საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი იურისტებს ურჩევს, რომ შექმნან საადვოკატო ბიუროები, რომლებიც სტრასბურში სარჩელების შეტანაზე იქნება ორიენტირებული. როგორც იგი განმარტავს, ეს სასამართლო პროცესები ისეთი დარღვევებით ტარდება, რომ ყველა ეს საქმე უსათუოდ მომგებიანი იქნება.
ასეთი შეფასება მან ორშაბათს აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესის შემდეგ გააკეთა და აცხადებს, რომ “ამ პროცესს მართლმსაჯულებასთან არაფერი ჰქონდა საერთო”.
რა დარღვევებით ჩატარდა ეს პროცესი და საერთოდ, რატენდენცია არსებობს აქციაზე დაკავებულთა პირთა გასამართლების მხრივ, ამ საკითხებთან დაკავშირებით “რეზონანსი” გია ცაგარეიშვილს ესაუბრა, რომელიც ამ პროცესს თავად ესწრებოდა.
გია ცაგარეიშვილი: კარგა ხანია, მე სასამართლო პროცესს არ დავსწრებივარ. ამ ხელისუფლების მსხვერპლთა ცნობილი პროცესების შემდეგ სასამართლო პროცესზე აღარ ვყოფილვარ და გეტყვით, რომ ახლა ნამდვილად შოკში ვარ. იმ პროცესებს და ამ პროცესებს შორის განსხვავება ნამდვილად საგრძნობია, მაგრამ არა უკეთესობისკენ.
ანუ, ახალა სასამართლო პროცესები იმაზე უარესია?
- რა თქმა უნდა. გარწმუნებთ, რაც მაშინ ხდებოდა, ამასთან შედარებით მოგონებაა. თუ აბსურდის თეატრში გსურთ მონაწილეობის მიღება ან იუმორისტულ სპექტაკლზე დასწრება, უნდა შეხვიდეთ ასეთი სახის პროცესებზე და იხილავთ ფარსს და ტრაგიკომედიას. ამ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლებში კი მთავარი როლი მოსამართლეებს ენიჭება, რომლებიც ყველაზე უნიჭო მსახიობები არიან, მაგრამ მაინც მთავარ როლებს თამაშობენ. სცენარი როგორ და სად იწერება, ეს კი იცით.
სად იწერება?
- რა თქმა უნდა, ადეიშვილის კაბინეტში. მას ყველა ასეთი პროცესი პერსონალურ ზედამხედველობაში ჰყავს აყვანილი. როგორც იცით, ეს აქცია იყო იმ პატიმართა მხარდასაჭერად, რომელთა მიმართაც ხორციელდება ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან და ეს რომ ხდება, ამას სახალხო დამცველის ანგარიშიც ადასტურებს.
მთელი ეს აქცია შეთანხმებული იყო თვითმმართველობასთან და იქ არაფერი დარღვევა არ ყოფილა. ამიტომაც, იმ ადამიანების დაკავება სრულიად უკანონო იყო.
კვერცხების სროლა?
- გეტყვით. მაქამდე მივდივარ. აქციის რამდენიმე მონაწილემ გადაწყვიტა, რომ მდუმარე სასამართლოსთვის კვერცხები ესროლა. როგორც აქციის ორგანიზატორებისგან გავიგე, ეს დაგეგმილი არ ყოფილა. ისევე, როგორც გვირგვლიანის მისვენება. მაგრამ, რომც შეთანხმებული ყოფილიყო, არც ეს იქნებოდა პრობლემა. მე რომ მკითხოთ, ჩვენი სასამართლო მარტო კვერცხების სროლის კი არა, ყველაფრის ღირსია. თუმცა, ეს არის ჩემი სუბიექტური შეხედულება.
ამის შემდეგ დააკავეს ადამიანები და ძალიან ბევრი სრულიად უსამართლოდ. მაგალითად, ბატონი შოთა გლურჯიძე, რომელსაც საერთოდ არანაირი აქტიურობა არ გამოუჩენია.
თავად სასამართლო პროცესზე რას იტყვით?
- ჯერ გვალოდინეს დაახლოებით სამი საათი. ასამდე ადამიანი ვიმყოფებოდით სასამართლოში და კარგა ხნის ლოდინის შემდეგ რომ ინებეს პროცესის გამართვა, შეგვიშვეს დარბაზში.დარბაზში იყო ათამდე მანდატური, თითქოს ჩვენ სასამართლოს შტურითაღებას ვაპირებდით. მოსამართლე, რომელიც ამ სპექტაკლის ყველაზე უნიჭო გმირი იყო, ზომბირებული იყო და ისე მიჰყავდა პროცესი.
ვინ იყო მოსამართლე?
- არ ვიცი და, არც მაინტერესებს. ჩემთვის ესენი ყველანი არიან ერთ თარგზე მოჭრილები, რომელსაც საკუთარი სახე და სულიერი სამყარო არ გააჩნიათ. ესენი არიან კუბლაშვილის ლაბორატორიაშიგამოჩეკილები და შემდეგ სასამართლოში დასმულები. მე არ მინდა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა.
აქ იყვნენ ასევე ერთ თარგზე გამოჭრილი პატრულები, რომლებიც ერთსა და იმავეს იმეორებდნენ მთელი პროცესის განმავლობაში. მათ მტკიცებულებებიც კი გადაქსეროქსებული ჰქონდათ და აღიარეს, რომ ასე იყო.
რაც მთავარია, ვინც წარმოადგინა ეს მასალები, ამ ადამიანების დამკავებელი არ ყოფილა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროცესუალური დარღვევა. ანუ, ვინც ეს ადამიანები სასამართლოში მოიყვანა, ის არ იყო დამკავებელი და ვინც მოიყვანა, ამტკიცებდა, ჩვენ დაგაკავეთო.
მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონის, რომელიც ძალიან სუსტი აგებულების იყო, დამკავებელი იყო დაახლოებით ორმტრიანი პატრული. იგი გულდათუთქული ამტკიცებდა, რომ მისი უფლებები დაირღვა და ეს ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა.
მეორე შეუსაბამობა ის იყო, რომ პატრულის მტკიცებით, ქალბატონი ადა მარშანია უზენაეს სასამართლოსთან იყო დაკავებული. მაგრამ იგი რუსთაველზე, დაახლოებით მეცნიერებათა აკადემიის წინ დააკავეს. თანაც აქციის დასრულებიდან საათნახევრის შემდეგ. ასევე ორი ახალგაზრდა, რომელიც ფუნიკულიორის ასასვლელთა დააკავეს. სასამართლოზე კი პატრული ამტკიცებდა, გინდა თუ არა, უზენაესი სასამართლოს წინ დავაკავეთო.
მაგალითად, ერთმა პატრულ-ინსპექტორმა, ვინმე ძიძიგურმა ისიც კი თქვა, მე ვიდეოთვალის ინფორმაცია ამოვიღე და ახლავე გავშიფროთ და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დავადგინოთო. მაგრამ, უნიკალური მოვლენა მოხდა. მოსამართლე ადგა და თქვა - ადმინისტრაციული სამართალწარმოება არის სწრაფი მართლმსაჯულება, რომელიც ითხოვს მსხვერპლს და ამიტომ მე პატრულს შუამდგომლობის დაკამაყოფილებაზე უარს ვეუბნებიო. ამის გაგონებაზე დარბაზი ოვაციებით დაინგრა.
ეს ნამდვილად მოსამართლემ თქვა?
- მესმის, რომ თქვენთვის ეს დაუჯერებელია. მაგრამ, ნამდვილად ასე იყო. მან ისიც თქვა, უკვე შუაღამეა, თქვენ თუ არ დაიღალეთ, მე დავიღალეო და ამიტომ, ჩვენ მტკიცებულება რომ გამოვიკვლიოთ, ამისთვის ვიდეოფირი უნდა ჩავრთოთ, ეს რამდენი ხანი გაგრძელდება, არავინ იცის და ამიტომ მე ამ შუამდგომლობას ვერ მივიღებო.
დარწმუნებული ვარ, რომ იქ არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რადგან პატრულმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ამ მტკიცებულების ამოღება მოითხოვა.
ეს იყო თავიდან ბოლომდე მასკარადი. წარმოუდგენელი რამ ხდება სასამართლოში და მე გირჩევთ, ასეთ წარმოდგენას დაესწროთ და ნახოთ, რა სიმაღლეზეა ჩვენი მართლმსაჯულება.
საბოლოოდ ეს ადამიანები კვერცხის სროლის გამო დასაჯეს?
- ვერავინ ვერ გაარკვია ეს. ჩვენ ვიდეოთვალის ჩანაწერი რომ გვენახა, დავადგენდით, ვინ იყო კვერცხის მსროლელი და ვინ - არა. მაგრამ სასამართლომ ეს ვიდეოფირები არ გამოიკვლია. დაკითხეს 6 მოწმე, რომელიც ცალსახად ადასტურებდა, რომ ამ ადამიანებში კვრეცხის მსროლელები არ ყოფილან და მათ არაფერი დაუშავებიათ. პირიქით, ამ 6-მა მოწმემ ბრალი დასდო პოლიციას, რომ ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს. მოსამართლე კი ცალსახად პატრულის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაეყრდნო.
ეს არის ტენდენცია და როგორც ჩანს, ხელისუფლებამ აიღო კურსი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააკავოს და დააბეჩავოს, მიუსაჯოს მათ პატიმრობა და დიდი ჯარიმები, რათა ხალხში არსებული დიდი აღშფოთება ამ ფორმით შეამციროს. მაგრამ ეს არის ცეცხლზე ნავთის დასხმა და ყველაფერი პირიქით მოხდება.
ამის გასაჩივრებას არ აპირებთ?
- მე ვფიქრობ, რომ თერთმეტივე გადაწყვეტილება გასაჩივრდება და არავის სჯერა, რომ ზედა ინსტანცია ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. მაგრამ ეს არის სტრასბურგის სასამართლოში უდაოდ მოსაგები საქმე. ამიტომ მე იურისტებს ვურჩევ, შექმნან იურიდიული კომპანია და შეძლებენ, რომ სააკაშვილი-მერაბიშვილის ხარჯზე დიდი ფული იშოვონ. დარწმუნებული ვარ, ყველა ასეთი საქმე წავა სტრასბურგში. მართალია, ცოტა გრძელვადიანი ინვესტიციაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთ ორ წელიწადში თითო საქმეში, შესაძლოა, ბიუჯეტს 50 ათასზე ევროზე მეტი დაეკისროს ამა თუ იმ დაზარალებულის სასარგებლოდ.
რაც მოსამართლემ იკადრა და გააკეთა, ეს არის ყველა პროცესუალური ნორმის დარღვევა. მე ასე ვიტყოდი. ეს არის ღამის მართლმსაჯულება, დროში ძალიან შეზღუდული, რომელსაც სამართლიანობასთან არაფერი აქვს საერთო.