საპატიმროში გარდაცვლილი 140 ადამიანი, 2010 წელთან შედარებით 1600-ით მეტი პატიმარი, არაადამიანური პირობების მქონე 10-მდე ციხის ჩამონათვალი, გასახლებულ დევნილთა 45%-ისა და დაუსაქმებელთა 70%-ის გაურკვეველი ბედი - ამ და არა მხოლოდ ამ რიცხვების შესახებ სახალხო დამცველის 2010 წლის 513 გვერდიან ანგარიშში ამოიკითხავთ. სავარაუდოდ, ომბუდსმენი საანგარიშო მოხსენებით ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში წარსდგება. პარლამენტი კი, რეგლამენტის თანახმად, უფლებამოსილი, მეტიც, ვალდებული იქნება, ადეკვატური დადგენილება შეიმუშაოს. რაზეა საუბარი 2010 წლის ანგარიშში, უწყებათშორისი დანაშაულებრივი გარიგების, ანუ “ექსპორტირებული სიკვდილის” რა სქემას შიფრავს ტუღუში - “ვერსიას” დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრება:
განსაკუთრებული აქცენტი, როგორც მოსალოდნელი იყო, პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე გაკეთდა. როგორია, ტუღუშის ანგარიშში აღწერილი სიკვდილიანობის შემზარავი სტატისტიკა?
- 2010 წლის ანგარიში მართლაც უპრეცედენტოა. ტუღუში თავის უფლებამოსილებას კარგად ახორციელებს. პრევენციული საქმიანობის განმახორციელებელ ჯგუფებს, რომლებიც შედიან პენიტენციალურ სისტემაში, უკვე აქვთ უფლება, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გარკვეული სახის მტკიცებულებებიც გამოიტანონ, რასაც საქმეს დაურთავენ. წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, პატიმართა სიკვდილიანობა 50%-ითაა მომატებული. საუბარია, ციხეში გარდაცვლილ 140 ადამიანზე. მათგან, 3/4-ის სიკვდილის მიზეზი ტუბერკულოზია, ყოველ მესამე გარდაცვლილს კი სხეულზე დაზიანების კვალი აქვს. ამის შემდეგ კალმახელიძე უკმეხად აღარ უნდა აცხადებდეს, სახალხო დამცველს ანგარიშში ჯერ ყველაფერი არ აუსახავს, ბევრი საკითხია, რაზეც ყურადღებას ჩვენ თვითონ ვამახვილებთო. ანდრია ურუშაძემ კი განაცხადა, ჯანდაცვა და მედიკამენტები, როგორც პენიტენციალურ, ისე სამოქალაქო დონეზე, აბსოლუტურად ხელმისაწვდომიაო. ეს სიტყვების რახარუხი და სიტუაციიდან გამოძრომის საბრალო მცდელობაა. დასკვნა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას რომ დაედო, ეჭვს შეიტანდი, ქულებს ხომ არ იწერსო. სახალხო დამცველი კი მმართველი უმრავლესობის ხმათა უმრავლესობითაა არჩეული და ამ გუნდს უფლება არ აქვს, მის ანგარიშს უნდობლობა გამოუცხადოს.
ჯანდაცვის მინისტრი ახსენეთ, რომელიც ტუღუშის ფრთიანი ფრაზის შემდეგ, კალმახელიძესთან ერთად, “სიკვდილის ექსპორტიორად” შეიძლება მოვიხსენიოთ. დასკვნაში გაშიფრულია სქემა, რომლის მიხედვით, პატიმრის გარდაცვალების ფაქტი ციხეში რომ არ დაფიქსირებულიყო, სიკვდილის პირას მყოფ ადამიანებს სხვადასხვა კლინიკებში მიაქანებენ. ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები ერთმანეთთან დანაშაულებრივ გარიგებაში არიან?
- ტუღუშის ეს ექსპრესიული განცხადება “სიკვდილის ექსპორტთან” დაკავშირებით, უტრირებული არაა. ამის ბოლო მტკიცებულება 10 დღის წინ გარდაცვლილი მალხაზ მუზაშვილია. იგი ციხიდან ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში აღესრულა. ექთანი კი, რომელმაც მუზაშვილის დედას მისი შვილის ამ მდგომარეობაში შემოყვანა შეატყობინა, სამსახურიდან დაითხოვეს. დიახ, ეს რაღაც გარიგებაა, რადგან ამ ორი სისტემის პოლიტიკური ინტერესები იკვეთება. ჩანს, თანხმდებიან, რომ მსგავსი ფაქტები მთელს გუნდს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს და ყველანაირად ცდილობენ, სტატისტიკა შეამცირონ.
მაქვს ინფორმაცია, რომ სამოქალაქო კლინიკაში უკვე გარდაცვლილი პატიმარიც გადაუყვანიათ, სადაც ექიმს მკვდარ ადამიანზე ეპიკრიზი (ავადმყოფობის ისტორიის დასკვნა) დაუწერია. სახალხო დამცველი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ამ მეთოდებით საერთაშორისო ორგანიზაციებიც შეცდომაში შეჰყავთ. ანგარიშში ყურადღება არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზეც მახვილდება.
რამდენიმე დღის წინ, გლდანის მერვე საპყრობილედან გამოსული ადამიანი მესაუბრა, რომელმაც მიამბო, როგორ ურტყამენ განურჩევლად ყველა პატიმარს საშხაპეებში. ის, ვინც ცემის დროს კვნესის ან ფაქტს აპროტესტებს, უფრო მძიმედ ისჯება, ხოლო მას, ვინც უსიტყვოდ ითმენს, სწრაფად ეშვებიან. იგივე ხდება რუსთავის 160-ე დაწესებულებაშიც, სადაც სასჯელს სხვადასხვა ციხეებიდან გადაყვანილ პატიმრებს მწკრივში ატარებენ და ისე ურტყამენ. ეს ისეთი ფაქტებია, რომლის გამოც საქართველო ევროსტრუქტურებში კი არ უნდა მიიღონ, თანამეგობრობიდანაც უნდა გარიცხონ.
ტუღუში აღნიშნავს, რომ ციხეებში დაახლოებითY24 000 ადგილია, არადა, უკვე 23 684 პატიმარი გვყავს. იგი პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას სთავაზობს, რაც წლების შეკრებითობის პრინციპის შთანთქმის პრიციპით შეცვლასა და ნაკლებსაშიშ დანაშაულთა დეკრიმინალიზაციაში მდგომარეობს. შესაძლებელია, კანონში ეს ცვლილებები მართლაც შეიტანონ?
- მაგალითისთვის ქსნის 477-ადგილიანი ტუბდაწესებულებაც გამოდგება, სადაც დღეს 950, ანუ ზუსტად ორჯერ მეტი პატიმარია. მინისტრი აცხადებს, ამას 2013 წელს გამოვასწორებო, მაგრამ მანამდე რა ქნას ამ ავადმყოფმა, რომლის მდგომარეობა წამებასთანაა გათანაბრებული?! ან რა საჭიროა სამკურნალო დაწესებულებაში კარცერი? მსოფლიოში ასეთი პრაქტიკის მქონე მეორე სახელწმიფოს ვერ დამისახელებთ. რაც შეეხება ცვლილებებს კანონში, უკვე არსებობს უწყებათშორისი, მუდმივმოქმედი სამეციდინო კომისია, რომელიც ვალდებულია, მძიმე და უკურნებელი სენით დაავადებული ხალხი გამოავლინოს და სასჯელი მოუხსნას ან გადაუვადოს. ხოლო მის უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას არცერთი მინისტრი არ იღებს. ეს ნონსენსი და არაკომპეტენტურობის ტრიუმფია.
ანგარიშის ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ, ვიღებთ ათობით რეკომენდაციასა და შიშველ ფაქტებს: წამლებისა და ლეიბების უქონლობა, კვების რეჟიმის მოუწესრიგებლობა, სხვადასხვა ციხეებში არსებული არაადამიანური პირობები, უწყებათაშორისი გარიგება - ეს ყველაფერი კმარა გამოძიებების დასაწყებად?
- რა თქმა უნდა. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს საკადრო ცვლილებების დაწყებისა და სრული რეორგანიზაციის გადაწყვეტილება. მეტიც, სამინისტრო უწყებამ ამ ფორმით არსებობა უნდა შეწყვიტოს, რადგან სრულიად საკმარისია, მისი დეპარტამენტის დონეზე მუშაობა და იგი უკვე ღიად უნდა დაექვემდებაროს იუსტიციის სამინისტროს.
დასკვნის იმ ნაწილზეც ვისაუბროთ, სადაც ტუღუში სუბელიანის საქმიანობას ეხება. აქ ნათქვამია, რომ სამინისტროში ფიქსირებულ ოფიციალურ მისამართებზე დევნილთა 45% არ ცხოვრობს, მათი 70%, ვისაც მინისტრი სამსახურს დაპირდა, დაუსაქმებელია, ხოლო ასობით კოლექტიური ცენტრის ბედი - გაურკვეველი. ისედაც წყალშემდგარ მინისტრს ეს ფაქტები ამჯერად სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის?
- სუბელიანი პირდაპირაა მხილებული ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში და ვფიქრობ, ის და მისი გუნდი პასუხისმგებლობას ვეღარ გაექცევიან. ამას ემატება მასობრივი გამოსახლების ფაქტები, რომლებიც ვანდალური აქტები უფროა. მან დევნილები კი არ გაასახლა, რეზერვაციებში გადაასახლა და სამწუხაროდ, ამ პროცესების თვითმხილველმა გაერო-ს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობამ არცთუ ადეკვატური დასკვნა დადო. მე და ევროკავშირის მონიტორები კი, გამოსახლების პროცესზე არც კი დაგვიშვეს. რაც შეეხება კოლექტიურ საცხოვრებლებს, ამაზეც კონკრეტული მაგალითით ვისაუბროთ. დავუშვათ, ბაღები მართლა არ იყო მუდმივ საცხოვრებელ ცენტრებად გათვალისწინებული. მაშინ რატომ გადაკეთდა და მთლიანად დევნილებზე ადაპტირდა ვაზისუბნის 165-ე ბაგა-ბაღი, რომელიც ჯერ კოდორიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს გადაეცა, შემდეგ ისევ უაპელაციოდ ჩამოერთვა და ობიექტი საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდა?! როგორც ხედავთ, სამინისტროები ერთმანეთში მეტასტაზებივით არიან გადახლართულნი, რადგან სუბელიანთან ერთად აქ ვერონიკა ქობალიას საკითხიც დგას, ისევე, როგორც კალმახელიძესთან ერთად - ურუშაძისა. ამ ყველაფერს, ერთიანობაში, მმართველი სახელისუფლებო გუნდის პასუხისმგებლობის საკითხამდე მივყავართ და ამაში სააკაშვილმა მხარი აუცილებლად უნდა დაგვიჭიროს. ეს მისი, როგორც პრეზიდენტის ღირსების საკითხია.
შეიძლება თუ არა ანგარიშს ხსენებული მინისტრების და პრემიერის პოლიტიკური კარიერა შეეწიროს?
- საპარლამენტო უმრავლესობას არგუმენტი აღარ რჩება, ანგარიშის ანალიზსა და ადექვატურ გადაწყვეტილებებზე უარი განაცხადოს. თუ ეს არ მოხდება, საზოგადოებას პირდაპირ ექნება უფლება, უკიდურესად მწვავე ფორმებით პრეზიდენტს ამ ადამიანების დასჯა მოსთხოვოს. ის ფაქტი, რომ გარდაცვლილ პატიმრებზე წამების კვალი პათანატომიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზითაა დამტკიცებული, არა მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგელობის, არამედ სისხლის სამართლის არაერთი საქმის აღძვრას ნიშნავს. საუბარია, ციხეების ათობით უფროსსა და თაღლით ექიმზე, რომელიც გარდაცვლილებს ეპიკრიზებს უწერდა. კალმახელიძის კარიერის “შეწირვა” პროგრამა მინიმუმიც კი არ არის, უკვე გადაწყვეტილი საკითხია. მან, როგორც პოლიტიკურმა და სახელმწიფო მოღვაწემ, თავისი კარიერა დაასრულა. ამიტომ, ჯობია, დღესვე აიღოს ნებაყოფლობით პასუხისმგებლობა და გადაგდეს, ვიდრე ხვალ ვალდებულნი გავხდეთ, მისი საკითხი საგანგებო დადგენილებით დავაყენოთ.