„თუ დასავლეთს დასჭირდა, შეიძლება, ერთ დღეში გააწევრიანოს საქართველო ნატოში“

„თუ დასავლეთს დასჭირდა, შეიძლება, ერთ დღეში გააწევრიანოს საქართველო ნატოში“

ახალი გზავნილი ბრიუსელიდან - ნატო–საქართველოს კომისიის შეხვერდის დასრულების შემდეგ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ საქართველოს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და დაადასტურა, რომ ალიანსი მიზნად ისახავს სტრუქტურების გაძლიერებას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს მომავალ წევრობას.

პოლიტოლოგი, ევროპული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტექნიკურად საქართველო მზად არის ნატოში გასაწევრიანებლად.

აძლევს თუ არა დასავლეთს სტრატეგიულ უპირატესობას საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და საქართველოში არსებული კონფლიქტების პირობებში რა მექანიზმი შეიძლება არსებობდეს ნატოში გასაწევრიანებლად? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

ნატო სრულად უჭერს მხარს ალიანსში საქართველოს მომავალ გაწევრიანებასასეთია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის გზავნილი. ბატონო კახა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მზად არის ალიანსში გასაწევრიანებლად?

- საქართველო ნამდვილად არ ჩამორჩება იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს-დღეობოთ კანდიდატ სახელმწიფოებად ითვლებიან. ტექნიკურად საქართველო მზად არის ნატოში გასაწევრიანებლად, მითუმეტეს, ნატოს კანდიდატ სახელმწიფოდ აღიარებისთვის. ყველას კარგად ესმის, რომ საქმე უფრო პოლიტიკურ კონტექსტშია, იმ დაძაბულებებში, რომელიც რუსეთის გამო რეგიონში არსებობს.

შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში არსებული დაძაბულობები აფერხებს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე უფრო სწრაფად სვლას?

– რა თქმა უნდა. მე მგონია, რომ ბატონი ვერშბოუს ეს განცხადება გამოწვეულია იმით, რომ რუსეთი გარკვეულ ზღვარს გადავიდა. ისეთი სიტუაცია იქმნება, როდესაც არავინ ერთმანეთთს ანგარიშს არ გაუწევს. ვხედავთ, რომ რუსეთი არაფერში არ უწევს ანგარიშს დასავლეთს. დასავლეთის პოლიტიკა ნელ-ნელა სულ უფრო ხისტი ხდება. ის შიშები, რომელიც მათ გააჩნდათ საქართველოსთვის მაპის მინიჭებასთან დაავშირებით, იგივე ნატოს ბაზებისა და სარაკეტო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით, ეს შიშიები შეიძლება ნელ-ნელა მოიხსნას. მოწინააღმდეგის მიმართ შიში მანამ არსებობს, სანამ არსებობს შეკავების ინსტიქტი. მაგრამ, როდესაც ეს გარკვეულ ზღვარს არის გადასული, იქ უკვე მიდის სხვა პროცესები და სწორედ ასეთი პროცესები იწყება ახლა რუსეთთან, პროცესი სადაც არც ერთი მხარე არავითარ ანგარიშს არ უწევენ ერთმანეთს და ცდილობენ რაც შეიძება მეტი სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვონ.

საქართველოს ნატოში გაწევრიანება აძლევს სტრატეგიულ უპირატესობას დასავლეთს?

- თუ რუსეთს ჰყავს თავისი სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში და ამითი რაღაცა უპირატესობა აქვას, სამხედრო თვალსაზრისით, აკონტროლებს სამხრეთ კავკასიას, საქართველოს ნატოში გაწევრიანებამ შეიძლება დასავლეთსაც მისცეს ანალოგიური სამხედრო უპირატესობა.

რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, საქართველოს უჩნდება გაწევრიანების შანსი? ვერშბოუს განცხადებით, გაწევრიანებისთვის საქართველო ტექნიკურად მზად არის...

- სამწუხაროდ, ეს მარტო ვერშბოუზე არაა დამოკიდებული. ის აფასებს პროცესის სამხედრო კომპონენტს და ამბობს, რომ საქართველო ტექნიკურად არის მზად ნატოში გასაწევრიანებლად. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ტექსტს ასევე აქვს პოლიტიკური დატვირთვა. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული შანსები იმატებს. თუმცა, ჩვენ გვახსოვს, რომ ბუქარესტის სამიტის წინ საქართველოს მაპის მიღების ძალიან მაღალი შანსი ჰქონდა, მაგრამ რამდენიმე ქვეყნის პოზოციის გამო, ეს საკითხი დაიბლოკა.

მაშინ გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანიის და საფრანგეთის პოზიციამ. გერმანიის კანცლერის პოზიცია იყო, რომ ქვეყანას, რომელსაც კონფლიქტები აქვს, როგორ შეიძლება განვიხილოთ მისი ნატოს წევრობა. კონფლიქტების არსებობის პირობებში რა მექანიზმი შეიძლება არსებობდეს ნატოში გასაწევრიანებლად?

- ომის დრო სხვა ლოგიკა მოქმედებს, მშვიდობიანობის დროს კი აბსოლუტურად სხვა. ახლა ყველაზე უფრო გაიზარდა ნატოში გაწევრიანების შანსები. შეიძლება ნატოს ჯარები რუსეთის ჯარების პირისპირ აღმოჩნდნენ და რაღაცა კონფილქტსაც ჰქონდეს ადგილი მათ შორის, პირველ რიგში, საუბარია შესაძლო ლოკალურ კონფლიქტზე, მაგალითად უკრაინაში, ან იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვართან. სამწუხაროდ, ასეთი შესაძლებლობები იზრდება. ამ სიტუაციაში ლოგიკა იცვლება და თუ დასავლეთს დასჭირდა, შეიძლება, ერთ დღეში გააწევრიანოს საქართველო ნატოში, ან შეიძლება ისეთი სახის ხელშეკრულებები დაიდოს ნატოს წევრ სახელმწიფოებთან, რომლებიც უზრუნველყოფს ურთიერთ დახმარებას საომარ ვითარებაში.

კონკრეტულად?

- მაგალითად, საქართველო ნატოს წევრ სახელმწიფოებს მისცემს უფლებას, რომ შემოიყვანონ ჯარი იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებლობას წარმოადგენს საქართველოსთვის, ან ნატოს წევრი ქვეყნები აიღებენ ვალდებულებას, რომ ომის შემთხვევაში, დახმარებას გაუწევენ საქართველოს. შეიძლება ამის ორმხრივი ხელშეკრულებებით მოქმედება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთი ხელშეკრულებები გადის კლინინგს ნატოს მინისტერიალაზე. ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის გადაწყვეტილება კონსესუსით ხდება. ერთმა ქვეყანამ არ შეიძლება ზიანი მიაყენოს მთელი ალიანსის უსაფრთხოებას.

ნატოში გაწევრიანება როგორც აქტი, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ამის რა აუცილებლობა იქნება. ამის აუცილებლობა შეიძლება არ დადგებს და შეიძლება სხვანაირად მოხდეს გაწევრიანება მაშინ, როდესაც ნატოს წევრი სახელმწიფოები აიღებენ ვალდებულებას საქართველოს წინაშე. თუ დასავლეთის სახელმწიფოებს სჭირდება ჩვენი ნატოში ყოფნა, კონფლიქტების არსებობა ამ პროცესს ხელს არ შეუშლის.

და მეორე, ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება უკრაინის კონფლიქტი. თუ ესკალაცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მაღალ დონემდე მივიდა, ასეთ შემთხვევაში, ძნელია იმის პროგნოზირება, რა სახის გადაწყვეტილება იქნება მიღებული ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან. შეიძლება მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომ ახლა არაა საქართველოს ნატოში შეყვანის დრო, იმიტომ, რომ დამატებითი ბერკეტი მიეცემა რუსეთს და იმ წუთში დაარტყამს საქართველოს.

რუსეთი თავის ახალ სამხედრო დოქტრინაში პირდაპირ აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი საფრთხე არის ნატოს გაფართოება რუსეთის მომიჯნავე ქვეყნებში. რადგან აღიქვამს ამ საფრთხეს, ალბათ, დასახული ექნება ამოცანა და ამ საფრთხის ნეიტრალიზაცია?

- რასაკვირველია, და ერთ-ერთი ნეიტრალიზაციის საშუალება შეიძლება იყოს რაიმე მიზეზით საქართველოს სხვა ტერიტორიების შემდგომი ოკუპირება. ამიტომ, შეიძლება პირიქით მოხდეს და დააჩქარონ საქართველოს ნატოში გაწევრიანება იმისათვის, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად გარანტირებული პარტნიორი იმისათვის, რომ არც ერთი ხელისუფლების შემთხვევაში არ მოხდეს საქართველოს გადახრა მოწინააღმდეგის მხარდაჭერისკენ. იცით, პროგნოზირება ძალიან ძნელია, მაგრამ მიმდინარე პროცესები უნდა იქნას გამოყენებული. ამ მიმართულებით საჭიროა ძალიან ბევრი ფიქრი. წინმსწრებად შესაძლო სცენარების გააზრება, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და პარალელურად, უნდა მიმდინარეობდეს დიპლომატიური მუშაობა ნატოს წვერ სახელმწიფოებთან, რომ დავაჩქაროთ ჩვენი გაწევრიანება.

თქვენ ბრძანეთ, რომ ნეიტრალიზაციის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს რაიმე მიზეზით საქართველოს სხვა ტერიტორიების შემდგომი ოკუპირება. კახეთის რეგიონში და სამცხე ჯავახეთში რუსული პასპორტების დარიგება, კახეთიავარეთის გზის მშენებლობა, ეს არის კარგად დადგეგმილი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ?

– ეს ძალიან დიდი საფრთხეა. მითუმეტეს, რომ ეს არის რუსეთის პოლიტიკის ნაწილი, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებში ის მოქმედებს ამ მეთოდით - იგივეს აკეთებს ყაზახეთში, უკრაინაში, სომხეთში და მოლდოვაში. ცდილობს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები მოიყვანოს ისეთ სამართლებრივ სტატუსში, როდესაც მარტივად ექნება თავისთვის მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება, რომ დაიცვან საკუთარი მოქალაქეები ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე და ისევ და ისევ დავუბრუნდები რუსეთის სამხედრო დოქტრინას, რომელიც მან დადო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. იქ ჩანს, რომ აქცენტი კეთდება მოქალაქეობის მინიჭებაზე. რუსეთი მათ განიხილავს უკვე საკუთარ მოქალაქეებად და ნებისმიერი პროვოკაცია გახდება შეჭრის მიზეზი.

მაგალითად, კახეთში რუსული პასპორტები ურიგდებათ ჩრდილო კავკასიური წარმოშობის ადამიამებს, ეს ტყუილად არ კეთდება. იგივე, გზის მშენენებლობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ ეს აქვთ სამხედრო სტრატეგიულ გეგმებში. როგორც მოგახსენეთ, სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება, იძაბება მდგომარება. ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები და რუსეთი ერთმანეთთან, შესაძლებელია, ლოკალურ, მაგრამ რაღაც საომარ მოქმედებაში აღმოჩნდნენ.

ამ შემთხვევაში რუსეთს არ ექნება არანაირი შემაკავებელი სტიმული და თავისუფლად აამოქმედებს კახეთის მიმართულებით ამ გეგმას, როგორც ეს უკარიანაში მოხდა და შემდგომ, თავისუფლად მოახდინონ ამ რეგიონის ოკუპაცია იმისათვის, რომ გაჭრან გზა სამხრეთისკენ. ამას შეიძლება ძალიან სერიოზული სამხედრო სტრატეგიული მიზნები ჰქონდეს. ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ სიტუაციის უკონტროლოდ მიშვება არ შეიძლება, არსებობს იგივე პასპორტიზაციის შეჩერების შესაძლებლობა და ამისთვის არსებობს უშიშროების სამსახურები. განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა იმ რეგიონებში, სადაც ეს საფრთხე მაღალია.