ევროკავშირი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას დახმარებას სთავაზობს და კიდევ ერთხელ განუმარტავს, რომ მას არ აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სოხუმიც მზად არის განიხილოს და შესაძლოა მიიღოს კიდეც კონკრეტული წინადადებები, თუმცა უკმაყოფილო რჩება არაღიარების საკითხით.
ეს მიდგომები კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის სოხუმში ვიზიტის დროს. რა მხრივ იქნება სასარგებლო ევროკავშირის თანამშრომლობა ოკუპირებულ აფხაზეთთან?
„გვინდა, რომ დასავლეთმა გვაღიაროს როგორც სახელმწიფო“, – თქვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ორშაბათს, როცა ის სოხუმში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელსა და მის თანმხლებ პირებს მასპინძლობდა. რაულ ხაჯიმბასთვის მიუღებელია, როცა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ბრიუსელი თბილისის ინტერესების ჭრილში ელაპარაკება და რომ მუდმივად იგულისხმება და იგრძნობა საქართველოს ინტერესების მხარდაჭერა. დასავლეთი კი არაღიარების პოლიტიკის ერთგულებას განაგრძობს და ამის პირდაპირ თქმისთვის თავი არც ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს აურიდებია. აღიარებას არა, მაგრამ, როგორც ჰერბერტ ზალბერმა აღნიშნა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, სამაგიეროდ, აფხაზებს ევროკავშირი თანამშრომლობას სთავაზობს და, კერძოდ, იმ მოდელის გაფართოებას, რაც უკვე მუშაობს გალის რაიონის შემთხვევაში:
„ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას... თუმცა ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. გალის რაიონში ევროკავშირი ახორციელებს რამდენიმე პროექტს, ძირითადად ეკონომიკის სფეროში და ჩვენ ვაპირებთ განვავითაროთ ეს პროცესი. საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე საუბარია თანამშრომლობაზე განათლების სფეროში – განსაკუთრებით უცხო ენების შესწავლის კუთხით. არის შეთავაზება, რომ პერიოდულად ადგილობრივ უნივერსიტეტში ჩამოვიდნენ უცხოელი პროფესორები, ლექტორები – ევროკავშირის უნივერსიტეტებიდან“.
ევროკავშირის შეთავაზებამ რომ ინტერესი გამოიწვია და სოხუმში მას კონკრეტული წინადადებების სახით განიხილავენ, ეს ადგილობრივ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ირაკლი ხინთბამაც დაუდასტურა. დაინტერესება საჭიროებით აიხსნება:
„თუკი იქნება კონკრეტული წინადადებები ევროპული ქვეყნების ან სხვა პოტენციური პარტნიორების მხრიდან, ჩვენ ამ წინადადებებს აუცილებლად განვიხილავთ. ამჟამად აფხაზეთი საჭიროებს სერიოზულ ინვესტიციებს ეკონომიკის ბევრ სფეროში. ამიტომ ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ნებისმიერ წინადადებას, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, ამ საკითხებში ჰერბერტ ზალბერი დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბასაც ელაპარაკა და შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოთქვა იმედი, რომ მისი მისიის საქმიანობა გალის რაიონის საზღვრებს გასცდება.
თუმცა აქვე იბადება შეკითხვა: რამდენად მოეწონება ეს მოსკოვს?
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამ საკითხს სწორედ რუსეთისგან მოსალოდნელი წინააღმდეგობების კონტექსტში განიხილავს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე. სხვა მხრივ კი, ანალიტიკოსი თვლის, რომ დახმარება სასარგებლო იქნება და განსაკუთრებით – განათლების სფეროში:
„არ ვიცი, ეს რამდენად გამოვა და იმუშავებს – რამდენად დაუშვებს მოსკოვი იმას, რომ თუნდაც განათლება მიიღონ აფხაზებმა და გამოვიდნენ საინფორმაციო ვაკუუმიდან და გამოვიდნენ რუსული საინფორმაციო საშუალებების კონტროლიდან... ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გვაწყობდეს გაცივილურება და განათლება აფხაზი ხალხის, რადგანაც ისინი არიან ვაკუუმში და სწორედ აქედან მოდის ბევრი ის პრობლემა, რაც არის ჩვენსა და მათ შორის“.
თუკი „აფსნიპრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ვიმსჯელებთ, ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში რუსეთის წინააღმდეგობის არ ეშინია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას. მან თქვა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა რუსეთისგან სასიცოცხლოდ აუცილებელ ფინანსურ დახმარებას იღებს და მადლობელიც არის ამისთვის, თუმცა ეს პროცესი ხელს ვერ შეუშლის დახმარების მიღებას ევროკავშირისგან.
„თუკი დასავლეთი მზად არის წვლილი შეიტანოს აფხაზეთის ეკონომიკური ზრდის პროცესში, ჩვენ განვიხილავთ ამ თემებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, – განუცხადა რაულ ხაჯიმბამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს.