საქართველოდან გაძევებული პატიმრის აღსარება და დაბრუნება სამშობლოში
ბოლო დღეები, საზოგადოება თუ სოციალური ქსელები ეკა ყუშიტაშვილის თავგადასავლებით ერთობა. კარიკატურები, სახალისო ფრაზები, მიმართვები... მოკლედ, თელაველმა ეკამ ერი გაახალისა, თუმცა ამ ხალისის უკან ეკას დამჯარიმებელი პატრულის უმუშევრად დარჩენა დგას. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ყუშიტაშვილსა და 2006 წლის 28 იანვარს შარდენ ბარში სუფრის წევრებს შორის განსხვავება არ არის. ერთი ეგაა, იქ მასშტაბი იყო დიდი, თორემ პოლიციის მაღალჩინოსნებმა ტუჩებდაბერილი ქალის გამო ვიღაც დასაჯეს. მე თუ მკითხავთ, წინა ხელისუფლება სწორედ დაუსჯელობის სინდრომმა გადაიყოლა, იმის შეგრძნებამ, რომ პასუხს არავინ არაფერზე მოსთხოვდა და თუ დღევანდელი ხელისუფლებაც ამ გზით ივლის, ცხრა წელი ნამდვილად არავინ დააცდის.
ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, 2007 წელს დაიწყო. ისეთი რეზონანსული არ იყო, როგორც სხვა ცნობილი საქმეები, თუმცა ნაცელიტაში ეს ამბავი ყველამ კარგად იცის.
რუსთავის #17 ზონის #72 საკანში ერთი პატიმარი იჯდა. არა, იმ კამერაში ერთი კი არა, ბევრი იჯდა, მაგრამ ის ერთი განსაკუთრებული იყო, რადგან ადმინისტრაცია მოწიწებით ეპყრობოდა. მისთვის ზონაზე არათუ განსხვავებული ტანსაცმელი, სუნამოები, სახის კრემები, შამპუნები და ისეთი ჰიგიენური საშუალებები შემოჰქონდათ, ბევრს თავისუფლებაზეც სანატრელი რომ ჰქონდა.
,,პიდარასტი ხარ, შეჩემა?!', - ჰკითხა ერთხელ ერთმა პატიმარმა ლუკას და მანაც, კითხვაზე კითხვითვე აუღელვებლად უპასუხა: ,,რატომ მეკითხები?'.
,,აბა, რა პონტია, ხელზე კრემი, შამპუნი, მერე ,,პოსლე ბრიტია' და სირობები. ზონაა აქ, ძმაო, სანატორიუმი კი არა. თუ დვიჟენია შეგიძლია მოიყვანო, კარგი ჩაი გაჩითე ან რამე ისეთი, ყველას რომ გაუსწორდეს', - დაუსაბუთა პატიმარმა.
ლუკა მშვიდად მივიდა თავის კომოდთან, უჯრა გამოაღო, ძვირადღირებული ჩაი ამოიღო და მიაწოდა.
,,ვა, რა მაგარია?! კიდევ გაქვს, მომეცი, რა, შენ მაინც არ სვამ', - გაუხარდა პატიმარს.
,,ეგ იმ ნაგავს არ სვამს, აქ რომ იყიდება, თორემ მაგას სვამს. ახლა ეგ შეირგე და ტექსტები დაალაგე, როცა კაცს ელაპარაკები. პიდარასტი მამაშენია შენი გაკეთებისთვის', - ლუკას და მის სტუმარს ზურგსუკან #0578-ის ხმა მოესმათ.
ლუკას მეგობრის დანახვა გაუხარდა, მეორეს - აშკარად არა და საკნიდან სწრაფად გავარდა, რადგან მიხვდა, რომ დარჩენილიყო, ჩაის წაართმევდნენ.
,,შენ კიდე რა გჭირს, რამდენი სირიც კამერაში ამოვა, იმდენი ჩაი თუ დაურიგე, მაგათ ვერ გააძღობ! ამ დებილს გინდა ეგ დაულევია, გინდა შარდი, მაინც ვერ გაარჩევს. მეც ჩაიზე ვარ, გამითავდა', - უთხრა #0578-მა.
,,არ მოგცემ', - სერიოზულად უთხრა ლუკამ.
,,რატომ?!'
,,შენ არ მითხარი, რამდენი სირიც ამოვა კამერაში, იმდენი ჩაი თუ დაარიგე, ეგრე სად არისო?!' - გადაიხარხარა ლუკამ და თან ჩაის ახალი ყუთი ამოიღო უჯრიდან.
,,ჰო, ჰო... იღადავე. წამიყვანენ ერთხელ ამ ზონიდან სხვაგან და დარჩები ამათ ხელში', - ამის თქმა იყო და ლუკას სახე შეეცვალა.
,,რომ იცოდე... ეგ თუ მოხდა, რომელ ზონაზეც წახვალ, იქ მოგყვები. ერთი სიტყვა და შეასრულებენ. ვერ გავძლებ მე აქ, მართლა ვერ გავძლებ', - გაეღიმა ლუკას.
,,მართლა, ეგ როდის უნდა მომიყვე, მაგ ერთ სიტყვას ვის ეუბნები?! ისიც მაინტერესებს, მართლა ელტონ ჯონივით რატომ გექცევიან, პატივისცემას ვგულისხმობ', - გაეღიმა #0578-ს.
,,გრძელი ისტორიაა და თან მელოდრამა', - მწარედ გაეცინა ლუკას.
,,ჰოდა, მომიყევი ერთხელ ეგ გრძელი ისტორია. თან მელოდრამა მიყვარს, კარგი ჟანრია', - უთხრა #0578-მა და კამერიდან გავიდა.
ლუკა და პატიმარი #0578 თითქმის სულ ერთად იყვნენ. ერთ დღეს ლუკამ პირდაპირ უთხრა, შეიძლება მალე გამიშვან და მინდა იცოდე, რა გადამხდა თავს, რადგან ეჭვი მაქვს, გასვლიდან სამ დღეში საქართველოში აღარ გამაჩერებენო.
,,რომელი კრიმინალური ავტორიტეტი შენ მყავხარ, სამი დღე რომ მოგცენ?' - გაეცინა #0578-ს.
,,მე არა, მაგრამ ჩემი ცოლია ავტორიტეტი', - ჩუმად თქვა ლუკამ.
,,ჰო, ცოლი... არასოდეს მიკითხავს, მაგრამ იშვიათად ახსენებ. შვილს უფრო ხშირად. დაშორებული ხარ? შეგიძლია არ მითხრა, ძალიან პირადულს ვეხები', - მეგობრულად გაუღიმა #0578-მა.
,,ოფიციალურად არა. ისე კი, აღარ ვართ ერთად. მაგის გამო ვარ ციხეში. უფრო ზუსტად, მაგის გამო კი არა, მაგის სილამაზის გამო', - მწარედ ჩაეღიმა ლუკას და ნარზე ჩამოჯდა.
#0578 გვერდით მიუჯდა და ჩუმად უთხრა: ,,დაიწყე'!
,,ლამაზია ჩემი ცოლი, ოღონდ ისეთი ლამაზი კი არა, ჩვენს ვითომ ვარსკვლავებს რომ აჩვენებენ ტელევიზორში. აი, მაკა ასათიანი ხომ ლამაზია? მაგაზე ლამაზია ჩემი ცოლი. ახლა არ მითხრა, როგორ გამოგყვა, თუ ასეთიაო. ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი, ბაღიდან... ვუყვარდი და გამომყვა. ჰოდა, ერთ დღეს ცოტა ანერვიულებული მოვიდა სახლში, მარკეტში ვიღაც ტიპი გადამეკიდა, გინდა თუ არა, მითხარი, ვინ ხარო. ამას არაფერი უთქვამს, მაგრამ მერე გამოტყდა, რომ ის ტიპი მეორედ შეხვდა უკვე. პირველად შემთხვევით, მეორედ სპეციალურად დააბირჟავა მარკეტის წინ, მანქანით ელოდა თურმე და უთქვამს, ხვალაც აქ ვიქნები და ზეგაც, სანამ არ გავიგებ, ვინ ხარო.
მეორე დღეს მეც გავყევი და იმის მიუხედავად, რომ კაცი ახლდა, ის ტიპი მაინც გადმოხტა ,,ლექსუსის' ჯიპიდან, პირდაპირ მოვიდა და ჩემს ცოლს მკლავზე მოკიდა ხელი, ხომ გითხარი, დაგელოდებიო. არც დავფიქრებულვარ, ისე დავარტყი. მოსულმა გაოცებით შემომხედა, მერე ნიკაპში ისეთი ამომცხო, გავითიშე. აზრზე რომ მოვედი, სადღაც ოთახში ვეგდე. კარგი ნაცემი ვიყავი, მთელი სხეული მტკიოდა. ცოტა ხანში ის ტიპი მოვიდა ისევ, წიხლი ჩამაზილა, მაგინა და მერე მითხრა, ვინ ჩემი სირი ხარ, ამდენს რომ ბედავო?! გესმის?! ცოლს ვიცავდი და თურმე ვბედავ. ხმა არ ამომიღია. საღამოს გარეთ გამომიყვანეს და მივხვდი, წყნეთში ვყავდი. ვიპოვი ახლაც იმ სახლს, რომ გამიშვან. დამაგდეს ქუჩაში ასე ნაცემი და წავიდნენ. მხოლოდ ერთი კაცი ეხმარებოდა. ,,ლექსუსის' ნომერი დავიმახსოვრე, დამალვა არც უცდიათ და მერე ჩემს მეგობარ პატრულს ვთხოვე, გამირკვიე, ვინ არის-მეთქი. იმანაც გაარკვია და მითხრა, მაგ მანქანით ადეიშვილის დაცვა მოძრაობსო. მივხვდი, შარში ვიყავი. შინ მისულს ცოლმა მითხრა, რომ გაითიშე, კივილი ავტეხე, მაგრამ იმ ტიპმა მანქანაში ჩაგტენა და წაგიყვანაო. არაფერს ერიდებოდნენ. სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა რაღაც. საბურთალოზე, უბანში, სადაც ბავშვობა გავატარეთ, ბინა ორივეს გვქონდა. ორივემ გავყიდეთ. და ავჭალაში გადავედით. თითქოს ყველაფერი დამთავრდა... მაგრამ მალე იქაც მოგვაგნეს. ჩემს ცოლს პირდაპირ უთხრეს, შეეშვი მაგას, ცხოვრებას განახებთო. ახლაც არ ვიცი, რა გზებით, მაგრამ ადეიშვილამდე მივედი. მიმიღო, მომისმინა, საერთოდ, სიტყვაც არ უთქვამს, ერთი სიტყვაც კი, უბრალოდ თავი დაიქნია და გამომიშვა. მეორე დღეს ჩემს შპს-ში ფინანსური შემოვიდა, დარღვევები აღმომიჩინეს და ბორკილებით გლდანში გამაქანეს. კინაღამ მომკლეს ცემით. ერთხელ, მეორედ, მესამედ...
ადვოკატს ყველაფერს ვუყვებოდი. მას ჩემებთან გქონდა კავშირი. ერთ დღეს გამომიცხადა, შენი ცოლი სახლიდან წავიდა, ვიღაც ტიპთან ცხოვრობსო. კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ ციხიდან რა უნდა მექნა?! სამაგიეროდ, მიდგომა შეიცვალა - მცემდნენ კი არა, ხელისგულზე მატარებდნენ და ვხვდებოდი, ამის საფასურს გარეთ ცოლი ნატურით იხდიდა. ახლა რომ გითხრა, გაბოროტებული არ ვარ-თქო, მოგატყუებ, მაგრამ რა ვქნა? მითხარი, რა გავაკეთო?! ხომ ხარ მეგობარი?! მეუბნებიან, მალე გაგიშვებთო. ისევ ესენი არიან ვლასტში, მე როგორც მითხრეს, ჩემი ცოლი ახლა სხვასთან არის, კიდევ ერთ მაღალჩინოსანთან. ზამთარ-ზაფხულ ევროპული თუ აზიური დასვენება არ აკლია, ბავშვი ხან მაგასთან არის, ხან ჩემებთან. სამსახურიც დაიწყო სადღაც პიარში თუ რაღაც სისულელეში და მე კიდევ ამ ყველაფერს ისე მიგზავნიან, არ ვითხოვ. მოაქვთ, ტოვებენ და ეგ არის რა', - დაასრულა ლუკამ.
,,რას აპირებ?!' - წართმეული ხმით ჰკითხა #0578-მა.
,,რა უნდა დავაპირო, მითხარი?! შემომითვალეს, რომ გამოხვალ, ევროპაში გაგიშვებთ, საქმესაც გინახავთო. იციან, ენები ვიცი, არ გამიჭირდება იქ, მაგრამ... ცოლი წამართვეს, ახლა შვილის გარეშეც მტოვებენ. ვიღაც რომ მოვკლა, მეც მომკლავენ. თავს ხომ არ მოვიკლავ?! მითხარი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?! შენ რას იზამდი, ეგ მაინც მითხარი?!' - ლუკა თითქმის ტიროდა.
,,მე რას ვიზამდი, შენ არ გამოგადგება. შენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცე. ინდივიდუალურია ეს. ახლა თუ არ გეწყინება, მარტო ყოფნა მინდა და დამტოვე', - უთხრა პატიმარმა და ნარზე წამოწვა. ლუკა კამერიდან წელმოწყვეტილი გავიდა.
* * *
ლუკა მ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მალე გაუშვეს. ორ კვირაში სამშობლოს დატოვება მოსთხოვეს და ისიც იძულებული იყო, დამორჩილებოდა. მუშაობა ევროპაში სასტუმროს მენეჯერად დაიწყო, თუმცა საქართველოში ჩამოსვლა კარგა ხნით აეკრძალა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ლუკა დაბრუნდა და... ცოლს შეურიგდა.
როცა #0578-ს უთხრეს ლუკას ამბავი, მან მწარედ გაიღიმა და ჩუმად თქვა: ,,ხომ გითხარი ლუკა, როგორც მე მოვიქცეოდი, შენ არ გამოგადგება-თქო'.
პატიმარი #0578