რამდენიმე წლის წინათ ისრაელმა დატყვევებული ერთი ჯარისკაცის გამო საბრძოლო მოქმედებები წამოიწყო: მართალია, ძვირიც დაუჯდა და ადამიანების სიცოცხლედაც, მაგრამ დატყვევებული ჯარისკაცი მაინც გაათავისუფლა. საერთოდაც, ებრაული სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ბედისადმი განსაკუთრებული გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით გამოირჩევა. ისიც ცნობილია, რომ უპასუხოდ არასდროს ტოვებს არც საკუთარი სახელმწიფოს და არც საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფას. იმის შესახებ, თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებს ამ მიმართულებით ებრაული დაზვერვა, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი ბესო ალადაშვილი გვესაუბრება.
რას აკეთებს ისრაელი, როგორც სახელმწიფო, როდესაც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს? მე არ ვეხები ებრაელი ბიზნესმენების კანონიერება-უკანონობის საკითხს, ეს სასამართლოს საქმეა, მაგრამ არ გვაწყენს იმის ცოდნა, თუ რას შეიძლება, ველოდოთ საპასუხოდ?
- მეც ის მინდა, რომ ამ საკითხის ერთი მხარე მეორისგან განვასხვავოთ. ისრაელი მართლაც გამორჩეულია სხვა ქვეყნებისგან. ერთ მაგალითს მოვიყვან: 1972 წელს მიუნჰენში პალესტინელებმა მძევლებად აიყვანეს ისრაელელი სპორტსმენები და მოხდა ისე, რომ გერმანიის სპეცრაზმმა ძალიან ცუდად ჩაატარა ოპერაცია და ყველა ებრაელი სპორტსმენი დაიღუპა. მაშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო გოლდა მეიერი. დაიგეგმა ოპერაცია, რომ განადგურებულიყო იმ ტერორისტული აქტის მოთავე. ჩემს ერთ-ერთ წიგნში მაქვს მოთხრობილი ეს ისტორია: ოპერაცია ჩატარდა ნორვეგიის ერთ-ერთ ქალაქში, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა შემოაკვდათ იმ ტერორისტის ნაცვლად.
იქნებ ჩვენს მკითხველსაც უამბოთ „მოსადის“ მიერ ჩატარებული ამ კონკრეტული ოპერაციის დეტალები?
- ეს 1973 წლის ივლისის დასაწყისში მოხდა. მართალია, საკმაოდ ცხელოდა, მაგრამ ნორვეგიის ცნობილ ზამთრის კურორტსა და ოლიმპიურ ქალაქ ლილეჰამერს სტუმრები არ აკლდა. ამიტომ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ათამდე ტურისტის ჩამოსვლა არავის გაჰკვირვებია. ამ სხვადასხვა ასაკის ქალსა და მამაკაცს საერთო ის ჰქონდათ, რომ რეალურად ეს „ტურისტები” ისრაელის დაზვერვის, ანუ „მოსადის” ოპერატიული თანამშრომლები იყვნენ. ფუნქციები საკმაოდ მკაცრად იყო განაწილებული -ზოგს სასტუმროში ნომრის აღება და ავტომობილის დაქირავება ევალებოდა, ზოგს- გარე თვალთვალი, დანარჩენები კი ტერაქტების ოსტატები იყვნენ. „ტურისტების” ამ ჯგუფს ხემძღვანელობდა „მოსადის” გამოცდილი აგენტი მაიკ ხარარე, რომელსაც „სველი ოპერაციების” ჩატარების სანქცია თავის დროზე პირადად ისრაელის პრემიერ-მინისტრ გოლდა მეიერისგან ჰქონდა მიღებული.
„სველი ოპერაცია“ რას ნიშნავს?
- ლიკვიდაციას, ლიკვიდაციის ობიექტი კი ცნობილი არაბი ტერორისტი, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „შავი სექტემბრის” ერთ-ერთი ლიდერი ალი ჰასან სალამეჰი იყო. ისრაელის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ალი სალამეჰი პირადად ხელმძღვანელობდა 1972 წელს მიუნჰენის ოლიმპიური თამაშების დროს 11 ებრაელი სპორტსმენის მძევლად აყვანას და შემდგომ მათ დახოცვას. „მოსადის“ ინფორმაციით, ალი სალამეჰი ლილეჰამერში იმალებოდა და სკანდინავიელ ლამაზმანებთან ატარებდა დროს. თითქმის ორკვირიანი მჭიდრო მეთვალყურეობის შემდეგ მაიკ ხარარეს ჯგუფმა დაადგინა, რომ ქალაქის ქუჩებში ქერათმიან ლამაზმანთან უშიშრად მოსეირნე არაბი, მართლაც, ცნობილი ტერორისტი და „ფლეიბოი“ სალამეჰი იყო. ლიკვიდაციის წინასწარ დაგეგმილ ოპერაციაში, გადაუდებელი ოპერატიული აუცილებლობიდან გამომდინარე, რამდენიმე ცვლილება შეიტანეს და 1973 წლის 21 ივლისის საღამოს სალამეჰი პირდაპირ ქუჩაში თანმხლები ახალგაზრდა ქალის თვალწინ ტყვიებით დაცხრილეს. ინსტრუქციიდან გამომდინარე, უშუალო შემსრულებლებმა ნორვეგია იმავე ღამეს დატოვეს, დანარჩენები კი კონსპირაციულ ბინებში განაწილდნენ, მაგრამ მეორე დილით ტელევიზიით შეიტყვეს, რომ შეცდომით სრულიად უდანაშაულო ადამიანი – მაროკოელი ოფიციანტი აჰმედ ბუჩიკი მოეკლათ.
რამ გამოიწვია ეს შეცდომა?
- მაროკოელი ოფიციანტი უბრალოდ ჰგავდა ალი სალამეჰს: შავტუხა იყო და ულვაშებით აწონებდა თავს თავის ნორვეგიელ ქერა ცოლს. ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, ალბათ, ვერავინ გაიგებდა, რადგან უამრავი ადამიანი იღუპება საქმის გარჩევების დროს, რომ არა შემდგომ განვითარებული მოვლენები და „მოსადის” აგენტთა გასაოცარი დოყლაპიობა. ნორვეგიის პოლიციას არ გასჭირვებია თვითმხილველთა ჩვენებებით იმ ავტომობილების ნომრების დადგენა, რომლებითაც ებრაელი აგენტები თითქოს სალამეჰს დასდევდნენ. ერთ საათში პოლიციამ აეროპორტშივე დააკავა ორი ააგენტი. აღმოჩნდა, რომ ავტომობილები საკუთარი გვარით დაეიქირავებინათ და სასტუმროშიც თავიანთი სახელებით ცხოვრობდნენ. აგენტებმა „დაფქვეს”, რომ ისრაელის სპეცსამსახურის თანამშრომლები იყვნენ და დაასაახელეს კონსპირაციული ბინის მისამართი. მათი ჩვენებების საფუძველზე ნორვეგიის პოლიციამ კიდევ სამი ბედოვლათი აგენტი დააკავა, თუმცა მაიკ ხარარემ გაქცევა მოასწრო. მაგრამ დაკავებულმა „მოსადის” აგენტებმა გუდას პირი მოხსნეს და პარიზსა და რომში „იაკების”, ანუ აგენტთა შეხვედრის ბინების მისამართებიც კი დაასახელეს. ნორვეგიის სასამართლომ მათ 2-დან 5-წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, ოღონდ ორ წელიწადში შეიწყალეს და გაათავისუფლეს. საერთოდ, თვითონ ამ სახელწმიფოს შექმნაა საოცარი. შეიქმნა თუ არა, მეორე დღესვე ომი გამოუცხადა არაბულმა სამყარომ. ორ ომში დამარცხების მიუხედავად, მაინც საოცარი წარმატებებს მიაღწიეს. ძალიან საინტერესოა თვითონ მათი მიდგომა: ისრაელი, როგორც სახელმწიფო, ყოველთვის აცხადებს პასუხისმგებლობას თავის ყველა მოქალაქეზე. ეს მომენტი ჩვენს ხელისუფლებას, შესაძლოა, გამორჩა.
არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა დამნაშავე მათი მოქალაქე? ის, თუ რა ჩაიდინა მან?
- ბუნებრივია, რადგან ისრაელზე ვერ ვიტყვით, რომ არ არის დემოკრატიული სახელმწიფო, იქ საკმაოდ მაღალია დემოკრატიულობის ხარისხი. იცით, რომ 7 წელი მიუსაჯეს ყოფილ პრეზიდენტს, მოშე კაცავს. მეორე ისტორიასაც გიამბობთ, რომელიც ეხება მორდეჰაი ვანუნუს, ისრაელის მოქალაქეს, რომელმაც 1986 წელს გასცა ისრაელის ატომური იარაღის საიდუმლობა. ის ლონდონიდან ჩამოყვანეს რომში, შემდეგ დააძინეს და ისე ჩაიყვანეს ისრაელში, სადაც გაასამართლეს და 18 წელს იხდიდა სასჯელს ისრაელის ატომური საიდუმლოს გაცემის გამო.
ანუ არ აპატიეს?
- რა თქმა უნდა. ისრაელი სჯის მოღალატეებს. ძალიან საინტერესო ისტორიაა, ამიტომ მოგიყვებით: ძალიან დიდი შოკი განიცადა მსოფლიო საზოგადოებამ ამ ოცი წლის წინათ, როდესაც დიდი ბრიტანეთის გაზეთებმა დაბეჭდეს ისრაელის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის დამადასტურებელი სენსაციური ინფორმაცია და ფოტოები. ეს ზესაიდუმლო ინფორმაცია ისრაელის დიმონის ატომური ცენტრის რიგითმა ტექნიკურმა მუშაკმა მორდეჰაი ვანუნუმ მიჰყიდა ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთს.
„მოსადმაც“ დიდი ბრიტანეთის გაზეთების მეშვეობით გაიგეს, რომ მათი საიდუმლოს გაეჟონა?
- მანამდე მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა. 1986 წლის ცხელი ზაფხულის ერთ-ერთ დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შიმონ პერესმა კაბინეტის საიდუმლო სხდომა გაცოფებულმა გახსნა. ყველაზე მეტი შიდა უსაფრთხოების სამსახურის “შინ-ბეტის” ახლად დანიშნულ შეფს – იოსებ გარმელინს მოხვდა. პერესის მონოლოგი დიდხანს გრძელდებოდა: „როგორ გამოგეპარათ და ასეთი არასაიმედო კაცი ჩვენი ქვეყნის ყველაზე საიდუმლო ობიექტზე სამუშაოდ როგორ დაუშვით? ვერ ამჩნევდით, რომ კომუნისტებისა და პალესტინელების მხარდამჭერ დემონსტრაციებს რომ მართავდა? ან ქვეყნიდან ოფიციალურად რომ გაეგზავრა, ატომურ ცენტრში გადაღებული ფოტებით, მაშინ რას მიკეთებდით? აქამდე ავსტრალიაში იყო, გაზეთების რედაქციებში დაძვრებოდა და ყველას ისრაელის ატომური პროგრამის დამადასტურებელი ფოტოების ყიდვას სთავაზობდა, ახლა კი ლონდონშია და რუპერტ მერდოკის გაზეთ “სანდი თაიმსისთვის” აპირებს ფოტოების მიყიდვას.
ეს არ უნდა დაუშვათ. თორემ დიდი სირცხვილი იქნება, დიდი!” საბოლოოდ, პრემიერმა „მოსადის” დირექტორს – ნაუმ ადმონს ვანუნუს დაპატიმრება და გასასამართლებლად ისრაელში ჩაყვანა დაავალა. მაგრამ ეს ოპერაცია ლონდონში არ უნდა ჩატარებულიყო, რათა „რკინის ლედის” – მარგარეტ თეთჩერის რისხვა არ გამოეწვია. მართალია, „მოსადის” აგენტებს არ გასჭირვებიათ ვანუნუს ადგილსამყოფლის დადგენა, მაგრამ მთავარი პრობლემა მისი სხვა ქვეყანაში ჩატყუება იყო. დიდი ფიქრის შემდეგ “მოსადმა” “სექსოპერაციის” ჩატარება გადაწყვიტა. ამ ოპერაციაში მთავარ გმირს ამ საქმეების “ფრიადოსანი” შემსრულებელი, მაღალი, ქერათმიანი “ სინდი ასრულებდა, მისი ნამდვილი გვარია – ჩერილ ბენთოი. არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა რესპექტაბელური “სანდი თაიმსის” რედაქციის „მაღალზნეობრიობა”, რომელმაც, სანამ ვანუნუს მიერ გადაცემულ ფოტოებს ექსპერტიზას უტარებდნენ, ვანუნუ „სრული კომფორტით” ვერ უზრუნველყო.
ამიტომ ვანუნუ 1986 წლის 24 სექტემბერს ადვილად წამოეგო ლონდონის ერთ-ერთ ბარში პირველსავე ლამაზმანზე და თითქმის გაუმართლა, რადგან მხურვალე ცეკვის შემდეგ გოგონაც მზად იყო, მასთან ერთად გაეტარებინა ღამე. ვნებააშლილმა მორდეჰაიმ პირველივე საღამოს წაიტრაბახა სინდისთან და დაწვრილებით მოუყვა თავისი თავგადასავალი. გოგონა, ბუნებრივია, ყოველმხრივ თანაუგრძნობდა, მაგრამ სინდიმ სთხოვა, აქ გვითვალთვალებენ, ჯობია იტალიაში, ჩემი დის სახლში წავიდეთო. სინდიმ ისე აუბნია თავგზა ვანუნუს, რომ გაცნობიდან მეშვიდე დღეს რომში წაიყვანა. გახარებული ვანუნუ მეცხრე ცაზე იყო, მან, ცხადია, არ იცოდა, რომ ეს გრძელფეხება ლამაზმანი სინდი სინამდვილეში „მოსადის” აგენტი იყო, რომელიც მორიგ „სასიყვარულო” ოპერატიულ დავალებას ასრულებდა.
სინდის მიერ დის სახლად გასაღებული ბინა, სინამდვილეში „მოსადის” კონსპირაციული ბინაიყო. გევიდნენ თუ არა, ვანუნუ „მოსადის” ორმა „ოპერმა” ძლიერი დარტყმით უცებ გათიშა. შემდეგ ძლიერმოქმედი ნარკოტიკი გაუკეთეს და რომიდან იტალიის ერთ-ერთ საზღვაო პორტში წაიყვანეს, იქიდან კი იახტით ისრაელში გადაიყვანეს. 1988 წლის 24 მარტს ვანუნუ სასამართლომ დამნაშავედ ცნო სახელმწიფო ღალატისა და საიდუმლეობის გამხელის მუხლებით და 18 წლის პატიმრობა მიუსაჯა. ის 2004 წლის აპრილში, პატიმრობის ვადის სრულად მოხდის შემდეგ, გაათავისუფლეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა, რადგან 2007 წლის ზაფხულში ის კვლავ დააპატიმრეს სასამართლო გადაწყვეტილებების დაღვევის გამო.
იმედია, ამ და სხვა მასალებს, რომელიც ნათლად აჩვენებს ისრაელის სახელმწიფოს მოქმედების პრიორიტეტებს, იცნობენ ჩვენი შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები?
- ამ მასალებს, ბუნებრივია, ანალიზიც უნდა. ებრაელები შეკრული ხალხია. მათ გამოკვეთილი ეროვნული ინტერესები აქვთ და იციან, რომ ეროვნული ინტერესები იწყება ცალკეული ადამიანისგან. იქ სახემწიფო, საზოგადოება და მოქალაქე არის ერთი მთლიანობა. მე არ ვაიდეალიზებ, უბრალოდ ვამბობ იმას, რაც რეალურად არის და ეს ყველამ იცის მსოფლიოში. „მოსადი“ ხშირად ეხვევა სკანდალებში. მაგალითად, ერთი წილს წინათ ცნობილი ტერორისტი მოკლეს დუბაიში და „მოსადმა“ ამ ოპერაციის ჩატარებისას სხვადასხვა ქვეყნის პასპორტები გამოიყენა გარდაცვლილი ხალხის ფოტოებით. სიაში, რომელსაუ პრემიერ-მინისტრის „შავ სიასაც“ უწოდებენ, ჩამოწერილია ის ხალხი, ვინც უნდა განადგურდეს. ისრაელის სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკა აქვს. იცით, რომ მათი ბუნებრივი და გეოპოლიტიკური გარემო ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა: არც რესურსები აქვთ. ამიტომ არ გამიკვირდება, თუ ამ საქმესაც ექნება გაგრძელება. მით უმეტეს, რომ ისინი ცნობილი ბიზნესმენები არიან.
ატომური საიდუმლოს გაცემა, სპორტსმენების დახოცვა გაცილებით ტრაგიული და მძიმე ამბებია, ვიდრე დაკავება. შედარებით მსუბუქ წყენებზე როგორ რეაგირებს „მოსადი“?
- მე ვინტერესდები იმ ისტორიებით, რომლებიც ჩემს სფეროს ეხება, დანარჩენი ჩემი ყურადღების მიღმა რჩება. თუმცა ის „შავი სია“, რომელიც ვახსენე, პერმანენტულად ივსება. ერთი საქმეა, როგორი პოლიტიკაა, ტერორიზმით ბრძოლა, მაგრამ ეს ისრაელის პოლიტიკაა. ამ სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი თითოეული მოქალაქის ინტერესებიდან იწყება, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება კერძო ბიზენსს. მეორე მხრივ, ძალიან ბევრი ფაქტია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ებრაელები ეხმარებიან „მოსადს“. მაგალითად, შეერთებულ შტატეის მოქალაქე პოლარდი ისარაელს აწვდიდა ინფორმაციას ამერიკის უახლესი სამხედრო ტექნიკის შესახებ. ანუ ებრაელი, თუნდაც, მოწყვეტილი თავის სამშობლოს, თავის ისტორიულ ვალად მიიჩნევს, გამოადგეს სახელმწიფოს. თუმცა პირადად მე არ მახსენდება, რომ ისრაელის სახელმწიფოს ბიზენსმენის დაცვისთვის რამე გაეკეთებინოს.
ირანთან ჩვენი უვიზო ურთიერთობის გამო შეიძლებოდა, იმ „შავ სიაში“ მოვხვედრილიყავით?
- ჩვენ მანამდეც ვიყავით. გახსოვთ, რომ ისრაელმა იმ ზონაში შეგვიყვანა, საადც არ ურჩევდა თავის მოქალაქეებს ჩასვლას, თუმცა შემდეგ თითქოს მოიხსნა ეს შეზღუდვა.
გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ ჩვენთან არ იქნებიან „მოსადის“ აგენტები, მაინც რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს ისრაელის საგარეო დაზვერვას საქართველოს ტერიტორიაზე?
- არა მარტო პოლიტიკური ინტერესი შეიძლება, იყოს. ირანთან უვიზო რეჟიმის დამყარების შემდეგ არ ვიცი, რამდენი ქართველი წავა ირანში, მაგრამ, ფაქტია, ისინი აქ ჩამოვლენ. ეს დიდი საფრთხეა ამერიკელებისთვისაც, ისრაელისთვისაც და, ზოგადადაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებაა და ეს, ფაქტობრივად, საომარი დაპირისპირებაა, ამდენად, გასაგებია, რომ ისრაელის დაზვერვა აქტირად მუშაობს, არა მარტო ირანის, არამედ თურქეთის, რუსეთის მიმართულებითაც. ჯერჯერობით, ალბათ, ინფორმაციის შეგროვების კუთხით იმუშავებენ. ჩვენი გეოპოლიტიკური სივრცე ისეთია, რომ ისრაელისთვის ის ირანის ფაქტორის გარეშეც საინტერესოა.
ანუ მრავლად იქნებიან ჩვენთან ისრაელის დაზვერვის თანამშრომლები?
- რა თქმა უნდა, ისინი ყველა საელჩოში არიან. თითოეული საელჩო, კარგი გაგებით, პატარა სადაზვერვო ბირთვია.
ჩვენი საელჩოებიც ასეთი ბირთვებია?
- მე მახსენდება ერთი ასეთი შემთხვევა, თუ არ ვცდები, 2003 წელს, როდესაც ჩვენი დაზვერვა საწყალი ხმით სთხოვდა პარლამენტს, შევარდნაძე თანახმაა და ბიჯეტში 100 000 ლარი გამოვყოთ, რომ უცხოეთის ქვეყნებში არსებულ ჩვენს საელჩოებში მიგვევლინა დაზვერვის თითო-თითო ოფიცერი, რომ რაღაც კუთხით მაინც ემუშავათ. მაგრამ მაშინ სახელმწიფომ ვერ მოძებნა 100 000 ლარი. არ მგონია, რომ რაღაც შეცვლილიყო ამ მიმართულებით.
ისრაელი რამდენს ხარჯავს „მოსადზე“, თუ ეს საიდუმლო ინფორმაციაა?
- ეს საიდუმლოა, არავინ ამბობს ზუსტ ციფრს. თანხა გაბნეულია ბიუჯეტის სხვადასხვა ნაწილში, თუმცა „მოსადი“ არ არის მრავალრიცხოვანი, შტატის აქტიური თანამშრომელი 3 000-4 000-ია, მაგრამ საკმაოდ ეფექტური.
თან აგენტურიც ნაწილი უფასოდ მუშაობს, თურმე, „მოსადზე“?
- ესეც არის, პოლარდის მაგალითი უკვე გითხარით. მათ აქვთ დიდი დიასპორა, უდიდესი ლობი მთელ მსოფლიოში, თუმცა ხანდახან ერთმანეთის ყველაზე დიდი კონკურენტები სწორედ ებრაელები არიან.