„კანონში არც ის წერია, საქართველოს ჰიმნი რომ აჟღერდება, ფეხზე უნდა წამოდგე და აყვე“

„კანონში არც ის წერია, საქართველოს ჰიმნი რომ აჟღერდება, ფეხზე უნდა წამოდგე და აყვე“

დაესწრებიან თუ არა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ამას აუცილებლობიდან გამომდინარე გადაწყვეტენ. თუმცა, უკვე ცნობილია პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომლიც საჭიროდ არ მიიჩნევს, პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლას მინისტრებიც დაესწრონ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ სასურველია მთავრობამ პატივი სცეს კანონებს და სიმბოლოებს.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ გამოსვლას დაესწროს მთავრობა? პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ საკითხს, რასაც პრემიერი არ იზიარებს რადგან მიიჩნევს, რომ ეს არის სიმბოლური გამოსვლა?

- თავისთავად სიტყვა სიმბოლურის ქვეშ ბევრი რამ შეიძლება იგულისხმო. ამ კონსტიტუციის მიხედვით ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობა არ აქვს პრეზიდენტს, გაუგებარია რის საფუძველზე კეთდება საანგარიშო მოხსენება. ეს არის კონსტიტუციის ბრალი, მაგრამ ისმის კითხვა, სანამ კონსტიტუცია არ შეიცვლება, მისი თუნდაც არასწორი ნორმა უნდა დაიცვა თუ არა მთავრობამ? თუ ევროპისკენ მივდივართ, ევროპის ერთ-ერთი ნიშანიც ეს არის, რომ კანონი უნდა აღსრულდეს მიუხედავად იმისა, თუ როგორია ეს კანონი.

კანონში არც ის წერია, რომ მთავრობა უნდა დაესწროს, მაგრამ კანონში არც ის წერია, რომ საქართველოს ჰიმნი რომ აჟღერდება ფეხე უნდა წამოდგე და აყვე, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები თავის ხმას აყოლებენ ჰიმნს იმიტომ, რომ პატივს სცემენ თავის ქვეყანას, მის კანონებს და სიმბოლოებს.

სასურველია მთავრობამაც პატივი სცეს საქართველოს კანონებს და სიმბოლოებს. რომც გავიზიაროთ პრემიერის განცხადება, რომ პრეზიდენტის გამოსვლა სიმბოლურია, ეს სიმბოლო იმისდა მიხედვით, რა რანგის სიმბოლოა, პატივისცემას იმსახურებს. დროშას, ჰინმთან და სხვა ატრიბუტებთან ერთად პრეზიდენტის ინსტიტუტი ქართული პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი უმაღლესი სიმბოლოა.

ის არის შენი ქვეყნის უმაღლესი მხედართმთავარი და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წარმმართველი პირი. შესაბამისად, შენ მისი პოლიტიკური შეხედულებები, პლატფორმა და შეფასებები უნდა გაინტერესებდეს თუ არა? ის არის პირი, რომელსაც შეუძლია ვეტო დაადოს საქართველოს კანონებს, რა პოზიციიდან შეიძლება დაადოს ამ ადამინმა კანონს ვეტო, ეს უნდა გაინტერესებდეს თუ არა? ეს საკითხები თუ არ აიანტერესებს ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენელს, ეს უკვე მისი პრობლემაა. არა თუ დასწრება, არამედ ანალოგიური პირისგან ტელევიზიით და მასმედიის საშუალებით გაკეთებულ განცხადებას ყურადღებით უნდა ადევნებდე თვალს და უსმენდე. აქ კი, ამ შემთხვევაში, შენ შეგიძლია მიხვიდე და უშუალოდ იმ სიტუაციაში მოისმინო, რა სიტუაციაშიც ეს მოხსენება გაკეთდება. თუ ეს ინტერესი არ აქვს ხელისუფლებას, დასანანია ასეთი ინტერესის არმქონე ხელისუფლების ყოლა.

არსებული საგარეო გამოწვევების ფონზე რამდენად ადეკვატურია მთავრობის არდასწრება პრეზიდენტის გამოსვლაზე?

- ამით შენ აჩვენებ დამოკიდებულებას როგორც ამ სიმბოლოს, ისე ქვეყნის მიმართ. ეს ხომ ერთმანეთთან გაიგივებულია. რაც შეეხება დასწრება-არდასწრებას, სიმართლე გითხრათ, შემაშფოთა იმან, რომ თავად მარგველაშვილმა გაუსვა ამას ხაზი, ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ამ საკითხზე დაიწყებოდა ორთაბრძოლა. არც მარგველაშვილს არ უნდა გაესვა ხაზი. ამ ტიპის საკითხები და სხვა მექანიზმებიც თავის შიდა სახელისუფლებო მექანიზმებით უნდა მოაგვარონ ხოლმე ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა და ერთმანეთთან მედიით დიალოგი არ უნდა ჰქონდეთ.

საკითხისადმი ასეთი მიდგომა როგორ აისახება საქართველოს იმიჯზე?

- წარმოიდგინეთ ანალოგიური მდგომარეობა რომელიმე თქვეთვის ცნობილ ქვეყანაში, სერიოზული დამოკიდებულება გექნებოდათ იმ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ? ზოგიერთი მედია საშუალების მიერ ჩატარებული გამოკითხვით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა იძახის, რომ მთავრობა უნდა დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას.

ამას ამბობენ არა იმიტომ, რომ კონსტიტუციაში დეტალურად არიან გარკვეულები - რა რეალურია და რა სიმბოლური, ან რომ, განსხვავებული სიმპათიები აქვთ პიროვნებების მიმართ, - არა, აქ პიროვნებებზე არაა ლაპარაკი. მოსახლეობა ინსტიტუტის პატივისცემას ითხოვს და ამავე დროს იმას, რომ ამ კინკლაობას მოეღოს ბოლო. სწორედ იმიტომ, რომ მისთვის ისევე როგორც ჩემთვის და თქვენთვის უსიამოვნო განცდაა, როდესაც შენი ქვეყანა ტოვებს არასერიოზული ქვეყნის შთაბეჭდილებას.