შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება, რადგან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებდით

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება, რადგან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებდით

ბოლო სამი წელია, 2022 წლის თებერვლიდან, ფაქტია, რომ იმ უსაფრთხოების არქიტექტურამ, რომელიც ჩამოყალიბებული იყო, ვერ იმუშავა. ამ სისტემამ არათუ წვრილმანი კონფლიქტების არიდება ვერ შეძლო, ამის მაგალითი საქართველოც არაერთხელ გამხდარა, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომიც კი ვერ აირიდა თავიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ყველა ერმა საკუთარი ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს.

„ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა უნდა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ, სწორედ იმით, რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვიღებდით ამ პროცესის განმავლობაში, შევძელით მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ზოგიერთი „კეთილმოსურნისთვის“, დღეს საქართველო ნანგრევებში იქნებოდა. ყველა სახელმწიფომ, ყველა ერმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესები უნდა დააყენოს წინ და ეს ინტერესები ყველა ერისთვის არის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ჰქონდეს მშვიდობა, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მაღალი ტემპი. ამ ინტერესების თანხვედრის ძიებაა, საბოლოო ჯამში, საპარლამენტო დიპლომატიის ნაწილიც და ამ მხრივ ჩვენ სრულად ვთანხმდებით თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ ჩვენი ერების ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენი ხალხების კეთილდღეობის ინტერესით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.