საქართველოს 2-დღიანი ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის ადგილის დათვალიერებაც შედის. თუმცა, ამ დრომდე შერჩეული არ არის ადგილი, სადაც ნატოს საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
თუმცა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობისთვის ადგილი უკვე შერჩეულია. მისი თქმით, ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის პროცესი არ არის ღია ინფორმაცია და შესაბამისად, სად, რა ფორმით, რა კონსტრუქციით განთავსდება, ეს ყველაფერი საიდუმლო ინფორმაციას განეკუთვნება.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებას ოპერატიულად გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მინდია ჯანელიძის უწყებაში განმარტავენ, რომ ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის მშენებლობისთვის საბოლოო ადგილი შერჩეული არ არის. „მშენებლოსთვის რამდენიმე ადგილი მოიაზრება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
გამომდინარე იქიდან, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის მშენებლობისთვის ადგილი შერჩეული ამ დრომდე არაა, ასევე უცნობია, შევა თუ არა კორექტირება ვერშბოუს ვიზიტის დეტალებში. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ფიქრობს, რომ საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედება 2015 წლის დასასრულამდე იქნება შესაძლებელი. კითხვაზე, შეუთანხმდა თუ არა უკვე ქართულ მხარეს, სად, როგორ და როდის უნდა გაიხსნას ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, ალექსანდრე ვერშბოუმ უპასუხა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისივე თქმით, მეტი დეტალი მისი ვიზიტის შემდეგ იქნება ცნობილი.
„როგორც ვიცი, რამდენიმე ადგილია შერჩეული. ამიტომ არ მინდა ამ თემაზე წინასწარ სპეკულაცია გამომივიდეს. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ადგილს შევარჩევთ, შევძლებთ მის ამოქმედებას 2015 წლის დასასრულამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დემონსტრირება საქართველოს მიმართ ნატო-ს დამოკიდებულების. ასევე აღიარება მაღალი ხარისხის, მაღალი დონე საქართველოს შეიარაღებული ძალების, რაც მათ არაერთხელ აჩვენეს ჩვენს ოპერციებში, მაგალითად ავღანეთში.
ჩვენ გვსურს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით ახალ ეტაპზე და საფეხურზე გადავიდეთ. ასევე გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმაც მიიღონ სარგებელი იმ გამოცდილებიდან, რაც საქართველოს უკვე აქვს. ნატო-ს პარტნიორმა ქვეყნებიც გამოიყენებენ ცენტრს. ასე რომ, ეს არის სიმბოლურიც, პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელიც და აქვს პრაქტიკული დატვირთვაც.
ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ როგორც დემონსტრირებას იმისას, რომ ნატო დანაპირებას ასრულებს და, რომ 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება ისევ ძალაშია - როდესაც ვამბობთ, რომ ვერც ერთი მესამე მხარე ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, უნდა გახსნას თუ არა ნატო-მ ცენტრი პარტნიორ ქვეყანაში. ნატო ასრულებს იმას, რასაც ამბობს და ამას ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ, როდესაც გავხსნით საწვრთნელ ცენტრს“, - განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.
რატომ ჭიანურდება ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის მშენებლობისთვის ადგილის შერჩევა, ოფიციალური განმარტება არ კეთდება. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საკითხის გაჭიანურების მიზეზი შესაძლებელია თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეცვლა იყოს. მისივე თქმით, მინისრტთან და მოადგილეებთან გაურკვეველი მიზეზით შეიცვალა ადამინთა ის ჯგუფი, რომლებსაც კონკრეტული მიმართულება ჰქონდათ ჩაბარებული.
„სამწუხაროდ, არა მხოლოდ მინისტრი და მოადგილეები შეიცვალა, არამედ შეიცვალა თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებიც, მათ შორის გენერალურ შტაბში, სამხედრო ნაწილებში, ყველაფერმა ამან დააგდო ტემპი იმ შეთანხმებული 5 ძირითადი მიმართულების შესრულების კუთხით, რომელიც შეთანხმდა ნატოს უელსის სამიტზე.
ნატო-ს საწრთვნელი ცენტრი ძლიერი იმით არის, რომ გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობას და ამასთანავე, საქართველო წარმოჩინდება ნატოს პარტნიორ ქვეყნად, რომლის ტერიტორიაზეც მომზადდება ნატოს ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ყველა ძალა უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ადგილის შერჩევა, რომ საწვრთნელი ცენტრი, რაც შეიძლება მალე იქნას გახსნილი“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შერჩევის თვალსაზრისით, საუბრები ხელისუფლების შესაბამის შტოებში მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, კონკრეტულ ადგილზე წინასწარ საუბარი ნაადრევია, ვიდრე თავად ნატო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ვერსიის სასარგებლოდ.
„ჩემი ნება რომ იყოს, ნატოს არა მარტო საწვრთნელ ცენტრს, არამედ უფრო სოლიდურ ძალასაც განვალაგებდი იმ რეგიონში, რომელიც რუსეთის მიერ ჩაფიქრებულია როგორც კავშირი დაღესტნიდან სომხეთისკენ. კახეთში, მშვიდ რეგიონში კარგია მეცადინეობა, ტრეინინგები, იქ ივარჯიშონ ნატოს ძალებმა, ჩვენც უფრო მშვიდად ვიქნებით და დავიჯერებთ, რომ ვემიჯნებით იმ გზას, რომელიც რუსეთის მიერ ჩაფიქრებულია საკუთარი დამგების სანავარდოდ. გარკვეული მოთხოვნილებები ასეთი ცენტრის ადგილმდებარეობას ნამდვილად გააჩნია, ეს არაა პირველი ასეთი ცენტრი ნატოსთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
აღსანიშნავია, რომ თებერვლის პირველ რიცხვებში ნატოს თავდაცვის მინისტერიალია, ამის პარალელურად, ჭიანურდება ნატო-ს საწრთვნელი ცენტრისთვის ადგილის შერჩევა, ასევე ამ დრომდე უცნობია ვინ დაიკავებს ნატოში საქართველოს ელჩის თანამდებობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, დავით კერესელიძე აცხადებს, რომ ნატოში საქართველოს ახალი წარმომადგენლის ვინაობა უახლოს ხანში გახდება ცნობილი. ექსპერტების განცხადებით, ნატოში საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და აუცილებელია, რომ საქართველო არ იყოს ელჩის გარეშე იმ ორგანიზაციაში, რომელშიც საქართველოს გაწევრიანება, მისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ორი-სამი დღე საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად. რაც შეიძლება მალე უნდა იქნას ეს თანამდებობა წარმოდგენილი კონკრეტული პირის მიერ. ელჩის შერჩევაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული როგორც შესაბამისი საპარლამნეტო კომიტეტი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო. ღმერთმა არ ჰქნას, რომ ვინმეს მიმართ ერთგულებით მახასიათებელი პირი გახდეს ელჩი ნატოში. მნიშვნელოვანია ისეთი კადრის დანიშვნა, რომელსაც სასწავლებელი არ გაუხდება როგორ იშიფრება აბრევიატურა - ნატო“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.