რატომ ითხოვენ ქართველი კრიმინალები ომში მონაწილეობის სანაცვლოდ იარაღს
კრიმინალური სამყარო ყოველთვის ახერხებს გადარჩენას. თუ ქვეყანაში კანონი კანონობს, კრიმინალები ცოტა ხნით სხვაგან მიდიან, მაგრამ, როგორც კი ამჩნევენ, რომ ვითარება მათ სასიკეთოდ შემოტრიალდა, ბრუნდებიან და ჩვეულ საქმიანობას განაგრძობენ. ყველაზე მეტად კრიმინალებს ანარქია მოსწონთ და ტყუილად არ იმეორებენ ხშირად - ,,ანარხია მაწ პარიადკა'.
კრიმინალებისთვის საუკეთესო სეზონი საბრძოლო მოქმედებებია, ოღონდ ისეთ ქვეყანაში, მანამდე დაბანილ-დავარცხნილი რომ იყო, თორემ ავღანეთსა და აფრიკის რესპუბლიკებში სერიოზულ კრიმინალს ვერ ნახავთ. შესაბამისად, არავის უკვირს, რომ ახლა ყველა უკრაინას ეძალება - ქვეყანას, სადაც ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ომია, რომელშიც ყველას თავისი ,,ბრძოლა' აქვს გადასატანი. კრიმინალთათვის უკრაინა საინტერესო ადგილად იქცა. დაცარიელებულ ქალაქებში ყველაფერს ძარცვავენ. მერე ნადავლს ან იქვე, ახლომდებარე ქალაქებში ასაღებენ, ან სხვადასხვა ქვეყანაში გააქვთ. მათ შორის საქართველო ერთ-ერთი პირველია და ჩვენში უკრაინიდან, ძირითადად, ფერად ლითონს აგზავნიან. ოქრო-ვერცხლს გასაქცევად გამზადებული მოსახლეობა სახლში არ ტოვებს, თან მიაქვს, მაგრამ ძველებურ ჭურჭელსა და ძვირფას ტექნიკას ვერ ატარებს...
რუსთავის #17 ზონაში იჯდა პატიმარი, რომელიც 2004 წელს, ბესლანის ტრაგედიის დროს იქ იყო და იმის მიუხედავად, რომ საქმე პატარა ბავშვებს ეხებოდა, დაცარიელებულ სახლებს მშვიდად ძარცვავდა. ამის გამო მას ვერავინ ამტყუნებდა, ქურდულად ვცხოვრობ და როგორც მიჭირდა, ისე მიღირდაო.
,,ქურდულად ცხოვრობს არა, ჩემი ფეხები! პირველკლასელები ჩახოცეს, მთელი მსოფლიო ტიროდა, ეს სირი კი ჭირისუფლების სახლებში დაძვრებოდა თავისნაირ დამპალ ნარკომანებთან ერთად და წამლის ფულს იპარავდა. მაგასაც ახლა ობშიაკზე არ ეზრუნა და ქურდებთან არ მიეტანა წილი. ვერ ვხვდები, ასეთ რამეს როგორ უპრავებთ?! ფაშისტები ხართ, კაიბიჭები კი არა', - პატიმარი #0578 მაყურებლების კამერაში მას შემდეგ აყვირდა, რაც ლაშას (პატიმრის სახელი) ვიღაცასთან კამათი მოუვიდა და მაყურებლებმა გაამართლეს.
,,რა გინდა შენ კიდევ, რა გაუხურე ამ ლაშას საქმე?! ათასჯერ აქვს ახსნილი, ვიპარავდი, მომპარავი ვარ და რა მექნა აბაო. შეეშვი, რა', - მშვიდად უთხრა მაყურებელმა, მაგრამ #0578 არ ცხრებოდა.
,,გავარტყი მასეთ მომპარავს. ხალხი იქ იყო, ვიღაცის შვილი ჰყავდათ ტერორისტებს, ვიღაცის ძმისშვილი, ვიღაცის შვილიშვილი და როცა მთელი ქალაქი სკოლის გარშემო იყო, ეს დადიოდა და იპარავდა ხო?! ობშიაკში შეიტანა რამე?! ახლა არ მითხრათ, ბესლანში ქურდი არ არისო, თორემ დღესვე გავარკვევ მაგ ამბავს. რას უფრთხილდებით, მე მაგის ჰიტლერი დედა ვატირე', - პატიმარი #0578 თავს აშკარად ვეღარ აკონტროლებდა.
,,კაიბიჭს დედას რა პონტში აგინებ?!' - ნარზე წამოჯდა კახეთის რეგიონის მაყურებელი. ლაშაც კახელი იყო და როგორც ჩანს, რეგიონის ,,მაცქერალს' გული მაგიტომ დაეწვა.
,,ჯერ ერთი, მაგას დედა არ ჰყავს. კაიბიჭია და ქურდული სამყაროა მაგის სახლიც, კარიც, დედაც, მამაც, ძმაც. და მეორეც, საგინებელი ეგ კი არა, თქვენ ხართ, კაზლიატნიკის ნაცვლად, კამერაში კაიბიჭად რომ გიზით ეგ სირი', - შეუღრინა #0578-მა.
კახეთის რეგიონის მაყურებელი ნარიდან წამოდგა და დასარტყმელად გაიწია. ყველა ლოგიკით, პატიმარი #0578 საცემი იყო, რადგან კაიბიჭებს შეურაცხყოფა მიაყენა და თან ისე, რომ ამას მაყურებელიც ისმენდა, მაგრამ ზონის მაყურებელმა კახელი შეაჩერა: ,,მოიცა, მე გავარკვევ და თუ დასარტყმელია, დავარტყამ. შენ მართლა რა გაახურე საქმე?! ისედაც გამიხურეს, შენი ძმაკაცი რომაა, იმიტომ გავიდა თავს და გვეტლიკინებაო. ახლა ჩვენს გინებაზე გადახვედი?'.
,,ვინც მაგას იძახის, გვეტლიკინებაო, იმის დედაც, რადგან არასდროს არასწორი არ მითქვამს და თუ ვინმე მეტყვის, არასწორი თქვაო, პასუხს ვაგებ. მეორე - შენი დისშვილები რომ ჰყავდეთ ტერორისტებს და ბაითი გაგისუფთაონ, რა ხასიათზე დადგები?!' - არანაკლები ყვირილით უთხრა #0578-მა და მაყურებლისგან ლაზათიანი სილაც მიიღო.
,,ახლა არ დამიწყოთ, კაიბიჭის ხელი ვის არ მოხვედრიაო. არ ხარ მართალი, ხელიც არ დამარტყი ჩვენს ძმაკაცობაში სწორად და ახლა წავალ, იმ ლაშას დედას ვაგინებ. მერე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ', - ჩუმად თქვა #0578-მა, მაგრამ კამერიდან არავინ გაუშვა.
,,აქ წესებს ჩვენ ვამკვიდრებთ და არა შენ, ამიტომ დაჯექი და ერთი ადგილი დააყენე. ეგ ლაშა ზონიდან ზუსტად სამ დღეში გადის, დაივიწყე რა', - დაუყვავა მაყურებელმა.
,,სამ დღეში რომ გადის და უცემრად უშვებთ მაგ სირს, ეგ მაგიჟებს, სხვა კი არაფერი', - შეეპასუხა #0578, მაგრამ ვერაფერს გახდა. სამ დღეში ლაშამ საპყრობილე დატოვა.
* * *
,,წინა დღეს ტელევიზორში ლაშას მოვკარი თვალი. უკრაინაშია, სამხედრო ფორმა აცვია და ხომ არ იცი, ვის მხარეს იბრძვის?! დაჭკვიანებულა მგონი', - პატიმარი #0578 ზონის ყოფილ მაყურებელს სანკტ-პეტერბურგში ურეკავდა.
,,ჰო, ვიცი. აქ ეგდო ცოტა ხანს, მანქანებზე და ანტიკვარიატზე ჩალიჩობდა. დაიჭირეს ორჯერ და ორივეჯერ ჯიპები მიგვაყვანინეს პოლიციის უფროსებმა საჩუქრად. ვლადიკავკაზში მოვიპარეთ, აქ ვაჩუქეთ. ეძახე ახლა ამათ პოლიცია. უფრო სწორედ, მილიცია. მერე ომი რომ დაიწყო უკრაინაში, მაშინვე იქეთ მოხია, საქმე ახლა იქ არისო. არავის მხარეს არ იბრძვის, გრაჟდანკებით ხომ არ ივლის, ვიღაცას ნაიომნიკი ვეგონები და მიმახვრიტავსო. დადის ფორმით და რასაც ახერხებს, იპარავს. შენ როგორ ხარ?! სახელები არ გაგეპაროს გაზეთში ჩვენი, თორემ დაგერხევა იცოდე', - სიცილით უთხრა მაყურებელმა.
,,სახელები კი არა, ლაშას ტელეფონი მომეცი, საქმე მაქვს', - შეაწყვეტინა #0578-მა.
,,აუ, ახლა მაგას შენ მორალის კითხვა არ დაუწყო, შეეშვი, დაიკიდე რა. კაცია და გუნება. ყველა პროფესორი ხომ არ იქნება, იმას ასე ესმის ცხოვრება, მოპარვა კიდევ ქურდულია და უკრაინა და რუსეთი თუ ერთმანეთს ჭამენ, ჩვენი გადასახდელი არ არის, ძმაო', - შეედავა მაყურებელი.
,,მორალი არა შაბათის ბალანდა. საქმე მაქვს-მეთქი', - უთხრა #0578-მა და ორ წუთში უკვე ლაშას ტელეფონზე რეკავდა.
,,ლაშა, გაუმარჯოს. ძალიან ცოტა დრო მაქვს და მაქაური სიტუაცია მინდა დეტალებში. შენ რას აკეთებ, ქურდები რას აკეთებენ, ნაიომნიკები. ჩვენები საით არიან, ვისთან არიან, რას უხდიან და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი', - პატიმარი #0578 ბოლო ხმაზე ყვიროდა, რადგან აშკარა იყო, ტელეფონის მეორე მხარეს ბრძოლები მიდიოდა.
,,შენ პროკურორობა ხომ არ დაიწყე, რამდენი კითხვა დამისვი?! არა, მართლა, რად გინდა?!' - ჩაეკითხა ლაშა.
,,უნდა დავწერო. იმას არ დავწერ, ბესლანში რომ ჭირისუფალს პარავდი. მანდ ვის პარავ, ეგ მითხარი და მაგას დავწერ', - ჩასძახა #0578-მა.
,,ეგეც დაწერე თუ გინდა, ბესლანის თემა მკიდია, ქურდებთან გაიასნებული მაქვს და სხვა ვინ რას იფიქრებს, ნაკლებად მაღელვებს. აქაურობას რაც შეეხება, სატვირთო მანქანების გატარების შესაძლებლობა რომ იყოს, საქართველოს აქაური ავეჯით ავავსებდით. ყველაფერი უპატრონოდ არის ყველაფერი. ხალხი მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე ფიქრობს. წინა დღეს ერთ კორპუსში ორასი სარეცხი მანქანა მოაგროვეს და ვერაფერი რომ ვერ უქნეს, მერე ავტომატის ჯერი მიუშვეს. ბევრი სიკეთე ფუჭდება, მაგრამ რას იზამ, ომის კანონია', - უპასუხა ლაშამ.
,,ეგ გასაგებია, მაგრამ შენ მანდ საომრად რომ არ იქნები, ფაქტია და ზოგადად, ვის მხარეს ხარ, ვისი ფორმა გაცვია?!' - ჰკითხა #0578-მა.
,,არავის მხარეს არ ვარ. ამ წუთას რუსული შენაერთია რაღაც, ამათთან ვარ. მანამდე უკრაინელებთან ვიყავი. ვის მხარესაც არის ბრძოლის სასწორი, იქით ვარ, რა. ვინც ძლიერია, ის ხომ იღებს ქალაქს ან სოფელს და ჩვენც ეს ახლადაღებული ქალაქი გვაწყობს, რა', - მარტივად ახსნა ლაშამ.
,,ვინ თქვენ?!' - არ მოეშვა #0578.
,,რა ვინ, ჩვენ, ბიჭო, გადაირიე?! ვინც დედამ დაწყევლა თბილისში, ყველა აქაა. ყველა იპარავს, არც ადგილობრივები აკლებენ, მაგრამ საქართველოდან ჩამოსულები ბევრნი ვართ. ზოგი მართლა იბრძვის. უხდიან და იბრძვის. პროფესია აქვთ, ძმაო, ეგეთი. იშვიათად, მაგრამ უფულო მოხალისეებიც არიან საქართველოდან. ორი ყოფილი პატიმარი არის, ერთი ფულის გამო იბრძვის, მეორეს კიდევ უბრალოდ მკვლელობის პონტი უსწორდება - მთავარია, ვინმეს მოკვლის შანსი ჰქონდეს. მაშინაც მკვლელობაზე იჯდა თუ გახსოვს. ახლა ტვინი არ გაბურღო, ხალხი იბრძვის, თქვენ რა გექურდებათო. ასეა ცხოვრება ძმაო, ჩვენ თუ არა, აბა ვინ უნდა მოიპაროს?! ჯარისკაცებმა? დამიჯერე, არაფერი აკლიათ, რა. ამას წინათ, ბოშათა პატარა დასახლება დაბომბეს, ათ კაცამდე მოკვდა და პლოცკოებით დაიარეს ოქროს კბილების დასაძრობად. რა მორალი და ომი, მოიცა რა, თუ ჩემი ძმა ხარ. არის კაცი, აღარ არის კაცი, ეს არის აქაურობის პრინციპი და კაცის სიცოცხლე ზუსტად იმდენად ფასობს, რამდენადაც ჩვენთან ზონაზე კაზიოლისთვის ერთი სილის გარტყმა ფასობდა, ანუ, პრაქტიკულად, შენს სიამოვნებაზეა დამოკიდებული, გინდა, იბრძოლე, არ გინდა, მკვლელობებს უყურე ლაივში', - გაეცინა ლაშას.
,,რას ატყობ, დიდხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი?!' - ჰკითხა #0578-მა.
არა მგონია. რუსეთს დასვენებული ნაწილებიც ჰყავს და მაგათაც თუ აამუშავებს, კიევში შევლენ. ისე, კიევში თუ შევიდნენ, ჩათვალე, მილიონებს ვიშოვი, კიევია რა, მილიონერთა ქალაქი'.
,,მილიონერთა ქალაქი დონეცკიც არის', - არ მოეშვა #0578.
,,სადღაა დონეცკი?! იცი, რა დღეშია?! შეგეცოდება. ეგ კი არა, ქალის გაჭირვებაა, ძმაო, უკრაინაში. დაგინახავენ სამხედროფორმიანს და ყველას ეშინია. გაიხადო და შარია. ამიტომ, თუ წამოსვლას აპირებ, გაითვალისწინე, ქალთან სამხედრო ფორმის გარეშე უნდა იჩალიჩო', - სიცილით ყვებოდა ლაშა.
,,გულახდილად თქვი, არ გიტყდება მაგ პონტში მოპარვა?!' - ჰკითხა გაოცებულმა #0578-მა.
,,არა, არ მიტყდება იმიტომ, რომ აქედან საერთოც ივსება, საქმეც კეთდება და მაგრად მკიდია, ვინ სად იბრძვის და რას აკეთებს. მე ჩემი საქმე მაქვს. ჩვენ თუ არ ვიქნებით, სხვა იქნება. ახლადაღებულ სოფელში პირველად შესვლის სანაცვლოდ ნაწილის უფროსს ხუთი ათას დოლარს ვუხდით, იცი? სხვა გადაუხდის და სხვა იზამს, ძმაო, ეგრე არ არის. აქ ომია, ომი და ომში მგელი უნდა იყო. დიახ, ვიპარავ და მოვიპარავ კიდეც, მაგრამ მკვდრებს კბილებს ნაღდად არ დავაძრობ, მაგით მაინც ვჯობივარ დანარჩენებს', - დაასრულა მონოლოგი ლაშამ.
P.s. უკრაინაში არაერთი ქართველი კრიმინალი აქტიურად მონაწილეობს შეიარაღებულ დაპირისპირებაში და ,,ხელფასად' მხოლოდ იარაღს ითხოვს. საინტერესოა, ამდენი შეიარაღება რად უნდათ?!
პატიმარი #0578