საქართველოს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდოლოგიური ცენტრი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია და სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. “ქართული სიტყვა” პირველი გაზეთია, რომელიც ცენტრის მდგომარეობით დაინტერესდა და აი, რა გაარკვია: ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდოლოგიური ცენტრი სახელმწიფოს მიერ უზურფრუქტის წესით გადაცემულ შენობაშია განთავსებული, რომლის ერთ ნაწილს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები იკავებენ, მეორეს კი, - ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები. 600 კვ.მ. ტერიტორია ნახევრად აუთვისებელია. არ არის ცენტრალური გათბობა. აღსადგენია ელექტროგაყვანილობა და გამოსაცვლელია საკანალიზაციო მილები.
ცენტრის დირექტორი მანანა შარაშიძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის სამინისტროს ფსიქიკური აშლილობის მქონე თითო ადამიანზე გამოყოფილი დღიური 11 ლარი სრულფასოვანი არსებობისთვის საკმარისი არაა. აღსანიშნავია, რომ იაპონიის საელჩომ ფინანსურ დახმარებაზე უარი განაცხადა. დონორ ორგანიზაცია MISERIOR -თან გაფორმებული ხელშეკრულება კი, რამდენიმე თვეში იწურება.
“შენობის კეთილმოწყობისა და პაციენტის მკურნალობისთვის საჭირო ყველა პირობის შესაქმნელად, ჩვენს ორგანიზაციას, ერთჯერადად, 80 ათასი ლარი სჭირდება. 2010 წლამდე, პაციენტებს სრულფასოვანი გარემო ჰქონდათ. სახელოსნოც ფუნქციონირებდა, სადაც პაციენტები ერგო, ანუ შრომით თერაპიას გადიოდნენ - მამაკაცები ხეზე მუშაობდნენ, ქალბატონები კი, ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ ეს შესაძლებლობა აღარ გვაქვს”, - ამბობს მანანა შარაშიძე.'
ოთახი, რომელიც ერგო თერაპიისთვისაა განკუთვნილი, 5-7 ადამიანს იტევს. თერაპიის სხვა მსურველები კი, ფართის სიმცირის გამო, საკუთარი უნარ-ჩვევების გამოვლენას ვერ ახერხებენ. ორი მოძველებული სამუშაო მაგიდა, კედლებზე გაკრული, პაციენტების მიერ შესრულებული თექის ნამუშევრები და სურვილების ფურცლებით გავსებული კარადა - ესაა თერაპიის ოთახის მთელი “სიმდიდრე”.
მანანა შარაშიძე “ქართულ სიტყვასთან” ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ 2010 წელს ფსიქიატრიულ სფეროში გატარებულ რეფორმაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მოატყუეს:
- ჯანმრთელობის მაშინდელმა მინისტრმა, სანდრო ურუშაძემ გაგვაცურა.
- რატომ?
- ზემოდან დაავალეს, რომ ე.წ. ასათიანის კლინიკა გაეყიდა. შენობის გარეშე რომ დავრჩით, გვითხრა, დროებით კალისტრატეს ქუჩაზე მდებარე ფსიქო -ნევროლოგიური დისპანსერის შენობაში გადადითო. ვენდეთ და მოვტყუვდით - როცა დასჭირდათ, ამ შეობიდანაც გამოგვყარეს, ჩვენ კი, ხელმოსაჭიდი არაფერი გვქონდა. სამი წლის განმავლობაში ზევით-ქვევით დავეხეტებოდით. ხელფასებს ვიკლებდით და არენდის თანხას ასე ვიხდიდით.
2013 წელს, ფსიქიატრიულმა ცენტრმა, შენობის გამოყოფის თხოვნით, ახალ მთავრობას მიმართა. მართალია, დადებითმა პასუხმა არ დააყოვნა, მაგრამ შენობა, რომელიც ცენტრს გადაეცა, იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ დაწესებულება, გარკვეული პერიოდი, გადასვლას ვერ ახერხებდა.
“სამი თვე ახალ შენობაში ვერ გადავდიოდით, რადგან იქ პაციენტებისთვის, ელემენტარული პირობებიც არ იყო. ბოლოს, მთავრობისგან წერილი მოგვივიდა, თუ არ გადახვალთ, საურავს დაგადებთო. მეტი რა გზა გვქონდა? - გადავედით. სიმართლე რომ ითქვას, წინა მთავრობამ ის წაგვართვა, რაც გვეკუთვნოდა, ახალმა მთავრობამ კი, მართალია, დანგრეული, მაგრამ რაღაცა მაინც მოგვცა”, - ამბობს შარაშიძე.
მართალია, შენობა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა, მაგრამ ცენტრს ის ქალაქის მერიამ გადასცა. მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ უზურფრუქტით გადაცემული შენობის მოვლა-პატრონობა და პაციენტებისთვის საჭირო პირობების შექმნა უშუალოდ ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრის ადმინისტრაციის ვალდებულებაა და არა - მერიის სამსახურების.
“ფინანსური მხარდაჭერის საკითხი მხოლოდ მაშინ განიხილება, თუ ცენტრი დახმარების თხოვნით მოგვმართავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხი დადებითი იქნება. მერია ამაზე იმსჯელებს”, - განმარტავს პოპიაშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროშიც თვლიან, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.
“ფსიქიატრიულ სფეროში ძირეული ცვლილებები, ჯანმრთელობის ყოფილი მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის შემდეგ, არავის განუხორციელებია. ცენტრისთვის თითო ადამიანზე გადარიცხული 11 ლარი ის თანხაა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამითაა დადგენილი”, - განუცხადა “ქართულ სიტყვას” მერიის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა, სოფიო მორგოშიამ.
სამართლებრივი მხარის დასადგენად “ქართული სიტყვა” “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” დაუკავშირდა. იურისტი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ კონკრეტულ საკითხს არ იცნობს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სახელმწიფო, მართლაც, არ ითვალისწინებს მათ დაფინანსებას.
იურისტ ანრი კვახაძეს კი განსხვავებული პოზიცია აქვს და არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით სახელმწიფოს ახალი პოლიტიკის შემუშავებას ურჩევს: “სახელმწიფომ მთელი რიგი რეფორმები უნდა გაატაროს და ფსიქიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების მოვლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად აქციოს. თუ საზოგადოება მოთხოვნებს არ აყენებს, მაშინ ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს არაფერი იცის და არაფერი შეუძლია”.
ახლა კი, მინდა, 24 წლის მარიამზე გიამბოთ, რომლის ამბავიც, ჩემი არ იყოს, თქვენც შეგძრავთ. ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ, ერთმანეთს მეორედ შევხვდით და მეტროსადგურ “მარჯანიშვილამდე” საუბარ-საუბრით მივედით. მარიამი ხელოვანია - ხატავს, თექაზეც მუშაობს:
“მინდა, რომ სულ ვკერავდე, აბრეშუმის ქსოვილებს ვჭრიდე და დედისთვის შარფებს ვქსოვდე. მინდა, რომ სულ დაკავებული ვიყო და ცუდი ფიქრებისთვის დრო აღარ მქონდეს. მინდა, სულ აქ ვიყო, ჩემს ექიმთან, რომელიც მეხმარება, რომ საკუთარი თავის ვირწმუნო, მაგრამ რესურსების უქონლობის გამო, ამას ხშირად ვერ ვაკეთებთ, ეს ძალიან მთრგუნავს”.
მარიამი იმის ნათელი მაგალითია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში რეფორმების გატარება აუცილებელია. ამ ადამიანებს სამოქალაქო საზოგადოებამაც, თავის მხრივ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და ხელისუფლებას მათი მდგომარეობის გაუმჯობესება მაქსიმალურად მოსთხოვოს. ისე, ჩემდაუნებურად, ჯორჯ ორუელის სიტყვები გამახსენდა: “როდესაც რაღაცას ხედავ, ფიქრობ, რომ ყველა ამასვე ხედავს. მე კი, გეუბნებით, უინსტონ, რომ სინამდვილე გარეგნული რამ არ არის. ის მხოლოდ ადამიანურ გონებაში არსებობს და სხვაგან არსად!” დიახ, ჩვენ ამ ადამიანების პრობლემები უნდა დავინახოთ!