როგორ იყენებდა ბაჩო ახალაია ქისტებს ქილერებად და რატომ გაიმეტეს სპეცოპერაციის მონაწილეები

როგორ იყენებდა ბაჩო ახალაია ქისტებს ქილერებად და რატომ გაიმეტეს სპეცოპერაციის მონაწილეები

როგორც წესი, უცხოელებს ქართულ ციხეებში გაძლება უჭირთ. ენობრივი ბარიერის გარდა, სხვა სირთულეც არსებობს. პირველ რიგში, ქართულ სასჯელაღსრულებით სისტემებში არსებული პირობები, რომლებიც ევროპულთან ახლოსაც ვერ მივა _ რამდენიც უნდა ამტკიცოს ყოფილმა თუ მოქმედმა ხელისუფლებამ, ევროპულ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთო, რეალობა სხვაგვარია.
,,შვედეთის ციხეში ვარ ნაჯდომი. იცით, როგორ იყო?! რომ მიმიყვანეს, ყველაფერი გამომკითხეს, ისიც კი, შემწვარ საკვებს ვანიჭებდი უპირატესობას თუ მოხარშულს, რათა ამის მიხედვით შეედგინათ ჩემი კვების რაციონი. ერთი ქართველი დამხვდა, რომელმაც ჩემი თანდასწრებით ზედამხედველს წიხლი ჩააზილა. მაშინვე ფსიქოლოგი მოუყვანეს და აგრესიის მიზეზის შესწავლა დაიწყეს', _ ყვებოდა პატიმარი დავით კ, რომელსაც მთელი ევროპა ჰქონდა შემოვლილი, შვედეთის გარდა, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და ბელგიის ციხეებიც ნანახი ჰქონდა და თითქმის ყველგან ანალოგიური ვითარება დახვდა.

ისევ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დავუბრუნდეთ. ადგილობრივ გარემოს უპრობლემოდ ჩეჩნები ეგუებოდნენ. ისინი საერთო ენას ადვილად პოულობდნენ ქართველებთან და არაფერი უჭირდათ, მით უმეტეს, ციხეებში ქისტებიც მრავლად ისხდნენ და მოძმე ჩეჩნებს ადაპტირებაში ეხმარებოდნენ...

ორიოდე დღის წინ, ხელისუფლებამ ახალი ინიციატივა წამოაყენა და დიდი ალბათობით, სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა ქართული კანონმდებლობით დაისჯება. სწორედ ამ განცხადებამ გამახსენა პანკისელი თორღვა მარგოშვილი, რომელიც სასჯელს რუსთავის #17 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იხდიდა.
,,თორღვა, ტელეფონებზე შენი ზემლიაკების დრო თურმე შენ გაქვს და მაგ დროიდან ნახევარი საათი მჭირდება, დასარეკი მაქვს აუცილებლად', _ პატიმარი #0578 თორღვას საკანში იჯდა და მშვიდად ესაუბრებოდა.

,,არ არის პრობლემა, ძმა, პირველ ტელეფონთან მიდი და დარეკე. უთხარი ჩეჩნების დროიდან ვრეკავ ნახევარ საათს-თქო. ისე, ხომ მშვიდობა გაქვს, რამეში ხომ არ შემიძლია დაგეხმარო?!' _ უთხრა თორღვამ.
,,ახლა არაფერში. მერე თქვენი, ქისტების ტრადიციები მაინტერესებს და თუ მომიყვები, ცუდი არ იქნება', _ გაუღიმა პატიმარმა.
,,შენზე მითხრეს, ისტორიებს აგროვებსო. რად გინდა?! აქედან რომ გახვალ, უნდა დაწერო? ისე, თუ დაწერ, ჩემზე მეტსახელი, მოგონილი სახელი და ასეთი რამ არ ქნა, პირდაპირ თორღვა მარგოშვილი დაწერე, არაფერი მაქვს დასამალი', _ თვალი ჩაუკრა თორღვამ ,,კოლეგას'.
რამდენიმე დღის შემდეგ თორღვა #0578-ის კამერაში ნარზე იყო წამოსკუპებული, ჩაის წრუპავდა და ქისტებზე, მათ წარსულზე, აწმყოზე და არც თუ პერსპექტიულ მომავალზე საუბრობდა, თუმცა საუბრიდან გამომდინარე, პატიმარ #0578-ს ტრადიციებზე მეტად, სხვა რამ დააინტერესა.
,,რას მეუბნები?! ქისტების ახალგაზრდობის ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთ იბრძვის. ნაწილი კი აქაურ სპეცრაზმებშია?! და ეს სპეცრაზმელები და ის მებრძოლები სადმე ერთმანეთს შემთხვევით გადაეყარონ, მერე რა იქნება?!' _ ჩაეკითხა #0578.
,,არაფერიც არ იქნება, იმ მხარესაც და ამ მხარესაც ნიღაბი უკეთია. თუ ასე გავყვებით, მე რომ დამიჭირა, იმ სპეცდანიშნულების რაზმში ჩემი ბიძაშვილი მუშაობს. მართალია, იმ დღეს სამსახურში არ იყო, მაგრამ რომ ყოფილიყო, რას იზამდა?! მე ნიღბით ვიყავი, ისინიც... სროლა წავიდა, ერთი დაიჭრა, მეც დავიჭერი და ამიყვანეს. შეიძლებოდა ბიძაშვილებს ერთმანეთი დაგვეხოცა, მაგრამ ყველა თავად ირჩევს ცხოვრების გზას', _ ნაღვლიანად თქვა თორღვამ.
,,და ვინ წყვეტს, ახალგაზრდები სად უნდა წავიდნენ საბრძოლველად?! უხუცესებს ეკითხებით რამეს?!', _ არ ასვენებდა #0578.
,,არა, რა შუაში არიან უხუცესები?! არაფორმალურ, დაქირავებულ მებრძოლებს ბევრს უხდიან, აქ კიდევ ხელფასია. ვინც ბრძოლას აპირებს, თავად მისი გადასაწყვეტია, რა ურჩევნია _ ნაკლები რისკი და შესაბამისად, ნაკლები ჯამაგირი თუ დიდი რისკი და ბევრი ფული. იცი რამდენი ჩვენი ბიჭი ჩამოასვენეს ირანიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან... აქაური სპეცრაზმის წევრები კი მიდიან, მოდიან... ისინიც რისკავენ, მაგრამ ბოლოს როდის გაიგე, სპეცრაზმელი მოკვდაო?! ჰოდა, ეგ არის რა', _ აუხსნა თორღვამ.
,,და შენ მაინცდამაინც ყაჩაღობა რატომ არჩიე', _ გაეღიმა #0578-ს.
,,რა ვიცი, არ ვარ მოწოდებული, ან სპეცრაზმელი ვიყო, ან მებრძოლი. ვიპარავ და ვარ', _ გაეცინა ქისტს.
ამ საუბრიდან რამდენიმე თვეში ლაფანყურის სპეცოპერაცია დაიწყო. თორღვა #0578-ის კამერაში კი არ შევიდა, შევარდა და პატიმარს ლამის მუხლებში ჩაუვარდა.
,,გახსოვს, მაშინ დრო რომ მოგეცი, ნახევარი საათი. სწორად გამიგე, მაგრამ ეგ დრო მინდა ახლა და კიდევ თუ შეძლებ, ისიც მინდა. სამი საათი მაქვს კიდევ, მაგრამ არ მეყოფა და თუ ძმა ხარ, მიშველე', _ თორღვას თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
,,ხდება რამე?!' _ იკითხა პატიმარმა.
,,ჩვენთან არის ეგ სპეცოპერაცია. ჩემი ბიძაშვილი სპეცრაზმშია-მეთქი ხომ გითხარი. ეგ სპეცრაზმი ატარებს სპეცოპერაციას. ახალაიას სპეცრაზმი. იმასთან არის ჩემი ბიძაშვილი. პირადად წაიყვანა ბაჩომ პანკისიდან, აღნაგობა მოეწონა. ჰოდა, მე როგორც მითხრეს, ტყეში რომ ბიჭები არიან, იქ მეორე ბიძაშვილია და უნდა გავიგო, რა ხდება. არ დახოცონ ბიჭებმა ერთმანეთი, თორემ მე აქ მოვიკლავ თავს და გარეთ კიდევ რა მოხდება, კაცმა არ იცის. დრო მინდა, ტელეფონის დრო', _ თორღვა უკვე ხმამაღლა ტიროდა.
,,შენი ნახევარი საათი კი არა, ჩემს კამერაში 14 კაცია, თითოს დასარეკად ათი წუთი აქვს. სერიოზულ საქმეზე არავინ რეკავს, ამიტომ მთლიანი დრო შენი იყოს, ორ საათზე მეტი გამოდის, მიდი', _ უთხრა #0578-მა და თორღვას თან გაჰყვა.
ჩეჩნური საუბრიდან #0578-ს თითქმის არაფერი ესმოდა, თუმცა თავის მტვრევა დიდ ხანს არ მოუხდა, ადმინისტრაციამ ტელეფონები გამორთო. თორღვა კინაღამ გაგიჟდა, ჯერ ერთ ოფიცერს ეცა, მერე მეორეს, ბოლოს კი ზედამხედველებზე საცემრადაც გაიწია.
,,ჩემთან წამოდი, ხომ იცი, რომ ვერაფერს გახდები. მე დაველაპარაკები მერე, ეგებ საღამოს, ზონა რომ დაიკეტება, დრო მოგცენ სასაუბროდ და თან უთხარი, რომ ქართულად ილაპარაკებ. არ ჰყავთ მაგათ ჩეჩენი თარჯიმანი და ტელეფონი იმიტომ გამოგირთეს', _ #0578-მა თორღვა თავის საკანში ლამის ზურგით აათრია.
საღამოს თორღვას მხოლოდ 15 წუთი მისცეს, მეორე დღეს კი ტელეფონები ისევ არ ჩართეს.
,,საშინელება ხდება იქ. ჩემებმა არ იციან, ბიძაშვილები სად არიან, რომელ მხარეს. მთელი სოფელი ფეხზე დგას, რამდენიმე ახალგაზრდაა გამქრალი. სპეცრაზმში ჩემი ბიძაშვილის გარდა სხვაც არის ადგილობრივი, ჩემი ძმადნაფიცია ერთი. არცერთის ადგილსამყოფელი არ იციან, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ყაზარმული გვაქვს და ამიტომ, სამსახურიდან ვერ ვუშვებთო. მაგას ვინ ჭამს?! იმ ბიჭებზე უკეთ არავინ იცის ის ხეობა. იქ იქნებიან, მაგრამ...', _ თორღვა ბოლომდე ვეღარ ამთავრებდა სათქმელს.
,,რა მაგრამ თორღვა, ბოლომდე თქვი. თუ ორივე მხარეს ქისტები იქნებიან, არ არის ცუდი, მოლაპარაკებას შეძლებენ, ნდობის მოპოვების შესაძლებლობა მეტი იქნება. გესმის შენ ეს?! კარგია-მეთქი, კარგი', _ ამშვიდებდა #0578.
,,რა არის კარგი?! შენ ის იცი, რომ ამ ჩემს ბიძაშვილს, არც საბუთი აქვს და არც დოკუმენტი, რომ სპეცრაზმელია?! ასე ჰყავთ ბიჭები, ახალაიას პირად დაჯგუფებად ითვლებიან, კაცმა არ იცის, რას დაავალებენ და ხელფასს რაღაც ფონდიდან უხდიან, ქეშად, არც საბანკო ანგარიში და არც სხვა რამ. ჩვეულებრივ ქილერების ჯგუფია და თუ ეს ჯგუფი შეუშვეს ხეობაში, იქ გარჩევა აღარ იქნება. ბიძაშვილი ბიძაშვილის სისხლს დაღვრის, გესმის?!' _ თორღვას უკვე ისტერიკა ჰქონდა.

* * *
ლაფანყურის სპეცოპერაცია როგორც დასრულდა, ყველამ იცის. კიდევ რამდენიმე დღე ცდილობდა თორღვა თავისი ნათესავების ბედის გარკვევას, ხან ტელეფონს უთიშავდნენ, ხან იქიდან არ ეუბნებოდნენ არაფერს, ბოლოს კი...
,,ორივე მოკვდა, გესმის, ორივე. ორივეს ნასროლი აქვს, ერთს ზურგში, მეორეს თავში. თავში აქვს ერთადერთი ტყვია იმას, ვინც ტყეში იყო შესული. იცი ეს რას ნიშნავს?! ცოცხლად დაიჭირეს და დახვრიტეს, სხვაგვარად თავში როგორ უნდა მოერტყათ. ჩვენები ამბობენ, მოწამლეს, დააძინეს და მერე დახოცესო. ამ სპეცრაზმელს კიდევ ზურგში აქვს ნასროლი, მგონი ამათმა გაიმეტეს, არ შევიდოდა ის ბიძაშვილების მოსაკლავად და ეს სპეცრაზმელიც იმ გავარდნილებს მიათვალეს. არადა, მთელმა სოფელმა იცის, რომ რამდენიმე წელია, უკვე ახალაიასთან არის, სადაც წავიდა, იქ წაიყვანა ეს ბიჭები და ახლა... ახლა გაიმეტა', _ მოთქვამდა თორღვა.
,,რას აპირებ?!' _ ჩუმად ჰკითხა #0578-მა.
,,შურს ვიძიებ. თუ დამცალდა გარეთ გასვლა, შურს ვიძიებ', _ მუქარით თქვა ქისტმა,

* * *
,,თორღვა, როგორ ხარ, სად ხარ, რას აკეთებ?!' _ პატიმარი #0578     ქისტს თბილისში, თავისუფლებაზე შეხვდა.
,,სოფელში ვარ, წასვლას ვაპირებ, რა ვქნა აბა, იქ პერსპექტივა ნულია. შენ როგორ ხარ?!', _ თორღვა მეგობარს გადაეხვია.
,,მე არა მიშავს და... ის დაპირებული შურისძიება გადადე, ბიჭო?!', _ გაეღიმა #0578-ს.
,,მაგაზე აღარ მეხუმრო. არაფერი გადავდე, მაგრამ სად მივწვდე იმათ, ციხეში?! მოვა მაგათი დროც, დამიჯერე, მოვა', _ ისევ მუქარით თქვა თორღვამ.
#0578-მა თორღვა მარგოშვილი ორი კვირის წინ მოიკითხა, მაგრამ უთხრეს, ევროპაშიაო. სად არის რეალურად პატიმარყოფილი ქისტი, არავინ იცის და ეგებ, ევროპის ნაცვლად, რომელიმე მხარის სასარგებლოდ იარაღს ისვრის.
პატიმარი #0578