„ადეკვატური პასუხი იქნება რუსული არხების გათიშვა“

„ადეკვატური პასუხი იქნება რუსული არხების გათიშვა“

444–ი ერთის წინააღმდეგ, რუსეთის დუმამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულება დაამტკიცა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის მეთაურმა რაულ ხაჯიმბამ აღნიშნული დოკუმნეტს ხელი 2014 წლის 24 ნოემბერს ქალაქ სოჭში მოაწერეს. რუსეთის დუმის ამ გადაწყვეტილების პასუხად, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, ქართულმა მხარემ უნდა გათიშოს რუსული არხები, რომელიც 2012 წელს ჩაირთო.

არის თუ არა ეს სამართლებრივი აქტი და რა შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ? ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

რუსეთის დუმის მიერ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების დამტკიცება, შეფასდა როგორც ამ ტერიტორიის საბოლოოდ დაკარგვა...

- ისტორიაში ყოფილა მომენტები, როდესაც სხვა ტერიტორიები დაგვიკარგავს და დაგვიბრუნებია. არ მიმაჩნია, რომ ეს ტერიტორიები სამუდამოდ დავკარგეთ. მაგრამ, თუკი ჩვენ ქვეყანა არ გავაძლიერეთ, მტერი ახლა მაინც არ მოვიგერიეთ, შეიძლება ეს ტერიტორიები მართლაც დავკარგოთ.

როგორ წარმოგიდგენიათ ამ მტერის მოგერიება?

- ჩვენ ორი სუსტი წერტილი გვაქვს. პირველი ეს არის ზემოქმედება საქართველოს მოსახლეობაზე, იცით, რომ ძალიან სერიოზულად მოქმედებს რუსული პროპაგნადა, რომელმაც უკვე ტვინი გამოურეცხა თავის მოსახლეობას და დაარწმუნა ზღაპრებში, რომ უკრაინაში ფაშისტები არიან და ევროპაში ჰომოსექსუალები. ასეთი პროპაგანდა მოქმედებს ჩვენს იმ ქართველ თანამოქალაქეებზე, რომლებმაც არ იციან ქართული და ასეთი ადამიანები ძირითადად ცხოვრობენ ჯავახეთში.

ისინი უყურებენ რუსულ არხებს. თუ თქვენ ჩახვალთ ჯავახეთში ერთი-ერთზე მოისმენთ იმ ტექსტებს, რასაც ლაპარაკობენ რუსეთში, რომ უკრაინაში არიან ფაშისტები, ევროპა კი არის გარყვნილება, ამიტომ, კარგია რუსეთი. ერთად-ერთი რითაც ჩვენ შევძლებთ რუსული პროპაგანდის მოგერიებას, ეს არის რუსული არხების გათიშვა. 2012 წელს მოხდა ორი ცუდი ფაქტი, გაითიშა რუსულენოვანი ქართული არხი, რომელიც მეტნაკლებლად აბალანსებდა რუსული პროპაგანდას და ჩაირთო რუსული არხები. თუ ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ავამუშაოთ რუსულენოვანი ქართული არხი, მაშინ გავთიშოთ რუსული საინფორმაციო არხები.

რუსულ არხებს რაც შეეხება, იცით, რომ ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა ქართულენოვან რადიოსადგურსპუტნიკ-საქართველოს“ მაუწყებლობის თემაზე. ამის პარალელურად, როგორ წარმოგიდგენიათ რუსულენოვანი არხების გათიშვა?

- სახელმწიფოს მხრიდან თუ იქნება პოლიტიკური ნება, ამას არ სჭირდება არანაირი განხილვები. პირდაპირ უნდა მოხდეს ამის გაკეთება, რადგან ეს არხები ეწევიან სიცრუის და ძალადობის პროპაგანდას.

რუსული არხების გათიშვით რა შეიცვლება?

- შეიცვლება ის, რომ რუსეთის პირველი სამიზნე შეიძლება გახდეს ჯავახეთი და იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, ასევე კახეთის რეგიონი, სადაც გაიცემა რუსეთის პასპორტები. თუ ოდესღაც დასჭირდება რუსეთს ამის გამოყენება, უკვე ეყოლება ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც ექნებათ რუსული პასპორტები, რომლებიც პოლიტიკურად არიან რუსები, იმიტომ, რომ უყურებენ რუსულ არხებს, რაც ძალიან ეფექტურად მუშაობს ცნობიერებაზე. როდესაც რუსეთს აქ ეყოლება ჩვენი თანამოაქალაქეები რუსული პასპორტებით, ეს ჩვენთვის დამღუპველი იქნება.

რუსულ პროპაგანდას რაც შეეხება, ირაკლი ალასანიას განცხადებით, გააქტიურდნენ რუსეთის სპეცსამსახურები და ძალიან დიდ თანხას დებენ ქართულ მედიაში. რა მნიშვნელობა აქვს რუსული არხების გათიშვას, თუკი გვექნება რუსული ფულით დაფინანსებული ტელევიზია თუ სააგენტო...

- რაც არ უნდა ბევრი ფული ჩაყარონ ქართულ მედია-საშუალებაში, ისინი ისეთი ეფექტური ვერ იქნებიან, როგორც რუსულენოვანი არხები.

რაც შეეხება აფხაზეთთან მოკავშირეობის რატიფიცირებას, სამართლებრივი აქტი შეიძლება ვუწოდოთ რუსეთის ღია ქმედებებს?

- რუსეთისთვის ეს არის სამართლებრივი აქტი, მაგრამ ბუნებრივია, რომ არაფერი რატიფიცირებაში არ შეიძლება ჩვეთვის ახალი იყოს. რუსეთის პარლამენტმა დაადასტურა ის, რომ პუტინის მონაა. ახალი არაფერი არ მომხდარა. თუმცა, ამ ფაქტს ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს. ამის ადეკვატური პასუხია რუსული არხების გათიშვა, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია.

საქართველო რომ იყოს ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი ლარით და ძლიერი შეიარაღებული ძალებითაც, როგორიც ჩვენ გვინდა, მაშინ არაფრის არ შეგვეშინდებოდა. მაგრამ, ეს გრძელვადიანი საქმეა, ამას დიდი მუშაობა უნდა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, აქ გვაქვს ჩავარდნები და ეს დაეტყო ლარს. რატიფიცირებაზე ჩვენი პასუხი არის რუსული არხების გათიშვა, სხვა ბერკეტი სამწუხაროდ, არ გვაქვს. ჩვენ რომ ემბარგო გამოვუცხადოთ რუსეთს, ბუნებრივია, რუსეთის ეკონომიკა ამით არ დაზარალდება, პირიქით, ჩვენ დავზარალდებით.