20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ ფაქტს “ქვეყნის მასშტაბის” ტრაგედია უწოდა. ა.წ. უკვე ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ კი, საზოგადოებაში გავრცელებული არაერთგვაროვანი მოსაზრებების გამო, საკუთარი მორალური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. როდის გაიხსნება იური ვაზაგაშვილის საქმე? - ამის თქმა დანამდვილებით არავის შეუძლია. სხვათა შორის, მართალია, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ მკვლელობის ოფიციალური ვერსია უცნობია... სოციალურ ქსელში ითქვა, რომ ის, რაც სოფელ ყარაფილაში მოხდა, რიტუალური მკვლელობაა... მაშ ასე, “ქართული სიტყვის” დღევანდელი რესპონდენტები, გამომძიებლები და იურისტები კი არა, პარაფსიქოლოგები და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ იური ვაზაგაშვილი ადამიანების გარკვეული ჯგუფის მიერ, სასაფლაოზე ჩადენილი რიტუალური მკვლელობის მსხვერპლი გახდა.
პარაფსიქოლოგი იანა აცხადებს, რომ ვაზაგაშვილი ადამიანების იმ ჯგუფმა მოკლა, რომლებსაც გარდაცვლილთან ადრე შეხება არ ჰქონია.
“ეს კაცი ცნობილი ადამიანი იყო, თუმცა ისინი, ვისაც მის მკვლელობაში ბრალი მიუძღვის, არ იცნობდნენ... ყველა მათგანი შავებით იყო შემოსილი და ზუსტად იცოდა, თუ რა უნდა ჩაედინა, მაგრამ არ იცოდნენ, ზიანი ვისთვის უნდა მიეყენებინათ... ამ რიტუალისთვის ისინი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. ვფიქრობ, რომ გარდაცვლილი, შემთხვევითი მსხვერპლი გახდა. სავარაუდოდ. დიახ, საქმე რიტუალურ მკვლელობასთან გვაქვს”, - ამბობს იანა.
იმის გასარკვევად, თუ რას ნიშნავს, ვინ და რა მიზნით ჩადის რიტუალურ მკვლელობას, “ქართული სიტყვა” ასტრო-ეზოთერული სკოლის დამფუძნებელ თორნიკე ბიძინაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, მსხვერპლშეწირვა სატანური რიტუალების გაგრძელებაა, რომლითაც ბნელი ძალები იკვებებიან. ამასთან, რიტუალურ მკვლელობას ადამიანები გარკვეული მიზნის განსახორციელებლად ჩადიან, ანუ მათი გაგებით, თუ მსხვერპლს არ გაიღებენ, მათი სურვილი და მონდომება ფუჭი იქნება.
ბიძინაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი მიმართულებით გაცემული ბოროტი ენერგია ადამიანს, ბუმერანგის პრინციპით, უკან უბრუნდება და სასტიკად ისჯება.
“მსხვერპლშეწირვა ჩვეულებრივი შავი მაგიაა, რომელსაც დემონურ ძალებთან პირდაპირი კავშირი აქვს. ეშმაკი გარკვეულ მსხვერპლს ითხოვს, რის გაღების შემდეგაც, ადამიანები, ძალაუნებურად, შავ მაგიაში ერთვებიან. მათ სჯერათ, რომ თუ დემონს მსხვერპლს შესწირავენ, მაშინ იმას მიიღებენ, რაც სურთ. მარტივად რომ ვთქვა, ეს ხელშეკრულებაა თვით სატანასთან. მადლობა ღმერთს, მსგავს მსხვერპლშეწირვაზე საქართველოში არაფერი მსმენია”, - აცხადებს ბიძინაშვილი.
როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, ორიოდე თვის წინ, გურჯაანის სოფელ ახაშენის სასაფლაო დაარბიეს - უცნობებმა გარდაცვლილთა საფლავის ქვები მასობრივად გატეხეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ქმედება ბავშვებმა ჩაიდინეს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ საფლავის მძიმე ქვების გატეხვის და დაზიანების უნარი ბავშვებს არ შესწევთ. ადგილობრივთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი, გარკვეულწილად, მსხვერპლშეწირვის რიტუალთანაა დაკავშირებული.
ვერავინ უარყოფს, რომ თბილისში მსხვერპლშეწირვის რიტუალები ტარდება, რისი ნათელი მაგალითიც სხვადასხვა გვირაბში, სასაფლაოსა თუ მიტოვებულ შენობაში ნაპოვნი ცხოველთა ფიტულები და სისხლიანი წარწერებია, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს.
იმის გასარკვევად, ნამდვილად გახდა თუ არა იური ვაზაგაშვილი სისხლიანი რიტუალის მსხვერპლი, “ქართული სიტყვა” კიდევ ერთ ექსტრასენსს დაუკავშირდა, რომელმაც პარაფსიქოლოგ იანას მსგავსად, ანონიმურობა მოითხოვა.
“ეს ადამიანი სიკვდილს არ ელოდა... მათ მსგავსად, ვინც მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა, მუქი სამოსი ეცვა... ისინი ბევრნი იყვნენ... რამდენიმე ადამიანს ვხედავ, თუმცა არ შემიძლია, ზუსტი რაოდენობა დავასახელო... ძალიან ცუდი ენერგია მოდის... შავ-ბნელი საქმეა... ისინი, ვინც ეს ჩაიდინეს, რაღაც რიტუალს ასრულებდნენ. შავი მაგიის წევრები იყვნენ... ეს კაცი მსხვერპლია”, - ამბობს ესმა.
რაც შეეხება შემთხვევით მკვლელობებს, კაცობრიობის ისტორიას ამის ანალოგიც მრავლად აქვს. თვალსაჩინოებისთვის, “მენსონების ოჯახის” მიერ მოკლული ადამიანებიც გამოდგებიან: ახალგაზრდა მკვლელებმა ტელევიზიით გაჟღერებული ინფორმაციით შეიტყვეს, რომ მათ მიერ წინა ღამით მოკლულ ადამიანებს შორის, გამოჩენილი რეჟისორის, რომან პოლანსკის ორსული მეუღლე, შერონ ტეიტიც იმყოფებოდა. ახალმა ამბავმა მათ თავზარი დასცა, თუმცა უკვე გვიანი იყო. დღეს, მკვლელობიდნ 45 წლის შემდეგაც, ისინი კალიფორნიის ციხეში არიან და შეწყალებას ელიან.
აღნიშნული საკითხის უფრო ღრმად შესასწავლად, “ქართული სიტყვა” სხვა ცნობილ პარაფსიქოლოგებსაც, მათ შორის, “ექსტრასენსთა ბრძოლის” ფინალისტებს - თემურ ხიმიშვილსა და ლალი ხელაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ საუბარი არ ისურვეს:
- ქალბატონო ლალი, მოგესალმებით... თქვენი დახმარება მჭირდება... რამდენიმე წუთი გაქვთ?
- რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით მირეკავთ და ამაზე საუბარი არ მინდა. მე არც პოლიტიკურ პროგნოზებს ვაკეთებ და არც - ასეთ სკანდალურ საკითხებზე კომენტარს... ბოდიშს გიხდით...
ეს სტატია მიზნად ადამიანების შეცდომაში შეყვანას, ან რომელიმე კონკრეტული ჯგუფების დისკრედიტირებას არ ისახავს. ჩვენს მიერ მოპოვებული მასალა მომხდარის ერთ-ერთი ვერსიაა, რომელსაც არსებობის უფლება, უდავოდ, აქვს.
გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ იური ვაზაგაშვილის კვალი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებამდე ან, სულაც, რუსეთამდე მივა. რუსულ ვერსიას, პირდაპირ თუ ირიბად, კონსტანტინე გამსახურდიაც იზიარებს, რომელმაც “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა:
“ერნესტ იასანის რუსული სერიალი “თხუნელა” (“კროტ”), რომელიც 2001 წელსაა გადაღებული, მაყურებლის წინაშე ადამიანის მკვლელობის საინტერესო მეთოდს წარმოაჩენს: ქართველ მაფიოზს, გვარად მარგელაძეს მოკვლას უპირებენ იმით, რომ ძმის საფლავში უმონტაჟებენ დისტანციური მართვის ბომბს, რომელიც ფეთქდება... თუკი გავითვალისწინებთ კინემატოგრაფიის გავლენას ადამიანებსა და ორგანიზებულ ჯგუფებზე, მათთვის დანაშაულის მეთოდის შთაგონების მხრივ, ნამდვილად ანგარიშგასაწევი იქნება ბოლოდროინდელი მოვლენების კონტექსტშიც. თანაც საყურადღებოა: ის, ვინც უნდა მოკლან, ეროვნებით ქართველია. ასე რომ, დიდი ალბათობით, პოსტსაბჭოური სივრცისთვის დამახასიათებელ ტიპურ მიდგომებთან უნდა გვქონდეს საქმე”.
და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: როგორც “ქართულ სიტყვას” უთხრეს, სასფლაოზე მკვლელობა ქართული სინამდვილისთვის უცხო არაა - 90-იან წლებში, საქართველოდან სილიკომანგანუმი გაჰქონდათ და, როგორც წყარო ამბობს, ხალხი ფულში “გადააგდეს”.
“ამ საქმეში მთელი მაშინდელი ძალოვანი უწყებები იყვნენ ჩართულნი და ეს გასაკვირიც არაა, რადგან ლაპარაკი მილიონებს ეხებოდა... ამ საკითხს ქურდი “კეტე” აგვარებდა, რომელიც მოკლეს. მოგვიანებით კი, მკვლელი “კეტეს” საფლავზე დააკლეს, ანუ სასაფლაო მკვლელობის ცინიკური ფორმაა, რომელსაც ოპერატიულმა მუშაკებმა ყურადღება უნდა მიაქციონ”, - ამბობს “ქართული სიტყვის” წყარო.