იური ვაზაგაშვილის შემზარავ და ცინიკურ მკვლელობას ხელისუფლების მხრიდან მყისიერი საპასუხო პოლიტიკური ნაბიჯი მოჰყვა - რაკი ცხელ კვალზე დამნაშავის გამოვლენა ვერ მოხერხდა, შს მინისტრი გადადგა. აღმოჩნდება თუ არა ეს ფაქტი ერთგვარი წყალგამყოფი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოვლენათა როგორი განვითარებაა მოსალოდნელი, ამ თემაზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ხათუნა ლაგაზიძე : გასაგებია, რომ ხელისუფლებამ ერთგვარი მსხვერპლშეწირვა განახორციელა საზოგადოებისთვის, რათა განემუხტა მოსალოდნელი მზარდი უკმაყოფილება, რაც საზოგადოებაში აუცილებლად გაღრმავდებოდა. თუმცა, ეს გადაყენება მოსალოდნელი იყო მაშინაც, როდესაც ღარიბაშვილის მთელი გარემოცვა დახსნეს. დროის საკითხი იყო, როდის მოიხსნებოდა ჭიკაიძე და როდესაც დადგა ეს ტრაგიკული და სამწუხარო ფაქტი, ბუნებრივი იყო, ჭიკაიძე ამას შეეწირებოდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ის ყველაზე უბოროტო შს მინისტრი იყო - ჭიკაიძემ თუ არაფერი გააკეთა, არც არაფერი გაუფუჭებია - არ ვგულისხმობ ინფორმაციას, თითქოს ხელს აფარებდა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ბრლეულ ადამიანებს - რაც არ ვიცი, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის იყო ფორმალური შს მინისტრი, განსაკუთრებით შს სამინისტროდან ზედელაშვილისა და ჯანყარაშვილის წასვლის შემდეგ.
თუ ახალი მინისტრი არ შეცვლის იმ პრინციპს, რა პრინციპითაც ინიშნებოდა კადრები - მორჩილება, მორჩილება და კიდევ მორჩილება, არაფერი შეიცვლება არც მისთვის და არც საზოგადოებისთვის. მთავარია, ახალ მინისტრს ამბიციებისაც არ შეეშინდება. საპირისპირო შემთხვევაში ეს ცუდად მოუბრუნდება არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას.
ვარაუდები არსებობს, რომ შესაძლოა, გაზაფხულისთვის მთელი მთავრობის პასუხისმგებლობამდეც მივიდეს საქმე. არსებობს საფუძველი?
- ძალიანაც მოსალოდნელია, თუ გადავხედავთ მედიაში ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიას და ბიძინა ივანიშვილის რეაქციებს მსგავს საინფორმაციო კამპანიებზე. როგორც წესი, ის ძალიან მგრძნობიარეა-ხოლმე ასეთი საინფორმაციო კამპანიის მიმართ და ადრე თუ გვიან, დგება შედეგი, რომ ის ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც ასეთი საინფორმაციო კამპანიაა აგორებული, ხელისუფლებას ემშვიდობება. ეს არის ბოლო წელიწადნახევრის პრაქტიკა და აქედან გამომდინარე, თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, ღარიბაშვილიც, შესაძლოა, დაემშვიდობოს პოსტს.
კიდევ ერთი რამ არის ჩემთვის ნიშანდობლივი, კერძოდ - ბოლო პერიოდში ხელისუფლების ერთადერი წარმატებული კამპანია არის C ჰეპატიტთან ბრძოლის კამპანია, რომელიც მასობრივია და ტექნიკურად და ტექნოლოგიურადაც კვალიფიციურადაა გაკეთებული.
ანუ, შესაძლოა სერგეენკოს ამზადებდნენ ამ პოსტისთვის?
- არ გამოვრიცხავ რომ C ჰეპატიტის დამარცხების კამპანია სერგეენკოს გამარჯვების კამპანიაც იყოს და შესაძლოა, ეს ყველაფერი ერთმანეთს დროში შემთხვევით სულაც არ დაემთხვა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ C ჰეპატიტის წინმააღმდეგ ბრძოლა კარგა ხნით ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ღარიბაშვილის თავზე ღრუბლები ჯერ კიდევ არ იყო შეყრილი და არც სერგეენკოს გაპრმიერებაზე მიდიოდა საუბარი.
კიდევ ერთი კანდიდატურა განიხილება, ეს არის საქართველოს რკინიგზის ამჟამიდელი გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე, რომელზეც ამბობენ რომ ძალზე კვალიფიციური კადრია. პრემიერობის კანდიდატებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ იმაში, რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება, შემიძლია, დაგარწმუნოთ.
დავუბრუნდეთ ისევ ვაზაგაშვილის საქმეს, შეიძლება თუ არა ვუწოდოთ ამას პოლიტიკური მკვლელობა?
- ცალსახად პოლიტიკური მკვლელობაა, გათვლილი იმაზე, როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება, რამდენად კრიტიკული იქნებოდა მისი რეაქცია. ერთი მხრივ, გათვლილი იმაზე, რომ ასეთი უსუსური ხელისუფლება თავს ვერ მოაბამდა ამ საქმის გამოძიებას, შესაბამისად, საზოგადოების ნდობა ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო შემცირდებოდა.
არ უნდა გამოვრიცხოთ ასევე თანმდევი პროცესი, რომ მსგავსი ტერორისტული აქტები კიდევ სადმე იგეგმებოდეს იმისათვის, რომ საზოგადოება და ხელისუფლება სრულმა ქაოსმა მოიცვას, ხოლო შემდეგ უკვე გამოჩნდეს მხსნელი.
სად შეიძლება იწერებოდეს ეს სცენარები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ?
- ვფიქრობ, უფრო ქვეყნის გარეთ, მაგრამ შიდა პოლიტიკური ძალებიდან ვინ ისარგებლებს და იხეირებს, ამასაც უახლოესი კვირები და თვეები გამოაჩენს. მალე გამოჩნდება, გამოიძიებს თუ ვერა ხელისუფლება ამ დანაშაულს. ამის შესაბამისად, შიდა და გარე პოლიტიკური აქტივობები თავისთავად გასცემს ამ კითხვას პასუხს - რომელი საგარეო აქტორი იყო დაინტერესებული საქართველოს შემდგომი დესტაბილიზაციით.
ანუ, რუსულ კვალზე შეიძლება იყოს საუბარი? ქვეყნის გარეთ თუ მას აწყობს არეულობა, ქვეყნის შიგნით ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს - გასული კვირის ინფორმაციით კიევში ნაციონალების ერთ-ერთი თავყრილობის დროს ზურაბ ადეიშვილი დამუქრებია ერთ-ერთ ქართველ ბიზნესმენს, რომ თვენახევარში დაბრუნდებიან და ყველას ციხეში ამოალპობენ. როგორ ფიქრობთ, დასაშვებია რაღაც მსგავსი ტანდემის განხილვა?
- ყველაზე მეტად მაფიქრებს ორი რამ ამ საქმესთან დაკავშირებით - ხელისუფლებას არ გაუჩნდეს კუდიანებზე ნადირობის და მასობრივი დაკავებების ცდუნება. თუ ეს საქმე ვერ გაიხსნა და საზოგადოებრივი უკმაყოფილება აზვირთდა, შეიძლება აყვეს ამ საზოგადოებრივ ისტერიას და დაიწყოს იმ ადამიანების დაკავება, რომელ პოლიტიკური ჯგუფსაც ეკუთვნიან ნაციონალები.
იყო პერიოდი, როდესაც ხელისუფლება ყველას ნაციონალების იარლიყს აკრავდა, ვინც მის მიმართ კრიტიკული იყო. თუ ნაციონალების მასობრივ დაკავებას კიჟინა მოჰყვა საზოგადოებისგან, ეს შეიძლება ისეთივე იმპულსი იყოს, როგორც თავის დროზე ნაციონალებისთვის საზოგადოების კმაყოფილი შეძახილები, როდესაც შევარდნაძის მაღალჩინოსნებს იჭერდნენ ყოველგვარი პროცესუალური ნორმების დარღვევით.
როდესაც ასეთ ქმედებაში ხელისუფლებას ერთხელ ეხსნება ხელ-ფეხი, შემდეგ ეს მისი ხელწერა ხდება და სწორედ ეს არის ერთი საფრთხე. თუმცა, ნაკლებ მოსალოდნელი მგონია.
მეორე საფრთხე არის ის, რომ ეს ხელისუფლება უკვე მიუღებელია, რუსეთზე აღარაფერს ვამბობ, ის ყოველთვის რჩება მთავარ ეჭვმიტანილად. თუმცა, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მიუღებელი ხდება აშშ-სთვის, ფაქტია.
ამ ყველაფერს არ ვაკავშირებ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტთან, უბრალოდ, ყურადღებას ვამახვილებ იმ რისკ-ფაქტორებზე, რომელიც აქვს ქვეყანას და რომელიც აუცილებლად უნდა განეიტრალდეს. აშშ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უბრალოდ, არ ცნობს. უკრაინაში დესანტირებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები „რუსთავი 2“- ის ეთერში სწორედ იმას ამტკიცებნდნენ, რომ მათი უკრაინის ხელისუფლებაში მიწვევა არის სააკაშვილის რეფორმების საერთაშორისო აღიარება და ამასთან, ზურაბ ადეიშვილი, რომელიც დღეს იძებნება საქართველოს ხელისუფლების მიერ, უკრაინაში ხელმძღვანელობს რეფორმატორულ ჯგუფს.
ეს არამარტო ნიშნავს იმას, რომ უკრაინისთვის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ, არ არსებობს, არამედ იმასაც, რომ ასეთივე განწყობა აქვს აშშ-ს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართაც.
ის რაც უკრაინაში ხდება, უკრაინისა და აშშ-ს ერთობლივი პროექტია, რომლითაც ცდილობენ, დასავლეთ უკრაინა მაინც დააყენონ დასავლური ღირებულებების რელსებზე - უკრაინა იმ სახით, რა სახითაც ყირიმის დაკარგვამდე არსებობდა, დასავლეთისთვის მიუღებელი გახლდათ, რადგან ეს იყო უზარმაზარი, განუვითარებელი ინდუსტრიის ქვეყანა, რომელსაც კორუფცია ხრავდა. რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს, დასავლეთმა გადაწყვიტა, რაც დარჩება უკრაინისგან, ის მაინც აქციონ ცივილურ და რეალურად პროდასავლურ სახელმწიფოდ.
რაც შეეხება საქართველოს, ვხედავთ, რომ აშშ იგნორირებას უკეთებს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გამოტანილ ვერდიქტებს, რაც ძალზე სახიფათოა, რადგან თუ აშშ-მ გადაწყვიტა, ჩაანაცვლოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ეს სერიოზულ რყევებს გამოიწვევს როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ სპექტრში.
თუმცა, ერთი რამ მაიმედებს - რესურსი ისევე როგორც რუსეთისა, ამერიკისაც ძალიან შეზღუდულია, რომ ასეთ მოშორებულ სივრცეში მეორე ფრონტი გახსნას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თუკი სადმე მუშავდება ასეთი გეგმები, ეს მაინც შორეული პერსპექტივაა და იქამდე ბევრი რამ შეიძლება პოზიტიურად შეიცვალოს ქვეყანაში.
ცოტა ხნის წინ ბზეჟინსკი წერდა, უფრო სწორად ეს იყო რჩევა აშშ-სა და ნატოს მიმართ, რომ რუსეთს შეუძლია, ერთ დღეში აიღოს ბალტიისპირეთის ქვეყნები და მათი დაცვის გარანტია ნატოს ბაზების განთავსებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ვიშვიშითა და აღშფოთებით შემოვიფარგლებით, როცა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებითო.
როდესაც ბალტიის ქვეყნების მიმართ არსებობს ასეთი ორაზროვანი დამოკიდებულება ნატოს ძირძველ ქვეყნების მხრიდან, მითუმეტეს, საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება უფრო გულგრილი და ნეიტრალურია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლების ძალაუფლებისგან ჩამოსაშორებლად რაიმე ავანტურაზე წასასვლელად დღეს მზად არავინ არ არის.
არის განცდა, რომ მართლაც ახლოვდება რაღაც კრიტიკული ფაზა - რა შანსები აქვს ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად?
- ერთ უდიდეს რისკ-ფაქტორზე უკვე ვისაუბრე. გარდა ამისა, იმედია, მოხდება გამონათება ხელისუფლებაში და მიხვდებიან, რა არის მათი მთავარი პრობლემა. ეს არის კადრების მორჩილების პრინციპით შერჩევა. იმიტომ სჭირდებათ ეს მორჩილი კადრები, რომ ერთმა კაცმა მიიღოს გადაწყვეტილება. ამან სადამდე მიიყვანა ქვეყანა, ვნახეთ. ფენომენიც რომ იყოს ადამიანი, სახელმწიფოს ყველა სეგმენტის მართვას ვერ შეძლებს.
გარდა ამისა, არსებობს პრობლემა და ამაზე განგაშის ზარებია შემოსაკრავი - ეს არის ე.წ. დაფაილებული ადამიანები - ბონდო მძინარაშვილს დავესესხები გამონათქვამს - დღეს თბილისის ქუჩებში დადის უამრავი ასეთი ადამიანი - ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში მყოფი, არასამთავრობო თუ სახელისუფლებო სექტორში მყოფი, ჟურნალისტი თუ შოუბიზნესის ვარსკვლავი, რომელზეც კომპრომატების შემცველი ათიათასობით ფაილია შექმნილი.
ხელისუფლებამ თავის დროზე, ვითომ, ან რეალურად რომ გაანადგურა ეს მასალა, ფაქტია, რომ ასლები ძალიან ბევრ ადამიანთან არის გაბნეული - ამას მოწმობს, ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოქვეყნებული სხვადასხვა ტიპის ვიდეოჩანაწერები, რომელიც საინფორმაციო სივრცეში გავრცელდა - ეს ხომ იმ ფაილების ნაწილია?! ეს არის უმძიმესი იარაღი, როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების, ასევე ქვეყნის გარეთ სპეცსამსახურების ხელში. წარმოიდგინეთ რამდენი პარლამენტარი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ოპოზიციონერია „დაფაილებული“. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არიან „მოსიარულე ბომბები“, რომლებიც ემუქრებიან საქართველოს სტაბილურობას და დამოუკიდებლობას. არა იმიტომ, რომ მათ ეს უნდათ - არამედ, მათ აიძულებენ!
თავის დროზე, ხელისუფლებას უნდა ეფიქრა, როგორ გაენეიტრალებინა ამ ფაილების დამანგრეველი ეფექტი. მე არ მაქვს მზა რეცეპტი, როგორ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება. ლუსტრაციაზე როდესაც ლაპარაკობდნენ, აქ ერთი ქვეყნის აგენტურაზე იყო საუბარი, ამ შემთხვევაში კი ეს არის მასალები, რომელიც ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებმა შეიძლება გამოიყენონ ამ ადამიანების სამართავად.
გარდა ხელისუფლების არაკვალიფიციურობისა, პრობლემა და საფრთხე არის ისიც, რომ მის რიგებში ბევრი იქნება ისეთი ადამიანი, რომელზეც კომპრომატები დევს - ძაღლი რომ თავის კუდს დასდევს, ასეთ მდგომარეობაშია - ამიტომაცაა ხელისუფლება ასეთი უმოქმედო და უნაყოფო.
არსებობს ამ სიტუაციიდან გამოსავალი?
- შესაძლოა, ძალიან მძიმე, მაგრამ გამოსავალი აუცილებლად იარსებებს, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამისი პოლიტიკური ნება, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდეს. ეს უნდა გაკეთებულიყო, ვიდრე განადგურდებოდა ეს მასალები. ახლაც შეიძლება, თუმცა გაცილებით რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, მაინც უნდა მოინახოს გამოსავალი.
ვინც ამ ფაილების განადგურების გადაწყვეტილება მიიღო, ის ადამიანები ან არ ფიქრობდნენ ამის დამანგრეველ შედეგებზე, ან გაანადგურეს სწორედ იმიტომ, რომ ასეთი დავალება ჰქონდათ. ხელისუფლებას თუ ოფიციალურად ხელში არ გიჭირავს მტკიცებულება, აქედან თავდახსნის გზებს ვერ შეიმუშავებ. ამიტომ იყო ეს დამანგრეველი გადაწყვეტილება, რომლის შედეგებიც არა მარტო ამ, არამედ მომდევნო ხელისუფლებებსაც ძალიან ცუდად გაახსენებს თავს.