ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრის შემდეგ, გარდაუვალი ხდება მთავრობის ნდობის საკითხი. ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ნდობის საკითხი არაუგვიანეს 2–3 თვეში დადგება, რადგან ქვეყანის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ უშველის მხოლოდ ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა. ექსპერტი თვლის, საჭიროა რადიკალური და სისტემური ცვლილებები.
დადგება თუ არა პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხი და რატომ გახდა ხელისუფლება სისტემის მძევალი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, თუ მკვლელობა, რომელიც უკავშირდებოდა მისი შვილის საქმის გამოძიებას?
- მე ვფიქრობ, რომ იური ვაზაგაშვილი არ იყო იმ პოლიტიკური პროცესის პირდაპირი სამიზნე, რომლის პროვოცირებაც დამკვეთს უნდოდა. ვაზაგაშვილი შერჩეული იყო როგორც ირიბი სამიზნე. ჩემი აზრით ეს იყო წმინდა პოლიტიკური მკველობა. პოლიტიკური პროცესისთვის სტარტის მისაცემად საჭირო იყო რაღაცა აქტი.
თუ ამ ვერსიას გავყვებით, რომ იური ვაზაგაშვილი გარკვეული კრიტერიუმებით იყო შერჩეული, მაშინ ჩნდება კითხვა, რა ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული და რა ტიპის პოლიტიკური პროცესისთვის შეიძლება იყოს ეს მკვლელობა სასარგებლო?
– იმ პოლიტიკური პროცესისთვის, რაც, მაღალი ალბათობით, შეიძლება ამ მკვლეობას მოჰყვეს, ვერ ისარგებლებს ვერც მოქმედი და ვერც ყოფილი ხელისუფლება. ყოფილი ხელისუფლება მთავარი ბრალდებულია ვაზაგაშვილების საქმეში და ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებდა ამ საქმეში, ისევე როგორც ხელისუფლება, რომელმაც ამ კონკრეტულ საქმეზე ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა. ამ თემის ასე გაწელვამ გამოიწვია ახალი მსხვერპლი, რამაც ვითარება უფრო გაართულა. ასე რომ, აქ შეიძლება ვისაუბროთ მესამე ძალაზე.
მესამე ძალა არის ამ პროცესის დამკვეთი?
– არა, მე არ ვამბობ, რომ მესამე ძალა არის პროცესის დამკვეთი, მაგრამ დამკვეთმა შეიძლება ბიძგი მისცა ამ პროცესს. ვინ ისარგებლებს ამ პროცესით, ამას დროთა განმავლობაში ვნახავთ. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს იყო პირდაპირ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მიმართული. გამომდინარე იქიდან, რომ ის იყო ამ საქმეზე მომართული და მოსვენებას არ აძლევდა საგამოძიებო ორგანოებს.
დღეს სამართალდამცავ სისტემაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ვაზაგაშვილის საქმის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, შეიძლება ფიგურანტები აღმოჩენილიყვენ და ვიღაცას შეიძლება ეფიქრა, რომ ბატონი იურის მოშორებით ამ საქმეს არ დარჩებოდა ასეთი აქტიური გულშემატკივარი. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ეს საქმე მიიფარცხებოდა. ამ ორი მიმართულებით უნდა იმუშაოს გამოძიებამ.
მაგრამ, აქ ისევ ვაწყდებით სისტემურ პრობლემას. ჭიკაიძის, მირზოევისა და დალაქიშვილის თანამდებობიდან წასვლა ამ საქმეს რომ ვერ დახურავს ეს ხომ ფაქტია?!
– გეთანხმებით, ჭიკაიძის და მირზოევის მსხვერპლი რომ საკმარისი არ იქნება, ეს ცხადია, რადგან პოლიტიკური პროცესი ბევრად უფრო მასშტაბურია და ამ სიტუაციის სტაბილიზირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამ საქმის უსწრაფესი გამოძიებით, რისი პერსპექტივა ყოველდღიურად იკლებს. ასე რომ, ჭიკაიძით ეს ყველაფერი ვერ დასრულდება, აქ უკვე მივდივართ სწორედ სისტემურ პრობლემასთან - რა საკადრო პოლიტიკა ტარდება ქვეყანაში, რა პრობლემებია სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
აქ იმ პრობლემას ვაწყდებით, რომ თვითონ იმ სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება, სამართლიანობის აღდგენის პროცესს ხელს უშლიდნენ. თუ სისიტემაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც უნდა იძიებდნენ ამ საქმეს და შესაძლოა, ამ საქმის ფიგურანტი იყოს, ბუნებრივია, რომ ისინი არ იქნებიან დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით.
ბატონო გია, ჩვენ ხომ ვიცით, რომ პროკურატურა ამ საქმეების მთავარი ინსტრუმენტი იყო, მათ შორის ეკონომიკური გადანაწილების თუ პოლიტიკური დევნის. არც ამ სტრუქტურაში შეცვლილა ვითარება, იგივე კადრები იძიებენ იმ საქმეებს, რომელიც თავადვე შექმნეს...
– სწორედ ესაა პრობლება. ჩვენ მივდივართ სწორედ იქამდე, რომ პრობლემა მხოლოდ არაეფექტურობაში არაა, არამედ ხელისუფლება, მთლიანად, უსამართლობის მეტასტაზებით არის გაჟღენთილი. ძველმა სისტემამ მძევლად აიყვანა ხელისუფლება, ის მართავს, კარნახობს თამაშის წესებს და ზემოქმედებს მოვლენების განვითარებაზე. რეჟიმის გასტუმრება ერთი პრობლემაა. თუ სისტემამ მოახერხა, რომ მძევლად აიყვანა ხელისუფლება, მაშინ ძალიან რთული იქნება პროცესის წარმართვა და რისკი იმისა, რომ სისტემამ მოახერხა ეს ყველაფერი, არის ძალიან მაღალი. როგორც პროკურატურაში, ასევე პოლიციაში და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდნენ.
რატომ ვერ მივიდა ხელისუფლება იმ წერტილამდე, რომ საკადრო ცვლილებები განეხორციელებინა?
– თქვენ მისვამთ კითხვას, რომელიც მე თვითონ მაქვს ხელისუფლებასთან. ისინი ჩემი მეგობრები არიან და მაქვს მათთან ეს პრეტენზია - რით ვერ მოხერხდა ამ ადამიანების ლუსტრირება. შეგვიძლია ვილაპარაკოთ არაეფექტურობაზე, მენეჯმენტის უუნარობასა და სისუსტეზე. ხელისუფლებამ სისტემური ცვლილებები არ მოახდინა საერთოდ. მან არცერთ იმ ინსტრუმენტზე არ თქვა უარი, რითაც სააკაშვილი ძალადობდა საზოგადოებაზე. ხელისუფლებამ ძალიან კომფორტულად იგრძნო თავი იმ სისტემაში, რასაც აყალიბებდა სააკაშვილი. ის ცუდი ბიჭი იყო და ამიტომ ცუდ რაღაცეებს აკეთებდა და მე კარგი ბიჭი ვარ და იგივე სისტემით ცუდს არ გავაკეთებ, ეს არაა არგუმენტი.
ამ ვითარებაში რამდენად შესაძლებელია, დადგეს პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხი?
– არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. ჩვენ არ ვიცით ხვალ და ზეგ რა გველოდება, რადგან იგივე, ეკონომიკაში და საგარეო მიმართულებით, ყველგან პრობლემები გვაქვს. აქედან გამომდინარე, გარდაუვალად მიმაჩნია მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება უახლოეს 2–3 თვეში. დღეს პრობლემა აღარ არის სახელებსა და გვარებში და არც ეს გადადგომა უშველის იმ სიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. რეჟიმის დამარცხება ეს ერთი პრობლემაა, ხოლო ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა და გამოწვევა თვითონ სისტემის დამარცხებაა.
როგორც უკვე აღვნიშნე, სისტემამ მოახერხა და გარკვეულწილად მძევლად აიყვანა ხელისუფლება. სისტემით გაჯერდა მთლიანად და დღეს ის სისტემა მართავს და არა ის ადამიანები, პირდაპირ ვიტყვი - ჩვენი მეგობრები, ვისთან ერთადაც ჩვენ რეჟიმი დავამარცხეთ. სამართლიანობის აღდგენა სისტემური ხარვეზების პირობებში არ ხდება.
სისტემური და რადიკალური ცვლილებებია საჭირო. აქამდეც საჭირო იყო და კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ დაგვიანებული არ არის. სისტემის ლუსტრირება და მისგან გაწმენდა უნდა მოხდეს, რადგან ხელისუფლებას გამოწვევების მთელი ბუკეტი აქვს. პიროვნებების გადადგომა ამ პრობლემას ვერ დახურავს, მასშტაბური სისტემური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული და არა საკადრო.
მთლიანად უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების სისტემა, რომ კრიზისის გაღრმავება ავიცილოთ თავიდან. როგორც გითხარით, ამ პრობლემას პერსონალიების შეცვლა ვერ მოაგვარებს, ვფიქრობ, რომ მასშტაბური ცვლილებებია მისაღები. ყველა მიმართულებით იზრდება რისკები. იზრდება როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკური რისკები. ასე რომ, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, რომ ვითარება ღრმა კრიზისში არ შევიდეს.