ისრაელთან ეკონომიკური ურთიერთობა შეწყვეტის პირასაა

ისრაელთან ეკონომიკური ურთიერთობა შეწყვეტის პირასაა

ისრაელთან პოლიტიკური დაძაბულობა უკვე ეკონომიკურ ასპექტშიც გადაიზარდა. ამ ქვეყნის მეწარმეთა ასოციაცია საქართველოსთან ურთიერთობის შეწყვეტას აპირებს და თავის ხელისუფლებას საგანგებო ინიციატივითაც მიმართავს. თუკი მხედველობაში მივიღებთ ებრაელთა ერთსულოვნებასა და პრობლემურ საკითხებში ერთმანეთის მხარდაჭერას, გამორიცხული არ არის, საქართველო-ისრაელს შორის ეკონომიკური ურთიერთობა მართლაც შეწყდეს.

ამჯერად საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის წინააღმდეგ ისრაელის მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი შრაგა ბროში გამოვიდა. ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შალომ სიმჰონს მან საგანგებო წერილითაც მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ “საქართველო ებრაელებისთვის საშიში ქვეყანა გახდა, ამიტომ ისრაელის ხელისუფლებამ ადგილობრივ მეწარმეებს ამ ქვეყანაში გამგზავრებისა და მის ტერიტორიაზე ნებისმიერი ბიზნეს-აქტივობისგან თავის შეკავება უნდა ურჩიოს”.

სააგენტო “იზრუ” ავრცელებს ინფომარციას, რომ ქართული მედია ისრაელსა და ბათუმს შორის ახალი ჩარტერული რეისების დანიშვნაზე მიუთითებს, თუმცა იმავე სააგენტოს ცნობით, ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროში ამის შესახებ არც კი სმენიათ.

მართლაც, ისრაელის ტრანსპორტის სამინისტრო თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული რეისების დანიშნვას უარყოფს. როგორც სამინისტროს პრეს-მდივანი ზინა როიტმანი აცხადებს, “ჩარტერული რეისების შესახებ ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ არსებობს”.

“ამ მომენტში თელ-ავივი-ბათუმის პირდაპირი რეისების შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურო. ჩვენს უწყებაში არანაირი დოკუმენტები არ შემოსულა”, - აღნიშნა მან.

“იზრუსის” ინფორმაციით კი, ებრაულმა ეკონომიკურმა გამოცემა GLOBES-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მსხვილი ტუროპერატორი “ეშეტ ტური” მაისიდან ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ყოველკვირეულ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს და ზაფხულის სეზონის განმავლობაში ტურისტული კომპანია ბათუმში 3 ათას ტურისტს ჩაიყვანს.

ორ ქვეყანას შორის დიდი დაძაბულობის მიზეზი 2010 წლის ოქტომბერში ებრაელი ბიზნესმენების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაკავება გახდა. მათ სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლომ რონი ფუქსს - 7, ზეევ ფრენკელს კი - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ფულადი ჯარიმები დააკისრა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ბალავაძის თქმით, მან აღნიშნული განცხადების შესახებ არაფერი იცის, თუმცა ებრაელი ბიზნესმენების საქმის გამო საქართველო-ისრაელის ეკონომიკური და ბიზნეს-ურთიერთობების გაუარესების საფრთხეს ვერ ხედავს. პირიქით - პარლამენტარის თქმით, ეს ფაქტი ინვესტორებისთვის საქართველოში ფულის ჩადებისთვის დამატებითი სტიმულია, რადგან იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში არაკეთილსინდისიერი საქციელი ისჯება.

“დაკავებულები ხელისუფლების წარმომადგენლისთვის ქრთამის მიცემას ცდილობდნენ, რაც დანაშაულია. და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ეროვნების არიან ეს პირები”, - აღნიშნა ბალავაძემ.

ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტის, შოთა მურღულიას აზრით კი, მსგავსი განცხადებების მიზანი საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლაა და ისინი ბიზნესმენების გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს.

მურღულიას აზრით, თუკი რომელიმე ებრაელ ბიზნესმენს საქართველოში ფულის ჩადება სურს, ფუქსისა და ფრენკელის საქმის გამო ამაზე უარს არ იტყვის, რადგან ის საკუთარ სარგებელზე ფიქრობს და არა საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

მურღულიას განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე დიდი პრობლემა, შესაძლოა, ისრაელში მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ.

“ისრაელში უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და, თუკი ისრაელი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მათი დეპორტაციის შესახებ, ეს ამ ადამიანებს დიდ პრობლემებს შეუქმნის ისევე, როგორც ეს თავის დროზე რუსეთში მოხდა”, - აცხადებს “კომერსანტთან” საუბრისას მურღულია.