უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა განიხილება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა განიხილება

საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებითა და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტი10 წლის ვადით ირჩევს. მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს 10 წლიანი ვადა 2015 წლის 23 თებერვალს ეწურება.

კონსტიტუცია კუბლაშვილს არ უზღუდავს მეორე ვადით სასამართლოს ხელმძღვანელად გამწესებას, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლება ამ თანამდებობაზე კუბლაშვილის კანდიდატურას არ წარადგენს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელება პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობაა. თუმცა, კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტი კონსულტაციებს იწყებს. პრეზიდენტი დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, აღნიშნულ პროცესში ჩაერთონ.

„არც კონსტიტუციით და არც მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტს კონსულტაციების განხორციელების ვალდებულება არ გააჩნია. ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, კონსულტაციებისთვის ღია ვართ, როგორც საზოგადოების, ასევე პარლამენტის წარმომადგენლებთან. ეს ჩვენ დაგვეხმარება იმ მიზნის განხორციელებაში, რომ საუკეთესო კანდიდატი დავასახელოთ. ბუნებრივია, გადაწყვეტილების სირთულე პრეზიდენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დააწვება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო უმცირესობა. „ნაციონალური მოძრაობაში“ თვლიან, რომ პრეზიდენტი ჩართულია პოლიტიკურ თამაშებში, რომელსაც ხელს უწყობს უმრავლესობა. უმცირესობაში აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად საბოლოოდ წარდგენილი იქნება უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატურა. თავად უმრავლესობა კი საკუთარი კანდიდატურის დასახელებას უარყოფს. მათი თქმით, ისინი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

რაც შეეხება უმრავლესობას, ამ დრომდე უცნობია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის საკითხზე მმართველი გუნდის პრეზიდენტთან შეხვედრის თარიღი. უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია თვლის, რომ მიზანშეწონილია, კონსულტაციები რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ბესელიას განცხადებით, პირველი შეხვედრა უნდა დაეთმოს არა კონკრეტული კანდიდატურების განხილვას, არამედ მათი შერჩევის კრიტერიუმებს.

„პირველი შეხვედრისას კორექტული და მართებული იქნება არა პირდაპირ კანდიდატურების განხილვა, არამედ მთავარი თემა უნდა იყოს, თუ რა წესით და რა კრიტერიუმებით მოხდება შერჩევა. როდესაც საუბრობენ იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენა პრეზიდენტის პრეროგატივაა და ის არის უფლებამოსილი კანდიდატი დაასახელოს, მინდა ყველას შევახსენო, რომ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი და სწორედ პარლამენტი იღებს პასუხისმგებლობას, როდესაც წარმოდგენილ კანდიდატურას მისცემს ხმას. ამიტომ აუცილებელია პრეზიდენტთან წინასწარი კონსულტაცია და შეთანხმება“, - აცხადებს ეკა ბესელია. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობა პრეზიდენტს მას შემდეგ უნდა შეხვდეს, რაც პრეზიდენტი სავარაუდო კანდიდატებზე თავად ჩამოყალიბდება. დეპუტატის ცნობით, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დრო, ჯერ გარკვეული არ არის. 

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენა პრეზიდენტის პრეროგატივაა. ვფიქრობ, ამ დარგის სპეციალისტებთან საკმაო კონსულტაციები ექნება და ვალდებულიც არის ჰქონდეს, საზოგადოების ამ ნაწილთან. მას შემდეგ რაც პრეზიდენტი კანდიდატურებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება, სწორედ მაშინ იქნება საჭირო უმრავლესობას და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები და პოზიციების შეჯერება. თავდაპირველ ეტაპზე, აქედან რაღაც სკანდალური გარემოს შექმნა, არ მიაჩნია სწორად. პრეზიდენტს კანდიდატურათა სია უნდა გააჩნდეს და ჩვენი ვალდებულებაა, ამ სიას გადავხედოთ, შევაჯეროთ და შევარჩიოთ ღირსეული“, - ამბობს გია ვოლსკი. 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად პრეზიდენტი მიიღებს და იგი წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად იმ პირს, ვინც მისთვის იქნება მისაღები.

„პრეზიდენტი არ არის ვალდებული ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს, მაგრამ თუ იგი კონსულტაციებს გამართავს, ეს მხოლოდ სასიკეთო და პოზიტიური იქნება. ვფიქრობ, რომ თუ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას უმრავლესობიდან მხარდაჭერა არ ექნება, მან მაინც უნდა წარადგინოს ის ადამიანი, ვისზეც ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სტანდარტებს“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.

მაშ ასე, ქვეყანას ძალიან მალე ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ეყოლება. თუმცა, ამ დრომდე უცნობია ვინ გახდება ქვეყნის პირველი მოსამართლე. for.ge-ს ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე აქტიურად განიხილება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის, გენერალ, ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა.

კულუარებში ამბობენ, რომ ხელისუფლება არჩევანს სწორედ ირინა იმერლიშვილზე გააკეთებს. რომელმაც „რესპუბლიკური პარატიიდან“ „ქართული ოცნებაში“ გადაინაცვლა.რამდენიმე დღის წინ, იურისტმა თამარ გურჩიანმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად საზოგადოებას, ნათია წკეპლაძის კანდიდატურა შეთავაზა. თუმცა, თავად წკეპლაძე კატეგორიულად უარყოფს მის შესაძლო დაწინაურებას.