,,დუბინკები' მოაკლდება, უდო-ს კომისია უქმდება, ,,კარცერში' მოთავსების ვადა მცირდება - ცვლილება 40 კანონში!

,,დუბინკები' მოაკლდება, უდო-ს კომისია უქმდება, ,,კარცერში' მოთავსების ვადა მცირდება - ცვლილება 40 კანონში!

ვინ განიხილავს პატიმრების ვადამდე გათავისუფლების საკითხს უდო-ს გაუქმების შემდეგ

იურიდიულმა კომიტეტმა 28 იანვარს 5 მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა და 5-საათიანი სხდომაც ხუთივესთვის 5 გამსვლელი ხმის მიცემით დაასრულა. განსახილველ საკითხთა შორის პირველი ფრაქცია ,,ოცნების' მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მერაბ ტურავას წარდგენა იყო. ტურავა ამ პოზიციაზე უკვე მეორედ წარადგინეს, რადგან დაახლოებით ერთი თვის წინ უმრავლესობას მისი კანდიდატურა არასაკმარისი ხმების გამო, შემთხვევით ,,ჩაუვარდა'.    

ტურავას ბიოგრაფიის დეტალები კომიტეტს ელისო ჩაფიძემ გააცნო. მერაბ ტურავამ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დასძინა, მერე რა, რომ ,,ოცნებამ' წარმადგინა, მოსამართლედ არჩევის შემთხვევაში, მიუკერძოებელი ვიქნებიო და მის კანდიდატურას კომიტეტის 7 წევრიდან მხარი 5-მა დაუჭირა. მეორე, მესამე და მეოთხე საკითხები ცესკო- ს წევრების ჩანაცვლება იყო, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. ასეთი სამი ადამიანია. მათ ნაცვლად, პრეზიდენტმა, თითო ვაკანსიაზე 2-2 კანდიდატი დაასახელა: კონსტანტინე კირვალიძის ნაცვლად _ გიორგი ჭიქაბერიძე და ნათია ჯიქია; თამაზ შარმანაშვილის ნაცვლად _ დავით ღონღაძე და ზურაბ ხრიკაძე, გიზო მჭედლიძის ნაცვლად კი - გიორგი ჯავახიშვილი და ლევან ტურაშვილი. მანამდე, პრეზიდენტს უმრავლესობამ ორი კანდიდატურა უკვე ჩაუგდო, მათი კარგად გაცნობა- შეფასება ვერ მოვასწარითო. სინამდვილეში კი, ,,ოცნებას' ის ეწყინა, კანდიდატები ჩვენ რატომ არ შეგვითანხმაო. კომიტეტმა ექვსივე კანდიდატის ბიოგრაფია მოისმინა, კანდიდატებიც სიამოვნებით გამოდიოდნენ ტრიბუნასთან და ყვებოდნენ, თუ რა ზეწოლისა და დარღვევების პირობებში უწევდათ მუშაობა გასულ წლებში და რა კარგი იყო წინა არჩევნებთან შედარებით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ,,ოცნებასთან' შეთანხმებით, თუ შეუთანხმებლად, პრეზიდენტმა საარჩევნო ტექნოლოგიებში მართლაც გამოცდილი კანდიდატები დაასახელა და რამდენიმე მათგანს, მედია, საარჩევნო ექსპერტის რანგში მანამდეც იცნობდა. მაგალითად, დავით ღონღაძეს, რომელსაც ერთი ,,ეშმაკური' იდეა ჰქონდა: საარჩევნო დავების განხილვა ცესკო- ს გამოვარიდოთ და ე.წ. საარჩევნო ტრიბუნალი შევქმნათ, რომელიც დროებითი ორგანო იქნება და მხოლოდ საარჩევნო დავებს განიხილავსო. ხმალაძემ, როგორც ყოველთვის, ღონღაძესაც და სხვა კანდიდატებსაც ოპონირება გაუწია და საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ხრიკაძისა და ლევან ტურაშვილის კანდიდატურა გიორგი მარგველაშვილმა უმრავლესობის წინაშე უკვე მეორედ დააყენა, მათგან ხრიკაძემ საკმარისი ხმები მიიღო, ტურაშვილმა კი 4. დანარჩენმა კანდიდატებმა ფარული ხმის მიცემა წარმატებით გაიარეს. ხმათა გამსვლელი რაოდენობა, ამ შემთხვევაშიც, 5 იყო. ნახევარსაათიანი შესვენებისა და პიონერული ფიცის დადების შემდეგ, დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე რომ დაბრუნდნენ, მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა დაიწყო. ცვლილებას თამამად შეიძლება ვუწოდოთ რეფორმა სასჯელაღსრულების სისტემაში. რეფორმის შედეგად, ცვლილებები 40 კანონში შედის და ამ დიდი საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი მთავრობაა. მომხსენებელი ციხეების მინისტრის პირველი მოადგილე, კახა კახიშვილი გახლდათ. საკანონმდებლო პაკეტი კი იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. კომიტეტს ამ პაკეტზე მხოლოდ სავალდებულო დასკვნის დადება ევალება, რადგან წამყვანი კომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვისაა. კახა კახიშვილმა მცირე შესავალი გააკეთა და რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოკვეთა: ,,სასჯელაღსრულების ძირითადი ორგანო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (სად) ნაცვლად, ხდება პენიტენციური დაწესებულება, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გარდაიქმნება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფად _ პენიტენციურ დეპარტამენტად... სამინისტრო ორ ძირითად მიმართულებაზე იმუშავებს: სამოქალაქო სამსახური და სპეციალური პენიტენციური სამსახური. სამოქალაქო სამსახურში გაერთიანდებიან „დამხმარე“ ფუნქციების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც საჯარო მოსამსახურეებით, ანუ სამოქალაქო პირებით დაკომპლექტდებიან. მათ არ ექნებათ სპეციალური წოდებები, არ მოეთხოვებათ სპეცმომზადების კურსების გავლა. ხოლო პენიტენციურ სამსახურში გაერთიანდებიან პენიტენციური დაწესებულებები და სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა საქმიანობაც სასჯელის უშუალო აღსრულება და მასთან დაკავშირებული ფუნქციებია. ამ სამსახურის თანამშრომლები კი სპეციალური წოდების მქონე (პოლიციელთან გათანაბრებული) სპეცმომზადებაგავლილი პირები იქნებიან'.

გაირკვა ისიც, რომ პენიტენციურ დეპარტამენტს მინისტრის მიერ დანიშნული გენდირექტორი უხელმძღვანელებს, რომელსაც სამართლებრივი აქტების გამოცემისა და ზოგიერთი მოსამსახურის თანამდებობებზე დანიშვნის უფლება მიენიჭება. მხოლოდ ცვლილებათა ძალიან მოკლე ჩამონათვალს კახიშვილმა ნახევარ საათზე მეტი მოანდომა. ამ ჩამონათვალიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი ასეთია: 1. სად-ის გაუქმება; 2. სისტემის ორად, სამხედრო და სამოქალაქო პირებად გაყოფა, რაც ნიშნავს, რომ ვთქვათ, სამინისტროს ბუღალტერს სამხედრო ჩინის ქონა აღარ მოეთხოვება; 3. სამხედრო ჩინის ქონა აღარც სოციალურ სამსახურში დასაქმებულ სოცმუშაკებს მოეთხოვებათ, რადგან პატიმრები სამოქალაქო პირებს უფრო ენდობიან, ვიდრე სამხედროებს; 4. დაიწყება ციხეების ეტაპობრივი დეცენტრალიზაცია: ყველა ციხეს ექნება საკუთარი შიდადებულება, ხოლო ყველა მოსამსახურისთვის გაიწერება ინდივიდუალური უფლება- მოვალეობები. მოსამსახურეები ამ უფლებებს გაეცნობიან და ხელს მოაწერენ, რათა მათ მიერ, რაიმე დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დანაშაულს სამართლებრივი კვალიფიკაცია უფრო ზუსტად და იოლად მიეცეს; 5. იქმნება მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორით დაკომპლექტდება და შეიმუშავებს და დახვეწს პენიტენციური სისტემის პოლიტიკას; 6. გადაიხედება გენერალური ინსპექციის უფლება- მოვალეობები. ეს სამსახური დღეს მხოლოდ პოსტფაქტუმ მოქმედებს, რეფორმის შედეგად კი მას მონიტორინგის ფუნქციაც დაეკისრება, რითაც პრევენციული მოქმედების ანუ დანაშაულის ჩადენამდე აღმოფხვრის საშუალება მიეცემა; 7. სწავლების ცენტრს დაემატება ორკვირიანი ე.წ. ტრენინგის ფუნქცია. თუკი აქამდე ციხეში მუშაობის დასაწყებად პირი ტესტირებას აბარებდა, კონკურსში იმარჯვებდა და საქმიანობას ისე იწყებდა, რომ პატიმართან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, ამიერიდან გაივლის სავალდებულო, უფასო ორკვირიან სწავლებას და შესაბამის სერტიფიკატს მიიღებს. ხოლო მის მიერ მიღებული ქულების რაოდენობა ხელფასის რაოდენობასაც განსაზღვრავს _ ვინც მეტ ქულას მიიღებს, იგივე პოზიციაზე დასაქმებულ პირზე მეტი ხელფასი შეიძლება ჰქონდეს; 8. 20 დღით მცირდება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა, რასაც სად-ის სტატუსის გაუქმება იწვევს, რადგან ამიერიდან, საჩივარს პირდაპირ სამინისტრო განიხილავს და არა მის შიგნით არსებული რამდენიმე ინსპექცია; 9. უქმდება ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია ანუ უდო. დღეს ამ საკითხს ადგილობრივი საბჭოები იხილავენ. ასეთი ოთხია: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, არასრულწლოვნებისა და ქალთა. საქმეებს, ასევე, იხილავს სასამართლო და ადგილობრივმა საბჭომ და სასამართლომ უარყოფითი განაჩენი რომ გამოიტანონ, უდო-ს კომისიას დადებითი დასკვნის დადების უფლება მაინც აქვს. კახიშვილის თქმით, ეს იურიდიული ნონსენსია, ხოლო უდო-ს მიერ განხილულ საქმეებზე დაკვირვების შედეგად, ჩნდება ეჭვი, რომ არსებობენ ე.წ. ელიტური მსჯავრდებულები. კახიშვილმა კონკრეტული სტატისტიკაც მოიშველია: უდო-ს კომისიაში ათასობით განაცხადია შესული, მათგან დაკმაყოფილებული კი ზუსტად იმდენია, რამდენიც განხილულია. ათასებიდან მხოლოდ ე.წ. ელიტური, 1400 პატიმარი გაამართლეს და ამდენივე საქმე განიხილეს, დანარჩენებს კი მათი საქმეების განხილვის პატივიც არ დასდეს, რაც ეჭვებს ნამდვილად იწვევსო. აქვე ისიც გაირკვა, რომ სამინისტრო ევროკავშირთან ერთად იკვლევს, პატიმრების ვადამდე გათავისუფლების რა მოდელია უფრო ეფექტური და სწორედ ამ მოდელს გადმოვიტანთ საქართველოში; 10. რეფორმის ფარგლებში 20-დან 14 დღემდე მცირდება სამარტოო საკანში პატიმრის მოთავსების ვადა. ამ საკანს კი ციხეებში ორი, დასჯისა და უსაფრთხოების მიზნით იყენებენ; 11. სამიდან ერთ თვემდე მცირდება მსჯავრდებულის მხრიდან გასაჩივრების ვადაც; 12. რეზინის ხელკეტის გამოყენება იკრძალება, რადგან, როგორც აღმოჩნდა, რეზინის ხელკეტის დარტყმის ძალა 60 კგ-ზე მეტია და დახურულ სივრცეში მისმა გამოყენებამ, შესაძლოა, ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. ამ ხელკეტს პოლიციის ხელკეტი შეცვლის, რომელიც უფრო მოკლეა და დარტყმის ძალაც ნაკლები აქვს. საგანგებოდ აღინიშნა ისიც, რომ ეს იარაღი არალეტალურია. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, მომზადების პროცესშია ისეთი საკითხები, როგორიცაა ციხეებში დამონტაჟებული ვიდეომასალის კონტროლი, შენახვის ვადის დაზუსტება და ა.შ. ასევე, შეიცვლება მსჯავრდებულების გადანაწილების წესი სხვადასხვა დაწესებულებებში. დღეს ამას სად-ის უფროსი არეგულირებს, მაგრამ კახიშვილის თქმით, შეიქმნება მულტიდისციპლინური, ფსიქოლოგით, სოციალური მუშაკით, რეჟიმისა და უსაფრთხოების ოფიცრებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს, რომელი პატიმარი სად მოათავსოს. სიახლის მიზანი კი ისაა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და კანონიერი ქურდები დანარჩენ პატიმრებს გაარიდონ, რომელთაც ვადის ნორმალურად მოხდა სურთ და ,,მაყურებლის' ფუნქციის შეთავსებაც არ სურთ. ქურდული სუბკულტურის მიმდევრებს მაღალი რისკების ციხეებში მოვათავსებთ, დანარჩენებს და ნაკლებმძიმე დანაშაულის ჩამდენებს კი დაბალი რისკების დაწესებულებაში, სადაც მათთვის მუშაობა და სწავლება სავალდებულო იქნებაო. მანვე უპასუხა კითხვებსა და შენიშვნებს უდო-ს კომისიის გაუქმების შესახებ და განმარტა, რომ ახალი სამსახურის დამკვიდრებამდე, ან სხვა გადაწყვეტილების მიღებამდე (რაც შესაძლოა, მეორე მოსმენამდე მოესწროს), პატიმრების საქმეებს ის ორგანო განიხილავს, რომელსაც ეს საქმიანობა 6 თვეში ერთხელ, სავალდებულო წესით, ისედაც ეხება _ ადგილობრივი საბჭოები.