პაატა თალაკვაძე – ოპერატიულ ტექნიკური სამსახურის უფროსი; გია ჯაჭვაძე – გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მენეჯმენტის უფროსი; ზურაბ აგლაძე – თავდაცვის აკადემიის რექტორი, გოჩა კვარაცხელია (კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს) – სამხედრო პოლიციის თანამშრომელი, ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომლებიც თანამდებობიდან ყოველგავრი ახსნა–განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.
for.ge–ს ინფორმაციით თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს ის კადრები ტოვებენ, რომლებიც ყოფილ მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან ასოცირდებიან. ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გათავისუფლების თაობაზე თავად აწერინებენ განცხადებას. ექსპერტების განცხადებით, დასავლეთში განათლებამიღებული კადრების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თავდაცვის მინისრტისა და მოადგილეების გათავისუფლების შემდეგ, გაურკვეველი მიზეზით შეიცვალა ადამინთა ის ჯგუფი, რომელთაც კონკრეტული მიმართულება ჰქონდათ ჩაბარებული. მუჩაიძე აცხადებს, რომ სამინისტროში საკადრო ცვლილებები ახლაც მიმდინარეობს.
თავდაცვის უწყებიდან ალასანიას კადრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ „თავისუფალი დემოკრატები“. თავდაცვის სამინისტროში for.ge–ს განუცხადეს, რომ სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ გადაადგილებებს არეგულირებს დებულება „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ – დამტკიცებული საქართველოს მთავრობის მიერ, 2014 წლის 18 მარტს. აღნიშნულ დებულებას საფუძვლად უდევს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, კადრების განკარგულებაში გადაყვანა არ ნიშნავს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას. მინდია ჯანელიძის უწყებაში უარყოფენ, კადრების პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებას.
„სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და ხდება მისთვის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისი თანამდებობის შეთავაზება. ამასთან, საკადრო ცვლილები არ ხდება პოლიტიკური ნიშნით და გადაწყვეტილებები მიიღება კადრების პროფესიული უნარების, გამოცდილებისა და ფუნქციური მნიშვნელობის მიხედვით“, – განუცხადეს for.ge-ს წერილობით თავდაცვის სამინისტროში.
რაც შეეხება კითხვას, რამდენი ადამიანია კადრების განკარგულებაში გადაყვანილი და რა მოტივით, ამ საკითხს თავდაცვის სამინისტრო უკომენტაროდ ტოვებს.
გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ თანამდებობიდან ათავისუფლებენ არაპოლიტიკური თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს. მისი თქმით, ეს პროცესი ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ დაიწყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ისეთი პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ დასავლეთში და ამავე დროს არიან პროფესიონალები. შემიძლია დაგიკონკრეტოთ იმ ადამიანების სახელები, ვინც განთავისუფლდნენ და რაც დადასტურებულია. ესენი არიან - გენშტაბის სამხედრო პერსონალის მენეჯმენტის ხელმძღვანელი გია ჯაჭვაძე, თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი, ზურა აგლაძე, რომელიც გიორგი გეგეჭკორმა შეცვალა. ორივე ეს პიროვნება არის დასავლეთში განათლება მიღებული და რაც მთავარია, პროფესიონალები არიან.
ახლაც მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების შეცვლის პროცესი. რამდენიმე მათგანი გადაყვანილია კადრების განკარგულებაში. ძალიან ცუდი ტენდენციაა – თუ არ ხარ ახალი ხელმძღვანელის ახლობელი, ნაცნობი ან მის სიმპათიას არ იმსახურებ, გვერდზე გადადის ადამიანების პროფესიონალიზმი, მეტი ყურადღება ექცევა ლოიალობას, რაც ამ უწყებას აზარალებს. როგორც გითხარით, ახლაც, ამ წუთასაც მიმდინარეობს ადამიანების გათავისუფლება“, – აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანა არ ნიშნავს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას, მუჩაიძე ამის საპასუხოდ აცხადებს, რომ კადრებში გადაყვანა არის ერთ–ერთი მექანიზმი იმისა, როგორ გაამართლონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„კადრებში გადაყვანა და განთავისუფლება ერთი და იგივეა. როდესაც მაღალი თანამდებობის პირს ათავისუფლებენ, ის გადაყვათ კადრებში, რომ პირდაპირ არ მოხდეს მისი გათავისუფლება. კადრებში გადაყვანა ეს არის ერთ–ერთი მექანიზმი იმისა, რომ გაამართლონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
გამოჩნდება რამდენად პროფესიული კადრებით ხდება ამ ადამიანების ჩანაცვლება. როდესაც პროფესიონალი კადრებით არ ვართ განებივრებული, არ უნდა ხდებოდეს ასეთი კადრების გაშვება. ეს არის ამ უწყების პოლიტიზაციის ნიშანი, რაც კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.