ევროკავშირი არაღიარებულ რესპუბლიკებთან „ინოვაციურ მიდგომებს“ მოითხოვს

ევროკავშირი არაღიარებულ რესპუბლიკებთან „ინოვაციურ მიდგომებს“ მოითხოვს

ევროპარლამენტმა სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღო. 47-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფები, დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების კუთხით უნდა გააქტიურდნენ და არაღიარებულ რესპუბლიკებთან „ინოვაციური მიდგომები და პრაგმატული ინიციატივა“ უნდა გამოიჩინონ.

აქვე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებები საერთაშორისო სამართლის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს, მათ შორის - ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ექსპერტების შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის სწრაფი შედეგისთვის მოსკოვის პოზიციის ცვლილებაა აუცილებელი.

„გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის საგარეო სტრუქტურები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ“, – ნათქვამია ევროპარლამენტის სპეციალურ რეზოლუციაში.

კერძოდ, ევროპარლამენტი აღნიშნავს ევროკავშირის საქმიანობის გაძლიერებას მოლდოვაში ევროკავშირის სასაზღვრო დახმარების მისიისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. 

ევროპის პარლამენტი მოუწოდებს პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელსა და საგარეო კავშირების სამსახურს, ჩაერთონ გაჭიანურებული, მათ შორის სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების გადაჭრის ძიებაში.

ამასთან, პრობლემები საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით უნდა გადაიჭრას. კერძოდ, კი რეზოლუციაში მითითებულია შემდეგი ნორმები - ძალის გამოუყენებლობა, თვითგამორკვევა და ტერიტორიული მთლიანობა. 

ევროპარლამენტში მიაჩნიათ, რომ უნდა გააქტიურდეს პოლიტიკური პოზიციები, მონაწილეობა და როლი გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებში, მათ შორის მოლაპარაკებათა უკვე არსებულ ფორმატებში. 

ამავე რეზოლუციის რეკომენდაციით, ევროკავშირის საგარეო სტრუქტურებმა ნდობის აღდგენისთვის უნდა იმუშაონ, მათ შორის წამოიწყონ - ახალი მისიები, სამოქალაქო კონტაქტების სტრატეგიები, ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა არაფორმალური კონტაქტები და კონსულტაციები გამოყოფილი ტერიტორიების საზოგადოებებთან. ეს ყოველივე კი ევროკავშირის მიერ არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებით უნდა მოხდეს.

„აღნიშნული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპარლამენტი უპირობოთ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და აგრეთვე მოუწოდებს ევროკავშირს, რომ გაააქტიუროს მისი მცდელობა იმისათვის, რომ მოხდეს რეგიონში ზოგადად სტაბილურობის შენარჩუნება“, – აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში სალომე სამადაშვილი.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის დირექტორი გოგი ხუციშვილი დნესტრისპირეთისა და სამხრეთ კავკასიის კონფლიტებთან დაკავშირებით ევროკავშირის შესაძლო გააქტიურებას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ სწრაფი შედეგისთვის მოსკოვის პოზიციის ცვლილებაა აუცილებელი.

როგორც ხუციშვილმა „პირWელს“ განუცხადა, „ევროკავშირი აცნობიერებს, რომ აღნიშნულ კონფლიქტებთან მიმართებაში უფრო მეტი ჩართულობაა აუცილებელი“.

„ძალიან კარგია, რომ ევროპარლამენტის მიერ ასეთი რეზოლუცია იქნა მიღებული. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი აღნიშნულ კონფლიქტებთან მიმართებაში არსებულ სიტუაციას ჩიხში შესულად თუ არა, ძალიან გართულებულად აფასებს და მიიჩნევს, რომ იგი ჩვეულებრივ ჩარევას არ კმარობს.

ევროკავშირის მხრიდან ასეთი აღიარება ნიშნავს, რომ მას კონკრეტული ინიციატივები მოჰყვება. მაშინაც კი, როდესაც კონფლიქტის სწრაფი დარეგულირების გზები არ ჩანს, პროცესი ცოცხალი უნდა იყოს.

რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა ამის შედეგად მნიშვნელოვანი გარდატეხა, ჩემი აზრით, ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეიცვლება სიტუაცია მოსკოვში“, -  აცხადებს ხუციშვილი და აქვე დასძენს, რომ „სანამ რუსეთს ასეთი არაკომპრომისული დამოკიდებულება აქვს, ევროკავშირის ინიციატივა კედელს აწყდება“.

ამასთან, კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ „ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც მიუღებელია, რომელიც მთელს პასუხისმგებლობას რუსეთთან ურთიერთობებზე მოსკოვს აკისრებს, რადგან დიპლომატიური ხერხებით გარკვეული წინსწვლა ამ ურთიერთობებში შესაძლებელია“.

რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნახსენებ „არაღიარებულ რესპუბლიკებთან ინოვაციურ მიდგომებს“, ხუციშვილის თქმით, „ეს აღიარების მოწოდებას არ ითვალისწინებს და საუბარი ჩართულობის გააქტიურებასა და კონფლიქტურ რეგიონებთან კონტაქტების დამყარებას ეხება, რაც მხოლოდ მისასალმებელია“.