თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ხუთი მაღალჩინოსნის საქმესთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა ჩიხშია შესული. როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, მთავარი პროკურატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ავალებს შეისწავლოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „სილქნეტს“ შორის არსებული ხელშეკრულების მართლზომიერება. ანუ, აუდიტის სამსახურმა ყველაფერი უნდა იღონოს, რათა იპოვოს ბნელ ოთახში არარსებული შავი კატა, რომელიც პროკურატურამ ვერ აღმოაჩინა.
თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ხუთი მაღალჩინოსნის საქმეზე, წინა სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 თებერვალს გაიმართება. რამდენადაც საქმის ნაწილი ბრალდების მხარის მიერ ისევ გასაიდუმლოებულია, არსებობს ალბათობა, სასამართლო სხდომა დაიხუროს. სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს.
როგორც ცნობილია, თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „სილქნეტს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაზე პროკურატურამ გამოძიება კომპანია „დელტა კომის“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. „დელტა კომმა“ პროკურატურას 2014 წლის 3 აპრილს მიმართა, დაახლოებით 6 თვის შემდეგ, რაც თავდაცვის უწყებამ და „სილქნეტმა“ ხელშეკრულება გააფორმეს, ხოლო საქმეზე გამოძიება 2014 წლის 20 ივნისს დაიწყო. რატომ მიმართა პროკურატურას 6 თვის დაგვიანებით და არა ოპერატიულად, ამაზე „დელტა კომი“ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
თავდაცვის სამინისტროს მიერ, 2013 წლის აგვისტოში გამოცხადებულ რამდენიმემილიონიან ტენდერში მონაწილეობდა „დელტა კომი“. თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ არჩევანი კომპანია „სილქნეტზე“ შეაჩერა, ვინაიდან ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის მომსახურებისთვის „სილქნეტმა“ 6,5 მილიონი ლარი მოითხოვა, ხოლო ამ მომსახურეობისთვის „დელტაკომმა“ გაცილებით ძვირი, 10 მილიონი მოითხოვა.
თუმცა, ბრალდება ამ დრომდე არ ინტერესდება რატომ მოითხოვა კომპანია „დელტა კომმა“ გაცილებით ძვირი. მეტიც, 4 თვის განმავლობაში ბრალდებამ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალი და მოტივი ვერ გამოკვეთა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა შეისწავლოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „სილქნეტს“ შორის არსებული ხელშეკრულების მართლზომიერება. შესაბამისად, თორდიას უწყება ახლა არკვევს იმ საქმის მართლზომიერებას, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას აწარამოებს.
როდის შევიდა აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში, ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც უწყების პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი გალუმაშვილმა for.ge-ს განუცხადა დღეს არასამუშაო დღეა და კითხვაზე პასუხს, სამუშაო დღეს მივიღებდით.
დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატების განცხადებით კი, კანონით, ჯერ სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს გარკევული ქმედების მართლზომიერებას და შემდეგ ხდება პროკურატურაში საქმის გადაგზავნა. ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებს, რომ ის რაც ხდება ძალზედ უცნაურია, მითუმეტეს, რომ პროკურატურას აქვს ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც დაცვის კრიტიკის საფუძველი გახდა. ეს დასკვნა მთლიანად დაეყრდნო მომჩივანი კომპანიის (დელტა კომის) წარმომადგენლის ზეპირ მოსაზრებას.
„პროკურატურა რაღაცა ხავს ეძებს, რომ მოეჭიდოს, მაგრამ ამ ხავსს ვერ ჩაეჭიდება, რადგან საქმეში მტკიცებულება არ არსებობს. საქმეში არაა მოტივი და ვერც იქნება, იმიტომ, რომ დანაშაული არ არსებობს. როდესაც დანაშაული არ არსებობს მის მტკიცებულებას ვერ მოიპოვებ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან სამუშია.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესახებ მასალები უკვე პარლამენტშია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავდაცვის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ შესყიდვების შესახებ მასალები 2014 წლის ნოემბერში გადაუგზავნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია აცხადებდა, რომ შემოწმების შედეგად ამოღებული დოკუმენტაცია, რიგ შესყიდვებთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. შესაბამისად, მასალები რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცა.
ე.წ. კაბელების საქმეში ასევე მნიშვნელოვანი დეტალია კომპანია „დელტა კომსა“ და შსს-ს შორის არსებული ხელშეკრულება. საქმეში არსებობს მოწმის ჩვენება, სადაც ის საუბრობს, რომ შსს ყოველთვიურად, რამდენიმე ასეულ ათას ლარს იხდის ამ მომსახურეობაში. რასაც ასევე ადასტურებს კომპანიის ტექნიკური დირექტორი დავით ხუბულური. 2014 წლის დეკემბრის მიწურულს, ხუბულურმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ „2014 წლის 1 იანვრიდან დღეის ჩათვლით, შსს „დელტა კომს“ კოლოსალურ თანხას უხდის“. სხვათა შორის, დავით ხუბულური ამ საქმეში ბრალდების ერთ-ერთი მოწმეა.
2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე, რა რაოდენობის თანხებს უხდის შსს „დელტა-კომს“ ამ ინფორმაციის მოთხოვნით დაცვის მხარემ ორჯერ მიმართა შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს, თუმცა დაცვას კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
„კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა დავით ხუბულურმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან დღეის ჩათვლით შსს მომსახურეობისთვის კოლოსალურ თანხას გვიხდისო. ჩვენ ვეუბნებით შსს-ს მოგვაწოდონ ინფორმაცია ემსახურება თუ არა „დელტა კომი“ და რა თანხას იხდის ამ მომსახურებისათვის. შსს ამ ინფორმაციას გვიმალავს და გვეუბნება, რომ „დელტა-კომთან“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის საფუძველზე, ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალით მომსახურეობის შესახებ საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული არ გვაქვსო, მაშინ, როდესაც კომპანიის ტექნიკური დირექტორი აცხადებს, რომ შსს-თან გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება და 2014 წლიდან ძალიან დიდ თანხებს იღებენ. ბუნებრივია, ისმის კითხვა - რას მალავს შსს? მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, რასაც კომპანიის წარმომადგენელი ადასტურებს.
ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ პროკურატურას, რომ გამოეთხოვათ 2014 წლის ხელშეკრულება, მაგრამ პროკურატურამ გვითხრა, რომ საქმისთვის ეს არაა რელევანტურიო. პროკურატურამ კარგად იცის რაც ხდება შსს-ში. სწორედ პროკურატურის და შსს-ს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომ დამალონ შსს-სა და „დელტა კომს“ შორის არსებული 2014 წლის ხელშეკრულება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან სამუშია.
დაცვის მხარის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში ბრალდებამ ვერ გამოკვეთა დანაშაულის მოტივი და დაკავებულთა ურთიერთკავშირი.
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ დაკავებულები ერთი უწყების თანამშრომლები იყვნენ, სხვა მათ არანაირი სამსახურეობრივი კავშირი არ ჰქონდათ და ამ კავშირს ვერც პროკურატურა ვერ უთითებს.
„რა დანაშაულს სჩადიოდნენ ეს ადამიანები ხომ უნდა იყოს გამოკვეთილი? მაგრამ ასეთი რამ საქმეში არაა. შესყიდვების დეპარტამენტიდან დაკავებულია გიზო ღლონტი, სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე და სპეციალისტი არჩილ ალავიძე. არჩილ ალავიძის ბრალდება იმაში გამოიხატება, რომ ადგენდა ტექსტს, რომელსაც ავალებდა გიორგი ლობჟანიძე, ხოლო ლობჟანიძის ბრალი იმაში გამოიხატება, რომ ალავიძეს ავალებდა შეედგინა ტექსტი.
ისინი არც გადაწყვეტილების მიღებაში და არც კომპანიის შერჩევაში მონაწილეობას არ იღებდნენ. მათი ბრალეულობა არ არსებობს. იგივე შეიძლება ითქვას წიფურიაზე, რომლის ბრალეულბა იმაში გამოხატება, რომ მან მოამზადა წერილი რა იყო საჭირო ამ ოპერაციისთვის. რაც შეეხება წიფურიას და კაიშაურს, ამ შემთხვევაში, არც მოტივი და არ მიზანი არაა გამოკვეთილი. გაფლანგვის ფაქტი არ დასტურდება. ელმენტარული დათვლითაც ნათელი ხდება, რომ მათ კი არ გაფლანგეს, არამედ დაზოგეს სახელმწიფო თანხა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი ჯარჯი წიკლაური გადაცემა „აქცენტებში“ აცხადებს, რომ გაფლანგვა თავისთავში, როგორც დანაშაული, არ გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღებას გამფლანგველის მიერ.
„როდესაც ხდება ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნება დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ვიმსჯელოთ - ამ ადამიანებმა შესაძლოა ჩაიდინეს დანაშაული. ამ ეტაპისათვის, რომ არსებობდეს ეს სტანდარტი, ჩვენ ბატიაშვილს, (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) ბუნებრივია, როგორც ნებისმიერ სხვა პირს, ვის მიმართაც გამოიკვეთებოდა დანაშაული და იქნებოდა მტკიცებულებები, პასუხისგებაში მივცემდით“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.