ას(ათ)იანი(ს) თამაში

ას(ათ)იანი(ს) თამაში

მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ფორუმმა ამავე სახელწოდების ბლოკი აკაკი ასათიანთან შექმნა, შიდაოპოზიციური პროცესები სულ სხვა მიმართულებით ვითარდება. პირველ რიგში, ეს ცვლილება არგამოცხადებულ მემორანდუმში ჩანს, რომლის წყალობითაც, ბოლო რამდენიმე კვირაა, “რვიანი” და “რევოლუციონერები” ერთმანეთის კბენა-ღრენას ნაკლებ დროს უთმობენ. გარდა ამისა, მოლაპარაკების ინდივიდუალური რეჟიმი საარჩევნო გარემოს თემას მნიშვნელოვნად გასცდა და ამ ფორმალურად ახალი ბლოკის პრაქტიკაში დამკვიდრდა: ეროვნული ფორუმი ხან ქართულ პარტიას ელაპარაკება, ხან თავისუფალ დემოკრატებს, ხანაც ეროვნულ საბჭოს. ერთი შეხედვით, ოპოზიციის გაერთიანება დიდი პატრიოტულ-მამულიშვილური საქმეა, მაგრამ დღეს ასეთ საქმეებს მარტო საქართველოს სიყვარულით აღარ აკეთებენ. ხელისგულზე გადმოშლილი სიტუაცია კი უფრო საჭადრაკო პარტიას ჰგავს, რომელშიც აკაკი ასათიანმა პირველი სვლა უკვე გააკეთა და ახლა ხელისუფლების პასუხის მოლოდინშია. რატომ შეეჭიდა ამ საჩოთირო საქმეს და როგორია მისი პროგრამა-მინიმუმი და მაქსიმუმი - “ვერსიის” თხოვნით, ამ  მოცემულობას ირინა სარიშვილი აანალიზებს, რომლის ყველაზე პრაგმატული ახსნა ასეთია: ასათიანი ოპოზიციას ქუჩის სერიოზული პროტესტის ასაგორებლად აერთიანებს, რათა სააკაშვილმა “მეორე 7 ნოემბერი” მოაწყოს, მერე ოპოზიციის სურვილითვე, ვადამდელი საპარლამენტო და არა საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს, რომელშიც ისევ უპირობოდ და დამაჯერებლად გაიმარჯვებს:  

 

- გამაერთიანებლის ფუნქცია “ფორუმისთვის” და განსაკუთრებით კაკო ასათიანისთვის ახალი არ არის. მაშინაც კი, როცა ასათიანი აქტიური პოლიტიკით იყო დაკავებული, უპირატესობას სწორედ ამ პოზიციას ანიჭებდა. თუმცა მომრიგებლობით, მას რეალური შედეგისთვის არასდროს მიუღწევია, რადგან ეს უფრო იყო ფუნქცია პოზიციისთვის, რომელიც მას კონკრეტულ სიტუაციაში მომგებიან მდგომარეობაში აყენებდა. გაიხსნეთ, “ფორუმს” მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღია, გარდა ქართული, ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდისა, ამიტომაც ხან რომელ ბანაკში აღმოჩნდებოდა, ხან - რომელში. უკვე ოფიციალურად, ასათიანის გვერდით დგომა ფორუმისთვის დიდი პოლიტიკური პლუსია, რადგან კაკო იქ ერთადერთი პოლიტიკური ფიგურაა, ოქროს შუალედის მაძიებლის ფუნქციითა და არაერთგვაროვანი პოლიტიკური წარსულით.  

 

ახლა ასათიანს არც ფული აქვს, არც პარტიული რესურსი, მაგრამ,  რატომღაც, მოვლენების ეპიცენტრშია. ამას როგორ ახერხებს? 

- ასათიანს აქვს სახელი, გვარი და ნაწილობრივ, ოდიოზური წარსული. ანუ, იგი, უბრალოდ, ცნობილი ადამიანი არაა, რომელიც თვეში ერთხელ რაღაცას ამბობს. თუმცა ამ ბოლო დროს, იგი სწორედ ამ სიხშირით ჩნდება. დიახ, მას  ნამდვილად არ აქვს იმის ფინანსებიც კი, საკუთარი ორგანიზაცია შეინახოს. აი, პარტიული თვალსაზრისით, “ფორუმი” სხვა არაფერია, თუ არა “ტრადიციონალისტები”, უბრალოდ, მას ინტელიგენციის რამდენიმე წარმომადგენელი ემატება.

 

ნაბიჯი, რომელიც “ფორუმმა” ასათიანის კარნახით გადადგა, ანუ შემრიგებლის ფუნქციის აღება, ეს უკვე კაკოს ოპერაა და ერთადერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო დროს “ფორუმს” მიუღია. მაგრამ ეს თამაშია. კაკო ძალიან ჭკვიანია საიმისოდ, არ იცოდეს, რომ ქართულ პარტიასა და კრებას შორის რეალურ ერთობაზე საუბარი არასდროს იქნება. ეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი თამაშია, რომელსაც, თუ დაიწყო, ქართული პარტიაც და ბურჯანაძეც ბოლომდე წაყვება.

 

ანუ, ასათიანს ამ თამაშში ხელისუფლების მანდატი აქვს?

- ჯერ ერთი, ოპოზიციაში სანთლით უნდა ვეძებოთ კაცი, რომელიც  ხელისუფლებასთან დაკავშირებული არ არის. ასეთების აღმოჩენას ნამდვილად არქეოლოგიური გათხრები სჭირდება. არც ის კონფლიქტია სპონტანური მოვლენა, რომელიც, ფორმალურად, ბიწაძის განცხადებით გაღვივდა.

 

ამ სიტუაციაშიც კი, ასათიანი ყველასთან კარგადაა და ეს მისი უნიკალური თვისებაა. მას შეუძლია, მოსისხლე მტერთანაც ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს, თითქოს მათ შორის ცუდი არაფერი მომხდარა. სწორედ ამიტომაა იგი ნამდვილი პოლიტიკოსი, “ფორუმის” სხვა წევრებისგან განსხვავებით. ასათიანი სადმე კი არ შედის და მერე იქიდან გამოდის, რასაც სხვები ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებენ, არამედ იკავებს პოზიციას, რომელიც მოსახლეობის თვალში ყველაზე მომგებიანია. აცხადებს, ცუდია, როცა ოპოზიცია დაქსაქსულიაო და მომრიგებლის ფუნქციას ითავსებს. აქ მიუღებელი მხოლოდ ისაა, რომ კაკომ წინასწარ იცის, ეს ფუნქცია მარცხისთვისაა განწირული და ამას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დასაფიქსირებლად აკეთებს.

 

“ფორუმს” ახლა სხვა რამის გაკეთება ისედაც არ შეუძლია, რადგან მასაც არ აქვს ფინანსები, არც გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს და უკანაც არანაირი ძალა არ ჰყავს. ასე რომ, თუ ხელისუფლებას მომრიგებლის პოზიციის დამკავებელი სჭირდება, მაშინ “ფორუმისა” და ასათიანის გაერთიანება საუკეთესოა, თან ამ პოზიციით კაკოც იხეირებს და “ფორუმიც”. 

 

“ფორუმი” და ასათიანი თავიანთ “შუამავლობას” საზოგადოებას ერთიანობის მნიშვნელობით აუხსნიან, მაგრამ იგივე თვეობით გადამტერებულმა კრებამ და ქართულმა პარტიამაც უნდა გააკეთოს. არის თუ არა ოქრუაშვილის მიერ მიუნჰენში გაჩეჩილაძე-კიწმარიშვილის დაბარება და მოგვიანებით, ინციდენტი აეროპორტში, როგორც “კაცური გარჩევა”, იმის საკმარისი პირობა, ვიფიქროთ, რომ ეს ორი ძალა გასაერთიანებლად ემზადება?  

- შეიძლება, ეს ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტისთვის შემზადებაა, რათა თუ ფორმალური გაერთიანება გახდა საჭირო, ამის წინასწარი საფუძველი ჰქონდეთ. მიუნჰენის ინციდენტზე კი ჩემი ვარაუდი მაქვს: გაჩეჩილაძეს კარგად ვიცნობ და იმის მიუხედავად, რომ მის პოლიტიკაში დიდი გაუგებრობაა, კაცურ ურთიერთობებში ბიწაძეზე გაცილებით მეტი იცის. მეეჭვება, ლევანს აეროპორტში მუშტი-კრივი გაემართა. ჯერ ერთი, თუ დაარტყამდა, არ გაიქცეოდა. არსებობს რაღაც წესები, რომელთა შესახებ ბადრიმ არ იცის და ამიტომ ყვება ასეთ ალოგიკურ სიუჟეტს. მაქსიმუმ, გაჩეჩილაძეს ბიწაძისთვის თავში წამოერტყა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რადგან ვიცი, ლევანის ტიპაჟი ბადრის ტიპაჟს როგორ მოექცევა, იქიდან გამომდინარე, რა არასასიამოვნო სახელიც ჰქვია ბიწაძის ინტერვიუს ქუჩურ ენაზეც და ადამიანურ ურთიერთობებშიც. რაც შეეხება იმას, გაუჭირდებათ თუ არა ამის მერე ვინმესთვის თვალებში შეხედვა, ამის პრობლემა იქ არცერთს არ აქვს.

 

არც ლიდერობის ამბიციის დათრგუნვის პრობლემა აქვთ?

- აი, ეს კი სულ სხვა საქმეა. მათ თუ ამ ამბიციის დათრგუნვა მართლა ძალიან არ გაუჭირდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამას არც არავინ აპირებს და ლიდერიც ის უნდა დარჩეს, ვინც დღეს გვყავს ქვეყანაში. თუ ოპოზიიცის უკან რაღაც ძალები დგანან და სურთ, სააკაშვილი დამარცხდეს, მაშინ ისინი სახალხო კრებასა და ქართულ პარტიას აუცილებლად თითს დაუქნევდნენ და ეტყოდნენ, ერთად უნდა იდგეთო. საერთოდ, ვფიქრობ, სააკაშვილისა და ამ ხალხის უკან ერთი ძალა, პირობითად ერთი გაერთიანება დგას. ოპოზიცია სააკაშვილთან გარიგებულის შთაბეჭდილებას წლების განმავლობაში ამიტომაც ტოვებს. აქ საუბარია იმ ძალაზე, რომელმაც, თავის დროზე, ბურჯანაძე, სააკაშვილი და ჟვანია ხელისუფლებაში მოიყვანა. ეს მხოლოდ რუსეთი ან ამერიკა არ არის, ის საერთაშორისო გეგმაა, რომლის ერთი სერია “ფერადი რევოლუციები” იყო, შემდგომი სერია კი სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ფორმებით ახლაც გრძელდება.

 

ამ ძალას, შეიძლება, აღარც აინტერესებდეს, დარჩება თუ არა ხელისუფლებაში სააკაშვილი. იდეოლოგიიდან გამომდინარე, დღეს მიშას შემცვლელის ადგილი ოპოზიციაშიც დაკავებულია, იქნება ეს ალასანია, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის რომელიმე ლიდერი. შიდა სიტუაციაში სააკაშვილს კვლავ ყველაზე დიდი უპირატესობა აქვს, ხოლო მისი პოლიტიკური გუნდის დაშლის შესახებ ხმები მხოლოდ ზღაპრებია. სააკაშვილმა და მერაბიშვილმა იციან, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მათი ხელისუფლებაში ყოფნა წარმოუდგენელია, ამიტომ ისინი სიმბიოზად რჩებიან, რაც ორი პარაზიტის თანაარსებობას ნიშნავს.

 

თუ სააკაშვილს გარედან აღარავინ დაეხმარება, თავისი ჭკვიანი მრჩევლების მეშვეობითა და ოპოზიციის უტვინობით, ან მათთან პირდაპირი გარიგებით, იგი მაინც მოახერხებს ოპონენტების მარტივ მამრავლებად დაშლას და მათთვის რეიტინგის დაგდებას. ბუნებრივია, სააკაშვილს კვლავაც ხელისუფლებაში დარჩენა სურს, ამის ყველაზე რეალური შანსი კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, სადაც იგი სრული უმრავლესობით გავა და მერე პრემიერ-მინისტრი გახდება. აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა უნდა შექმნას საგანგებო ვითარება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის და ეს ოპოზიციის ხელით უნდა გააკეთოს.

 

მაგრამ არის მეორე ვარიანტი, რომელიც ამ სურათს რადიკალურად შეცვლის.  რა ელის სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ დიდი ოპოზიციური ერთობა შედგა და ეს ასათიანისთვის იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე პოზიციის დაფიქსირება?

- აი, თუ ერთობა შედგა, ამ შემთხვევაში, სააკაშვილის ხელისუფლებას რეალური საფრთხე ემუქრება. ასათიანი და აპოლიტიკური ფორუმი საკუთარ თამაშს ერთადერთ შემთხვევაში ითამაშებენ - თუ ისინი პოზიციის დეკლარირებას მოახდენენ. მე რომ მათთან იგივე პოზიციით მივიდე, ისინი არ მცნობენ, როგორც შუამავალს, რადგან მათთვის ჩემი პოზიციით არანაირი  სარგებლის მომტანი არ ვარ. ხოლო ვისგანაც ამ პოზიციას იღებენ, ე.ი. ამ თამაშში იმათაც ჩართავენ. ან, სულაც ყველა ერთად გვატყუებს და საქმე ისევ ხელისუფლებასთან გარიგებამდე მიდის.

 

განცხადებების დონეზე, როგორც ჩანს, ოპოზიცია, 7 ნოემბრისგან განსხვავებით, სიტუაციის გამწვავებაზე წამსვლელია. მაგრამ ის, ვინც სახელმწიფო გადატრიალების გზით წასვლას აპირებს, ამას არ აანონსებს. როცა ეროსი კიწმარიშვილი ან ვინმე სხვა სააკაშვილს აფრთხილებს, სად, რომელ საათზე, რა ადგილას და რა ფორმებით გადაატრიალებს, ძალაუნებურად, ეჭვი მიჩნდება, ეს, უბრალოდ, საზოგადოებრივი აზრის შექმნა ხომ არ არის. არადა, ყველამ მშვენივრად იცის, რომ მიშა ცუდია, ამიტომ უმიზნო, მოთხოვნის გარეშე დაწყებული მრავალრიცხოვანი აქციების არსი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მით უმეტეს, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა უკვე შედგა, ამიტომ ეს აქციათა ამ სერიის მოთხოვნა ვერ იქნება. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და ყველასთან ინდივიდუალურად მოვიხდი ბოდიშს, მათგან განსხვავებით, ამის პრობლემა არ მაქვს.

 

რეალობა კი ასეთია - დავუშვათ, სააკაშვილმა, რაღაც ფორმით, სახალხო გამოსვლების, ანუ საგანგებო მდგომარეობის შექმნის წინაპირობას მიაღწია, მაშინ ახლა მისთვის იდეალური სიტუაციაა: ოპოზიცია დისკრედიტებულია, ასათიანის ნაბიჯი, ჯერჯერობით, ხორცშეუსხმელი, ანუ საფრთხეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება ვერ ქმნის. სახალხო პროტესტის საფუძველი თუUარაა საკარისი, მაშინ ახლა იქნება - რაც 5 ღირდა და 6 ლარი უნდა გამხდარიყო, 8-9 ლარი გახდება. ეს ფასების ხელოვნურად, ლუფტით გაზრდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფასს ხელისუფლება შესაძლებელ ზღვარზე მაშინ დაწევს, როცა დასჭირდება. საიმისო სიტუაცია, რომ ადამიანი გარეთ გამოვარდეს, შექმნილია, ამას უბრალოდ, ასანთის ერთი გაკვრა სჭირდება. ამ ხალხს უკვე ნაკლებად აღელვებს, დასაჯერებელია თუ არა ეროსისა და ბურჯანაძის განცხადებები, არც ის აინტერესებს, ასათიანმა ეს ნაბიჯი პატიოსნად გადადგა, თუ ვიღაცის თამაშს თამაშობს. მოსახლეობისთვის, რომელსაც პროლეტარივით აღარაფერი აქვს დასაკარგი, ეს ტყუილები მეათეხარისხოვანი ხდება და გარეთ მაინც გამოდის. ხოლო თუ ეს გარეთ გამოვარდნა ისე დასრულდა, როგორც ამას სააკაშვილი ელის, ხალხში ბევრად დათრგუნულ და დეპრესიულ მდგომარეობას მივიღებთ. ორი მოთხოვნიდან, ანუ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიდან კი სააკაშვილი მეორე მოთხოვნას სიამოვნებით შეასრულებს.

 

მაგრამ რომელ მოთხოვნებზე ვსაუბრობთ, როცა, რეალურად, ისიც კი არ  ვიცით, რის გარშემო აერთიანებს ასათიანი ამ ხალხს? მას არ აქვს დეკლარირებული, რა სურს და რას მოითხოვს ეს სავარაუდო ოპოზიციური გაერთიანება. განსხვავებით ბურჯანაძე-ოქრუაშვილისგან, საკუთარ ამბიციებზე არც სანიკიძე საუბრობს. რა სურთ “ფორუმს” და ასათიანს?                    

- ნამდვილად არ ვიცით, ამ ხალხს რის გარშემო შეიძლება აერთიანებდნენ. ამიტომ ორი ვარიანტი უნდა დავუშვათ. პირველი, როცა ასათიანი არავისთან შეთანხმებით არ მოქმედებს და ამას ფუნქციადაკარგული “ფორუმისთვის” ფუნქციის შესაძენად აკეთებს. აი, თუ მის თამაშზე ცალკე ბურჯანაძე და ცალკე ოქრუაშვილი მოდიან, უკვე მეორე ვარიანტი თამაშდება - ან მათაც დროის მოგება აწყობთ, ან ეს ყველაფერი ერთად სააკაშვილს სჭირდება. დიახ, ასათიანი ნამდვილად არ აცხადებს იმ წერტილს, რის გარშემოც უნდა მოხდეს გაერთიანება, რეალურად, არ ამბობს, არჩევნებია ეს, აჯანყება, სახელმწიფო გადატრიალება, ვარდები თუ იარაღი, მაგრამ ასათიანი კომფორტის მოყვარული პოლიტიკოსია და მისთვის პრეზიდენტობა თავის ტკივილია. ანუ, ასათიანისთვის კარგი მდგომარეობაა, როცა ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ამბიციებსაც დაუკმაყოფილებს და კომფორტულ გარემოსაც შეუქმნის. იმ გაერთიანებაში ლიდერობაზე დავა რომ დაიწყოს, ასათიანი ყველაზე ნაკლებ პრობლემას შექმნის.

 

 და თუ ბურჯანაძე და ოქრუაშვილი მათ უკან მდგომი ერთი და იგივე ძალის მითითებას მიიღებენ, რომ ლიდერი სწორედაც ასათიანი უნდა იყოს? ხომ შეიძლება, რუსეთის რჩეული ასათიანი გახდეს და არა ვინმე სხვა?

იცით, თუ ასათიანს ეს ნაბიჯი მხოლოდ ფასადურად არ აქვს გადადგმული, მაშინ მას ამ მიმართულებითაც ექნება ნამუშევარი. ჩვენ თუ ვხვდებით, ეს ბურჯანაძე-ოქრუაშვილსაც შესანიშნავად ეცოდინებათ, მაგრამ იცით, რატომ ვერასდროს ხერხდებოდა ქვეყნისშიდა გადატრიალება საქართველოში? იმიტომ, რომ ხერხდებოდა მოლაპარაკება ოპოზიციაში.

 

ახლა ძალიან ცუდ რამეს ვიტყვი, მაგრამ თქმის საფუძველი მაქვს, რადგან ამას წლებია ვუყურებ. თუ ბურჯანაძე და ოქრუაშვილი დაინახავენ, რომ ახალი ხელისუფლება მოდის, ოღონდ, მის სათავეში თავად არ არიან, მაშინ ყველაფერს გააკეთებენ ერთმანეთის დასაძირად და სააკაშვილის შესანარჩუნებლად. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. კაკოს ეს ნაკლებად ეხება - ასათიანი ისევ განზე გადგება, რადგან ეს მისი სტილია. ამიტომ ამ ორომტრიალიდან რეალურ შედეგს ვერ ვხედავ.

 

ვთქვათ, შედგა ოპოზიციური ერთობა, მაგრამ რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ლიდერებს, როცა NDI-ის გამოკითხვების შედეგად მოსახლეობის 87%-იმედსადარუსთავი 2-უყურებს და სჯერა მისი. ვაუჩერების დარიგებამ მოსახლეობის ნახევარი მოხიბლა, იგივე რაოდენობა კმაყოფილია გატარებული რეფორმებითა და არსებული ხელისუფლებით. ეს შედეგები რომც გავანახევროთ, სიტუაცია ისეთი მაინც არაა, როგორც ამას ოპოზიცია წარმოაჩენს. ეს ხალხი ქუჩაში მხოლოდ დაფინანსებისა და იმის ხათრით გამოდის, რომ სააკაშვილს გარედან აღარ დაეხმარებიან?

- ისე, მაგ NDI-ის გამოკითხვას პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი შეგიძლიათ დაარქვათ. თითქმის დარწმუნებული ვარ, სახალხო კრებისა და ქართული პარტიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მშვენივრად იცის, რომ მთელი ეს პროცესი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მიდის. მათ კი თავიანთი ქვოტები აქვთ განაღდებული.

 

და რას აკეთებს ამ დროს “რვიანი”, რომელმაც ყველას ყურები გამუჭედა, იგივე პირობებში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვსო. თავი რაღაცით მათაც  ხომ უნდა იმართლონ?

- ეს ყველაფერი ფასადია. ზოგს მინისტრის მოადგილეობა შეხვდება, ზოგს სხვა - პოსტი. ეს ჩვეულებრივი ვაჭრობაა, სადაც გარანტირებული არავინ არაფერშია. ეს ჩემი მხრიდან გადაჭარბებული სურათი არ არის. არც პესიმისტი ვარ, არც ოპტიმისტი და არც დეპრესია მაქვს. უბრალოდ, ძალიან რეალურად ვუყურებ ამ ყველაფერს და რეალობის გრძნობას ჩემთვის, ჯერჯერობით, არ უღალატია.

 

ოპოზიცია ამ წლების განმავლობაში ისე იქცევა, მას ორი დიაგნოზი შეიძლება დაუსვა: ან სრულიად უტვინოა, რადგან ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ ერთ სათავისო შედეგს ვერ იღებს, ან მორიგებულია. ამ ორიდან რომელია, შედეგის თვალსაზრისით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ფაქტია, ოპოზიციამ ხალხს ორთქლი გამოაშვებინა, ამაზე კი, როგორც წესი, ხელისუფლება ზრუნავს ხოლმე. ხელისუფლებას აწყობს მუხტის დაცლა და ნიჰილიზმი ოპოზიციის მიმართ. NDI-ის მონაცემები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვა. ჯერ ერთი, პროცესს სულ არ სჭირდება 50 000 კაცი. მიტინგების სპეციალისტი ვარ და არც ეროვნული მოძრაობის მერე შეცვლილა ბევრი რამ, მათ შორის, რუსთაველის გამზირის ზომა. ასე რომ, 5 000 კაცს ისეთი სურათის შექნა შეუძლია, რომ ამ საქმეში დაოსტატებულმა “იმედმა” და “რუსთავმა”, თუ დასჭირდათ, აჩვენონ, მთელი თბილისი გარეთაა და მდგომარეობა რეალურად საშიშიაო. კაკო ასათიანი, ამ სიტუაციაში ეცდება, საკუთარი თავისთვის მაქსიმალური გამორჩენა ნახოს.

 

რას უნდა გამორჩეს? თანამდებობაზე პრეტენზია არ აქვს, რჩება მხოლოდ ფული.

- არა, ფულზე არ ვამბობ და ჩემი აზრით, აქამდეც ბევრს ვერაფერს გამორჩა. მას არ უნდა პოლიტიკიდან წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში არცერთ რეალურ პოლიტიკურ გეგმაში ჩართული არ ყოფილა, მაინც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გავლენიანი ფიგურაა. დავუშვათ, მოხდა სასწაული და კაკოს გასაკვირად, ბიწაძე და გაჩეჩილაძე შერიგდნენ, მერე გადატრიალებაც რომ მოხდეს, კაკო ამ სიტუაციიდანაც გვერდზე გადგება. ამიტომ, არა მგონია, ასათიანი იმ გათვლით მოქმედებდეს, ყველას გავაერთიანებო. მოკლედ, მისი “გეგმა მინიმუმი” “ფორუმისთვის” ფუნქციის დაბრუნებაა.

 

“გეგმა მაქსიმუმი” რა არის?

- მის ამ ნაბიჯს, რაიმე ფორმით, სახალხო კრება ან ქართული პარტია თუ გამოეხმაურა, მაშინ მისი ფუნქციაც უფრო გასერიოზულდება და, რა თქმა უნდა, გაჩნდება კითხვა - რასთან გვაქვს საქმე, რატომ აღიარეს აკაკი ასათიანი შუამავლად?! თუ ის ვერსია სწორია, რომ დანარჩენ ლიდერებს თითი დაუქნიეს და უთხრეს, უკან კაკოს უნდა გაყვეთო, მაშინ კიდევ უფრო დრამატულ სურათს ვიღებთ - აბსოლუტურად შეგნებულად, ცალკე ბიწაძე და ცალკე ოქრუაშვილი, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა სააკაშვილმა ხელისუფლება შეინარჩუნოს.