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ მიტინგი დაიწყო სულ სხვა მოთხოვნით _ დაწყებულიყო აფხაზეთში არსებული პრობლემების მოგვარება, თუმცა იმის გამო, რომ ამ აქციაში სხვა ძალებიც ჩაერთვნენ, სულ სხვა სახე მიიღო და საბოლოოდ, ტრაგედიით დასრულდა”.

 

9 აპრილს პარლამენტის წინ მისვლას გეგმავენ “ახალი მემარჯვენეებიც”. როგორც პარტიის ლიდერმა, დავით გამყრელიძემ “ვერსიასთან” საუბრისას განაცხადა, მისი მოქალაქეობრივი ვალია მივიდეს იმ ადგილას, სადაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ტრაგედია დატრიალდა და რომლის მონაწილეც 22 წლის წინ, მეუღლესთან ერთად თავადაც იყო.

 

9 აპრილის ტრაგედიის გასახსენებლად და იმ ღამით დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, პარლამენტის წინ შეკრებას აპირებენ “ქრისტიან-დემოკრატებიც”. ასევე, ტრადიციას არ დაარღვევს “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელიც პარლამენტის წინ თანაპარტიელებთან ერთად მივა. რაც შეეხება “ქართულ პარტიას”, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, ჯერჯერობით, არ იციან 9 აპრილს როგორ აღნიშნავენ და შეიკრიბებიან თუ არა პარლამენტის შენობასთან. 

 

9 აპრილის ტრაგედიას ეხმაურებიან ახალგაზრდული მოძრაობები “არა” და სამოქალაქო ფრონტი”, თუმცა რა ფორმით და სად, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ.