რა დარჩა „ოცნებისგან“

რა დარჩა „ოცნებისგან“

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54.9 % მოიპოვა. საინტერესოა, სამი წლის თავზე რა შეიცვალა იმათთვის, ვინც „ოცნებას“ მისცა ხმა - რას აკეთებს რადიკალურად განსხვავებულად „ქართული ოცნება“ ისეთს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აკეთებდა.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, თუ რა ლოზუნგებით მოვიდა „ოცნება“ ხელისუფლებაში: სამართლიანი და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტები, ეკონომიკის აღორძინება (უმთავრესად, თუმცა არა მხოლოდ, რუსეთის ბაზრის გახსნით), უმუშევრობის აღმოფხვრა, ფასების და ტარიფების შემცირება, შრომითი უფლებების დაცვა, მდგრადი განვითარება და ურბანული პოლიტიკა. ამ დაპირებებიდან არც ერთი არ შესრულდა. უფრო მეტიც, არც ერთ სფეროში ოდნავი ძვრაც კი არ ყოფილა. ამაზე უკვე იმდენი ვწერეთ მეც და სხვებმაც, რომ დეტალურად, პუნქტობრივად ჩამოთვლას და ილუსტრირებას ამ სტატიაში აღარ შევუდგები. არის ორი რამ, რაზეც მეტ-ნაკლებად ყველანი ვთანხმდებით - ყოველ შემთხვევაში ისინი, ვისაც მეტ-ნაკლებად მიუკერძოებელი პოზიცია გვაქვს ორ მთავარ პარტიასთან მიმართებაში (და ასეთი, ჩემი აზრით, მოსახლეობის უმრავლესობაა): პირველი არის ის, რომ აშკარა წინგადადგმული ნაბიჯია უნივერსალური ჯანდაცვის სისტემაზე გადასვლა. წინა მთავრობის დროს პენსიონერი ან საჯარო უწყებაში დასაქმებული თუ არ იყავი, სახელმწიფო ავადმყოფობის დროს ქუჩაში გტოვებდა. ახლა ყველა მოქალაქეს აქვს წვდომა უნივერსალურ ჯანდაცვაზე და ხალხს იმის შიში უკვე ნაკლებად აქვს, რომ ავად გახდომა უზარმაზარ ვალებში ჩავარდნის ტოლფასი იქნება. მეორე, რაც უდავოდ დადებითისკენ შეიცვალა, ის არის, რომ პენიტენციალურ სისტემაში მდგომარეობა გაუმჯობესდა (თუმცა ძალოვანებზე ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიზებული არ არიან და ერთბაშად ყველანი კანონმორჩილები გახდნენ).

ყველა სხვა თვალსაზრისით, მოსახლეობის ყოფითი მდგომარეობა არ შეცვლილა და ზოგ შემთხვევაში, პირიქით, გაუარესდა კიდეც. „ქართულ ოცნებას“ არ აღმოაჩნდა არც ორგანიზაციული რესურსები, არც კომპეტენცია და არც პოლიტიკური ნება არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის რადიკალურად შესაცვლელად. ამ ფაქტმა „ოცნებას“ ჩამოაშორა ის მთავარი „იდეოლოგიური“ ელემენტები, რაც მის იმიჯს შეადგენდა.

უმთავრესად შეიცვალა დამოკიდებულება „ოცნების“ მილიარდერი ლიდერის მიმართ. თუ 2012 წლის არჩევნების წინ მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ მილიარდერი ბიზნესმენის მმართველობა აუცილებლობის წესით მოიტანდა ეკონომიკურ აღმავლობას, დღეს საჯარო სივრცეში ასეთი მოსაზრებები სულ უფრო ნაკლებად ისმის. პირიქით, ახლა უფრო მეტად ხმარობენ ეპითეტს „ოლიგარქი“, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დატვირთვა აქვს. მდიდარი ბიზნესმენის ხატი, როგორც ქვეყნის გადამრჩენელი მესიისა, დაიმსხვრა. არანორმალური სიმდიდრე ქართული საზოგადოებისთვის მაინცდამაინც პოლიტიკურ არგუმენტად აღარ ითვლება.

მეორე, რაც უდავოდ შეიცვალა, ის არის, რომ თუკი ვინმეს „ქართული ოცნების“ ლიდერების ინტელექტუალური შესაძლებლობების სჯეროდა, დღეს ეს რწმენა მთლიანად გაუქრა. წინა მთავრობის წევრები თუ აღმოჩნდნენ თავქარიანი ახალგაზრდები, რომლებმაც ბევრ შემთხვევაში ზომა-წონა ვერ დაიცვეს და გაკეთებულ საქმეებთან ერთად ბევრი რამ გააფუჭეს, „ოცნება“, როგორც იტყვიან, „კარგად დავიწყებული ძველი“ აღმოჩნდა. შევარდნაძისდროინდელი ნომენკლატურის აღორძინებამ და ახალი სახეებით შევსებამ (ღარიბაშვილი, ვოლსკი, ბესელია და ა.შ.) ქვეყანას დადებითი ვერაფერი მოუტანა. პირიქით, უფრო გამყარდა იმის რწმენა, რომ ეს ადამიანები არც კომპეტენტურებად შეიძლება ჩაითვალონ, არც გამოცდილებით დაგროვილი სიბრძნე აქვთ და არც პიროვნულად მოწიფული და გაწონასწორებული არიან (მოწიფულობაზე პრეტენზია განსაკუთრებით ჰქონდა ყოფილ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, რომელმაც დაკავებული თანამდებობა მალევე დატოვა). „ოცნების“ პოლიტიკოსების კომპეტენტურობის, გონიერების და მოწიფულობის შესახებ თუკი ვინმეს რამე ილუზია კიდევ ჰქონდა შერჩენილი, პარლამენტში გამართულმა ბოლო მუშტი-კრივმა, ესეც მთლიანად და, ეჭვი მაქვს, სამუდამოდ გააქრო.

ერთი სიტყვით თუ შევაჯამებთ, დღეს „ოცნებისგან“ დარჩა პოლიტიკური სიცარიელე - ვაკუუმი, რომელიც მხოლოდ იმის ხარჯზე არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 51 %-ს ბევრად ჩამორჩება. ამ ვაკუუმის შევსებას შეეცდებიან, ერთი მხრივ, გააქტიურებული ულტრაკონსერვატორული ძალები და მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ „ახალი“ სახეები, რომელთა რიტორიკაც რეალობას ასევე დიდი ხანია, რაც დაშორდა. ერთადერთი გზა, რომელიც ვაკუუმიდან თავის დაღწევაში დაგვეხმარება, მისი არსებობის აღიარება და გამომწვევი მიზეზების კრიტიკულად გადააზრებაა. იმისთვის, რომ სიტუაცია რადიკალურად გამოსწორდეს, პირველ რიგში, აუცილებელია იმის აღიარება, რომ არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე ამოწურეს. ილუზიების ბოლომდე დამსხვრევა აუცილებლად მოიტანს ახალ იდეებს.