აფხაზეთში შეშფოთების ამარა

აფხაზეთში შეშფოთების ამარა

[ეკა ბაქრაძე]
საქართველო აფხაზეთში მხოლოდ შეშფოთების ამარა დარჩა. რუსეთს რომ თავი დავანებოთ, სეპარატისტებთან თანამშრომლობას ნაციონალურ მთავრობაზე განაწყენებული სხვა სახელმწფოებიც არ გამორიცხავენ. თბილისს კი არანაირი ზემოქმედების მოხდენა არ ძალუძს.

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისთვის გაგრაში კაზინოების, გასართობი ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობა იგეგმება. საერთოდაც, რუსეთს ამ ტერიტორიის მიტაცება სურს. მოსკოვში მუშავდება გეგმა, რომ გაგრის ტერიტორიები პირდაპირ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მოხვდეს. 

ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ გაგრაში კაზინოებისა და გასართოები ცენტრების მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადო შეშფოთებას გამოთქვამს.

„ჩვენი პოზიცია იქნება ისეთივე, როგორიც სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული ყველა არალეგიტიმური ქმედების თაობაზე. ამის თაობაზე შეშფოთებას გამოვთქვამთ და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას მოვახდენთ. იმედი გვაქვს, რომ მათი მხრიდანაც სათანადო შეშფოთება გამოითქმება და ლეგალურ ჩარჩოებში მოხდება ოლიმპიადისთვის დაგეგმილი მშენებლობების მოქცევა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. 

ჯერჯერობით, აფხაზეთში ისეთი ვითარებაა, რომ რუსეთს ვერავინ ვერაფერს დაუშლის - ვერც საქართველო და ვერც ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობა. თუმცა, სხვა ვითარებაა, როდესაც საქართველოზე განაწყენებული სახელმწიფო აპირებს სეპარატისტულ რეგიონში კაპიტალის დაბანდებას. თანაც, საქმე ეხება მსოფლიოში და განსაკუთრებით ახლო აღმოსალეთში ანგარიშგასაწევ ქვეყანას - ისრაელს.

სააგენტო „იზრუ“-ს ცნობით, ებრაელ ბიზნესმენებს აფხაზეთში ინვესტიციების ჩადება სურთ და „რესპუბლიკის“ საივესტიციო კლიმატის შესასწავლად ისინი სოხუმში იმყოფებოდნენ კიდეც. აღსანიშნავია, რომ ეს ის სააგენტოა, რომელმაც ისრაელში ბაქრაძის და ქობალიას ვიზიტების სკანდალურად ჩაშლის შესახებ ინფორმაცია გაახმაურა.

საქართველოს საგარეო უწყება ებრაელი ბიზნესმენების მიერ დე ფაქტო აფხაზეთის საინვესტიციო კლიმატით დაინტერესების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„არ ვფლობთ ინფორმაციას იმის თაობაზე, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ებრაელი ბიზნესმენები აფხაზეთში. მეტწილად, ამ ტიპის ინფორმაცია არ დასტურდება ხოლმე“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.

თუმცა, იგი ირწმუნება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ისრაელის სააგენტოს მიერ გავრცელებული შესაბამისი ინფორმაცია დადასტურდება, ქართული მხარე განგაშს ატეხს.

„როგორც წესი, ჩვენ ასეთ ინფორმაციაზე ყოველთვის განგაშს ვახდენთ, საქმის კურსში ვაყენებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დე-ფაქტო აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარების ყველა ასეთი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება“, - აღნიშნა კალანდაძემ.

ქართველ ექსპერტებს კი ეეჭვებათ, რომ ებრაელებმა აფხაზეთში ინვესტირება მართლაც წამოიწყონ. 

„ის ინფორმაცია, თითქოს ებრაელი ბიზნესმენები აფხაზეთში ინვესტიციების ჩადებას აპირებენ, არარეალურად მეჩენება. მიუხედავად ორ სახელმწიფოს შორის არსებული გარკვეული სირთულეებისა, გამოვრიცხავ, რომ ბიზნესმენებმა ლეგალური ფული არაღიარებულ სახელმწიფოში ჩადონ.

ისრაელს კი არანაირი გეოპოლიტიკური ინტერესი აფხაზეთში არ გააჩნია. თუ დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების გამო შურისძიება სურთ, ამისათვის ბევრად უფრო ეფექტური მექანიზმები არსებობს და არა ფულის არაღიარებულ სახელმწიფოში ჩადება“, - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.