პოლიტიკურ კულუარებში ჭიკაიძის გომელაურით ჩანაცვლებაზეც საუბრობენ

პოლიტიკურ კულუარებში ჭიკაიძის გომელაურით ჩანაცვლებაზეც საუბრობენ

„თავისუფალი დემოკრატები“ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამენ.

ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება მწვავდება და მთავრობა პროცესებს ვერ მართავს, რის გამოც პრემიერის თანანმდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა დატოვოს.

როგორც for.ge-ს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ განუცხადა, კარგია, რომ ჭიკაიძე თანამდებობიდან მოხსნეს, მაგრამ ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენური ვითარებაა შექმნილი, რომელიც იური ვაზაგაშვილის ცინიკური აფეთქებით დასრულდა.

დეპუტატის მოსაზრებით, თუკი ხელისუფლებას სახელმწიფოში ვითარების გამოსწორება სურს, მართვის პრინციები უნდა შეიცვალოს და სერიოზული საკადრო გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული.

„ალექსანდრე ჭიკაიძე თანანმდებობიდან მოხსნეს, მაგრამ არ შეიძლება, არსებული მოვლენები მარტო ჭიკაიძის ბრალი იყოს. ეს მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების ბრალია. დღის წესრიგში პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მართვას თავი ვერ გაართვეს“,- აღნიშნავს გოგუაძე, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი.

for.ge-სთან საუბარში გოგუაძის მსგავსად, ცაგარეიშვილი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს და აცხადებს, რომ ჭიაკიძე პოსტიდან გადაყენებულია და არა საკუთარი ნებით გადამდგარი.

კანონმდებელის შეფასებით, მმართველმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძისა და თეთრაძის მკვლელობები რომ არ ყოფილიყო, პოლიტიკაში არც ივანიშვილი გამოჩნდებოდა და სააკაშვილიც ისევ ხელისუფლებაში იქნებოდა.

„კითხვას სვამთ, ჭიკაიძე ვინ გადააყენა, რაც უკვე თავისთავად ტრაგიზმია, რადგან გაურკვეველია, ქვეყანას ვინ მართავს. რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს, რადგან მას არჩევანი არ აქვს, მაგრამ ჭიკაიძის მმართველობის პერიოდზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ღარიბაშვილმაც უნდა აიღოს. ეს გადაყენება ლოგიკური იყო, რადგან ქვეყანას, სადაც მამას შვილის საფლავზე კლავენ, იქ შს მინისტრი შესაცვლელია და არა მხოლოდ შს მინისტრი. ზურა ვაზაგაშვილის საქმეს შსს რატომ იძიებდა და არა პროკურატურა?“, - აცხადებს დეპუტატი.

ცაგარეიშვილი ინტერესდება, იმაში ვინ არის დამნაშავე, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმეს პროკურატურის ნაცვლად, შსს იძიებდა.

„ამაში დამნაშავე ვინ არის თუ არა ალექსანდრე ჭიკაიძე და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა?! გამოდის, რომ ზურა ვაზაგაშვილი ვინც მოკლა, ეს საქმე იმ ხალხის ხელში იყო. დალაქიშვილისნაირი ტიპები, რომლებიც ამ საქმის დაგეგმვაში ჩართული იყვნენ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დააწინაურეს და ამ შემთხვევაში, ჭიკაიძისა და ღარიბაშვილის პასუხიმგებლობა არ დგება? თუ ეს საკადრო ცვლილებები პრემიერმა არ იცოდა, ეს ცუდია, მაგრამ მან არ უნდა იცოდეს, ჭიკაიძე როგორ კანდიდატურებს აწინაურებს? საქართველო პატარა ქვეყანაა და მიამიტები ნუ ვიქნებით. მაინტერესებს, ქუჩაში მდგომმა პოლიტიკოსებმა პოზიციები პარლამენტში წითელ ხალიჩაზე დგომის შემდეგ, რატომ შეიცვალეს?! თუ ამ ტალღაზე შემომდგარი დეპუტატი გახდი, ეს ყველაფერი მერე გავიწყდება?“, - აცხადებს ცაგარეიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ შს სამინისტროს რეორგანიზაცია უნდა გამოცხადდეს, მანამდე კი, შს მინისტრის მოვალეობა ვახტანგ გომელაურმა უნდა შეასრულოს.

ამ დროისთვის, შს მინისტრის უფლებამოსილებას ვახტანგ გომელაური მართლაც ასრულებს, რადგან ის მინისტრის პირველი მოადგილეა, მაგრამ საპარლამენტო კულუარებში გომელაურის შესაძლო გამინისტრების თაობაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს.

რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი გომელაურს ნათელი გონების ადამიანად ახასიათებს და ამბობს, რომ ის მომავალზე ორიენტირებული პიროვნებაა. როგორც for.ge-ს ხიდაშელმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ის გომელაურს დიდი ხანი არ იცნობს, მის პატიოსნებაში, პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმში ეჭვი არ ეპარება.

„თქვენ მეკითხებით, გომელაურის მინისტრობას გამოვრიცხავ თუ არა, მაგრამ ეს რატომ უნდა გამოვრიცხო? არავის მინისტრობას არ გამოვრიცხავ, განსაკუთრებით კი ვახო, რატომ უნდა გამოვრიცხო? მე იმას გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მედია საშუალებასთან ჩამოვჯდე და შიდა კოალიციურ საკითხებზე ჭორაობა დავიწყო. რა ინფორმაციაც არ უნდა მქონდეს, იმ ადამიანებს არ ვეკუთვნი, რომელიც მედიასთან ჭორაობს. რაც შეეხება იმას, ჩემთვის ვახოს კანდიდატურა იქნება თუ არა მისაღები, ვახოსთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მისი მოადგილედ დანიშვნის დროსაც გამოვხატე და ისევ გეტყვით, რომ ვახო ყველაზე უფრო ნათელი ადამიანია, რომელიც მომავალზე ორიენტირებულია. მას თავიდან ბოლომდე ვენდობი. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ისე დიდი ხანია ვიცნობ, მის პროფესიონალიზში, პატიოსნებასა და სამშობლოს სიყვარულში ეჭვი არ მეპარება“, - აცხადებს ხიდაშელი.

დეპუტატის განცხადებით, ჭიკაიძე ახალგაზრდა კაცია და როგორც ჩანს, მან საზოგადოებრივ ზეწოლას ვერ გაუძლო, რადგან ერთი წლის მანძილზე, მის შესახებ უამრავი სახის ინფორმაცია არსებობდა.

„ქვეყანაში შს მინისტრის გადადგომა მნიშვნელოვანი მოვლენაა და ეს იმ რანგის საკითხი არ არის, როდესაც ვიტყვით, რომ რიგითი ამბავი მოხდა. იმის გათვალისწინებით, რა მოტივაციაც ჭიკაიძემ დაასახელა, მე პირადად კითხვები აღარ მაქვს. ეს წმინდა ემოციური არგუმენტაცია იყო. ჭიკაიძის მიმართ უამრავი რაღაც მოვისმინეთ და ტყუილი და მართალი ერთმანეთში იყო არეული. როგორც ჩანს, მან ასაკის და პოლიტიკური გამოუცდილებლობის გამო მოვლენებს ვერ გაუძლო და წასვლა გადაწყვიტა“, - აცხადებს კანონმდებელი.

ხიდაშელი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ კოალიციის წევრები მინისტრების პოსტებიდან წასვლას ტელევიზიის საშუალებით გებულობენ.

„მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ საერთოდ ვფიქრობ, რომ მინისტრების გადადგომას ტელევიზორით არ უნდა ვიგებდეთ ხოლმე. სხვათაშორის, „თავისუფალი დემოკრატების“ მინისტრების გადადგომაც ტელევიზიით გავიგეთ. როდესაც, კოალიციურ მმართველობაზეა ლაპარაკი, ეს კომუნიკაციის სწორი ფორმა არ არის. როდესაც, პარლამენტის მიერ ნდობაგამოცხადებული მინისტრი ხარ, არასწორია, რომ შენი კოლეგები და თანაკოალიციელები საკადრო ცვლილებებს ტელევიზიიდან იგებდნენ. ეს არასწორი საქცილია. ხუმრობით რომ გითხრათ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მგონი, ჭიკაიძის პოსტიდან წასვლა ღარიბაშვილმაც ტელევიზიიდან გაიგო. იმედია, ეს ასე არ იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ის პოსტიდან არავის გადაუყენებია და თანანმდებობიდან თავისით წავიდა. ამ გადადგომაში დომინანტი რა იყო, ეს სხვა თემაა, მაგრამ მოსაზრება, რომ გადააყენეს, არასწორია“, - აცხადებს ხიდაშელი, რომელიც მიიჩნევს, რომ მინისტრობის ისეთი კანდიდატი უნდა შეირჩეს, რომელსაც უწყებაში რეფორმის განხორციელება ხელეწიფება.

ძალოვანი მინისტრის პორტფელს თუ ვინ ჩაიარებს, ეს ამჟამად, რესპუბლიკელმა, დავით ბერძენიშვილმა არ იცის, მაგრამ კანონმდებელი for.ge-სთან საუბარში ვარაუდს გამოთქვამს, რომ პრემიერ-მინისტრი შს მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად კოალციის მნიშნელოვან ფიგურებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ, სერიოზულ კონსულტაციებს გაივლის.

ბერძენიშვილის შეფასებით, შს მინისტრის პოსტი ჭიკაიძემ საკუთარი ნებით დატოვა, რადგან ქვეყანაში შოკისმომგვრელი აფეთქება მოხდა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, შს მინისტრის პოსტზე ვინ, როგორი წესით შეირჩევა.

„ჩვენს ხელისუფლებას სერიოზული სჯა-ბაასი მართებს, რომ მომავალი მინისტრი სიურპრიზი არ იყოს. ველოდები, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის მქონე პირების მიერ კვალიფიციური მინისტრი იქნება შერჩეული. ჩვენ ევროპული სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად შესაბამისი კვალიფიციკაციის მქონე პირები გვჭირდება, რომლებიც ამ საქმეში 2011 წლის შემოდგომიდან არიან ჩართულნი. პერსონალიები და მოსალოდნელი რეფორმა ერთმანეთთან კავშირშია და ბუნებრივია, შს მინისტრი ვინც გახდება, ამ რეფორმების ავანგარდში იქნება. სხვანაირად, წყლის ნაყვა გამოვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენმა კოალიციამ საკმარისი გაკვეთილები მიიღო იმისთვის, რომ სხვადასხვა უწყებაში არსებული შეფერხებული რეფორმები პროცესიდან დაიძრას. ვვარაუდობ, რომ პრემიერ-მინისტრი შს მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად კოალიციის მნიშნელოვან ფიგურებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ, სერიოზულ კონსულტაციებს გაივლის“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

რესპუბლიკელების მსგავსად, შს მინისტრის პოსტიდან ჭიკაიძის გადადგომის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს.

როგორც for.ge-ს კობახიძემ განუცხადა, ჭიკაიძემ ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან კითხვები იმ საქმესთან დაკავშირებით გაჩნდა, რომელიც ადამიანის მკვლელობას უკავშირდება. მისი განცხადებით, შვილმკვდარი და გაუბედურებული ადამიანი საფლავზე ააფეთქეს, რაც შოკის მომგვრელია.

„მამისა და შვილის მკვლელობას ერთმანეთთან ვაკავშირებ. იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იმ ადამიანებს აწყობდათ, ვინც მისი შვილი მოკლა და მათ ამ დანაშაულის გახსნა არ სურდათ. იური ვაზაგაშვილს ეჭვები ჰქონდა, რომ დღეს სამინისტროში ის ადამიანები კიდევ მუშაობენ, ვისაც ე.წ. სპეცოპერაციასთან საქმე ჰქონდა და ვინც ამ საქმეების გახსნით დაინტერესებული არ უნდა იყნენ. ის ამ თანანმდებობის პირებს ასახელებდა კიდეც. მინისტრმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი დისტანცირება მოხდეს და გამოძიება მის გარეშე ჩატარდეს. როგორც კი, უწყებაში ეჭვები ჩნდება, მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგება“, - აცხადებს კობახიძე.

დეპუტატის შეფასებით, ჭიკაიძის პოსტიდან გადადგომა ხელისუფლების მიმართ ნდობას გამოიწვევს, რადგან ხალხი დარწმუნდება, რომ ხელისუფლება სკამებისთვის არ იბრძვის, მათ შორის არც ჭიკაიძესთვის წარმოადგენს სკამი მნიშვნელოვან ღირებულებას.

„ვანო მერაბიშვილის მიმართ ბრალდებები არაერთხელ გაისმა, მაგრამ მან პოსტი არ დატოვა და ეს არასწორი ნაბიჯი იყო. ეს ცუდი შედარებაა, რადგან მერაბიშვილს ჭიკაიძეს არ შევადარებ. ჭიკაიძე წარმატებულად მუშაობდა და ამ ახალგაზრდა მინისტრს წარმატებები ჰქონდა, მაგრამ კითხვის ნიშნების არსებობის გამო მინისტრი წავიდა“, - დასძენს კობახიძე.