ჭიკაიძე წავიდა - შს მინისტრის პოსტს სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილი დაიკავებს

ჭიკაიძე წავიდა - შს მინისტრის პოსტს სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილი დაიკავებს

ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის განცხადების მოთხოვნით მან უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს. გადადგომის მოტივად კი, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეს ასახელებს. ჭიკაიძის შესაძლო განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია პოლიტიკურ კულუარებში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. როგორ მაშინ for.ge-ს სამთავრობო კულუარებში განუცხადეს, ჭიკაიძის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვეტილი ამბავი იყო. მის პოსტს სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩაიბარებდა, ხოლო მღებრიშვილის პორტფელს მის მოადგილეს, კახა კახიშვილს ჩააბარებდნენ. აღნიშნული ცვლილებების შესახებ for.ge ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში წერდა.

რაც შეეხება თავად ჭიკაიძეს, უკვე ყოფილი მინისტრი  გადადგომის გადაწყვეტილებას ასე ხსნის: 

„ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს, მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.
გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“, - აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ჭიკაიძემ თანამდებობა უკვე დატოვა, ამ დრომდე თანამდებობაზე რჩებიან თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი დალაქიშვილი, ორენჩ მირზოევი, გიორგი დარჯანია, ეს სია საკმაოდ დიდია. სწორედ ამ ადამიაების მფარველობაში ადანაშაულებდა იური ვაზაგაშვილი აწ უკვე ყოფილ შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ დღესვე თანამდებობიდან გაანთავისუფლეს სუს-ის უფროსის მოადგილე როსტიაშვილი, ამავე სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დარბაისელი და კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე ჩიკვილაძე.