„ის, რომ პროკურატურა ჩართულია პოლიტიკურ ბრძოლაში ირაკლი ალასანიასა და „თავისუფალი დემოკრატების“ საქმიანობის წინააღმდეგ, ეს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა. იმას რაც არ აქვთ, ვერ მოიპოვებენ. ამიტომ, საქმის ეს გაჭიანურებაც ფუჭია. პროკურორებო დაყარეთ ფარ–ხმალი! აღიარეთ, რომ ეს იყო ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია, რომელიც კონკრეტული პასუხისმგებელი პირების პასუხსიმგებლობით დასრულდება“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი, რომლის განცხადებით, პროკურატურასთან ერთად, ამ საქმეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ პრემიერ–მინისტრისაც.
რას ეძებს პროკურატურა და რატომ მიმართა აუდიტის სამსახურს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.
10 თებერვალს იწყება საქმის განხილვა. რას ელოდებით სასამართლოსგან?
- ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. იმის გარდა, რომ პროკურორის განცხადებით არ არსებობდა ამ ადამიანების დაკვების მოტივი, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადაიდო სასამართლო პროცესი, ვინაიდან მათ სჭირდებოდათ კიდევ დამატებით მტკიცებულებები. აბსოლუტურად ჩამოყალიბებული რწმენა მაქვს იმისა, რომ ეს საქმე რეალურად განწირულია ჩამოშლისთვის, ისევე როგორც პროკურატურა - ამ პასუხისმგებლობისთვის.
რას გულისხმობთ?
– ვგულისხმობ იმას, რომ პროკურატურა ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აიღეს პოლიტიკურ ბრძოლაში ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ამ ბრძოლაში ჩართვით. აქ დადგება პროკურატურის უმაღლესი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ისინი იმყოფებიან ჩიხურ მდგომარეობაში. ამიტომ ცდილობენ, რომ მაქსიმალურად გააჭიანურონ ეს პროცესი და ხელი შეუშალონ მის დროულად დასრულებას. დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო დაიწყება და ასევე ვიმედოვნებ, რომ სასამართლო ადეკვატურად შეაფასებს არსებულ ვითარებას, დასცვის მხრიდან წარმოდგენილ პოზიციას და მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ადამიანების გამოშვების თაობაზე, ვიდრე დასრულდება სასამართლო და ვიდრე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.
ამ საქმეში მხოლოდ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავთ?
– რასაკვირევლია არა. პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ პრემიერ–მინისტრისაც. ჩვენთან საუბრისას მან არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი არგუმენტები უფრო მეტად დამაჯერებლად ჟღერდა, მაგრამ ასევე დააფიქსირა, რომ თუკი პროკურატურა ვერ დაამტკიცებს ამ ადამიანების ბრალეულობას, მაშინ დადგება პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე საქართველოს საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ამ საქმესთან დაკავშირებით. უკვე ძალიან მკაფიოდ იკვეთება, ერთი კონკრეტული კომპანიის „დელტა კომის“ ინტერესი, რომელიც კომპანია „სილქნეტის“ კონკურენტია. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ „დელტა კომის“ ჯგუფში მუშაობს ზურაბ კოტარია, რომელიც ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს იყო ოპერატიული–ტექნიკური უზრუნველყოფის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ არის გაიგივებული მოსმენებთან.
ბიზნესმენი, „კავკასუს ონლაინის“ მეპატრონე მამია სანადირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ამ კომპანიის მეწილედ ისევ ვანო მერაბიშვილი რჩება. თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
– ამ კონკრეტულ შემთხევაში, თავისთავად საინტერესოა წილობრივი მონაწილეობა, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ჰქონდა სწორედ ყველაზე დიდი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ გვისმენდნენ, გვითვალთვალებდნენ, ხდებოდა ადამიამების დაშანტაჟება, ადამიანებზე ზეწოლა და ეს ყველაფეი ხდებოდა უკანონო ჩანაწერების მეშვეობით. სწორედ, რომ ეს ადამიანი მუშაობდა იმ დეპარტამენტში, და რომელიც დღეს კომპანია „სილქნეტს“ უჩივის. გარდა ამისა, თავად ამ კომპანიამ დაადასტურა, რომ ზურაბ კოტარია მასთან ერთად მუშაობს, ასევე დაადასტურა, რომ „დელტა კომი“ იღებს კოლოსალურ თანხებს შსს–სგან ყოველთვიური მომსახურეობისთვის. გახსოვთ, ადრე იყო საუბარი, თითქოს, წლების განმავლობაში ეს კომპანია უფასოდ ემსახურება შსს–ს, თუმცა, რეალობაში, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა.
თქვენი ინფორმაციით რა თანხაზეა საუბარი?
– ჩემი ინფორმაციით „დელტაკომის“ მომსახურება შსს–ს ყოველთვიურად 200 ათას ლარზე მეტი უჯდება. ყველა ეს გარემოება ძალიან მკაფიოდ და ცხადად მიუთითებს, რომ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წარმოებული კამპანია არის პოლიტიკური ბრძოლა მისი საქმიანობის წინააღმდეგ.
პოლიტიკური ბრძოლა მისი საქმიანობის წინააღმდეგ, ამით აიხსნება ის გარემოება, რომ თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „სილქნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან 6 თვის შემდეგ მიმართა გამოძიების თხოვნით პროკურატურას „დელტაკომმა“?
– რასაკვირევლია და გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დაკავებული 5 ადამიანი წლების მანძილზე ემსახურებოდნენ თავის ქვეყანას, საკმაოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირები იყვნენ. როგორც კი დაიწყო გამოძიება, ეს ადამიანები ძალიან აქტიურად თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან. უბრალოდ, პროკურატურამ ეს ადამიანები მძევლებად აიყვანა იმ იმედით, რომ ისინი ჩვენებას მისცემდნენ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ.
ესენი არიან ღირსეული ადამიანები და არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ არარსებული დანაშაული აღიარონ და მეტიც, დაადანაშაულონ ირაკლი ალასანია. ეს ერთი კონკრეტული მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. მათი იმედი, რომ ციხის პირობებში ვერ გაუძლებდნენ ზეწოლას და აღიარებით ჩვენებას მისცემდნენ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ, არ გამართლდა.
ამიტომ, ახლა საგონებელში არიან ჩავარდნილი, რა მოიმოქმედონ. თუმცა, არაფერი ამას არ უშველის. ადვოკატების პოზიციაა (რომელიც თქვენს ინტერვიუში წავიკითხე), ამ საქმეს არაფერი ესაქმება სისხლის სამართალთან. ეს არის წმინდა პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ, რომელიც ისევ ამ ადვოკატების კვალიფიკაციაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ. ძალიან მალე დასრულდება და ძალიან მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რა იყო რეალურად ამ საქმის უკან.
როგორ ფიქრობთ, რატომ მიმართა პროკურატურამ სახელწიფო აუდიტის სამსახურს შეისწავლონ თავდაცვის სამინისტროსა და „სილქნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები? ფაქტია, რომ ამ საქმეზე არსებობს აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც ნოემბერში გადაეგზავნა პარლამენტს...
– ეს ფაქტი, იგივე საიდუმლო გრიფის მოხსნა, ყველაფერი მართლა წყალწაღებული ხავს ეკიდეობოდაო იმ ნაწილიდან არის. არის იმის მცდელობა, რომ რამე ისეთი ხელმისაწვდომი იპოვონ, რომ გაჭიანურდეს ეს პროცესი. თუმცა, გამორიცხულია, რომ რამე იპოვონ. ცხადზე ცხადია, რომ საქმის შეკერვის მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის.
ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა ჩვენს ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ უწყებას, თავდაცვის სამინისტროს, ეს იყო და არის რგოლი, რომელიც აკავშირებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან, ამით ძალიან სერიოზული ზიანი იქნა მიყენებული ჩვენს ევროატლანტიკური მისწრაფებებზე და ასევე ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა ქვეყნის იმიჯს. არაფერს ვამბობ პროკურატურის იმიჯზე, რომელსაც არც მანამდე ჰქონდა მაინც და მაინც განსაკუთრებული პოზიტიური იმიჯი.
პროკურატურის მთავარი მიზანი არის ირაკლი ალასანიაზე და ალექსი ბატიაშვილზე გასვლა? გავრცელებული ინფორმაციით აქტიური თვალთვალი მიმდინარეობს ამ ადამიანებზე...
– ბუნებრივია. ირაკლი ალასანიამ არაერთხელ ღიად განაცხადა, რომ მზად არის ამისთვის. პირიქით, ითხოვს დაკითხოს პროკურატურამ, მაგრამ რეალურად საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეთ. ახლა კიდევ ხელახლა იმის აღიარება, რომ არ იყო დანაშაულის მოტივაცია, ამის მუდმივად აღიარება პროკურატურასაც ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს. ამიტომ, ეს ყველაფერი არის მანევრები.
ის, რომ პროკურატურა ჩართულია პოლიტიკურ ბრძოლაში ირაკლი ალასანიასა და „თავისუფალი დემოკრატების“ საქმიანობის წინააღმდეგ, ეს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. იმას რაც არ აქვთ, ვერ მოიპოვებენ. ამიტომ, საქმის გაჭიანურებაც ფუჭია. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ პროკურორებო დაყარეთ ფარ–ხმალი! აღიარეთ, რომ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია, რომელიც კონკრეტული პასუხისმგებლობის პირების პასუხსიმგებლობით დასრულდება.