ესმერალდას ფილოსოფია, ანუ ქალი, რომელიც წიგნებით ვაჭრობს

ესმერალდას ფილოსოფია, ანუ ქალი, რომელიც წიგნებით ვაჭრობს

მეტ-ნაკლებად, ალბათ, ბევრს ჰქონია ცხოვრებაში მომენტი, როცა ისეთ უკიდურეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენილა, რომ აღარ იცის, რა გააკეთოს, საიდან და როგორ გადაჭრას პრობლემები. უფრო გასაგები რომ იყოს, დავწვრილმანდები; გადაიხადე ელეტროენერგიის, წყლის, დასუფთავების, გაზის, ინტერნეტის ფული და აღმოჩნდა, რომ მთელი ხელფასი ამაზე წავიდა. ხელფასი კი, საშუალოზე დაბალი გაქვს - “კომუნალურებსაცძლივს ეყო, მაგრამ მაინც გიხარია, თუმც... სიხარული მაშინვე ქრება, როგორც კი აღმოაჩენ, რომ მაცივარი ცარიელია. ერთი სიტყვით, სახლში აღარაფერია (საკვები მაქვს მხედველობაში) და როგორ უნდა მოიქცე ასეთ დროს? ვარიანტები: მეგობარს, ან მეზობელს ესესხო ფული, ლომბარდში რამე ჩააბარო (ეს უკვე გაკეთებული გაქვს), ფულის სესხება კი, არ გინდა და ფიქრობ, რა ქნა...

თვალში კობალტის ორი მინიატურული ჩინური ვაზა მომხვდა, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ პომპეზურად მაჩუქა მეგობარმა. დავავლე ხელი და მშრალ ხიდზე გავვარდი იმ იმედით, რომ თუ კარგ თანხას არა, იმდენს მაინც ავიღებდი, რომ პური, შაქარი, ზეთი, ცოტაოდენი კარტოფილი, ყავა და სიგარეტი მეყიდა. “იმედი საწყალი კაცის მეორე სულიაო”, რომ თქვა გოეთემ, ცამდე მართალი ყოფილა. მისი სიტყვები მაშინ გამახსენდა, როცა ჩემი ჩინური ვაზებისა და, მათთან ერთად, მეგობრის (რომელსაც თაყვანისმცემლობაზეც ჰქონდა დიდი პრეტენზია) საბაზრო ფასი ერთ ყუთ იაფფასიან სიგარეტზე მეტი არ აღმოჩნდა. ვერ ვიტყვი, გული დამწყდა-მეთქი, უბრალოდ, გამეცინა. იქვე, ბაღში, სკამზე ჩამოვჯექი, სიგარეტი გავაბოლე და ფიქრებს მივყევი... იმაში, რაც ზემოთ ვთქვი, საინტერესო, რა თქმა უნდა, არაფერია და არც დავწერდი, რომ არა, ვინ ვინ და, - ესმერალდა.

ესმერალდა

თავდაპირველად, სახელმა ესმერალდამ ჩემში უნებური ღიმილი გამოიწვია, მაგრამ როცა ესმერალდამ “ეეეჰ”-ო თქვა და სული და გული ამოაყოლა, დავინტერესდი.

მოკლედ: წიგნებია გამოფენილი, იქვე მძივები, ბეჭდები, საყურეები, “ბროშკები”, ჭურჭელი და ათასი სხვა წვრილმანია, ანუ მეორადი სუპემარკეტია გახსნილი. ზის ორმოცდაათ წლამდე ფუმფულა ქალი, რაღაცნაირ ძველ პალტოში შეფუთნული, ხელით ნაქსოვი, ბისერებიანი, ჭრელი ბერეტი ახურავს, სავსე ღაჟღაჟა სახე აქვს, წამწამებზე სქლად ადევს ტუში, ხასხასა წითელი პომადა - ტუჩებზე და ფერად-ფერადი ბეჭდები - სიცივისაგან გალურჯებულ კოტიტა თითებზე.  

წიგნებს ვათვალიერებ და ვგრძნობ, ბერეტიანი გამყიდველი ინტერესით მადევნებს თვალს.

რამე წიგნს ეძებთ? - მეკითხება.

ავხედე. მიღიმის.

- არა, ისე, ვათვალიერებ, - ცოტა არ იყოს, დაბნეულად ვპასუხობ.

- წიგნების ჩაბარება ხომ არ გინდათ? - მის ტონსა და ღიმილში თანაგრძნობა დავიჭირე. თავი, ცოტა არ იყოს, უხერხულად ვიგრძენი, რადგან არც წიგნის ყიდვას ვაპირებდი, არც ჩაბარებაზე მიფიქრია და არც ვიცოდი, რაზე ვფიქრობდი.

- თუ ჩაბარება გინდათ, ავიღებ, ოღონდ ქართული წიგნები, რუსულს აღარ ყიდულობენ. ქართველი, უცხოელი კლასიკოსები, დეტექტივები, სათავგადასავლო და საბავშვო ლიტერატურა მოიტანეთ, რამდენსაც შეძლებთ და ერთიანად გადაგიხდით, კმაყოფილი დარჩებით, - თანამგრძნობი ღიმილი არ შორდება ბერეტიან გამყიდველს.

- რატომაც არა-მეთქი, - გავიფიქრე, - რამდენიმეს შევარჩევ სახლში... წიგნები კარგად გეყიდებათ? - ვეკითხები.

- იაფია და ვისაც კითხვა უყვარს, ყიდულობს. წლებია, წიგნებს ვყიდი და ვიცი, ეს ბიზნესი. ჩემს ტელეფონს მოგცემთ, შეარჩიეთ და საღამოს დამირეკეთ, რომ ზედმეტი წიგნი არ ატაროთ, წიგნები მძიმეა, - ისევ გამიღიმა ბერეტიანმა,

ტელეფონის ნომერი მიკარნახა და ესმერალდა მქვიაო, მითხრა.

- ესმერალდა?! - გავიმეორე მისი სახელი, უნებურად გამეცინა და შემრცხვა.

- რა ვქნა, არ ვგავარ, თუ...? - ესმერალდასაც გაეცინა და “ეეეეჰ”-ო დააყოლა.

წიგნები შევარჩიე, დავურეკე, შევთანხმდით და... გავეშურე. ესმერალდამ იმაზე გაცილებით მეტი გადამიხადა, ვიდრე ველოდი და დააყოლა, ამდენს არ ვაძლევ ხოლმე, თქვენ ისეთი ქალბატონი ბრძანდებით, რომ...

- როგორი? -  ირონიულად ვეკითხები.

- უბრალო არ ხართ, ერთ გმირს მაგონებთ რომანიდან, - ესმერალდამ წარბი ასწია, - ფიონას... ალბათ, თქვენნაირი იყო ახალგაზრდობაში. არ ვიცი, წაკითხული გაქვთ თუ არა კოლინ მაკალოუს “კვრინჩხებში მომღერალნი”.

ცოტა არ იყოს, გული დამწყდა, რადგან ფიონა არცთუ დადებითი პერსონაჟია - მოწიფული ქალია რომანში და... დიდმა სიყვარულმა ძალიან თამამი ნაბიჯი გადაადგმევინა. როგორც ჩანს, ბერეტიან ესმერალდას საკმაოზე მეტად ბობოქარი ფანტაზიები აქვს, რადგან ფიონას შემადარა...

ის იყო, წასვლა დავაპირე, მითხრა:

- “ქარიშხლიანი უღელტეხილი”, “ჯეინ ეარი”, “ნაზია ღამე” ხომ არ გაქვთ, კარგად გადაგიხდით...

 არა-მეთქი და ფილოსოფოსების წიგნები ჩამოვუთვალე. კიდევ - შექსპირის სონეტები ინგლისურად, “დონ კიხოტი” ესპანურად, რილკე გერმანულად და ბევრი სხვა, მაგრამ არ მგონია, გავიმეტო-მეთქი...

ესმერალდამ თვალები მოჭუტა და დაიწყო: ჯერ ესპანურად დაილაპარაკა (ათიოდე სიტყვა თქვა, ალბათ):

- ასე იწყება “დონ კიხოტი” ესპანურად, მაგრამ ესპანური არ ვიცი, მხოლოდ სამასამდე სიტყვა...

მერე ინგლისურად მითხრა შექსპირის ერთ-ერთი სონეტი, თან გამოთქმით და დააყოლა, ჩემი საყვარელი სონეტია, მაგრამ არც ინგლისური ვიცი, აბსოლუტური სმენა მაქვს და ლექსები ადვილად მამახსოვრდება - ჩემი ძმისშვილი სტუდენტია, “ინგლისურს” ამთავრებს, ვაკითხებ ხოლმე... პოეზიით ვარ გატაცებული და მაინტერესებს, პოეტის ენაზე როგორ ჟღერს ლექსი. რილკე განსაკუთრებულად მიყვარს, მოდერნისტები და პოსტმოდერნისტებიც... საახლობლოში არავინ მყავს გერმანისტი, რომ რილკე გერმანულად მოვისმინოო.

ამ უცნაურმა ქალმა დამაინტერესა და შევყოვნდი. ესმერალდას სახე გაუბრწყინდა, დატუშულ თვალებს აფახულებს და გატაცებით ლაპარაკობს. ჩამოთვალა მოდერნისტი პოეტები და მწერლები, შემდეგ - პოსტმოდერნისტები, ზოგი დადებითად შეაფასა, ზოგიც - გააკრიტიკა. მოჰყავდა მაგალითები, ავლებდა პარალელებს. ბევრი ისეთი ავტორი დაასახელა, რომელთაც არ ვიცნობდი. თანამედროვე ქართველ და უცხოელ მწერლებსაც შეეხო, ზოგს კარგად, ზოგსაც - არცთუ. ბოლოს კი აღნიშნა, რომ ფილოსოფიაც ძალიან იტაცებს და მინი-ლექცია სოკრატეს ცნობილი ბრძნული გამონათქვამით დააგვირგვინა: “არსებობს მხოლოდ ორი რამ - ცოდნა და უმეცრება, პირველი სიკეთეა, მეორე - ბოროტება”. ხომ ეთანხმებით?

რა თქმა უნდა-მეთქი, ვპასუხობ და მინდა, ვკითხო, პროფესიით ვინაა, მაგრამ ისეთი პათოსით გადადის ფილოსოფიაზე, რომ სიტყვას ვერ ვუგდებ:

- რამდენიმე კითხვაში ამოვწურავდი მთელ ფილოსოფიას, ანტიკურიდან დაწყებული დღემდე, ამ შეკითხვებს პასუხი ერთმა ფილოსოფოსმაც ვერ გასცა და მგონია, რომ კიდევ დიდხანს ვერ გასცემენ. გაინტერესებთ, რა კითხვებია?

თავი დავუქნიე. ესმერალდა აგრძელებს:

- სამყაროსა და ადამიანის ერთიანობასა და პრობლემებს, აგრეთვე, პიროვნული თავისუფლების იდეებსა და პრობლემებს ყველა ეპოქა თავისი ცოდნის დონითა და კულტურული თავისებურებით ხსნის, მაგრამ მარადიულ შეკითხვებს - ვინ ვარ და რა ვარ? რა არის ჭეშმარიტება? რას წარმოადგენს ადამიანი? რა არის სული? რა არის სამყარო? რა არის სიცოცხლე და რაშია სიცოცხლის აზრი? - ვერ პასუხობს. ბოლო შეკითხვის პასუხი მე ვიცი. მე ვიცი, რაშია სიცოცხლის აზრი, - ესმერალდამ წარბი აწია, - ჰარმონიაში!

მოხიბლული ვარ ესმერალდათი, მონუსხულიც და უფრო მეტად მაინტერესებს, პროფესიით ვინაა, რადგან ვხვდები, რომ არც ფილოსოფოსია და არც - ლიტერატურათმცოდნე. ის-ის იყო, უნდა ვკითხო, რომ თავად მეუბნება:

- მუსიკოსი ვარ, კონსერვატორია მაქვს დამთავრებული. ცხოვრება მშვენიერია, როცა იცი, რომ სიცოცხლის აზრი ჰარმონიაშია! - ამაყად ამბობს და აგრძელებს, - მუსიკის ხელოვნებაში ჰარმონია ყველაზე მთავარია და მისი ძირითადი თვისება კეთილხმოვანებაა. დისონანსი, კონსონანსი, კლასტერი - სამივე ერთმანეთისაგან კოორდინალურად განსხვავებული ხმოვანებაა, მაგრამ მთლიანობაში, ჰარმონიის შემადგენელია. დისონანსი ყურს სჭრის და თითქოს უსიამო მოსასმენია, მაგრამ ამავდროულად, აძლიერებს ჰარმონიის გამომსახველობას. კონსონანსი მშვიდი და სასიამოვნო ჰანგებია. კლასტერი კი, ერთგვარი “ხმაურიანი ლაქაა” ჰარმონიაში, რომელიც რამდენიმე მუსიკალური ინსტრუმენტის ერთდროული ჟღერადობით წარმოიქმნება. ცხოვრებაც ხომ ასეთია?! მწერლები სიცოცხლის ჰარმონიას სიტყვებით გამოხატავენ, მხატვრები - ფერით, - ესმერალდა შთაგონებული სახით მიყურებს, - ხომ ასეა?

- რა თქმა უნდა, ასეა, - ვპასუხობ და გულის სიღრმეში ვფიქრობ, რომ ესმერალდამ, მგონი, ჭეშმარიტების პასუხი აღმოაჩინა.

ვემშვიდობები მუსიკოსს, ფილოსოფოსს, ლიტერატურათმცოდნეს და, ვინ იცის, კიდევ რამდენი რამის მცოდნეს და ვეკითხები, ქმარ-შვილი თუ გყავს-მეთქი.

გაუთხოვარი დავრჩიო, განა არ მეტყობაო, - მეუბნება.

- ძმისშვილები გავზარდე, ორი ექიმია, ერთი - სტუდენტი, - თქვა და თავისი “ეეეჰ” დააყოლა.

- ეეეჰ რატომ? - დავინტერესდი.

- ეეეჰ იმიტომ, რომ ქალიშვილად დავრჩი... გამოიარე, რა, კიდევ, ვილაპარაკოთ, - ესმერალდამ დატუშული წამწამები დააფახულა, ბერეტი შეისწორა და შევამჩნიე, რომ ყურიდან ყელის ჩათვლით, დიდი მოლურჯო-მეწამული ლაქა ჰქონდა...

ეჰ, ესმერალდა...