საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობას ტერორიზმთან დაკავშირებით ახალი ნორმები ემატება. სსკ-ში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობასთან დაკავშირებულ მუხლს ახალი პუნქტი ემატება, რომლის შესაბამისად, დასჯადი ქმედება ხდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების, ან ამგვარ საქმიანობაში, ისევე როგორც ტერორისტულ წვრთნაში მონაწილეობის მიღების მიზნით უცხო სახელმწიფოში გამგზავრება, რაც 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე კანონით, 5-დან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისთვის პირის გადაბირება. ტერორისტული საქმიანობის საჯაროდ „მხარდაჭერაც“ დასჯადი ხდება. განისაზღვრება, რომ საჯაროდ მოწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი ხდება ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება და მატერიალური მხარდაჭერა. პროექტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაფინანსება ან სხვაგვარი მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთით 8-დან 14-წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ან არაერთგზის - პასუხისმგებლობას 17-დან 20 წლამდე ვადიანი პატიმრობით ისჯება.
უშიშროების ყოფილი მინისტრი, ანზორ მაისურაძე თვლის, რომ აუცილებელია ტერორიზმთან დაკავშირებით ახალი ნორმების ამოქმედება და აუცილებელია არსებობდეს ტერორიზმთან ბრძოლის პრევენცია.
„თუ წინასწარ იქნება ინფორმაცია, დანაშაულის აღკვეთაც შესაძლებელია. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, უნდა გვყავდეს კვალაიფიციური თანამშრომლები, რომლებიც შეძლებენ ტერორიზმთან ბრძოლას. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ოპერატიული საშუალებებით თავის დროზე მიიღონ ინფორმაცია, რომ არ მოხდეს ტერორიზმი. უნდა აღდგეს ის სამსახური, რომელსაც ევალება წინასწარ აგენტურული, ოპერატიული გზით მიიღოს ინფორმაცია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ტერორიზმის მხარდაჭერა უნდა იყოს დასჯადი, რადგან თუ ტერორიზმს უჭერ მხარს, ტერორისტი ხარ და ციხეში უნდა წახვიდე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანზორ მაისურაძე.
იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ დაგეგმილი ცვლილებები ფრთხილად გადასაწყვეტი საკითხია, რადგან საქართველოს საპატრიარქოდან და სხვადასხვა რელიგიური კომფენსიებიდან პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით სისხლის სამართლის კანონმდებლობას ტერორიზმთან დაკავშირებით ახალი ნორმები ემატება, დადებითი გამოხმაურება არ აქვს.
„აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ისინი გმობენ ტერორიზმს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხარს უჭერენ ამ კანონპროექტს. საფრთხილო მომნეტი სწორედ ის არის, რომ გამოხატვის თავისუფლებასთან არის დაკავშირებული. ამბობენ, რომ იმ ფუნდამენტს, რასაც დემოკრატიული საზოგადოება ქმნის აზრის თავისუფლად გამოთქმის სახით, შესაძლებელია რაიმე საფრთხე დაემუქროსო. მნიშვნელოვანია თვოთონ ის ფორმულირება, რომელიც კანონპროექტშია მოცემული“, - აცხადებს ალაფიშვილი.
მისივე განცხადებით, სახიფათო შეიძლება იყოს ისეთი ტერმინები, რომლებიც სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და შესაძლებელია, თუნდაც, შეცდომის შემთხვევაში, სავალალო შედეგამდე მივიდეთ.
„მაგალიათად, რას ნიშნავს იგივე „შუღლის გაღვივიება“, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია? მეორე ჩამონათვალი გახლავთ ასეთი - „და სხვა“, - ვინ უნდა განსაზღვროს რა არის „და სხვა“? ასეთი ტიპის დაუმუშვებელი კანონპროექტები თავისთავად არის ძალიან ცუდი ფაქტი. რამ წარმოშვა ამ კანონპროექტი არსი არ ვიცი.
რა არის მთავარი პრობლემა, რის მოსაწესრიგებლად კანონის მიღება გახდა აუცილებელი, ეს უნდა წარმოაჩინოს ხელისუფლებამ. დღეს არსებული მექანიზმები არ არის საკმარისი? ამ ყველაფერზე დამაჯერებელ პასუხს თუ არ გასცემს ხელისუფლება, ასეთ შეთხვევაში, სწორი იქნება ის წუხილი, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.