მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე რუსეთის საგამოძიებო უწყების ქმედებებზე კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მისივე განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურასთან რუსული მხრიდან კონტაქტი არ ყოფილა. თავად გოგაძე კი არ იცნობს იმ სარჩელს, რომელიც რუსეთის საგამოძიებო უწყების მიერ სასამართლოშია გადაგზავნილი.
ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გააგზავნა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან, სასამართლოს წინაშე წარსდგება 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულებისთვის.
„ისტორია გვიჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან, ყველა, ვინც მსგავს დანაშაულებს ჩადის, პასუხის აგებს ამისთვის. საქართველოს ყოფილმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს სამხრეთ ოსეთში ჯარების შეყვანისა და რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის ბრძანება გასცა“, - აცხადებს ვლადიმერ მარკინი.
მისივე თქმით, რუსეთში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება „გენოციდის, „მკვლელობისა“ და „ომის წარმოების მეთოდებისა და აკრძალული საშუალებების გამოყენების“ ბრალდებით ჩატარდა. მარკინის განცხადებით, ამ საქმის მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში არის გადაგზავნილი. „საერთაშორისო სამართლის ნორმები არ მოგვცემს უფლებას ძებნაში გამოვაცხადოთ სააკაშვილი, რადგან მას უცხო ქვეყნის იმუნიტეტი იცავს“, - განაცხადა ვლადიმერ მარკინმა.
რუსეთის მიერ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მასალების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაგზავნის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს, სააკაშვილის ადვოკატი ოთო კახიძე.
„ისინი ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას აბრალდებდნენ ომის გაჩაღებას, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ჩატარებას. სინამდვილეში, ეთნიკური წმენდა მათ განახორციელეს. საქართველოს ტერიტორიაზეც ისინი შემოვიდნენ შეიარაღებული ძალებით და ე.წ. სამხრეთ ოსურ ბანდ-ფორმირებებსაც ისინი აკონტროლებდნენ, რომლებიც ქართულ სოფლებს ბომბავდნენ.
საკუთარი დანაშაულის დასაფარად, ბუნებრივია, სურთ, ჩვენსკენ გადმობრალება. მე დარწმუნებული ვარ, ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება და ქართული საზოგადოებაც დარწმუნებულია იმაში, თუ ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი და ის ქმედებები, რომელიც მაშინ განხორციელდა“, - აღნიშნა ოთო კახიძემ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ვლადიმერ მარკინის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშრორების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოში და მას მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხის გაცემა. რაც შეეხება რუსეთის მიერ წარმოებულ რაიმე სისხლის სამართლებლივ დევნას, სესიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა არ აპირებს რუსეთის პოზიცები რაიმე სახით გაიზიაროს.
„ჩვენ გვაქვს ერთად-ერთი პოზიცია და ეს ყველასათვის ცნობილია, რომ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა. რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანაა და ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთს გადავცეთ სააკაშვილი ან რაიმე სახით გავიზიაროთ რუსეთის პოზიცები. რამდენადაც ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავთ, ვინც არ უნდა იყოს ის. ამ ყველაფერს ურევია პოლიტიკა. რუსეთი ცდილობს, რომ ამ ქმედებით თავისი აგრესია საქართველოს დააბრალოს და ეს ნათელია“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი კი თვლის, რომ მარკინის განცხადებები, ნებისმიერ შემთხვევაში, პოზიციებს უძლიერებს მიხეილ სააკაშვილს. დეპუტატი რუსეთის მხრიდან ამ საქმის განვითარების ნაკლებ პერსპექტივებს ხედავს, რადგან რუსეთმა თავად განახორციელა აგრესია. მისი თქმით, საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთთან დაკავშირება არ შეიძლება.
„როგორც კი ჩვენ ავლაპარაკდებით სააკაშვილის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, რომელმაც რუსეთს საშუალება მისცა, აგრესია და ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა, იმ წუთში მაშველ რგოლივით გადმოუგდებენ რუსეთიდან, რომ თურმე მათ ჰქონიათ პრეტენზია სააკაშვილთან. ამით მინიშნებას აკეთებენ, რომ მის მიმართ პრეტენზიები ეს რუსეთის პრეტენზიებია სააკაშვილის მიმართ. ვლადიმერ მარკინის განცხადება აბსოლუტურად არადეკვატური და პოლიტიკურად შეფუთულია.
თუ რაიმე პრეტენზიები აქვთ, გადააგზავნონ, მაგრამ არ მგონია სააკაშვილთან რუსეთს რაიმე პრეტენზია ჰქონდეს - მათ სამხრეთ ოსეთში სამხედრო პოზიციების გაძლიერება სურთად და ამას ხელი შეუწყო სააკაშვილის გაუთვლელმა და არასწორმა სტრატეგიამ. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ განცხადებაში პოლიტიკურ საფუძველს ვხედავ“, - აცხადებს გია ვოლსკი.
მისივე თქმით, სააკაშვილს 9 აგვისტოს ბრძანებულებაზე აქვს ხელი მოწერილი, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ, მაშინ, როდესაც მისი თქმით, ყველამ იცოდა, რომ ფილტრაცია გაცილებით უფრო ადრე ხდებოდა.