მე ვედავები გერმანიის საელჩოს, რომელიც შეხვედრაზე სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტს წარადგენს, როგორც წარსულის გამააზრებელ ადამიანს. ეს ხომ თვალში ნაცრის შეყრაა. ხომ ფაქტია, რომ იქ არა წარსულის გააზრებასთან გვექნებოდა საქმე, არამედ ტვინების გამორეცხვასთან, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავისი ისტორიის გააზრებაში დახმარება არ სჭირდება, ირაკლი ხვადაგიანს კი „წარსულის ვერ გააზრების მაგალითი“ უწოდა.
„რაც შეეხება ხვადაგიანს, წარმოიდგინეთ ერთი რამ - გერმანიის საელჩოს აზრით, წარსულის გააზრებაზე უნდა ისაუბროს ადამიანმა, რომელიც იმდენად ვერ იაზრებს წარსულს, რომ 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში ჩაეწერა. ირაკლი ხვადაგიანი არის წარსულის ვერ გააზრების მაგალითი. 2024 წელს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ჩაეწერება ადამიანი, იმან საერთოდ არ იცის, რა არის ისტორია და მისი გააზრება. გერმანიის საელჩომ ზუსტად იცოდა ვის მოჰკიდა ხელი და ვინ მიჰყავდა ექსპერტად, მაგრამ ასე უტიფრად, უხეშად იქცევა, რაც ძალიან სამწუხაროა.
მეორე მხრივ, როდესაც საქართველოს თითქოს გერმანიის საელჩოს მხრიდან სჭირდება დახმარება გააზრებაში, გერმანიაში ბოლო არჩევნების შედეგებს დახედონ და პირდაპირ დაინახავენ საზღვარს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. აი ასე ვერ გაიაზრა თავად გერმანულმა საზოგადოებამ საკუთარი წარსული, რომ გერმანიის გაერთიანებიდან 35 წლის თავზეც კი, საზოგადოება გაყოფილია წარმოსახვითი საზღვრით, რომელიც ზუსტად მიჰყვება აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას. თავად, საკუთარ ქვეყანაში ვერ შეძლეს ისტორიის გააზრება, გადახარშვა, მე მგონი ცოტა თავმდაბლობა უნდა აჩვენოს გერმანიის საელჩომ და არ ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ მათი დახმარება სჭირდება ქართველ ხალხს, რომ საკუთარი ისტორია გაიაზროს. ათასწლეულების ისტორია გაგვიაზრებია აქამდე და ჩვენს ისტორიას თავადაც კარგად გავიაზრებთ, მით უმეტეს ასეთი მავნე დახმარების გარეშე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.