ფინანსთა მინისტრი ალთასაა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ბალთას ანუ როგორ დავიჭიროთ ლარი
ეროვნული ვალუტა ახალ ფსიქოლოგიურ ნიშნულს მიუახლოვდა - ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.98 ლარია. კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი, 2.00 ლარს გადასცდა. ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, იმპორტირებული პროდუქტები უკვე გაძვირდა. მართალია, ფინანსთა მინისტრმა ,,ვერსიას' განუცხადა, რომ ეკონომიკაში მოლოდინის თეორია მნიშვნელოვანია. ხადურმა აგვიხსნა, რომლარის კურსის გაუარესებას ფსიქოლოგიური ფაქტორებიც იწვევს ანუ ცნობილი ადამიანების დაახლოებით ამ შინაარსის განცხადებები _ ლარი ამა და ამ ნიშნულს მიაღწევს, ან ლარის დევალვაციის პროცესი ერთ კვირაში დაიწყება, მაგრამ ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ახალი წლის შემდეგ, ლარი რომელიმე ექსპერტის განცხადებამ გააუარესა. ძნელი სათქმელია, გაკუპონდება თუ არა ლარი, ასეთ პროგნოზს ვერცერთი ექსპერტი ვერ გააკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული ვალუტა დღითიდღე უარესდება, პროდუქტები ძვირდება და ხალხი პანიკაშია.
ლარმა გაუფასურება გასული წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყო. ლარის კურსის დასასტაბილურებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2014 წლის ბოლოს, 80 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, რამაც კურსი რამდენიმე დღე დაიჭირა. ახალი წლის შემდეგ, ლარის კურსმა დევალვაცია ისევ დაიწყო და აშშ დოლართან მიმართებაში, რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. 2014 წლის ბოლოს, ,,ვერსიასთან' ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია:
,,ლარის კურსზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, საშინაო, საგარეო, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური. საშინაო და ეკონომიკურ ფაქტორებს რაც შეეხება, არც ეროვნულ ბანკს და არც ფინანსთა სამინისტროს, არცერთი ღონისძიება არ გაუტარებია, რაც კურსის გაუფასურებას წაახალისებდა და ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. თავისთავად ცხადია, რომ კურსზე გავლენა საგარეო ფაქტორებმა იქონია, რადგან ლარის კურსი დამოკიდებულია მიმოქცევაში არსებული ლარისა და საქართველოში არსებული დოლარის რაოდენობაზე. მათ შორის წონასწორობა უნდა იყოს დაცული. თუ კურსი იცვლება, მიზეზი ის არის, რომ დოლარის რაოდენობა მცირდება. დოლარის რაოდენობა დამოკიდებულია იმპორტ- ექსპორტზე, ინვესტიციებსა და რემიტენსებზე ანუ ჩვენი თანამემამულეების მიერ საზღვარგარეთიდან გადმორიცხულ თანხებზე. იმ პერიოდში, იმპორტი ძალიან არ გაზრდილა, ექსპორტი წლის განმავლობაში კი გაიზარდა, მაგრამ ნოემბერში ჩავარდნა გვქონდა. რემიტენსებში გვაქვს პრობლემები, რადგან მათი დიდი ნაწილი რუსეთიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან ირიცხება. კარგად იცით, რა რთული ეკონომიკური ვითარებაა სამივე ქვეყანაში. ნოემბერში, საქართველოში ტურიზმის სეზონი შედარებით მკვდარია და რჩება ფსიქოლოგიური, ანუ მოლოდინის ფაქტორი, რომელიც დამოკიდებულია ცნობილი, ან ცნობადი ადამიანების გამონათქვამებზე. როცა ცნობადი პირი, აპრილში ან მაისში აცხადებს, რომ დეკემბერში კურსი გაუარესდება, ამით საზოგადოებას უარყოფით მოლოდინს უჩენს. ამის შემდეგ, ლარის კურსის თუნდაც ერთი პუნქტით გაუარესებას, აჟიოტაჟი მოჰყვება. შესაბამისად, ლარის კურსის ვარდნის ერთ-ერთი, სერიოზული მიზეზი ესეც იყო _ ფსიქოლოგიური მოლოდინის ფაქტორით გამოწვეული აჟიოტაჟი. არადა, კურსის ვარდნის ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ახლა შევხედოთ, რა მოსდის გაცვლით კურსს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში, ეროვნული ვალუტა უარესდება, მეზობელ აზერბაიჯანშიც ანალოგიური მდგომარეობაა, რადგან ნავთობის ფასის შემცირების გამო, მათ ეროვნულ ვალუტასაც პრობლემები ექმნება. ბოლოს და ბოლოს, ევროსა და დოლარს შორის იცვლება კურსი და ცხადია, ეს ჯანსაღი ეკონომიკური პროცესია, მაგრამ უპასუხისმგებლო განცხადებებით, ცეცხლზე ნავთი არ უნდა დავასხათ. პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებს უწოდებენ, პროცესი ხელოვნურად გააღვივეს და მიზანმიმართული აჟიოტაჟი შექმნეს. აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს, კურსი სტაბილურდება და იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება'
. ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებული კურსი უნდა გაამყაროს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. ზუსტად იმ დროს, როცა ლარმა გაუფასურება დაიწყო, საქართველოში აზერბაიჯანიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ინვესტიცია შემოვიდა. ასევე, დიდი ინვესტიცია განახორციელა ჩინურმა ,,ჰუალინგ ჯგუფმაც'. თუ ქვეყანაში ასეთი რაოდენობის ინვესტიცია შემოვიდა, ლოგიკურია, რომ ლარი უნდა გამყარებულიყო, არადა, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ამასთან დაკავშირებით, ნოდარ ხადურმა ,,ვერსიას' განუცხადა:
,,ინვესტიცია მხოლოდ დოლარი არ არის, საინვესტიციო საქონელიც ინვესტიციაა. პირობითად ვამბობ, გაზსადენის ან ნავთობსადენისთვის საჭირო მილები და სამშენებლო მასალებიც ინვესტიციაა. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩვენთან ინვესტიცია ფულით კი არა, საქონლის სახით შემოდის. რეალურად, დღეს რომ ვიღაცამ 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ეს ნიშნავს, რომ საინვესტიციო საქონელი შემოიტანა და პატარა, გადამამუშავებელი ქარხანა ააშენა. დოლარით ინვესტორს ამ ბაზარზე მხოლოდ შენობა- ნაგებობის შეძენა შეუძლია, ჩვენ ჩარხებსა და დანადგარებს არ ვაწარმოებთ და მათ შესაძენად, ეს დოლარი ისევ გარეთ გადის'.
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძემ ,,ვერსიასთან' საუბრისას აღნიშნა, რომ ინვესტორს ინვესტიციის ნაწილი მანქანა- დანადგარების, ნედლეულისა და ტექნოლოგიის სახით შემოაქვს და ამაში განსაკუთრებული არაფერია:
,,როგორც წესი, საინვესტიციო საქონელი, ინვესტიციის 20%-ია. ამიტომ, საქართველოში ინვესტიციის სახით შემოტანილი 100 დოლარიდან 100-ვე ნედლეულის, ან მანქანა- დანადგარის სახით არ შემოდის. აპელირება, რომ ამ თვალსაზრისით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მონეტარული სტაბილიზაციის წინაპირობას არ ქმნის, არასწორია. თუკი მშენებლობაში განხორციელებულ ინვესტიციებს განვიხილავთ, ამ შემთხვევაში, ინვესტიციის 40%, შრომის ანაზღაურებას ხმარდება. როგორ შეიძლება, შრომის ანაზღაურების ხარჯი ძირითადი საშუალებების, ან ნედლეულის სახით შემოვიდეს? რა გამოდის _ ფინანსთა მინისტრს მიაჩნია, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ქართული ეკონომიკის ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს?!'
ლევან კალანდაძემ ,,ვერსიას' განუცხადა, რომ გრძელვადიან პერიოდში, ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია საჭირო. გარდა ამისა, აუცილებელია იმ მსხვილი საინვესტიციო ქეისების ამოქმედება, რომლებიც ახლა შეჩერებულია. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდა უნდა იზრუნოს, რომ საექსპორტო წარმოება გაიზარდოს, რათა იმპორტსა და ექსპორტს შორის არსებული უარყოფითი სალდო შემცირდეს. ახლა, როდესაც 1 აშშ დოლარი 2.00 ლარს გადასცდა და პარალელურად, პროდუქტებიც გაძვირდა, ცალკეული ექსპერტები, სხვათა შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც, ლარის კურსის დასასტაბილურებლად, ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერენ და აცხადებენ, რომ გიორგი ქადაგიძემ სავალუტო რეზერვები უნდა გაყიდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები გამოიყენოს, ჭარბი რაოდენობით დოლარი გაყიდოს და ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებული შოკი მოხსნას. ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვის გამოყენებით, ლარის კურსის დაჭერა, რა თქმა უნდა, შეუძლია, მაგრამ როდესაც წინ გაზაფხულია, ამგვარი ქმედება გაუმართლებელია. ზოგადად, გაზაფხული ინფლაციის მაღალი დონით გამოირჩევა, თანაც არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში: გაზაფხულზე ქვეყანას უკვე არსებული მარაგები ეწურება, ახალი პროდუქცია ჯერ შემოსული არ არის, არადა, მოთხოვნა მაღალია, მიწოდება კი _ არასაკმარისი, ეს თავისთავად და ბუნებრივად ქმნის ინფლაციურ სიტუაციას. შესაბამისად, როდესაც წინ გაზაფხულია, თავისი სეზონური პრობლემით, ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული სავალუტო რეზერვი არ უნდა გაანიავოს. მოკლედ, უმჯობესი იქნება, თუკი ცალკეული ექსპერტები და მათთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ჯერ კარგად გაერკვნენ ეკონომიკურ თეორიაში და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ განცხადებები. ლევან კალანდაძე ,,ვერსიასთან' საუბრისას აცხადებს, რომ მოკლევადიან პერიოდში, ლარის კურსის დასასტაბილურებლად, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ჰარმონიული მოქმედებაა საჭირო. რაც მთავარია, არსებობს სამი ძირითადი მექანიზმი, რასაც მოკლევადიან პერიოდში, ლარის კურსის ,,დაჭერა' შეუძლია:
,,ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა, პოლიტიკურ კონტექსტს ჩამოშორებული ნაბიჯები უნდა გადადგან და წმინდა რაციონალურ, პრაგმატულ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული, სამნაწილიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ. პირველი _ ხარჯვითი პოლიტიკის ოპტიმიზაციაა, 2015 წლის პირველ კვარტალში, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ხარჯვითი პოლიტიკა, რათა ლარის მასის ზრდამ, დოლარის ხელახლა მოთხოვნა არ გამოიწვიოს. მარტივად რომ ავხსნათ, უნდა ვხარჯოთ იმდენი, რამდენიც გვაქვს და დეფიციტური ხარჯვის პოლიტიკა არ უნდა გაგარძელდეს. მესმის, რომ ხარჯებია გასაწევი, მათ შორის, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებითაც, რადგან ბიუჯეტი სოციალური ხარჯებითაა დამძიმებული, მაგრამ ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. მეორე, აუცილებელია, რომ მთავრობამ საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული გრანტებისა და კრედიტების პირველი ტრანშები, რაც შეიძლება დაჩქარებულ რეჟიმში მოიზიდოს. პირველი ტრანშების გადმორიცხვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველ კვარტალში, რადგან ლარის ძირითადი პრობლემა სწორედ ამ პერიოდში ფიქსირდება. თუ შევძლებთ და პირველივე კვარტალში მივიღებთ დოლარის მაბალანსებელ წყაროს, ამით მნიშვნელოვნად შემცირდება ლარზე დაწოლა. აბსოლუტურად გეთანხმებით და არც მე ვარ მომხრე, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული ინსტრუმენტები ,,უპრაგონოდ' ვხარჯოთ, თუმცა მესამე მექანიზმი, მაინც ეროვნული ბანკის სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენებაა, მაგრამ პანიკისა და ერთჯერადი შოკების მოსახსნელად. პარალელურად, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ქმედება ჰარმონიული უნდა იყოს, არ შეიძლება, რომ ეროვნულმა ბანკმა ცალკე პოლიტიკა აწარმოოს, ფინანსთა სამინისტრომ _ ცალკე. თუ ისინი შეწყობილ- შეთამაშებულები არ იქნებიან, იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით, როგორც 2014 წლის ბოლოს მივიღეთ. მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მონეტარულ ინსტრუმენტებს გამოიყენებდა, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ფინანსთა მინისტრი პირობას შეასრულებდა და დეფიციტურ ხარჯებს არ განახორციელებდა. ამის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრმა წლის ბოლოს ეს პირობა დაარღვია და დეფიციტური ხარჯვითი პოლიტიკა განახორციელა ანუ დეკემბერში 1 300 000 000 ლარი დახარჯა, როდესაც საშუალოდ, 700 000 000 ლარს ვხარჯავდით ხოლმე. ასე რომ არ მოხდეს და ფინანსთა მინისტრი ალთას არ იყოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი _ ბალთას, უმჯობესია, ამ ორმა, ძირითადმა უწყებამ მონეტარული პოლიტიკა კოორდინირებული მუშაობის შედეგად დაგეგმოს'.