მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს შესაძლებლობა მოგვეცა ერთად ჩაგვეტარებინა ღვთისმსახურება საპატრიარქოს მთავარ საკათედრო ტაძარში, - განაცხადა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა ანტონმა.
„ჩვენთვის - ბულგარელებისთვის ქართველი ხალხი ძალიან ახლობელია, რადგან ბულგარეთის და საქართველოს ისტორიაში ბევრი რამ საერთოა. რაც გვაერთიანებს, ეს არის მართლმადიდებლობა და რწმენა. ჩვენ რამდენიმე დღეა, ვიმყოფებით საქართველოში და რამდენიმე ადგილი მოვილოცეთ. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ აქვს ქართველ ხალხს შენარჩუნებული რწმენა. სწორედ რწმენამ უნდა გადაარჩინოს და გააერთიანოს ადამიანები და დაამკვიდროს მშვიდობა. ჩვენ ამისთვის ვლოცულობთ“, - აღნიშნა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა ანტონმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საეკლესიო ახალ წელს ზეიმობს. სამების საკათედრო ტაძარში წირვა საპატრიარქო ტაძრის მოსაყდრემ, ბულგარეთიდან სტუმრად მყოფ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ანტონთან ერთად აღავლინა, შემდეგ კი საახალწლო პარაკლისი გადაიხადეს. ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. თარიღის აღნიშვნა პირველ მსოფლიო კრებაზე გადაწყდა და რამდენიმე მოვლენამ განაპირობა. მათ შორის სახარების თანახმად ამ დღეს ქრისტემ წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა. ასევე 14 სექტემბერს კონსტანტინე დიდის ერთ-ერთი გამარჯვების შემდეგ ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.