წავა თუ არა კოტე კუბლაშვილი უკრაინაში და რომელ მოსამართლეებს უჩივიან დაზარალებული ბიზნესმენები
ვინ დაიკავებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს კონსტანტინე კუბლაშვილის შემდეგ -Pam კითხვაზე პასუხს მთელი საქართველო ერთი თვეა ეძებს. მსჯელობისას ზოგი ისე შორს წავიდა, სავარაუდო ჩამონათვალში ირინა იმერლიშვილის, თინა ხიდაშელის, ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის გვარებიც კი გამოჩნდა. თუმცა ,,ვერსიასთან' პირად საუბარსა და ინტერვიუებშიც დეპუტატებს ეს ინფორმაცია სასაცილოდ არ ეყოთ. პარლამენტში არც გუნდის შიგნით გია მეფარიშვილის კანდიდატურაზე მსჯელობა დაგვიდასტურეს.
უფლებამოსილების ვადა კონსტანტინე კუბლაშვილს თებერვლის შუა რიცხვებში, დაახლოებით, 2 კვირაში ეწურება. კანონით, ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს, ეს მისი იმპერატიული უფლებაა, თუმცა საბოლოოდ, ამ კანდიდატურას პარლამენტი ან დაამტკიცებს, ან არა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს არავისთან შეთანხმებას არ ავალდებულებს, საპარლამენტო უმრავლესობასთან მოლაპარაკება მაინც მნიშვნელოვანია: თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ყველა კანდიდატურას ჩააგდებს, არც ისაა გამორიცხული, თვეების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე დავრჩეთ. კულუარულად, ცნობილი ხდება, რომ ,,ოცნების' უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილზე ნაწყენია - კონსულტაციებზე ჩვენამდე ნაციონალებსა და თავისუფალ დემოკრატებს რატომ დაუძახა, დავით საგანელიძესთან შესახვედრად კი დრო ვერ გამონახაო, თუმცა ტელეკამერების წინ არც ამას იმჩნევენ. ფაქტი ჯიუტია: საგანელიძე- მარგველაშვილი ჯერ კიდევ გასულ კვირაში უნდა შეხვედროდნენ, შეხვედრის თარიღი კი დღესაც ჩასანიშნია. ვიდრე პარლამენტი პრეზიდენტთან ამ და მისი საპარლამენტო მოსმენის საკითხზე კინკლაობას მორჩება, უმრავლესობა- უმცირესობიდან ინფორმაცია ისევ გამოდის.
ამჯერად, რაკი ამ ინფორმაციას თავად დეპუტატები გვაწვდიან, ალბათ, დასახელებული ორი კანდიდატურა სიმართლესთანაც უფრო ახლოსაა: ორივე იუსტიციის საბჭოს წევრია, მათგან ერთ-ერთის სახელი კი აქამდე არც გაჟღერებულა: ეს ევა გოცირიძეა, მინდია უგრეხელიძის, სტრასბურგში პირველი ქართველი მოსამართლის მეუღლე, ხოლო მეორე - ლადო ჭანტურია, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ერთხელ უკვე იყო. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ 15 წევრისგან შედგება. გოცირიძე- ჭანტურიას გარდა, იუსტიციის საბჭოს წევრები თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ევა გოცირიძე, ილონა თოდუა, ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი, ზაზა მეიშვილი, ვახტანგ მჭედლიშვილი, პაატა სილაგაძე, კახაბერ სოფრომაძე და გიორგი შავლიაშვილი არიან, იუსტიციის საბჭოს მდივანი კი ლევან მურუსიძეა. მართალია, კულუარებში ლევან მურუსიძის კანდიდატურაც დასახელდა და თავადაც განაცხადა, თუ შემომათვაზებენ ამ პოსტს, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებაო, მაგრამ უკვე გაჟღერდა ვერსია, რომ მას პრეზიდენტთან თეა წულუკიანი, ნაციონალები და კოტე კუბლაშვილი ლობირებენ, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, მისი კანდიდატურა განხილვის საგნად იქცეს, რადგან მას უკვე გაუხსენეს სულხან მოლაშვილისა და სანდრო გირგვლიანის საქმეები და ისიც, რომ თურმე მურუსიძე სწორედ იმ ჯგუფის წევრია, რომელიც აფერხებს სასამართლოში გარკვეული გახმაურებული საქმეების განხილვას. თუმცა სასამართლო სისტემაში ერთი მურუსიძის პრობლემა რომ იყოს, მარტივად ეშველებოდა საქმეს. სხვათაშორის, აგორებული სკანდალის ფონზე ,,ვერსიას' ინფორმატორი დაუკავშირდა, რომელმაც გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდა რამდენიმე მოსამართლეზე - საუბარია ბიზნესმენების გაჭიანურებულ საქმეებზე და ჯგუფზე, რომელიც ამ საქმეებით, ინფორმატორის ეჭვით, ,,ხელის მოთბობას' ახალი ხელისუფლების პირობებშიც კარგად ახერხებს. ინფორმატორი ასახელებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გიორგი სულაკაძესა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ლაშა კალანდაძეს, რომელთა სამეგობროში ასევე მოიაზრება ადვოკატი დავით ასათიანი. მისი ვარაუდით, მოსამართლეები საქმეებს პირველ და მეორე ინსტანციებში კეტავენ, რასაც შესანიშნავად ახერხებენ სწორედ კოტე კუბლაშვილთან მეგობრობით - გადაუმოწმებელი ინფორმაციით, გიორგი სულაკაძე პალიკო კუბლაშვილის სტუდენტობის მეგობარია, ხოლო ლაშა კალანდაძის შვილის ნათლია - დავით ასათიანი. ,,ვერსია' ამ ფაქტზე მოკვლეულ მასალებს უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ და შეეცდება, ყველა ის ფაქტი გადაამოწმოს, რომელსაც ბიზნესმენი ასახელებს, ასევე გაარკვიოს, რამდენად რეალურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგივე სულაკაძესა და კალანდაძეზე არაერთმა მომჩივანმა მიმართა დისციპლინარული სასჯელის მოთხოვნით, თუმცა რეაგირება ჯერჯერობით არ არის. სხვათა შორის, კულუარებში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეზეც - შესაძლოა, სხვა ნაციონალის კვალდაკვალ, კონსტანტინე კუბლაშვილიც უკრაინაში წავიდეს, სადაც სასამართლო რეფორმების ჯგუფს თუ არ ჩაუდგება სათავეში, ამ ჯგუფში მაინც იქნება.
როგორც ცნობილია, ამ თემაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია. თუმცა კუბლაშვილის უკრაინული მომავლის გარკვევამდე ერთი თვეა, 4 თებერვლის შემდეგ საქართველოში უზენაესი სასამართლოს გარშემო საპარლამენტო ციებ- ცხელება დაიწყება. მანამდე კი კულუარულად დასახელებული ორი კანდიდატის მინი- დოსიეს გაგაცნობთ: ლადო ჭანტურია 2014 წლის 19 თებერვლიდან დღემდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია გერმანიაში. იგი განათლებით იურისტია. 1992 წლიდან დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლობის შექმნაში მონაწილეობდა, განსაკუთრებული წვლილი კი სამოქალაქო კოდექსისა და კერძო სამართლის სხვა კანონების შექმნაში შეიტანა. 1993- 1996 წლებში იუსტიციის მინისტრის მრჩეველი იყო. 1998-1999 წლებში - საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 1999 წელს კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა. როგორც ,,ვერსიისთვის' გახდა ცნობილი, ლადო ჭანტურიას შარშან საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელიც შესთავაზეს, მაია ფანჯიკიძის დემონსტრაციული გადადგომის შემდეგ. ლადო ჭანტურიას არც ევა გოცირიძე ჩამოუვარდება. იგი უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორადაც. ამავდროულად, უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს სწავლული მდივანი და საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორიც იყო. 1997 წელს კი იუსტიციის საბჭოს წევრი გახდა. 2005 წლიდან ევა გოცირიძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრჩეველია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. იურისტი ქალბატონი ,,საქართველოს სამოსამართლეო კოდექსის' ,,მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ' დებულებისა და კანონპროექტების, ასევე, საქართველოს მოსამართლის ფიცის ოფიციალური ტექსტის ავტორია. მისი თანაავტორობითაა შექმნილი ახალი სისხლის სამართლის კოდექსიც. 2013 წელს იგი საქართველოს კონსტიტუციის კომენტარის თანაავტორიც გახდა. ამავე წლის 14 ივნისს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია. ასე რომ, ევა გოცირიძესაც და ლადო ჭანტურიასაც ,,ოცნების' ხელისუფლებასთან გადაკვეთის წერტილები ნამდვილად აქვთ და არცერთი მათგანი ნაციონალურ მოძრაობასთან არ ასოცირდება. მართალია, დეპუტატთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურებზე გუნდში მსჯელობა არ მიდის, პრეზიდენტის შეთავაზებებს ველოდებითო, მაგრამ მეორე ნაწილი პირად სიმპათიებს არ მალავს და აცხადებს, რომ დასახელების შემთხვევაში სწორედ ევა გოცირიძეს დაუჭერენ მხარს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მინდია უგრეხელიძე 2012 წელს ,,ქართული ოცნების' სამართლის დარგობრივ ჯგუფს ედგა სათავეში. მის კანდიდატურას პარლამენტში ყველაზე აქტიური სახეები გულშემატკივრობენ და, დიდი ალბათობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, შესაძლოა, სწორედ ევა გოცირიძე ვიხილოთ.