ღარიბაშვილს კუბლაშვილის შემცვლელი შერჩეული ჰყავს?

ღარიბაშვილს კუბლაშვილის შემცვლელი შერჩეული ჰყავს?

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის დაკავება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს სურს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, მმართველი გუნდი აპირებს, რომ მურუსიძის კანდიდატურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კონსულტაციების დროს შესთავაზოს.

წყაროს ცნობით, ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შუამავლობით მურუსიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, მოგვიანებით კი, მურუსიძემ მოსამართლეები დაამშვიდა, რომ „პრემიერთან ყველაფერი მოგვარებული აქვს“ და მმართველი გუნდის მხრიდან უზენაესი სასამართლოს პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.

კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას პარლამენტს პრეზიდენტი სთავაზობს და როგორც for.ge-ს პოლიტიკურ წრეებში განუცხადეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ღარიბაშვილის „რჩეულ“ მურუსიძეს მხარი დაუჭიროს და ის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს.

ქვეყნის პირველი პირი თუ ვისზე გააკეთებს არჩევანს და პარლამენტს 23 თებერვლამდე, კონსტანტინე კუბლაშვილის შემცვლელად ვის წარუდგენს, ეს ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. თუმცა, პოლიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტმა არჩევანი უშიშროების საბჭოს მდივან ირინე იმერლიშვილზეც გააკეთოს, რომელსაც დეპუტატთა ნაწილი მხარს დაუჭერს და ამაზე კანონმდებლებიც უკვე ხმამაღლა საუბრობენ.

როგორც for.ge-ს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, თუკი უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ირინე იმერლიშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი, ის მას მხარს უპირობოდ დაუჭერს. დეპუტატის თქმით, ის არ დაუშვებს, რომ ამ პოსტზე კანდიდატი წინა სასამართლო კორპუსიდან იყოს წარმოდგენილი.

„იმერლიშვილს მხარს უპირობოდ დავუჭერთ, რადგან ის ამ პოსტისთვის კარგი კანდიდატი იქნება, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ პარლამენტში წინა სასამართლო კორპუსიდან რომელიმე კანიდატი იყოს შემოტანილი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არ უნდა იყოს ნაძირალა და ის კაცი, რომელიც გირგვლიანის მკვლელებს სასჯელს შეუმცირებს. ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა არც გაბედონ, რომ კანდიდატად რომელიმე მოსამართლე წარმოგვიდგინონ. ეს ადამიანები სააკაშვილის უბეს შეფარებული იყვნენ და თან მოსამართლის პოსტებზე იყვნენ წამოსკუპულები. ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვაფრთხილებ, ასეთი რაღაცეები შეწყვიტონ და დიმიტრი გელოვანი ეძებონ, რადგან საქართველოში ბევრი დიმიტრი გელოვანი გვყავს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

დეპუტატის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ის პირი უნდა დაინიშნოს, რომელსაც უპირველეს ყოვლისა საკუთარი სამშობლო ეყვარება.

„ეს პოსტი რომ დაიკავო, ჯერ ღირსეული ადამიანი და კარგი მამულიშვილი უნდა იყო. თუ რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს კანდიდატი, ეს კანონით არის გათვალისწინებული და ახალი ველოსიპედების გამოგონება ნუ გვინდა. ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკური წარსულის არ უნდა იყოს, რატომ, ეს დანაშაულია? როცა არასამთავროები გვეუბნებიან, თქვენ ვინ გეკითხებათო, მაინტერესებს, ყველაფერი ასე უნდა გავაბაიბუროთ? მაშინ, ნუ ამირჩევდნენ და ღილაკსაც ხელი თავად მიაჭირონ. თუ მანდატი მოგვცეს, მაშინ საკადრო ცვლილებები 2016 წლამდე გვეკითხება“, - აცხადებს დეპუტატი.

ცაგარეიშვილის შეფასებით, კარგია, რომ კანდიდატის შერჩევის მიზნით, პრეზიდენტმა კონსულტაციების გამართვის სურვილი გამოთქვა, მაგრამ პრეზიდენტიც იმ აზრს უნდა შეეგუოს, რომ ამ პროცესში უმრავლესობის აქტიური თანამონაწილეობის გარეშე, ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება დამტკიცებული.

„ის მხარე, რომელიც ამა თუ იმ კანდიდატს ჩააგდებს, იმაში უნდა იყოს დარწმუნებული, რომ იქ მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან მურუსიძეები, მეიშვილები და ასეთი ვაჟბატონები, რომლებიც სასამართლოში სააკაშვილის რეჟიმის მფარველები იყვნენ და სწორედ ისინი გაბატონდებიან. „ქართული ოცნება“ იმისთვის არავის აურჩევია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გაუთავებლად მეიშვილი იყოს. პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას კონსესუსის ძებნა მოუწევთ და სჯობს, მხარეები დასხდნენ და პასუხისმგებლობა ორივე მხარემ გაისიგრძეგანოს“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

გიორგი ცაგარეიშვილის მსგავსად, მურუსიძის შესაძლო კანდიდატურის თაობაზე არაფერი სმენია რესპუბლიკელ გიგლა აგულაშვილს, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თუკი პრეზიდენტი და უმრავლესობა საკითხის კენჭისყრამდე შეთანხმდება, შეიძლება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის დამოუკიდებლობის თაობაზე ეჭვი გაჩნდეს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სასურველი არ არის, საკითხი კენჭისყრამდე გადაწყდეს.

„შეიძლება, პრეზიდენტი არასამთავროებიდან რჩევებს იღებს და ეს კარგი და სწორი პროცესია. ამასთანავე, მარგველაშვილი პოლიტიკურ სპექტრში თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამს და ესეც ამ პროცესის გამჭირვალეობას ხელს უწყობს, მაგრამ არ მგონია, რომ საკითხი საკითხის გადაწყვეტამდე უნდა გადაწყდეს. მიმაჩნია, რომ საკითხი კენჭისყრის დროს უნდა გადაწყდეს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრეზიდენტის მხარესაც არსებობს და პარლამენტის მიმართაც. პრეზიდენტმა ისეთი კანდიდატი უნდა წარმოადგინოს, რომელსაც პროფესიონალიზმი, საზოგადოებრივი ნდობა და მაღალი ავტორიტეტი ახასიათებს. მომავალმა თავმჯდომარემ თავისი ავტორიტეტით სასამართლოს მყიფე დამოუკიდებლობა უნდა გააძლიეროს, რომელსაც ორი წელია აგურ-აგურ ვაშენებთ“, - აცხადებს აგულაშვილი.

დეპუტატის მოსაზრებით, ქვეყანას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხით აღჭურვილი ადამიანი სჭირდება.

„პრეზიდენტის მხრიდან საჭიროა სითამამე, რომ მან თქვას, მის მიერ წარდგენილი კანდიდატი რატომ არის დიმიტრი გელოვანი. თუ პრეზიდენტმა პარლამენტს ასეთი კანდიდატურა შესთავაზა, მაშინ მისი პასუხიმგებლობა იხსნება და პასუხიმგებლობა პოლიტიკურ პარტიებზე გადმოდის. თუკი პარლამენტმა ასეთი კანდიდატურა ჩააგდო, მაშინ დეპუტატებმა კანდიდატის დაწუნების მიზეზი უნდა განმარტონ და უკეთესი უნდა ეძიონ. თუ კანდიდატზე კენჭისყრამდე შევთანხმდით, შეიძლება, კანდიდატის დამოუკიდებლობის თაობაზე ეჭვი გაჩნდეს. განცდა იქნება, რომ ხელისუფლების ორი შტო გარიგდა, ერთმანეთში შეთანხმდნენ და ამ თანანმდებობაზე უმაღლესი თანანმდებობის პირი დასვეს. ეს საფრთხე არსებობს. კონსულტაციებს მივესალმები, მაგრამ კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოს არ უნდა გავცდეთ“, - აცხადებს დეპუტატი.

აგულაშვილი არ აკონკრეტებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი რჩეული ვინ იქნება, მაგრამ ამბობს, რომ დასახელებულ კანდიდატთაგან ერთ-ერთს ის მხარს სიამოვნებით დაუჭერდა.

for.ge-ს კითხვაზე - მისი რჩეული არის თუ არა ყოფილი რესპუბლიკელი ირინე იმერლიშვილი, აგულაშვილი გვპასუხობს, რომ გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.

„მედიაში დასახელებული კანდიდატებიდან მინიმუმ ერთი კანდიდატია, რომელსაც მხარს სიამოვნებით დავუჭერდი, მაგრამ გვარებს და სახელებს არ ვიტყვი. მართალი გითხრათ, ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ დასახელებული პირებიდან კანდიდატად არცერთი არ მოგვევლინოს. რაც შეეხება მურუსიძეს, ამის თაობაზე არაფერი მსმენია. პირველი ხართ, ვინც ამ შესაძლო ინფორმაციაზე კითხვას სვამთ“, - დასძენს აგულაშვილი, რომლის მსგავსად, მურუსიძის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.

for.ge-სთან საუბარში საგანელიძე აცხადებს, რომ მურუსიძის შესაძლო კანდიდატობის შესახებ ინფორაცია პირველად ესმის.

„არასოდეს არაფერს არ გამოვრიცხავ და შესაძლოა, ყველა ღირსეული ადამიანის კანდიდატურა იქნეს წარმოდგენილი, მაგრამ ამჟამად, არცერთი გვარი განხილილი არ ყოფილა. კულუარებში ვინ ვის რას ესაუბრება, ამას ვერ გეტყვით“, - ამბობს საგანელიძე, რომლის პათოსს იზიარებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

როგორც for.ge-ს კობახიძემ განუცხადა, მან არ იცის, ვინ ვის შეხვდა და ვინ ვის რა უთხრა. დეპუტატის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს და ის პარლამენტს წარუდგინოს.

„ჭორებს არ უნდა ავყვეთ, შესაბამისად, მურუსიძესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. დღეს მოქმედი მოსამართეებიდან არცერთის გვარი არ დასახელებულა. მათ შორის არც სხვა პირების. კანდიდატი პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს და იმედია, საუკეთესო კანდიდატზე შევჯერდებით“, - დასძენს კობახიძე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უმრავლესობის სახელით დავით საგანელიძე, ხოლო უმცირესობის სახელით დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე და ლევან ბეჟაშვილი შეხვდნენ. საგანელიძემ მარგველაშვილს კონსულტაციების დაწყებისთვის ფორმატის განსაზღვრა მოსთხოვა, ხოლო უმცირესობამ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ კანდიდატი პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიონალი უნდა იყოს.

რაც შეეხება მურუსიძის ბეგრაუნდს, მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ის 2000-2004 წლებში, თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. 2004-2005 წლებში გორის რაიონული პროკურორის თანაშემწე იყო. 2005 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო. 2006 წლის აპრილიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. 2013 წლის 16 ივნისს კი, ის საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე მეათე სხდომაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს.