ბერუჩაშვილის ფუნქციას საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო შეასრულებს

ბერუჩაშვილის ფუნქციას საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო შეასრულებს

კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა. საბჭო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს და მოახდენს კოორდინაციას ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართულები.

საბჭოს ფუნქციაში ასევე შედის განსაზღვროს ის თემები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით. ახლად შექმნილ საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრები. ასევე - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკა არც დღეს დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება. მისივე თქმით, ის საკითხები, რის ირგვლივაც შეიქმნა ახალი კომისია, უნდა წყდებოდეს მთავრობის აპარატში.

„მთავრობა არაა მხოლოდ მინისტრების საკრებულო. არსებობს შესაბამისი სტრუქტურები და არაა აუცილებელი, რომ ყველა კომისიას ერთი და იგივე პირი ხელმძღვანელობდეს. ამ კომისიაში შემავალი ის ძალიან სოლიდური წარმომადგენლობა, ისედაც არის პასუხისმგებელი საგარეო ვექტორის ცვალებადობის შემთხვევაში. სხვაგვარად ძნელად წაროსადგენია, რომ ადამიანები რომლებიც შეყვანილი იქნენ ამ საბჭოში, რაიმე პერსონალური პრობლემა ჰქონოდათ პრემიერ–მინისტრთან ურთიერთობის.

ეს საბჭო რომ ყოფილიყო დაკომპლექტებული მეცნიერებისგან და დიპლომატებისგან, ნამდვილად უფრო საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა პრემიერ–მინისტრისთვის. მხოლოდ საკუთარი ქვეშევრდომებისგან შემდგარი საბჭო არის მხოლოდ ფიქცია. ეს კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ რაიმე წარუმატებელი პროცესის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არ დაეკისროს პრემიერ–მინისტრს“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის სტრუქტურას და საქმიანობის წესს განსაზღვრავს თავად მთავრობა. ასეთი საბჭოების შექმის უფლება კონსტიტუციურად აკრძალული არაა. თუმცა, მისივე თქმით, სხვა საკითხია რისი მომცემია ეს საბჭო.

„ასეთი საბჭოს შექმნის აზრს ვერ ვხედავ. ეს არის უბრალოდ ახალი წარმონაქმნი, რომლის ფუნქციას და სარგებლობას ვერ ვხედავ. კიდევ ერთი დამატებითი ბიუროკრატიული უწყების შექმნა, ჩემი აზრით, სრულიად ზედმეტია, რადგან საგარეო პოლიტიკის შექმნას ცალკე აწარმოებს პარლამენტი, ცალკე აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტი. კიდევ ერთი რგოლის შექმნა, რბილად რომ ვთქვათ, მთლად მიზანშეწონილი არ უნდა იყოს.

საბჭოთა კავშირის დროს იყო ასეთი რამ, თუ რამე პრობლემები გაჩნდებოდა, ქმნიდნენ რაღაცა ორგანოს, რომელსაც თითქოსდა ეს პრობლემა უნდა მოეგვარებინა. ამ ორაგნოში შედიოდა ისეთი ხალხი, რომლებსაც ამ პრობლების მოგვარება ისედაც ევალებოდა. დაახლოებით ასეთი რამე იქნება. ამიტომ, მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს იქნებოდა ეფექტური ორგანო და შეძლებს გარღვევას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვნელი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ პრემიერს თავისი ხელმძღვანელობით შეუძლია ნებისმიერი სახის საბჭოს შექმნა, როგორც სათათბირო ორგანოსი, მაგრამ გააჩნია რა ფუნქცია ექნება და როგორი კომპეტენციები ექნება ამ საბჭოს. მისი თქმით, თუ ამ საბჭოს ექნება ისეთივე კომპეტენციები, როგორიც უსაფრთხოების საბჭოს და დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩანაცვლება, მაშინ, კონსტიტუციურად ეს არ იქნება სწორი.

„არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ისედაც ექვემდებარება პრემიერ–მინისტრს. ამიტომ, ასეთი ინსტიტუტის შექმნა, რომელიც ჩაანაცვლებს სამინისტროს, ეს არაკონსტიტუციური იქნება. რატომ უნდა შეიქმნას ცალკე ეს სტრუქტურა, ამის არგუმენტაცია სრულად არაა მიწოდებული საზოგადოებისთვის და არც ჩემთვის არის ცნობილი - მინისტრების დაძახება და მათთან შეხვედრის შესაძლებლობა ყოველგვარი სტრუქტურის გარეშე შეუძლია პრემიერ–მინისტრს“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილმა.