"ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე კი გაიხსნა, მთავარმა პროკურატურამ საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა და "კორტების სპეცოპერაციის" დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ ამ საქმეში მრავლად არის "თეთრი ლაქები", უპასუხო კითხვები", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა კულუარული გარიგებები შედგა "კორტების სპეცოპერაციამდე" / ვანო მერაბიშვილისა და ირაკლი ოდუას საიდუმლო შეთანხმება (?).
"პროკურატურის განცხადებიდან ჩანს, რომ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ, ალექსანდრე ხუბულოვზე შურისძიების მიზნით მოაწყო "კორტების სპეცოპერაცია", შურისძიების მიზეზი კი ის იყო, რომ ხუბულოვი სოდ-თან თანამშრომლობდა, მან ირაკლი ფირცხალავას ძმა, ლევან ფირცხალავა "ჩაუშვა" და დააჭერინა. იმჟამად სოდ-ს ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა, რომელიც ვანო მერაბიშვილის დიდი ნდობით სარგებლობდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"რაც მოგახსენეთ, იქიდან გამომდინარე, ორი ლოგიკური კითხვა ჩნდება. 1. თუ ირაკლი ფირცხალავა ასეთი გავლენიანი ფიგურა იყო, როგორ გაუბედა მას სოდ-მა ძმის დაჭერა და თანაც, მერე საქმე კი არ ჩაფარცხლეს, მსვლელობა მისცეს და საპროცესო გარიგებით გამოუშვეს? 2. თუ სოდ-მა და შესაბამისად, ერეკლე ოდუამ ლევან ფირცხალავა დაიჭირეს, მისი მაღალჩინოსანი პოლიციელი ძმა არაფრად ჩააგდეს, მაშინ როგორ მოახერხა ფირცხალავამ ამხელა სპეცოპერაციის ჩატარება სოდ-ის აგენტის მოსაკლავად და რატომ დახუჭა ერეკლე კოდუამ თვალი ალექსანდრე ხუბულოვის ლიკვიდაციაზე?" - წერს სტატიის ავტორი.
"ალიას" პოლიციის სტრუქტურებთან დაახლოებული წყაროები უცხადებენ, რომ ამ კითხვებს ძალიან მარტივი პასუხები აქვს. ერეკლე კოდუა თავადაც დაპირისპირებული იყო ირაკლი ფირცხალავასთან, ის საქმის კურსში იყო მისი ძმის დაჭერის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფირცხალავამ და შსს-ს ბევრმა მაღალჩინოსანმა სთხოვა, რომ ლევან ფირცხალავა გაეშვა, ასე არ მოიქცა და საქმეს მსვლელობა მისცა. თუმცა, წყარო აცხადებს, რომ მოგვიანებით ვანო მერაბიშვილმა შეარიგა ფირცხალავა და კოდუა. მოკლედ, კოდუამ და მერაბიშვილმა გაითამაშეს, ირაკლი ფირცხალავას ძმის დაჭერით მასზე კომპრომატი შექმნეს. გარდა ამისა, კოდუამ შური იძია ფირცხალავაზე", - განაგრძობს გამოცემა.
"ერთ-ერთი წყარო ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილის მოწყობილი იყო. ერეკლე კოდუასთვის მას დაუვალებია, რომ ირაკლი ფირცხალავაზე კომპრომატი მოეპოვებინა, რადგან მან მართლა ძალიან ბევრი საიდუმლო იცოდა შსს-ს დიდჩინოსანთა უკანონო ქმედებების შესახებ, მათ შორის, მერაბიშვილზეც. შესაბამისად, მინისტრს სურდა ფირცხალავა ფეხზე ჰყოლოდა გამობმული. წყარო აცხადებს, რომ ეს ის პერიოდია, როცა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთმანეთს თითქმის ღიად დაუპირისპირდნენ. მაშინ ოქრუაშვილთან არაერთ პოლიციელს მიჰქონდა კომპრომატები ვანო მერაბიშვილის, მისი ახლო გარემოცვისა და შსს-ს სხვა ჩინოსანთა შესახებ. ლევან ფირცხალავას დაჭერა კი არამხოლოდ ომპრომატი იყო. ირაკლი ფირცხალავაზე უკეთ არავინ იცოდა, თუ მერაბიშვილს დასჭირდებოდა, მის ძმას ნებისმიერი რაოდენობის ნაროტიკს ჩაუდებდნენ და იდი ხნით გაისტუმრებდნენ ციხეში", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"როგორც ჩანს, სოდ-მა საკუთარი ინფორმატორი, ალექსანდრე ხუბულოვი იმიტომ გაწირა, რომ მან თავისი მთავარი დავალება შეასრულა, პოლიციის გავლენიანი მაღალჩინოსნის ძმა დააჭერინა. ამის შემდეგ, სოდ-მა ხუბულოვი ირაკლი ფირცხალავას დაუთმო, მისნაირი ინფორმატორი სოდ-ს არაერთი ჰყავდა და როცა ის მოკლეს "კორტების სპეცოპერაციისას", ერეკლე კოდუას, როგორც წყაროები აცხადებენ, ხმაც კი არ ამოუღია. წყარო აცხადებს, რომ "კორტების სპეცოპერაცია" შეთანხმებული ყოფილა ვანო მერაბიშვილთან, თავად მინისტრს მიუცია ირაკლი ფირცხალავასთვის შურისძიების ნებართვა და თუ გამოძიება კვალიფიციურად წარიმართება, მაშინ მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხიც გამოიკვეთებაო", - დასძენს გამოცემა.
interpressnews.ge