დიტო გელოვანი: ერთი ადგილის ორი განზომილება

დიტო გელოვანი: ერთი ადგილის ორი განზომილება

- ამბობენ რას მიქვია! მე ნამდვილად ვიცი, რომ ის კუდიანია. მამაჩემი იმან მოაჯადოვა, მამამ თვითონ მიამბო. ერთხელ თურმე გზაზე მოდიოდა და დაინახა, რომ ის ჯადოს უკეთებდა. მამამ ქვა აიღო და ესროლა, სულზე გაუსწრია. რა გგონია: მამაჩემი იმავე ღამესვე ჩამოვარდა მთვრალი ფიცრულის სახურავიდან და ხელი მოიტეხა.

- რა საშინელებაა! მამაშენმა როგორ გაიგო, რომ კუდიანი ჯადოს უკეთებდა?

- ამას უყურე! მამაჩემი ამბობს, ამის გამოცნობას დიდი ამბავი არ უნდაო: თუ ვინმე დაჟინებით გიცქერის და თან რაღაცას ბუტბუტებს თავისთვის - იცოდე, რაღაცა საფრთხეს გიმზადებსო. თუ კუდიანი თავისთვის ბუტბუტებს, იცოდე ”მამაო ჩვენოს” უკუღმა კითხულობსო.

(მარკ ტვენი, ”ტომ სოიერის თავგადასავალი”)

 

ყოველთვის, როცა რაღაც საინტერესო ხდება, მაშინათვე ”ტომ სოიერის თვგადასავალს” გადავშლი ხოლმე და ვცდილობ, მისი დახმარებთ გავაანალიზო მომხდარი. გასულ კვირაშიც ასე მოხდა. მიუნჰენის აეროპორტში მომხდარი ჩხუბის შემდეგ ალალ-ბედზე გადავფურცლე მარკ ტვენის შედევრი და აეროპორტის ინციდენტს ახსნა მოეძებნა. როგორც დავასკვენი, თვითმფრინავის მოლოდინში ბადრი ბიწაძე ლევან გაჩეჩილაძეს დაჟინებით მიჩერებოდა და ”ქართული პარტიის” წესდებას უკუღმა კითხულობდა.

 

გეკითხებით: რომელი პოლიტიკოსი მოითმენს, როდესაც მისი პოლიტიკური ორგანიზაციის წმინდათაწმინდა დოკუმენტს უკუღმა კითხულობენ?! ჰოდა, მიიხედ-მოიხედა გაჩეჩილაძემ და, ქვები რომ ვერ დაინახა, ადგა და ბიწაძეს მუშტები დაუშინა. თან - აგინებდა.

 

უკვე შემდეგ, თბილისში, როდესაც გაღიმება შეძლო, ბიწაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”მისი ცემა ცოტა ძნელი საქმეა”. ცოტა ძნელიო, მაგრამ არა - შეუძლებელიო. თან, ამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია და ”ცოტა ძნელის” შეძლება, ყველას ხელეწიფება, მითუმეტეს - ლევან გაჩეჩილაძეს.

 

საზოგადოებისათვის უცნობია იმ ჩხუბის დეტალები და პერიპეტიები, თუმცა, რადგან ითქვა, გრეჩიხა ხორბლის პრინცესას წიხლებით შედგაო, უნდა ვივარაუდოთ, რომ იქნებოდა პანღურები. გაჩეჩილაძე მამაპაპური ტრადიციების ერთგული კაცია და პანღურებიც, ალბათ, მამაპაპური იქნებოდა. ზუსტად ცხრა პანღური მოხვედრია ბიწაძეს და იმასაც ოთხჯერ დაუკვნესია და ხუთჯერ ამოუკვნესია. ამ ცხრიდან რვა იქნებ დაუმსახურებელიც კი იყო, მაგრამ ერთი იყო სამართლიანი, თუმცა - დაგვიანებული.

 

ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. და კიდევ - წაკუზულზე პანღური ალალია. ერთი, დამსახურებული, სწორედ ის პანღურია, რომელიც ბიწაძეს მაშინ ეკუთვნოდა, როცა შავნაბადაზე მიშასა და გრეჩიხას კონფიდენციალურ საუბარს გასაღების ჭუჭრუტანასთან წაკუზული უგდებდა ყურს.

 

თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, როგორ გასკდა ეს ამბავი - ჩხუბს ვგულისხმობ. ორი ვარიანტია: ან ბიწაძემ გახეთქა და ანაც ვანო მერაბიშვილს თითო თვითმფრინავში თითო აგენტი ჰყავს. არც ის არის გამორიცხული, რომ აგენტობის ამბავში იმ დღეს მორიგეობამ ბადრი ბიწაძეს მოუწია.

 

გაჩეჩილაძე კრინტს არ ძრავს, ბიწაძე კი ყველა კუთხეში გაიძახის, გაჩეჩილაძეს ერთი ადგილი არა აქვსო. ჩემი რჩევა საქართველოს ორგზის პირველ მისტერს: თავი დაანებე სხვების ერთი ადგილების თვალიერებას და ზომვას, თორემ სახალხო კრება ერთი ადგილების კრებად გადაგექცევა.

 

აეროპორტის თემა გასულ კვირაში კახა კუკავამ განავრცო - აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის დარქმევის ინიციატივით თბილისის საკრებულოს მიმართა. დე გოლი - პარიზში, რეიგანი - ვაშინგტონში, გამსახურდია - თბილისში. კი, ბატონო, არ ვარ წინააღმდეგი, იყოს გამსახურდიას სახელობის აეროპორტი თბილისში, ოღონდ ერთი პირობით - როდესაც საქართველოში კოსმოდრომი აშენდება, მას აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის სახელი მიენიჭოს.

 

ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. როგორც კი საკრებულო დააკმაყოფილებს კუკავას მოთხოვნას, ეს უკანასკნელი ახალი წინადადებით შევა - თბილისის ფილარმონიას ეწოდოს ცნობილი მედოლე პოლიტიკოსის, ავთო რცხილაძის სახელი.

 

ასევე, აეროპორტთან არის კავშირში ის, რომ "Airzena Georgian Airways"-სა და "Air France-KLM"-ს შორის კოდების ურთიერთგაზიარების შეთანხმება გაფორმდა. როგორც ამბობენ, ეს შეთანხმება ქართულ კომპანიას ფრენებს გაუიოლებს, რაც, დამეთანხმებით, ნამდვილად არ არის ცუდი. აღსანიშნავია, რომ ”აირზენამ” ფრანგულ მხარეს შეთავაზა, რადგან ერთმანეთს კოდებს ვუზიარებთ, ბარემ, თუ გინდათ, კოდუებსაც გაგიზიარებთო, მაგრამ ფრანგებმა ეს საქმე შორს დაიჭირეს - არ გვინდაო. უცნაური ხალხია ეს ფრანგები, ჯოჯოსავით ბაყაყებზე აბოდებთ და ანგელოზებივით კოდუების დანახვაც კი არ უნდათ. გოიმები!

 

ერთხელაც იქნება და, ფრანგები აუცილებლად აღიარებენ, რომ გოიმები არიან, მანამდე კი, გასულ კვირაში გიორგი თარგამაძემ უმრავლესობას ”გოიმობის” აღიარებას ურჩია. ”როცა ოპოზიცია სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საუბრობდა, ხელისუფლება ”ჩამორჩენილებს” და ”გოიმებს” გვეძახდა. ვინ ყოფილა გოიმი, ჩვენ თუ თქვენ?” - ნიშნი მოუგო თარგამაძემ მიშას ბიჭებს.

 

თარგამაძეს ეშლება. ნაციონალები გოიმები მაშინ იყვნენ, როდესაც მათი სახელით კობა ბექაური საუბრობდა და ახლა, როცა წინა პლანზე ნუგზარ წიკლაურმა წამოიწია, ისინი გოიმები აღარ არიან.

 

”დღეს უკვე მოსკოვი მიხვდა, რომ მსო-ში შესასვლელად ქართულ მხარესთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სჭირდება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა ახლა სანაცვლოდ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მწვანილის დაბრუნებას გვთავაზობს, რასაც ამ შემთხვევაში კახა კუკავას პირით აკეთებს" - ეს განცხადება ნაციონალებმა წიკლაურის პირით გააკეთეს და ახლა უნდა დავჯდეთ და ვიფიქროთ, რას გააკეთებენ ნაციონალები ნუგზარ წიკლაურის პირით, როდესაც მიშა აღარ იქნება პრეზიდენტი და როდესაც აკაკი მინაშვილს საკუთარი სიდედრი თმებით ითრევს. 

 

ჯერჯერობით კი, მინაშვილის სიდედრი წესით ჰააგის სასამართლოს უნდა ემუქრებოდეს - ჰააგის სასამართლომ საქართველო-რუსეთის საქმე რუსების სასარგებლოდ გადაწყვიტა - თქვენი საქმისა თქვენ იცით, ჩვენ ნუ ჩაგვრევთო. გოკა გაბაშვილი გახარებულია - გავიმარჯვეთო, აკაკი მინაშვილი გაბადრულია - მოვიგეთო, ნინო კალანდაძე სიამოვნებით თვალებს ჭუტავს - დავამარცხეთო.

 

ახლა, ალბათ, ხალხს რუსთაველზე შეყრიან და გამარჯვების აღსანიშნავად ტაშფანდურას დასცხებენ. ეგეთი გამარჯვებული ტაშფანდურის გამოცდილება უკვე გვაქვს - 2008 წლის აგვისტო - და სანამ ესენი ხელისუფლებაში იქნებიან, კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ამ გამოცდილების გამოყენება.

 

საერთოდ, კაცად მაშინ ხარ საქები, თუ გამოცდილებას სხვასაც უზიარებ, მაგრამ დახეთ საოცრებას - ჩვენი გამოცდილების გაზიარება არავის უნდა. ფრანგებს კოდუების გაზიარება რომ არ სურთ, ამაზე უკვე ვისაუბრეთ.

 

ისე, ცუდი არ იქნება, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო სახალხო კრების გამოცდილებას თუ გაიზიარებს. ”რუსთავის მე-16 მიკრორაიონის მე-7 კორპუსის მცხოვრებლებს სახალხო კრების წარმომადგენლების სტუმრობის შემდეგ წყლის მიწოდება აღუდგინეს. მათ წყალი 5 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო კრების პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, წყლის მიწოდება გუშინ საღამოსვე აღდგა. წყლის მიწოდების აღდგენის პროცესი სახალხო კრების წინააღმდეგობის რუსთავის კომიტეტის წევრების თანდასწრებით მიმდინარეობდა”.

 

ხომ ხედავთ? წყალი არ იყო, მივიდა სახალხო კრება და წყალი აღდგა. ჰოდა, სახალხო კრების წარმომადგენლები იქნებ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებსაც დაესწრონ და იქნებ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა! იქნებ... თორემ შოთა მალაშხიას იმედზე მტერი იყოს, სულ ძინავს და ძინავს... ხანდახან მიეპარება ხოლმე ვინმე, აკოცებს, გამოეღვიძება, ნამძინარევი რაღაც განცხადებას გააკეთებს და ისევ იძინებს. ”1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი” - შეგვახსენა მალაშხიას კომისიამ და მომდევნო მნიშვნელოვანი თარიღის იუბილემდე ტკბილად დაიძინა.

 

ახლა, ისე გამომდის, რომ მალაშხიას ვაკრიტიკებ, მაგრამ როგორც წაქცეულს არ უნდა ურტყა, ასევე არ ღირს მძინარე კაცის კრიტიკა, ზურგს უკან ლაპარაკივით გამოდის, აკრიტიკებ და არ ესმის და თუ არ ესმის, რა აზრი აქვს კრიტიკას? არ ესმის, არადა, მთავარი გაგებაა.

 

გასულ კვირაში ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერის გამოსვლიდან სიტყვაც კი ვერ გაიგო. ”ჩვენ არ გვჭირდება საკითხებზე ”პაკაპუკი”. მთავრობას ცოდნაზე დაფუძნებული შენიშვნები სჭირდება” – განაცხადა წიკლაურმა.

 

როგორც მახსოვს, ”გოიმი” გაუგებარ კაცს ნიშნავს. ანუ, წიკლაური არის გოიმი, რომელსაც ”პაკაპუკი” რაღაც საკითხებზე არ სჭირდება, ხოლო რაღაც საკითხებზე თუ არ იპაკაპუკა, ცუდად გახდება.

 

ახლა, მე ნამდვილად არ მესმის, რას ნიშნავს ეს სიტყვა - ”პაკაპუკი” და წიკლაურს რომ კითხო, რადგან არ მესმის ე.ი. მე ვარ გოიმი. თუმცა, ნახევარ თბილისს ვკითხე და ვერავინ ამიხსნა ამ სიტყვის მნიშვნელობა. ანუ, ამდენი ხალხი გოიმები ვართ და წიკლაურია სვეტი? ისე კი, კობა ბექაურის ფონზე წიკლაური და ხაბაზი მართლა სვეტებად გამოიყურებიან და ეგენი თუ სვეტები არიან, მაგათ ფონზე პეტრე ცისკარიშვილი ნამდვილი ნიშანსვეტია.

 

ზის წიკლაური პარლამენტის სხდომაზე და გაუდის პაკაპუკი. ოღონდ, საკითხს გააჩნია.

 

”პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მტკიცებით, უკანასკნელ წლებში სიღატაკე 4-ჯერ შემცირდა” - პარლამენტში მისული პრემიერ მინისტრი ასე გამოეხმაურა წიკლაურის ხმაურს. გილაური ტრიბუნაზე პაკიპუკობდა, წიკლაური - დარბაზში. და რას აკეთებდა ამ დროს ოჩიაური? რას აკეთებდა ამ დროს ბექაური?

 

რას გაიგებ... ჰოდა, რომ ვერ ვიგებთ, სწორედ ამიტომაც ვართ გოიმები.

ხუდადოვზე ვინტილის გადაკეტვას რომ მოითხოვდნენ, მაშინ ლეიბორისტებზე ვამბობდი, გოიმები არიან-მეთქი. აბა, სად პოლიტიკური პარტია და სად - ვინტილი ხუდადოვზე. თუმცა გასულ კვირაში ლეიბორისტებმა სერიოზული საქმეებისთვის მოიცალეს.

 

”ლეიბორისტული პარტია” ”საკანონმდებლო ორგანოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დასაფლავებისა და სასაფლაოს მოწყობის ხარჯების ბიუჯეტიდან დაფარვის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებს. როგორც ”ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს, რომ უმრავლესობის მიერ პარლამენტში წარსადგენად მსგავსი შინაარსის კანონპროექტი მზადდება. ”როგორც ჩანს, დეპუტატებს გადაწყვეტილი აქვთ, ქვეყანა გარდაცვალების მერეც არ მოასვენონ. ”ლეიბორისტული პარტია” მხარს მხოლოდ იმ კანონს დაუჭერს, რომელიც პარლამენტარებისთვის კოლექტიური პოლიტიკური სასაფლაოს მოწყობას გაითვალისწინებს, რითაც ქვეყანაც და დეპუტატის მუცლებიც დაისვენებს”- განაცხადა ჯიბლაძემ” - ეს ნიუსის სრული ტექსტია.

 

რას იტყვით? თქვენი აზრი მაინტერესებს. როგორ მოვიქცეთ - სახელმწიფო ბიუჯეტში ახლავე გავითვალისწინოთ პარლამენტარების დაკრძალვის ხარჯები თუ, ეს ხარჯები პირადი ბიუჯეტიდან გავიღოთ, როდესაც პანაშვიდზე საპატიო წრის დარტყმის შემდეგ სამზარეულოს მაგიდასთან 12-ფურცლიანი რვეულით აღჭურვილ კაცს დავინახავთ?

 

მე ახლა ფულს ნამდვილად ვერ გამოვალ, მაგრამ ცოლს ვეტყვი, ჭარხალი ლამაზად დაჭრას და მოხარშოს. გარდაცვლილ დეპუტატებს ჭარხლით შევეწევი.

 

ვფიქრობ, ამ საკითხზე დებატები ცალკე უნდა გაიმართოს.

ჭარხალს (და მთლიანად სოფლის მეურნეობას) და საპარლამენტო დებატებს უკავშირდება შემდეგი ამბავიც. ”კარგად წაიკითხეთ ადგილობრივი ბიუჯეტები, რეგინალური ბიუჯეტები და მიხვდებით, რომ სოფლის მეურნეობისთვის უფრო მეტია გათვალისწინებული”, – განაცხადა დეპუტატმა გოდაბრელიძემ და დაპირებულ 150 მილიონში კერძო სექტორის მონაწილეობაზეც ისაუბრა.

 

ვის-ვის და, გოდაბრელიძეს ნამდვილად ვერ დასწამებ სოფლის მეურნეობისადმი გულგრილ დამოკიდებულებას. თუ გახსოვთ, ეს სუბიექტი ერთ დროს საქართველოს მთავარი მებაჟე იყო და რამდენჯერაც სადმე მიფრინავდა, ქვემდებარეები მას, როგორც არსებით სახელს, სუფრებს უშლიდნენ ხოლმე, ხოლო სუფრას ყოველთვის ამშვენებდა სოფლის მეურნეობის პროდუქცია. მერე მიშამ ერთ-ერთ სუფრაზე შეუსწრო და ისეთი შემასმენელები იძახა, რომ მტერს და ავს!

 

არადა, ყველაფერი პრასით დაიწყო...

 

ყველაფერი პურის საცხობით დაიწყო, ახლა კი გოგო მინისტრია და ხმაურიან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ასეთი განცხადება ვერა ქობალიამ გასულ კვირაშიც გააკეთა: ”ბოლივუდი საქართველოში გადასაღები ფილმის სცენარზე მუშაობს. მოხდება ფილმის ბიუჯეტის დათვლა და ამის შემდეგ დაიდება კონტრაქტი”.

 

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა შუაშია ვერა ქობალია? დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ მიშას ესმის და ამიტომ, მიშას გარდა ყველანი გოიმები ვართ. და, საერთოდ, მიშას ყველაფერი ესმის. მაგალითად - ფეხბურთი. მიშა გასულ კვირაში ვარძელაშვილს და დომენტის შეხვდა. დომენტის, როგორც იცით, ზვიადსაც ეძახიან, ხოლო ვარძელაშვილს, როგორც ამბობენ, ადრე სულაც არ მოიხსენიებდნენ ვარძელაშვილად. ჰოდა, მიშამ ფეხბურთის განვითარებაზე ისაუბრა - ტრანსლაციებია საჭიროო, ბავშვთა ფეხბურთიო, მსაჯობაა საზიზღარიო. ”ინტერპრესნიუსმა აქ შეწყვიტა ჩამოთვლა, თორემ მიშა ორი საყრდენით თამაშსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 5-3-2 ტაქტიკა უკვე მოძველდა და კარგი იქნება თუ ქეცბაია ნაკრებს 4-3-1-2 განლაგებით ათამაშებს და ის 1 იქნება გამთამაშებელი, ხოლო იმ 3-დან ორი აქტიურად გამოიყენებს ფლანგებს.

 

”ძალიან სწორად პაკიპუკობს ბატონი პრეზიდენტი” - აღმოხდა ალბათ ნუგზარ წიკლაურს.

 

სად - მიშა და სად - ფლანგები, მაგრამ უარესსაც გეტყვით: სამხატვრო აკადემიაში იაპონიის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. ”ღონისძიება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. ამ კონცერტით ყუბანეიშვილი მუსიკალურ-სარეკორდო მარათონს აგრძელებს” - იტყობინებოდა სააგენტო. ამის შემდეგ ლოგიკური იქნება თუ კონსერვატორიაში იმპრესიონისტების გამოფენა მოეწყობა, მაგრამ ასეთი ლოგიკა ალოგიკურია და კარგი იქნება თუ ყველა თავის საქმეს მიხედავს. ანუ, კონსერვატორიაში იმღერებენ, ხოლო სამხატვრო აკადემაში რამეს დახატავენ. სწორედ რომ, დახატავენ, თორე აბა ის რა იყო...

 

მე ის გამიკვირდა, ბუღაძის სტუდენტებმა იაპონიის მხარდაჭერის ამბავში ერთმანეთს რომ არ აფურთხეს. თან, ის მომღერალი თურმე სიმღერის ხანგრძლივობის რეკორდის დამყარებას აპირებს და სიმღერის რეკორდი ჯანდაბას, ფურთხების რეკორდის დამყარებას თუ არ დაიწყებენ, ესეც კარგი იქნება.

 

მე მგონი, კარგი იქნება, თუ დავამთავრებ. კვირა იყო მოსაწყენი, მაგრამ კრება მაინც მხიარული დარჩა.

 

მ.მ.მ. (მეც მასე მეგონა) ...თუმცა, აქამდე ყოველთვის ვფიქრობდი, ყველაზე დაუდევარი და უგუნური საქციელია, ახალ მთვარეს მარცხნივ სახეშებრუნებულმა შეხედო-მეთქი. ერთხელ ასე მოიქცა მოხუცი ენკ ბანკერი და ამით ძლიან მოჰქონდა თავი. ორ წელს არც კი გაუვლია, რომ ღვინით გალეშილი კოშკიდან გადმოვარდა და, როგორც იტყვიან ხოლმე, ლასტივით გაბრტყელდა.

(მარკ ტვენი, ”ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”)